რაზე მიდის კაცი მძაფრი ემოციების განსაცდელად და რა შეიძლება მოჰყვეს მის ქარაფშუტობას
ვერც ერთი ადამიანი ვერ იქნება შეცდომებისგან დაზღვეული. ის ისეთი ქმნილებაა, რომ ამას ბუნებრივად, ძალდაუტანებლად აკეთებს. მთავარი სხვაა – ღირსეულად გაუმკლავდე ამ შეცდომას, დროულად აღიარო ის და, თუ ვინმეს გულიც ატკინე, ყველაფერი გააკეთო ამის გამოსასწორებლად. ჩვენ ზოგჯერ კარგად ვაცნობიერებთ საკუთარი საქციელის შედეგებს, მაგრამ თვალს ვხუჭავთ იმაზე, რისი დანახვაც არ გვინდა ან იმ კონკრეტული მომენტისთვის არ გვაწყობს... თუმცა, მალევე ვხვდებით, რომ დავაშავეთ და მაშინ მოდის სინანული, როცა არაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება.
ვახო (35 წლის): პატარა ბიჭი აღარ ვარ. ამიტომაც, ძალიან განვიცდი იმას, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ვერ ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი – ამის თქმა მარტო თქვენი კი არა, საკუთარი თავის მოტყუებაც იქნება... ორივე ერთდროულად გავიცანი – ჩემს ცოლზე და იმ ქალზე ვყვები, ქალებზე წარმოდგენა საერთოდ რომ შემაცვლევინეს. სამწუხაროდ, კაცებმა საერთოდ არაფერი ვიცით ქალების შესახებ, საკუთარ ცოლებსაც კი არ ვიცნობთ წესიერად.
– ამის აღიარება კაცებს უჭირთ...
– გეთანხმებით. თავმოყვარეობა არ აძლევთ ამის საშუალებას და იმიტომ. მართლა არ ვიცი, აღზრდის ბრალია თუ სტერეოტიპების, მაგრამ, კაცები ძალიან ხშირად ვამჯობინებთ სირაქლემის პოზაში ყოფნას, რაც, ძირითადად, ქალებთან ურთიერთობებში ვლინდება.
– სირაქლემის პოზაში ყოფნა ქალებისთვისაც არის დამახასიათებელი, ანუ, ეს ადამიანური თვისებაა.
– შეიძლება, ვერ შეგეკამათებით. თუმცა, ფაქტია, რომ კაცები უფრო ხშირად ვუშვებთ შეცდომებს შეგნებულად რაღაც წუთებისთვის. რაღაცის დევნაში, რაღაცის ძებნაში... მერე კი აღმოვაჩენთ, რომ ამ დევნა-სირბილში ყველაზე ძვირფასსა და ფასეულს ვკარგავთ. მამაკაცები დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს „დროებით ქარაფშუტობის“ უფლება, მაგრამ, ვცდებით, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ქალებს კარგად არ ვიცნობთ.
– „დროებითი ქარაფშუტობა“ რას ნიშნავს?
– რითაც კაცები ამართლებენ თავიანთ ღალატს, თუ გნებავთ – ერთგულების ფიცის გატეხვას. მე არ ვარ ბუნებით მოღალატე. მართლა მეგონა, რომ ყოველთვის ცოლის ერთგული ვიქნებოდი. ყოველ შემთხვევაში, მე ეს მინდოდა.
– ძალიან უცნაური აღიარებაა.
– ალბათ. მაგრამ, გულწრფელია. გეფიცებით, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ქალებს ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ. შოკში ჩავვარდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ცოლი საერთოდ არ მცნობია. სულ სხვა ადამიანი ყოფილა. ესეც ჩემი სისუსტეა, ან იქნებ, მარტო მე არ ვარ ასეთი კაცი, იქნებ, კაცების უმრავლესობა სწორედ ასეთია?!
– თუ ეს ასეა, თავს უკეთ იგრძნობთ?
– შეიძლება. იმიტომაც გესაუბრებით ახლა. ვცდილობ, სიმართლე გავარკვიო, ესე იგი, ვინანიებ ჩადენილს და ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი. შესაძლოა, გვიანაც არის, მაგრამ, იმედი ბოლოს კვდება – ესეც ხომ ჭეშმარიტებაა?! იქნებ, ცუდად გაგვზარდეს და არ გვასწავლეს, როგორ არ უნდა დავკარგოთ ის, რაც უკვე გვაქვს. კაცები ხშირად ამბობენ, ჩვენ ეს უფრო გვეპატიებაო და მეც ვეთანხმებოდი ამ სტერეოტიპულ, დრომოჭმულ მოსაზრებას.
– „ეს“ რა არის, ანუ, რა გეპატიებათ თქვენ ქალებზე უფრო, ღალატი?
– ჩვენ ხომ არ ვარქმევთ ღალატს იმას, რაც დროებითია. მჯეროდა, რომ კაცისთვის აუცილებელია თავისუფლება, „გახსნილი ფანჯარა“ და მძაფრი ემოციები, რომლებიც ყოველდღიურობაში იკარგება. როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეს ცოლი, მუდმივად მისით აღფრთოვანებული ვერ იქნები, გამორიცხულია. კაცებს კი ერთფეროვნება არ გვიყვარს.
– თუ, ცოლები არ გიყვართ?
– არა, ასე ნუ გაიგებთ. ცოლები გვიყვარს და გვინდა კიდეც, რომ ვუერთგულოთ მათ, მაგრამ, ყოველთვის ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ჩვენ გვინდა?! მე რომ სხვა ქალთან ფლირტი წამოვიწყე, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა და ცუდად შემომიბრუნდებოდა.
– მამაკაცმა უნდა იფიქროს საკუთარი საქციელის შედეგებზე.
– უნდა იფიქროს, გეთანხმებით. საქმეც ეგაა, რომ არ ვიფიქრე. უფრო სწორად კი, ვიფიქრე, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალების ბუნების ცუდი მცოდნე აღმოვჩნდი. ჭკუა არ მეყო, ცოლის მეგობარს არ დავჩალიჩებოდი.
– თავიდანვე პრობლემა „გაგიჩალიჩებიათ“ და რას ელოდებოდით?
– თქვენ ასე ფიქრობთ, იმიტომ, რომ ქალი ხართ და ქალების ბუნება ჩემზე უკეთესად იცით. შეიძლება, ისეთი კაცებიც არსებობენ, რომლებსაც ქალებთან ურთიერთობის უფრო დიდი გამოცდილება აქვთ და ნაკლებ შეცდომებსაც უშვებენ, მაგრამ, მე მართლა არ მინდოდა ჩემი ცოლისთვის გული მეტკინა. საშინელებაა ის, რომ თავისი მეგობრის ყველა სიტყვის სჯერა, ჩემი კი – არა. როცა ორივე გავიცანი, არც მიყოყმანია, ისე შევაჩერე ჩემი არჩევანი ეკაზე. თავის დაქალზე ნაკლებად ვნებიანი კი ჩანდა, მაგრამ, ძალიან თბილი, საყვარელი და რბილი ხასიათის იყო. ეს უნდა იყოს ჩემი ცოლი-მეთქი, მაშინვე გადავწყვიტე. ზოგადად, არ მიყვარს ჭირვეული, პრეტენზიული და ზედმეტად თამამი ქალები, სულ გავურბოდი ასეთებთან სიახლოვეს. მერე რაღა დამემართა, არ ვიცი. ეტყობა, მძაფრი ვნებების განცდის სურვილმა დამიმორჩილა და დამიხშო გონება. ნამდვილი იდიოტივით მოვიქეცი. ჩემი ცოლისგან ისეთი პოზიტიური ენერგია მოდიოდა, მოვიხიბლე. შვიდი წელი ძალიან ბედნიერებიც ვიყავით. ოღონდ, ამ ხნის განმავლობაში, ბუნებრივია, მქონდა მის მეგობართან ურთიერთობა, აბსოლუტურად ნორმების ფარგლებში, ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის სხვანაირად. ვიცოდი, რომ თავის ეფექტურ გარეგნობას ოსტატურად იყენებდა კაცების „შესაბმელად“, მაგრამ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მე არ „აღმოვჩნდებდი“ ამ კაცების რიცხვში. ხშირად მიღადავია იმ ქალთან მის კაცებზე. ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ ჩაიდო გულში ჩემზე შურისძიება. სხვანაირად, რა ახსნა მოვუძებნო იმას, რაც მან გააკეთა?!
– იმას აბრალებთ? რას, რომ შეგაცდინათ?
– პროვოკაციული შეკითხვაა. მე ვთქვი, სხვა ახსნას მის საქციელს ვერ ვუძებნი-მეთქი და, ბუნებრივია, რომ ეჭვი გამიჩნდა. ისე არ გამიგოთ, თითქოს დანაშაულის მთელ სიმძიმეს ვიხსნი და თავს ვიმართლებ ან ვცდილობ, პასუხისმგებლობა ავირიდო, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა იმის აღნიშვნა, რომ ქალების ხასიათის არაფერი მცოდნია. ბედნიერი ოჯახი მქონდა და ჩემი ცოლისთვისაც ერთადერთი და განუმეორებელი ვიყავი. შვიდი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიღალატია მისთვის. ეს ტყუილი სიტყვები არ არის. ახლა რაში მჭირდება ტყუილი, რას შემიცვლის? პირიქით, მინდა, მხოლოდ სიმართლე ვთქვა. თუ ჩემი ცოლი არ დამიჯერებს, გულზე მაინც მოეშვება.
– თქვენი მეუღლე ეჭვიანია?
– არ იყო ეჭვიანი, მთლიანად მენდობოდა. არასდროს შევუმოწმებივარ და ამ საკითხზე კამათიც კი არასოდეს მოგვსვლია. ძალიან მაოცებს ის ამბავი, რომ ახლა საერთოდ არ სჯერა ჩემი. ნუთუ, იმას მაინც არ ვიმსახურებ, რომ მომისმინოს? ერთი შანსი რატომ არ უნდა მომცეს? მისი შვილის მამა ვარ, ბოლოს და ბოლოს!
– ეტყობა, ძალიან ატკინეთ გული – ამაზე არ გიფიქრიათ?
– როგორ არ ვიფიქრე, მაგრამ, არც მე ვარ უკეთეს მდგომარეობაში. მეც მტკივა, ძალიან მტკივა. მე მარტო ის მინდოდა, სულ ცოტა ხნით მეგრძნო მძაფრი ვნებები, მით უმეტეს, რომ პროვოცირება მეორე მხრიდან მოხდა – დამიწყო ფლირტი და მეც ავყევი. თუმცა, შორს მიმავალი გეგმები ნამდვილად არ მქონია.
– ძალიან უცნაურ რაღაცას ამბობთ.
– რატომ ვამბობ უცნაურ რაღაცას, რა არის იმაში უცნაური, რომ მხოლოდ მსუბუქი ფლირტი მინდოდა რუტინის დასაძლევად და არა სასიყვარულო სამკუთხედი?! ვიფიქრე, ცოტას გავერთობი და ცოლთან ურთიერთობაშიც გამიჩნდება მრავალფეროვნება-მეთქი. მაგრამ ასეთი „მრავალფეროვნება“ ნამდვილად არ მინდოდა. ახლა ძალიან ცუდად ვარ.
– მამაკაცების პრობლემა სწორედ ის არის, რომ, „მრავალფეროვნებას“ გამოკიდებულები, ყველაზე ძვირფასსა და ღირებულს დაკარგავენ ხოლმე.
– ახლა აღარაფერი მაქვს სათქმელი და ვერ შეგეკამათებით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი ცოლის დაქალს კომპლიმენტი ვუთხარი. დაახლოებით ასეთი რაღაც ვთქვი: ძალიან სექსუალური ხარ და კაცს საინტერესო ფანტაზიებს უღვიძებ-მეთქი. მომიბრუნდა და მკითხა – საღამო თავისუფალი გაქვსო?
– ამიტომ არის ის თქვენზე მეტად დამნაშავე?
– ამას ვინ ამბობს? მაგრამ, მე თუ მოღალატე და ნაძირალა ვარ, ის რატომ რჩება ისევ მეგობრად?! იმას შეეკავებინა თავი, თუ მე ვერ შევძელი ვნებების მოთოკვა! არ მინდოდა და არ ვაპირებდი, საქმე ლოგინამდე მისულიყო. ის ქალი მთლიანად სიურპრიზი იყო და მეც ავყევი. ვიცი, რომ ძალიან დავაშავე. ნამდვილად არ მიმიღია ის სიამოვნება, რომელიც ამ შედეგად ღირდა. მეუბნებოდა, ჩემი დაქალი მიყვარს და, რადგან ასე ხარ ატეხილი, ჯობია, ჩემთან გააკეთო ეს, ვიდრე სხვასთან წახვიდე და ოჯახი დაანგრიოო. ჩემი ცოლი არანაირად არ დაიჯერებს ამას. რატომღაც, ჰგონია, ისეთი ურჩხული ვარ, რომ დაქალი შევუცდინე, ანგელოზი ვაცდუნე და ორივეს საშინლად მოვექეცი.
– კარგად მოიქეცით? აბა, მსხვერპლი ხართ?
– ვინ ამბობს, რომ მსხვერპლი ვარ, მაგრამ, ურჩხულად ჩემი წარმოჩენა საჭირო არ არის და უსამართლობაცაა. როგორც კი ჩვენ შორის რაღაც მოხდა, ის ქალბატონი მიუჩოჩდა ჩემს ცოლს და ცრემლების ღვრით მოუყვა, როგორ დავაკარგვინე თავი და როგორ ჩავადენინე საქციელი, რომელსაც ვერასოდეს აპატიებს საკუთარ თავს და ჩემმა ცოლმაც დაუჯერა მის ნიანგის ცრემლებს. შოკში ვარ. არ ვიცი, კიდევ რა ელაპარაკა ჩემს ცოლს, რომ ჩემი დანახვაც არ უნდა.
– მაინც, თქვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ მომხდარზე.
– მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მაგრამ, შეურაცხყოფილი მეც ვარ და ჩემმა ცოლმა, თუ მას ოდესმე ვუყვარდი, უნდა გამიგოს. მაქვს იმის პრეტენზია, რომ მე უფრო ახლობელი ვიყავი მისთვის, ვიდრე მეგობარი. მითხარით, ცოლი ქმრისთვის და ქმარი ცოლისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არ უნდა იყვნენ?
– მერე, იცით, რომ ყველაზე მტკივნეული სწორედ ახლობელი ადამიანის ღალატია? თქვენმა მეუღლემ მეგობარს ადვილად აპატია, იმიტომ, რომ ის ნაკლებად აინტეერესებს და, შეიძლება, მისგან დიდად არც გაუკვირდა ღალატი, რაც, თქვენს შემთხვევაში, მისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
– იმიტომ მომისროლა ასე ხელაღებით? ეს არის მიზეზი? მაგრამ, ნუთუ, ერთი პატარა შანსი მაინც არ დავიმსახურე? მონანიება მინდა. მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ჩემი ოჯახი მჭირდება.
– უნდა გაფრთხილებოდით ოჯახს...
– არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია. სიყვარული მიტევებას ხომ გულისხმობს? ერთხელ მაინც როგორ არ უნდა მომისმინოს? თავს ვებრძვი, რომ ის ქალბატონი არ ვნახო და ხელით არ შევეხო. ძალიან ვარ გამწარებული. ოჯახი თუ მართლა დამენგრევა, საკუთარ საქციელზე პაუხს აღარ ვაგებ.
– კიდევ სცადეთ და დაელაპარაკეთ მეუღლეს.
– უკვე რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ, ჩემი დანახვა არ უნდა, არც მოსმენა. ჩემი ნდობა ვერ გაამართლე და ისეთი ბინძური მამაკაცი ხარ, ჩემი მეგობარიც გახვიე ამ სიბინძურეშიო. სულ რომ შიშველი ჩაგწოლოდა ლოგინში, უნდა ამდგარიყავი და გამოქცეულიყავიო.
– არ არის მართალი?
– არის. მაგრამ, მე ხომ თავს არ ვიმართლებ, პატიებასა და ერთ შანსს ვითხოვ, რომ დავუმტკიცო, როგორ მიყვარს. ვიცი, დაკარგული ნდობის აღდგენა ძნელია, მაგრამ, ქალებზე უკვე ასეთი წარმოდგენა მაქვს, თუ ცოლი არ შემირიგდება, ქალისკენ აღარასოდეს გავიხედავ. ოჯახი მინდა, ჩემი ოჯახი!..