კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ეწოდებოდა მარჯანიშვილის ქუჩას – კიროჩნაია და საიდან წარმოიშვა სახელწოდება კუკია

გერმანელებს  განსაკუთრებული ადგილი უკავიათ თბილისის ისტორიაში. მათ სახელს უკავშირდება არაერთი ისტორიული შენობა და დაწესებულება. შესაძლოა, ბევრისთვის უცნობია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში თბილისში გერმანელების კოლონია არსებობდა, რომელსაც „ალექსანდერდორფი“ ეწოდებოდა და სადაც რამდენიმე ათასი გერმანელი ცხოვრობდა. „თბილისელების” ამ ნომერში ვისაუბრებთ თბილისის განვითარებაში გერმანელების მნიშვნელობასა  და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ ფაქტებზე.

ალექსანდერდორფი
გერმანელების ჩამოსახლება კავკასიაში 1817 წელს დაიწყო, როდესაც ვიუტენბერგელი გერმანელების 1 440 ოჯახი არარატის მთებისკენ დაიძრა, რათა, სექტანტი ბენგელისა და შტილინგის წინასწარმეტყველებით, ქვეყნიერების აღსასრულს შეხვედროდნენ. გერმანელების ჩამოსახლებას საქართველოში წინ უსწრებდა იმპერატორ ალექსანდრე პირველის ვიზიტი შტუტგარტში, სადაც ის შეხვდა ვიუტენბერგელებს და კავკასიაში ჩასახლებასთან დაკავშირებით შესაძლო დახმარების შესახებ ესაუბრა, თუმცა, გერმანელებმა იმპერატორის თანხმობის გარეშე გადაწყვიტეს კავკასიაში გადასახლება და საკუთარი ხარჯებით ოდესამდე ჩავიდნენ, სადაც გამოზამთრებას აპირებდნენ. გერმანელების გზა კავკასიამდე საკმაოდ მძიმე გამოდგა: რამდენიმე ასეული ადამიანი გზაში დაავადდა და გარდაიცვალა, ნაწილმა კი უარი განაცხადა გზის გაგრძელებაზე და ოდესაში დარჩა. 1818 წლის გაზაფხულზე საქართველოს ტერიტორიაზე გერმანელების 500-მდე ოჯახი შემოვიდა. იმპერატორის ბრძანებით, მათი დაბინავება გენერალ-მაიორ ერმოლოვს დაევალა და, მისი განკარგულებით გერმანელები თბილისის შემოგარენში დაასახლეს. მოგვიანებით საქართველოს ტერიტორიაზე გერმანელებით დასახლებული რამდენიმე ეგრეთ წოდებული „გერმანული კოლონია” გაჩნდა: სოფელ კუკიის მიმდებარე ტერიტორიაზე – ალექსანდერდორფი; ასურეთში – ელიზავეტალი; ბოლნისში – ეკატერინენსფელდი და ორი კოლონია სართიჭალაში – მარიენფელდი და პეტერსდორფი. თბილისის შემოგარენში გერმანელების 50-მდე ოჯახი დასახლდა. ისინი თავდაპირველად თელეთიდან წამოსულ გლეხებთან ერთად ცხოვრობდნენ, ადგილს კი კუკია ეწოდებოდა. სახელწოდება „კუკიის“ წარმოშობის ისტორია თელეთელი გლეხების ძველ რიტუალს უკავშირდება. მიწათმოქმედებაში ისინი თოჯინა „კუკის” გამოიყენებდნენ და იქაურ მცხოვრებლებს „კუკიელებს” უწოდებდნენ. „კუკია“ ეწოდებოდა ამჟამინდელი აღმაშენებლის გამზირის ტერიტორიასაც, რომელსაც გერმანელებმა მოგვიანებით „ახალი ტიფლისი” უწოდეს. საინტერესოა, რომ 1832 წლამდე თბილისში მხოლოდ ერთი რუსი მცხობელი იყო, რომელიც ვერ ახერხებდა მთელი ქალაქის დაკმაყოფილებას თეთრი პურითა და ფუნთუშებით და, სწორედ ამ საქმეს მოჰკიდეს ხელი გერმანელებმა; გარდა ამისა, ისინი ქალაქს რძის პროდუქტებით: რძით, კარაქით, ნაღებითა და კარტოფილითაც კი ამარაგებდნენ. დილაადრიან გერმანელ ქალებს თბილისის ქუჩებში გასაყიდად გაჰქონდათ პროდუქცია, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობდა თბილისელებში. თბილისში გერმანელების ჩამოსახლება მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, ძირითადად ბავარიიდან, საქსონიიდან, მეკლენბურგიდან და პრუსიიდან. 1824 წელს კუკია და ალექსანდერდორფი ოფიციალურად ქალაქს მიაწერეს. 1844 წლის თბილისის გეგმაზე გერმანელთა დასახლება საგრძნობლად გაზრდილია მთავარი ქუჩის გასწვრივად. 1853 წელს ამ მიდამოებში ვრცელდებოდა ქალაქური განაშენიანების წესები, ტერიტორია შედიოდა ტფილისის მეოთხე საპოლიციო უბანში. ვერის ხიდის (ამჟამინდელი გალაკტიონის ხიდის) აგების შემდეგ კი მშენებლობის ტემპები განსაკუთრებულად გაიზარდა, თუმცა, იმ დროისთვისაც, ალექსანდერდორფის ტერიტორიის დიდი ნაწილი ბაღებს ეკავა, რომლებსაც თბილისის 1905 წლის გეგმარზეც კი, ვრცელი ფართობი ჰქონდა დათმობილი. გერმანული კოლონია თბილისს ოფიციალურად 1862 წელს მიუერთდა და ჩამოყალიბდა ახალ უბნად, რომელსაც ჩვენ ამჟამად ჩუღურეთად ვიცნობთ. მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისში 3 ათასამდე გერმანელი ცხოვრობდა. ისინი ჰარმონიულად შეერწყნენ თბილისური ცხოვრების წესს და განსაკუთრებული, ევროპული კოლორიტი შესძინეს ქალაქს. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ წლებში, დაიწყო გერმანელების რეპრესები და განდევნა: მათი ნაწილი ციხეეებში ჩასვეს, ნაწილი კი შუა აზიის ქვეყნებში, ყაზახეთსა და ციმბირში გადაასახლეს. მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა თბილისში, თუმცა, 90-იანი წლების არეულობების შემდგომ, ისინი ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ. ცნობისთვის, ალექსანდერდორფის მთავარ ქუჩას მიხეილის პროსპექტი ეწოდებოდა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის ძმისწულის, მიხეილ რომანოვის პატივსაცემად, რომელიც 1862-1882 წლებში მეფისნაცვალი გახლდათ კავკასიაში. შემდგომში პროსპექტი პლეხანოვის სახელს ატარებდა, ამჟამად კი დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირია.
კირხა
„ახალი ტიფლისის” ტერიტორიაზე, ამჟამინდელი აღმაშენებლის მოედნისა და მარჯანიშვილის ქუჩის კუთხეში, მეცხრამეტე საუკუნეში იდგა გერმანელი კოლონისტების მიერ აგებული, წმინდა პეტრეს და წმინდა პავლეს სახელობის ლუთერანული ეკლესია – კირხა. სულ თავიდან, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამ ადგილას ააშენეს მცირე ზომის ლუთერანული ხის ეკლესია, რომელიც დაიწვა, შემდგომ მის ნაცვლად ქვისგან ააგეს მცირე ზომის შენობა, ხოლო 1897 წელს, თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ლეოპოლდ ბილფელდის პროექტით აშენდა ლუთერანული ეკლესია, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ძველ ფოტოებზეა შემორჩენილი. ცნობისთვის, სწორედ გერმანულ კირხას უკავშირდება მარჯანიშვილის ქუჩის მეფისდროინდელი სახელწოდება  – კიროჩნაია. ამ სახელით მარჯანიშვილის ქუჩას ძველი თბილისელები დღემდე მოიხსენიებენ. კირხასთან ფუნქციონირებდა გიმნაზია, სადაც ლავრენტი ბერიას შვილიც სწავლობდა და, სწორედ ლავრენტი ბერიას განკარგულებით, 1933 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ კირხა დახურა, მისი უკანასკნელი პასტორი, რიჰარდ მაიერი, დააპატიმრეს და 1935 წელს დახვრიტეს, ხოლო ეკლესიის შენობა 1946 წელს გერმანელმა ტყვეებმა დაანგრიეს და მის ადგილზე საცხოვრებელი სახლი ააგეს, რომლის ასაშენებლად დანგრეული ეკლესიის ქვები გამოიყენეს.
ლეოპოლდ ბილფელდი
ლეოპოლდ ბილფელდი (1838-1921) ჰანოვერში იყო დაბადებული. მამამისი ინჟინერ-არქიტექტორი გახლდათ და ქალაქ ოლდენბურგის აშენებისთვის თავადის წოდება მიანიჭეს. ლეოპოლდს განათლება გერმანიასა და დანიაში ჰქონდა მიღებული, სწავლა 1867 წელს დაუსრულებია სანკტ-პეტერბურგში. თბილისში ლეოპოლდ ბილფელდი 1868 წელს გადმოსახლებულა – მას მიწის ნაკვეთი შეუძენია კიროჩნის ქუჩაზე (ამჟამინდელი მარჯანიშვილის ქუჩა) და სახლი აუშენებია,  რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ბილფელდის მეუღლე გახლდათ მინე ბორნემანი. ბილფელდის სახელს უკავშირდება, თბილისის რამდენიმე ისტორიული შენობა-ნაგებობა: ლუთერანული ეკლესია მიხეილის პროსპექტზე; ქაშუეთის ეკლესიის რესტავრაცია 1910 წელს და სასტუმრო „ვეტცელის” აშენება მიხეილის პროსპექტზე 1911 წელს. გარდა ამისა, ბილფელდი კერძო საცხოვრებელი სახლების დაპროექტებითაც იყო დაკავებული. ბილფელდის პროექტით გაშენდა მაიერის პარკი მიხეილის პროსპექტზე, რომელსაც ამჟამად „ვარდების ბაღის“ სახელით ვიცნობთ.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3