რატომ უყიდა თბილისის პირველმა მაშველმა ახალშერთულ მეუღლეს თოხი და სად გაატარებინა მას თაფლობის თვე
თბილისის სამაშველო სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს თბილისში ყველა იცნობს. ის ყველაზე საჭირო კაცია, რადგან ექსტრემალურ სიტუაციებში ჩვენს უსაფრთხოებაზე ყველაზე მეტად ზრუნავს. ყოფილ რიგით „პაჟარნიკს” უკვე კარგად აწყობილი სამსახური აქვს. თუმცა, ყველა გამოძახებაზე თავად პირველი გადის და მარტო ხანძარს და წყლის შემოტევას კი არ „აქრობს”, ხან ცხოველები ჩამოჰყავს სახურავებიდან და ხან – „გზააბნეული” მოქალაქეები. ცოტა ხნის წინ მთავარმა მაშველმა მარტოხელა კაცის ცხოვრებას წერტილი დაუსვა და ბედი თავის კოლეგას მაკა აბაზაძეს დაუკავშირა. მართალია მაკას მაშველთა პირადი საქმეები აბარია, მაგრამ ქმარს ტოლს არაფერში უდებს – ბაგირზეც ხოხავს, კორპუსიდან კორპუსზეც გადადის და ტყვიას ტყვიაშიც „აჯენს”, მოკლედ ისიც სულით ხორცამდე მაშველია. უკვე დაოჯახებული თემურ გიორგაძე თბილისს ჰპირდება, რომ ცოლიანი კაცის სტატუსი ხელს არ შეუშლის კვლავ ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე იყოს და თავისი სიყვარულის ისტორიას ჩვეული იუმორით გვიამბობს.
– თემურ, მაკა, გილოცავთ ოჯახის შექმნას და დიდ ბედნიერებას გისურვებთ. როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
თემური: ერთმანეთი გავიცანით ათი წლის წინ, რესტორანში, საერთო მეგობრის დახმარებით. იქამდე მაკა ნანახი მყავდა თბილისის ზღვაზე, სადაც ყოველ დილით ვვარჯიშობ. იმ პერიოდში მაკაც სპორტით იყო დაკავებული, ფრენბურთს თამაშობდა და ისეც თბილისის ზღვაზე ამოდიოდა სავარჯიშოდ. ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მხოლოდ მივესალმებოდით ერთმანეთს და ვშორდებოდით.
– მაკა თემურის გამო ხომ არ ადიოდით დილაობით სავარჯიშოდ?
– არა, მართლა ვვარჯიშობდი, საერთოდ არ ვაქცევდი მაშინ თემურს ყურადღებას. ერთმანეთს მას შემდეგ დავუახლოვდით, რაც რესტორანში შევხვდით.
თემური: მერე მაკა ჩემთან წავიყვანე სამსახურში. კარგად რომ გავიცანი, მივხვდი, რომ ჩემი სამსახურისთვის შესაფერისი კადრი იყო. ჩვენთან ვინც მუშაობს, ყველა გამორჩეულად კარგი ხასიათის ადამიანია. როცა სხვისი სიცოცხლის გადარჩენაზე ხარ პასუხისმგებელი თავადაც კარგი ადამიანი უნდა იყო. შეიძლება იფიქროთ, მაშველებსა და მეხანძრეებს შორის ქალები არ არიანო, მაგრამ ეს ასე არაა. სამსახურში სამი ისეთი გოგო მყავს, კაცებს არ უდებენ ტოლს.
– მაშველი განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით უნდა გამოირჩეოდეს, მაკას ჩაუტარეთ ფიზაღზრდის კურსები?
თემური: ჩავუტარე და თან როგორი მკაცრი... (იცინის) ბაგირზეც ძვრება, ერთი კორპუსიდან მეორეზეც გადადის და სწრაფადაც დარბის. თვითონაც ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა. ყოფილი სპორტსმენი რომ იყო, ყველაფერს იოლად აუღო ალღო. კადრების უფროსია და 900 მაშველი აბარია, ყველაფერში გამოწვრთნილი მყავს, მარტო ფიზკულტურაში კი არა, სროლაშიც კი ვავარჯიშე.
– ეტყობა, მაშინვე იცოდით, რომ თქვენთვის წვრთნიდით. ისე, სროლა მაინც არ უნდა გესწავლებინათ..
– კარგად კი ისვრის, მაგრამ ისე არა, რომ მე ვერ ამაცილოს, ხეზე ასვლის წესები ბოლომდე არ მისწავლებია... (იცინის) მარტო მაკას კი არა, ყველა გოგოს ვავალდებულებ ვარჯიშს, მათ უნდა იცოდნენ რას აკეთებენ ჩვენი ბიჭები.
მაკა: თემურს ძალიან უყვარს ნადირობა, ხშირად დადის სანადიროდ და მეც მივყავდი ხოლმე. უკვე ისეთი მონადირე ვარ, ნებისმიერ კაცს დაველაპარაკები ამ თემაზე, იარაღის დაშლა-აწყობაც ვიცი, ტექნიკურ საკითხებში ისე ვერკვევი, რომ მოვინდომო, სახანძრო მანქანასაც ვატარებ. ათი წელი დიდი დროა პრაქტიკისთვის.
– ათი წელი რას ელოდით, აქამდე რატომ არ გადაწყვიტეთ დაოჯახება?
თემური: ეს ათი წელი დღე და ღამე სამსახურში მაქვს გატარებული. რომელი ცოლი აიტანდა, რომ ქმარი თვეობით არ მივიდეს სახლში? ასე გამექცა ეს წლები, თორემ მე და მაკა უფრო ადრე დავოჯახდებოდით. არა უშავს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ახლა ჩვენი სამსახური უკვე ისეა აწყობილი, ხანდახან „გამოპარვასაც” შევძლებ, თუმცა მაკა შეგუებულია, რომ ხშირად არ ვიქნები სახლში. ზუსტად ვიცი, რომ მალე სიტყვები „ხანძარი” და „წყალდიდობა” შეძულდება.
– მაკა, მეუღლე სამსახურში მკაცრი უფროსია?
მაკა: საშინლად მკაცრია, ძალიან უყვარს დისციპლინა, უამრავჯერ უყვირია ჩემთვისაც, თუ ხასიათზე არ იყო, ვერ დაველაპარაკებოდი, კაბინეტშიც კი ვერ შევდიოდი. თემური არის უფროსი, რომელმაც ახლობელი არ იცის. იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგი იუმორი აქვს, თანამშრომლებთან მკაცრია.
– ამის გამო, პაემნებზე საყვედურს არ ეუბნებოდით ხოლმე?
მაკა: სად იყო პაემნები? (იცინის).
თემური: პაემნებიდან, პირდაპირ ხანძრებში ხვდებოდა ხოლმე. ამ ოთხი წლის განმავლობაში, სულ რამდენიმე პაემანი გვქონდა, ისიც ექსტრემალურად დასრულდა. თბილისის გარეთ პაემანზე ვერ წავიდოდი. აქ შევხვდებოდით ერთმანეთს და უცებ დამირეკავდნენ, რაღაც მოხდაო. ასე არ უმართლებდა მაკას.
მაკა: ერთხელ, ასე მოულოდნელად, ორივე ერთად აღმოვჩნდით ხანძრის ჩასაქრობად. თემური შევიდა შენობაში, მე კი მანქანაში დავრჩი. უცებ, ვხედავ, რომ ვიღაც ბიჭები მანქანას საბურავებს ხსნიან. ფანჯარა ჩავწიე და ვუთხარი, რას აკეთებთ-მეთქი – უი, მანქანა შეგვეშალაო, ტყუილად მითხრეს.
– თქვენი სამსახურებრივი რომანის შესახებ, მაშველთა კორპუსი, ალბათ, ბევრს ჭორაობდა.
თემური: თავიდან დაიწყეს რაღაც-რაღაცეები, მაშინ მე და მაკას შორის არაფერი ხდებოდა, თუ არ ჩავთვლით ჩემს სიმპათიებს და ძალიან გავბრაზდი. მერე ყურადღებას აღარ ვაქცევდი, რადგან ვიცოდი, ჩვენი ურთიერთობა ასე დასრულდებოდა. წლები მომემატა და უკვე საჭირო იყო ოჯახი, თან თავს ძალაც დავატანე. მაკას რომ ცოტა ეყოყმანა, შეიძლებოდა ისევ გადამეფიქრებინა, მაგრამ მაკამაც იყოჩაღა.
მაკა: როცა ჩემმა მშობლებმა მკითხეს, კარგად მქონდა თუ არა ნაფიქრი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მე მათ ვუთხარი, რომ თემურის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ. ვიცი, რომ გვერდით ისეთი მამაკაცი მყავს, მთელი ცხოვრება მშვიდად ვიქნები.
– ცოტა ხნის წინ თქვენი ქორწილი იყო, როგორ ჩაიარა ამ დღემ?
მაკა: ძალიან ლამაზი და კარგი ქორწილი გამოვიდა. ზუსტად ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. პატრიარქმა კურთხევა მოგვცა, ჯვარი სამებაში დავიწერეთ. თემური ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ქორწილის დღეს, ეს დაძაბულობა გაუქრა.
თემური: ყველაზე მეტად მანერვიულებდა შარვალ-კოსტიუმი და ცეკვა. ცხოვრებაში მეორედ გავიკეთე ჰალსტუხი. რესტორანში მივედით და 15 წუთში მოვიხსენი, სკამის საზურგეზე გადავკიდე. სამი ჭიქა დავლიე და ვთქვი: თქვენც კარგად იყავით და თქვენი ჰალსტუხიც-მეთქი. მთელი ცხოვრება ხანძარს ვაქრობ, სულ სპორტული ტანსაცმელი მაცვია. ერთხელ ერთი მილიონერის სახლს გაუჩნდა ხანძარი. 8 საათი ვიმუშავე ჭერში, ჩამოვდივარ გაწუწული, ისეც ხომ შავი ვარ და ბოლისგან უფრო მეტად გავშავდი. ერთი ტელეჟურნალისტი მხვდება და მეკითხება: ჭერში რას აკეთებდითო? რა უნდა მეთქვა? – შალახოს ვცეკვავდი-მეთქი. (იცინის) რა ვქნა, არ შემიძლია კოსტიუმში „გამოსკვანჩვა”. ჩემი სამსახურისთვის შესაფერის ტანსაცმელს ვარ მიჩვეული. ქორწილში ცოტა დავლიე, კომპლექსი მოვიხსენი და ვიცეკვე კიდეც, ოღონდ პირველი ცეკვა არ მიცეკვია – ჩემმა დისშვილმა გადაიპატიჟა მაკა.
– რატომ, არ იმეცადინეთ?
– სად უნდა მემეცადინა? მოუწევდა ცეკვის მასწავლებელს ხანძრის ჩასაქრობად სირბილი. მე არ ვარ ის კაცი, ცეკვის გაკვეთილებზე რომ ივლის და ქორწილში გრიმს გაიკეთებს, ლამაზად გამოვიყურებოდეო, რაცა ვარ, ესა ვარ, რა...
მაკა: მე მადლობელი ვარ, რომ თემურმა ეს კომპლექსები გადალახა და მშვენიერი დღე მაჩუქა.
თემური: მეც ხომ ვიყავი, მარტო შენი ქორწილი კი არ იყო (იცინის)...
– ქალაქის სახელისუფლო ელიტა გყავდათ ქორწილში?
– კი, მყავდა დაპატიჟებული. სამინისტროებიდანაც იყვნენ ჩემი მეგობრები. ვინც მოახერხა მოსვლა მოვიდა, ზოგმა შორიდან მომილოცა. გული იმაზე დამწყდა, რომ ძალიან დიდი სანათესაო მყავს და ნათესავები ვერ დავპატიჟე, უფრო სამსახურის წრე შევკრიბე, რადგან ყველა ერთმანეთს იცნობდა. ძალიან კარგად მოილხინეს სტუმრებმა. მე ქორწილში მისვლისთანავე ოფიციალურად გამოვაცხადე: სადმე ხანძარი თუ გაჩნდა, შეიძლება დაგტოვოთ და მალე დაგიბრუნდებით-მეთქი, სხვათა შორის არ შემაწუხეს სამსახურიდან, ერთი-ორი უმნიშვნელო შემთხვევა იყო. ასე რომ, ჩემი დაოჯახება ნუ შეგაშინებთ, პირობას გაძლევთ, რომ ცოლი ჩემს შრომისუნარიანობას ვერ დააქვეითებს. ძველებურად პირველი მივალ ყველგან (იცინის).
– თაფლობის თვე სად გაატარეთ? რამდენ ხანს დატოვეთ თბილისი დაუცველი, მთავარი მაშველის გარეშე?
თემური: სულ ათი დღე ვიყავით წასულები. მთლად მიტოვებულებიც არ ყოფილან, ყოველ წუთში ვრეკავდი თბილისში. ქორწილის მეორე დღეს, წავედით იტალიაში, ჩემს მეგობარ მოჭიდავეებთან ერთად.
– საქორწინო მოგზაურობაში მეგობარ მოჭიდავეებს რაღა უნდოდათ?
– მე თვითონაც მოჭიდავე ვარ და ამ სპორტთან მთელი ცხოვრება მაკავშირებს. ჩემი მეგობარი მოჭიდავეები მეუღლეებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიდიოდნენ ძიუდოში. მართალია, მე საქორწინო სამზადისის გამო, ვარჯიშებს ჩამოვრჩი, ჭიდაობის თავი არ მქონდა, მაგრამ მაინც მინდოდა ჩემპიონატზე წასვლა, ამიტომაც დავამთხვიე ჩვენი საქორწინო მოგზაურობა ჩემპიონატის დღეებს. იტალიაში ხუთი დღე ვიყავით, მერე იქ დავშორდით მეგობრებს და ჩვენ პრაღაში წავედით. პრაღა ძალიან მომეწონა, რასაც ვერ ვიტყვი, იტალიაზე. ვატიკანი ძალიან ლამაზია, მაგრამ რომი და ვენეცია მაინცდამაინც არ მომეწონა. მე კიდევ წყალი მინდოდა? (იცინის).
– ვენეციის სახანძროც ხომ არ მოინახულეთ?
– მოვინახულეთ რომელია, თუმცა მაკამ ჩემზე ადრე შენიშნა სახანძრო სამსახური, აი, რას ნიშნავს გამოცდილება. იქ ვნახე მაშველები და მეხანძრეები, რომლებიც წყლიდან მუშაობენ. მაგარი საინტერესო კი იყო.
მაკა: საქორწინო მოგზაურობა ვენეციის სახანძროში გამატარებინა (იცინის).
– მეუღლეს საქორწინო საჩუქარი მიუძღვენით?
თემური: მეტი რაღა უნდოდა, ცოლად მოვიყვანე... მაკამ ბევრი საჩუქარი მიიღო, თოხიც კი ვუყიდე. ჩვენ საკუთარ სახლში ვცხოვრობთ, დიდი ეზო გვაქვს, კარგი მეურნეობა. თუ დრო მაქვს, მიწაზე ვმუშაობ, ძალიან მიყვარს ფიზიკური შრომა, სულიერად ვისვენებ. მაკასაც მოუწევს საკუთარი ხელით კიტრის მოყვანა. ამიტომაც ვუყიდე თოხი. მე ჩემი თოხი მაქვს, დედაჩემს თავისი, ოჯახი იზრდება, მეურნეობას გაძღოლა უნდა და მაკასაც სჭირდება საკუთარი თოხი.
– თოხი ძალიან კარგი, მაგრამ კასკებთან როგორაა საქმე?
თემური: იმდენი კასკა მაქვს, მთელი ცხოვრება ეყოფა.
– დომინო ასწავლეთ მეუღლეს?
– იცის, იცის... იმდენი მაქვს ნათამაშები, დომინოს მეც აღარ ვთამაშობ, ახლა ნარდია მოდაში (იცინის).
– ახლაც ძველებურად მკაცრი შეფი იქნებით მაკასთვის?
– სხვანაირად სამსახურში საქმე არ გამოვა, ასე გაგრძელდება, ცოლს „ლგოტებით” ვერ ვასარგებლებ. ჯერ ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ როგორც კი ხელს მოვაწერთ, ალბათ, სამსახურებრივად დავშორდებით ერთმანეთს. ასე აჯობებს.
– ცოლს აღარ ეკითხებით, ისე „აძევებთ” სამსახურიდან?
– ქმარიც ვარ და უფროსიც, როგორც მინდა, ისე იქნება. (იცინის) ისე, ქალების უფლებების დარღვევაში რომ არ დამადანაშაულონ, რაიმე საპატიო მიზეზს გამოვძებნი, რომ სამსახურიდან გავათავისუფლო. ჩემი აზრით, ცოლი და ქმარი ერთად არ უნდა მუშაობდნენ. მაკაც იშოვის ახალ სამსახურს. ბოლოს და ბოლოს თუ სამსახური არ იქნება, სახლში შვილებს გაზრდის.