როდის უშლიან ხელს სტიქაროსნები სასულიერო პირებს მღვდელმსახურების აღსრულებაში და რა შედეგამდე მიჰყავს ადამიანი ეკლესიაში გაშინაურებას
სტიქაროსანი – ეს არის ეკლესიის მსახური, რომელსაც ევალება ზეთის კანდელების ანთება, ნახშირის გაღვივება საცეცხლურში, ზარების რეკვა, სეფისკვერების დაჭრა, მოსახსენებლების კითხვა, სამღვდელო პირის შემოსვა და სხვა დამხმარე საქმიანობა. მათ შეუძლიათ საკურთხეველში შესვლა, მაგრამ, ეკრძალებათ წმიდა ტრაპეზთან შეხება, რისი უფლებაც სასულიერო პირებს აქვთ. რას განასახიერებენ სტიქაროსნები, როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი ეკლესიაში, რა მოვალეობები აქვთ მათ უფლისა და ადამიანების წინაშე, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, დღეს ეკლესიებში ძალიან ბევრი სტიქაროსანია. როგორ ხდება მათი გამორჩევა და ვის შეუძლია, გახდეს სტიქაროსანი?
– „სტიქარი“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „მწყობრში მდგომ ადამიანს“, ხოლო სიტყვასიტყვით „სტიხარ“ ნიშნავს სიწმიდეს. როდესაც სტიქაროსანს მღვდელმსახური მსახურების დროს გადასახავს ჯვარს და ეტყვის: „შეიმოსე, შვილო!“ – სტიქაროსანმა უნდა იცოდეს, რომ ის ამ დროს ანგელოზებრივ მსახურებაში დგება და, ამიტომ, შესაფერისი მოქცევა სჭირდება. თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვარს, იესო ქრისტეს, ამ შემთხვევაში, ანგელოზს განასახიერებს სტიქაროსანი და ის ეხმარება სასულიერო პირს ანგელოზებრივ მსახურებაში. შესაბამისად‚ ეს ძალიან საამაყო და საპატიო მდგომარეობაა. სტიქაროსანი დამოუკიდებლად არაფერს აკეთებს, ლოცვა-კურთხევის გარეშე მას შემოსვაც არ შეუძლია. ლოცვაზე ის უნდა მოვიდეს ადრე, ეჩვენოს მღვდელს, დაელაპარაკოს, რადგან, შეიძლება‚ მას ისეთი სულიერი მდგომარეობა ჰქონდეს, რომ მისი შემოსვა არ შეიძლებოდეს. ამიტომ, ის აბარებს მცირე აღსარებას მღვდელს და, თუ მოძღვარი მისცემს კურთხევას, მაშინ შეიმოსება. როდესაც სახარების ან ბარძიმის გამობრძანებაა საჭირო, სტიქაროსანი სასულიერო პირის გვერდით უნდა იდგეს. მას ევალება საცეცხლურის გაცხელება, მოწოდება და ასე შემდეგ. ძალიან კარგი სანახავია სტიქაროსნის მსახურება და, უფრო კარგია, როდესაც ის შინაგანადაც თავმდაბალი, კეთილი, მშვიდი და მოწესრიგებულია. რაც შეეხება მათ გამორჩევას, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ საფუძვლიანად მოვამზადოთ ადამიანი სტიქაროსნობისთვის. როდესაც ჩემთან მოდიან მშობლები და მთხოვენ შვილებისთვის სტიქარის ჩაცმას, ან, სულიერი შვილები მეკითხებიან – შეიძლება‚ მამაო, სტიქარით შევიმოსოო? – მე მათ ყოველთვის უარყოფით პასუხს ვცემ და ვეუბნები: „ჯერ არ ხარ ამისთვის მზად“.
– რატომ ეუბნებით უარს, ანუ‚ როდის არის ადამიანი სტიქაროსნობისთვის მზად?
– ის‚ რასაც ახლა ვიტყვი, არ არის საეკლესიო სწავლება, უბრალოდ‚ ჩემი მწირი გამოცდილებიდან, მინდა‚ ყველა მშობელს ვურჩიო, რომ მაინცდამაინც ნუ იჩქარებენ შვილებისთვის სტიქარის ჩაცმას. როდესაც პატარა ბავშვი სტიქარით იმოსება და საკურთხეველში დგას, მას მოზღვავებული ენერგია აქვს, ვერ ჩერდება ერთ ადგილას და, იმის ნაცვლად, რომ ანგელოზებრივი მსახურება აღასრულოს, მიეხმაროს ღვთისმსახურს, პირიქით‚ ხელს უშლის მას. ხშირად, ეკლესიაში ხმაურის, საუბრის გამო, სასულიერო პირებს უწევთ ზიარების ან მსახურების დროებით შეჩერება, რაც არ შეიძლება. სტიქაროსნებმა უნდა უზრუნველყონ ამ დროს ეკლესიაში სიმშვიდე, წესრიგი, მაგრამ, ხშირად ამ ყველაფრის მიზეზი თავად ხდებიან. სტიქაროსანმა კი არ უნდა შეგვიშალოს ხელი ღვთისმსახურებაში, პირიქით, უნდა მოგვეხმაროს. ჩემი პირადი აზრით, სასურველი იქნება, თუ ბავშვები თავს შეიკავებენ სტიქარის ჩაცმისგან, თან, მათ გაუჩნდებათ პატარა მიზანი, რომ მოემზადონ, გაიზარდონ, მოწესრიგდნენ და ისე გახდნენ სტიქაროსნები. ბავშვი ამისთვის უნდა მოემზადოს, მაგრამ, ეს მისი თვითმიზანი არ უნდა იყოს. ხშირად ადამიანი ეკლესიაში არ დადის, არ მონაწილეობს საეკლესიო მსახურებაში, მაგრამ, მის მშობლებს უნდათ, რომ სასულიერო პირმა ის სტიქარით შემოსოს, რადგან, ფიქრობენ, რომ ამით დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. რა თქმა უნდა‚ ეს არასწორი მიდგომაა. არ შეიძლება, ადამიანს ვაიძულოთ ეკლესიაში სიარული, ასევე, სტიქარით შემოსვა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტიქარით იმოსება გამორჩეული, მოწესრიგებული მორწმუნე, რომელიც სისტემატურად დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, მოძღვრის ლოცვა-კურთხევას აღასრულებს, ასეთი ადამიანები კი ბევრი არ გვყავს. არ შეიძლება ეკლესიის საიდუმლოებების გაუბრალოება, მათთან გაშინაურება – ეს აუცილებლად ცუდად დამთავრდება. ამიტომ, ყველას ვურჩევ – სასულიერო პირს, სტიქაროსანს, მესანთლეს, წიგნის მკითხველებს: ნუ გაუშინაურდებიან ეკლესიას, რადგან, ეს გამოიწვევს ამ ყველაფრის გაუბრალოებას, რის შედეგადაც ადამიანი ბევრის უფლებას მისცემს საკუთარ თავს.
– მამაო, ძალიან ხშირად სტიქაროსნები ეკლესიაში მყოფ ადამიანებს უხეშად ექცევიან, ცუდი ტონით აძლევენ შენიშვნას. ასეც რომ არ იყოს, ბევრს არ მოსწონს, როდესაც მათ ასაკით პატარა სტიქაროსანი შენიშვნას აძლევს და ეს ხშირად მრისხანებისა და განკითხვის მიზეზი ხდება.
– სანამ უშუალოდ ამ თემაზე ვისაუბრებდეთ, მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი თავს იწონებს იმით, რომ ყოველ შაბათ-კვირას დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, ქველმოქმედებას ეწევა. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი ცხონებისთვის. ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით უნდა მივუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას. ეკლესიური ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ ეკლესიაში სიარულს, სტიქაროსნობას ან მრევლად ყოფნას. ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს უფლის მცნებების დაცვას არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ, მის გარეთაც, რადგან, ხშირად გამიგია, ამა თუ იმ ადამიანზე უთქვამთ: მაგას რა უნდა ეკლესიაში, ეგ ხომ მუდმივად ბილწსიტყვაობს, იწყევლება, ჩხუბობსო. რა თქმა უნდა‚ ამ ყველაფრის დაცვა მოეთხოვებათ სტიქაროსნებსაც. არ შეიძლება‚ ადამიანს, რომელიც ეკლესიაში ახალი მისულია, ზემოდან გადმოხედოს ან სტიქაროსანმა, ან იმან‚ რომელიც დიდი ხანია‚ დადის ტაძარში. როდესაც გვინდა, ვინმეს რამე ვასწავლოთ, ეს დიდი თავმდაბლობითა და მოკრძალებით უნდა გავაკეთოთ. არ შეიძლება, სტიქაროსანმა უხეშად მიმართოს ვინმეს, ან გარეთ გაუშვას, ეკლესიის დატოვება სთხოვოს სხვადასხვა მიზეზითა თუ მიზეზის გარეშე. სტიქაროსანი, რომელიც უნდა იყოს მოსიყვარულე, ზრდილობიანი, პირიქით‚ აღმოჩნდება, რომ არის თავხედი, უზრდელი, უხეში. ეს ნიშნავს იმას, რომ სტიქაროსანმა არაფერი იცის თავისი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის შესახებ. ის ეკლესიაში გამორჩეული ადამიანივით იქცევა და ამით საკუთარ თავსაც აზიანებს და სხვებსაც. შეიძლება, სტიქაროსანმა ხმა არ ამოიღოს, მაგრამ, უხილავად, საკუთარი ქცევებით დააბრკოლოს ვინმე. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც სტიქაროსანს ტაძრიდან გაუძევებია ადამიანი, რაც ყოვლად დაუშვებელია. სტიქაროსანმა უნდა უთხრას უთავსაფროდ ან შარვლით შემოსულ მანდილოსანს: „დეიდა, თავზე დაიფარეთ. მეორედ აღარ მოხვიდეთ შარვლით, რადგან, არ შეიძლება“ – მაგრამ, ეს უნდა გააკეთოს არა თავხედური და უხეში ტონით, არამედ, თავაზიანად. უნდა ვიცოდეთ, რომ‚ როდესაც ეკლესიაში შემოვა უთავსაფრო, შარვლიანი გოგონა, არ უნდა გავაგდოთ ის იქიდან, არ უნდა შევუშალოთ ხელი, თბილად, თავაზიანად უნდა მოვექცეთ, სხვა შემთხვევაში, მას დავაბრკოლებთ და, შეიძლება, საერთოდ აღარ დაბრუნდეს ეკლესიაში, უფლის წიაღში. შეიძლება, შეგვხვდეს ისეთი სტიქაროსანი, რომელიც თავისი საუბრით, სიყვარულით, თავმდაბლობით, ადამიანურობით განსახიერებს იესო ქრისტეს. ამას იმიტომ კი არ უნდა აკეთებდეს, რომ მოვალეა, არამედ, გულით უნდა აღასრულებდეს – ამით ის უფალსაც ემსახურება და მოყვასსაც.