მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უნდა მოვინანიოთ თუ არა ისეთი ცოდვა, რომელიც უცოდინრობით ჩავიდინეთ? არცოდნა ხომ არცოდვაა?
პასუხი: რა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც უცოდინრობით ჩავიდინეთ, უნდა მოვინანიოთ. ადამიანი იმიტომ ითვლება დამნაშავედ, რომ, ვალდებული იყო, სცოდნოდა. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ, არ ცდილობს, გაიგოს, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. ადამიანები ყველაფრით ინტერესდებიან, ხოლო, იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ინფორმაცია არ აღელვებთ. სახარებაში კი წერია, რომ დაისჯება ისიც, ვინც არ იცოდა, თუმცა, მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა.
კითხვა: პირველ მეუღლესთან ვიყავი სამოქალაქო ქორწინებაში და ისე დავშორდი, არ განვქორწინებულვარ. ახლა ვაპირებ გათხოვებას და მინდა ჯვრის დაწერა. მაქვს თუ არა გვირგვინის დადგმის უფლება?
პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, დაიწეროთ ჯვარი, რადგან თქვენი პირველი ქორწინება არ შესრულებულა ეკლესიური წესით.
კითხვა: შეიძლება თუ არა ერთი ბავშვი ორმა დამ მონათლოს?
პასუხი: ორი დის მიერ ერთი ბავშვის მონათვლა შესაძლებელია. მთავარია, ნათლიებს გააზრებული ჰქონდეთ მათი მოვალეობა უფლისა და ერის წინაშე და ნათლულის სულიერი აღზრდისთვის იზრუნონ.
კითხვა: ვარ რამდენიმე თვის ორსული. მოძღვართან არასდროს ვყოფილვარ და არც ზიარება მიმიღია. ხომ არ იმოქმედებს ეს ბავშვზე ცუდად?
პასუხი: თქვენ უფალი დედობის სიხარულით გასაჩუქრებთ და იფიქრეთ ამაზე. თუკი აქამდე არ დადიოდით ტაძარში, ახლა აუცილებლად იარეთ. თუკი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებით, თქვენს პატარას მისი მადლი გადაეცემა და ჯანმრთელი დაიბადება. ზოგადად, ეკლესია ორსულებს მარხვასაც უმსუბუქებს, მათ შეუძლიათ, შესაძლებლობის მიხედვით, ყოველ კვირა ეზიარონ.