დათო კალანდაძის რომელმა „საიდუმლომ“ გაისროლა საქართველოში და რა საჩუქარი გაუკეთა მას ჯგუფმა „მოჯომ“
უკვე ორი წელია, რუსულ შოუ-ბიზნესში აქტიურად ისმის დავით კალანდაძის სახელი. ის დროდადრო უფრო და უფრო პოპულარული ხდება და დიდი შრომის ფასად, დამსახურებულ წარმატებასაც აღწევს. მიუხედავად დღევანდელი კრიზისული ვითარებისა, დათოს ალბომი კარგად იყიდება და სოლო კონცერტებსაც ბევრი მაყურებელი ესწრება. მართალია, თავიდან დათოს რუსეთში იცნობდნენ, როგორც პოპულარული რეალითი შოუს, „დომ დვას” ფინალისტს, მაგრამ დღეს, ის უკვე უპირველესად ცნობილია, როგორც წარმატებული ქართველი მომღერალი, რომელიც რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობს.
– დათო, რადიო „ფორტუნა პლუსის” მსმენელმა ძალიან მოიწონა შენი ახალი სიმღერა „საიდუმლო,” და მოკლე დროში მასზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.
– ჯერ ერთი თვეა, რაც სიმღერა გავიდა ეთერში და არც მოველოდი, ასეთ გამოხმაურებას. ძალიან მიხარია. ამ სიმღერაზე უკვე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. სხვათა შორის, დიდხანს ვფიქრობდი მის სახელწოდებაზე. ხან რა მინდოდა დამერქმია და ხან – რა. საბოლოოდ, ამ სიმღერას „საიდუმლო” ეწოდა, და თვითონ „ფორტუნა პლუსმა” შეურჩია სახელწოდება. მეც ძალიან მომეწონა მათი არჩევანი. ეს სიმღერა გიგა კვენეტაძემ დამიწერა. ტექსტი კი, მე თვითონ დავწერე ერთ დღეში და მაშინვე საქართველოში გამოვუშვი.
– ამჟამად რაზე მუშაობ?
– ძირითადად ალბომზე, რომელსაც მოსკოვისთვის ვამზადებ. უკრაინაში უკვე გამოვუშვი ალბომი. არც მოველოდი, ისეთი სისწრაფით გაიყიდა. მართალია, ინტერნეტმა ჩაძირა ალბომების გაყიდვა, რადგან ვინმეს თუ რამის მოსმენა სურს, ალბომს კი არ ყიდულობს, ინტერნეტიდან იწერს, მაგრამ უკრაინაში ჩემი ალბომები საკმაოდ სწრაფად გაიყიდა. მხოლოდ 300 ცალი დარჩა. მე თვითონაც გამიკვირდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. სექტემბერში ალბომს მოსკოვში გამოვუშვებ და ვნახოთ, როგორ გაიყიდება. კარგი ალბომი გამოვიდა, რომელშიც 14 სიმღერაა შესული. პრეზენტაციისთვისაც ვემზადები.
– რაც შეეხება სოლო კონცერტებს, თუ გეგმავ?
– ახლახან მქონდა სოლო კონცერტი ეკატერინბურგში, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. მართლა ძალიან ძლიერი შემადგენლობა მყავს, რომლებმაც საუკეთესო ხარისხის ჟღერადობითა და განათებით უზრუნველყვეს კონცერტი. ხალხი ასეთ რამეს არ მოელოდა. სხვათა შორის, ჩემამდე ქრეიგ დევიდს ჰქონდა ეკატერინბურგში კონცერტი, რომელიც ნამდვილად ვერ შეედრებოდა ჩემსას ტექნიკური თვალსაზრისით და შოუს სხვადასხვა ელემენტებით. ამ ეტაპზე სოლო კონცერტები კვლავ მექნება რუსეთსა და უკრაინაში. იმედი მაქვს, საქართველოშიც ჩამოვალ. ქართულ რეპერტუარსაც ვამზადებ სპეციალურად საქართველოსთვის.
– საკმაოდ მოდური გახდა „ქავერები“ შოუ-ბიზნესში. შენ თუ გაქვს შესრულებული რომელიმე ცნობილი სიმღერა გადამღერებული შენეული ინტერპრეტაციით?
– დიდი ხანია, მინდოდა, ჯგუფ „მოჯოს” ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის ქავერის რუსულ ენაზე ჩაწერა და ეს როგორც იქნა, მოვახერხე. ამ სიმღერას „ლეტა” ჰქვია, რომელიც გაჟღერებისთანავე, რუსეთში ჰიტი გახდა. ჯერ ორი კვირაა, რადიოებში ტრიალებს და უკვე მაგრად „გაისროლა.” როგორც გავიგე, რუსეთში ამ სიმღერის ქავერის ჩაწერა ძალიან ბევრ ცნობილ მომღერალს უნდოდა, მაგრამ ყველას უარი უთხრეს. მე ბედი მაინც ვცადე, გავუგზავნე მათი სიმღერის ჩემებური ვარიანტი და საბედნიეროდ, თანხმობა მომცეს. ასე რომ, ერთადერთი შემსრულებელი ვარ რუსეთში, რომელსაც ჯგუფმა „მოჯომ” ქავერის ჩაწერაზე თანხმობა მისცა.
– ამ მოკლე დროში საკმაოდ ცნობილი მომღერალი გახდი რუსულ შოუ-ბიზნესში. დღეს გცნობენ როგორც მომღერალ დათო კალანდაძეს და არა, როგორც „დომ დვას” ფინალისტს, რაც ალბათ, შენთვისაც სასიამოვნოა. გამოდის, რომ შრომა დაგიფასდა.
– ნელ-ნელა მივდივარ წინ. რთულია, რუსეთის ამხელა შოუ-ბიზნესში გამოჩნდე ემიგრანტი ქართველი, რომელსაც დიდი ფული არ აქვს და ეგრევე „გაიქაჩო“. ამიტომ, ვიცი, რომ თავის დამკვიდრებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ორი წელიწადი რუსული შოუ-ბიზნესისთვის არაფერია. აქ ზოგს მიზნის მისაღწევად 10-15 წელი დასჭირდა. თუ დიდი ფულის პატრონი არ ხარ, რუსეთში მაშინვე ვერ „გაიქაჩები“. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი პროდიუსერის, რომელმაც ორ წელიწადში თითქმის შეუძლებელი შეძლო და ამდენი რამ გამიკეთა.
– საქართველოში როდის გეგმავ ჩამოსვლას?
– სავარაუდოდ, აგვისტოში ჩამოვალ, მაგრამ ამჯერად, კონცერტის გამო არა. ჩამოვალ ჩემი ოჯახის წევრების სანახავად.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, სიახლე ხომ არ არის რაიმე? დაოჯახებას ხომ არ გეგმავ?
– არა, ჯერ სად მცალია დასაოჯახებლად.
– სამაგიეროდ, წლები მიდის, რომელსაც უკან ვერ დააბრუნებ.
– მთავარია თავს როგორ გრძნობ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ასევე, მთავარია, როგორი გოგო შეგხვდება. ბიჭებს ჰგონიათ, თვითონ არიან ძლიერები და ქალებზე ნადირობენ, სინამდვილეში კი, ქალი ნადირობს შენზე და მასზე ძლიერი არავინ და არაფერია ამქვეყნად. ქალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. შეიძლება, უკან ჩაგითრიოს და საერთოდ ვეღარ განვითარდე, ან პირიქით, შენს განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანოს. ქალი იმაზე ბევრად ძლიერი და ჭკვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ასევე, ბევრად განვითარებული აქვს ინტუიციის გრძნობა, ვიდრე მამაკაცს.
– თავად როგორ ქალს ეძებ?
– სიმართლე გითხრა, არ ვეძებ. ადრე მინდოდა, პოპულარული გავმხდარიყავი და ქუჩაში ჩემს დანახვაზე ხალხი გაგიჟებულიყო. ამ წლებმა გაიარა და აღარც ვფიქრობ ასეთ რამეებზე. ასეა ქალის შემთხვევაშიც. ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ მაშინ მოდის, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები.
– როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობ გოგონებში.
– მათ უკმარისობას ნამდვილად არ ვუჩივი. თუმცა, ბავშვობიდან მორიდებული ბიჭი ვიყავი. პროფესორის ოჯახში, ქართულ ტრადიციებზე ვარ გაზრდილი და თავში არასდროს არაფერი ამვარდნია. დღემდე ასეა, სისულელებს არ ვაკეთებ, სკანდალებს არ ვქმნი, ყველასთან არ მძინავს და ასე შემდეგ.
– გამოდის, რომ შენი გული ჯერჯერობით ვერც ერთმა ქალმა ვერ მოინადირა?
– ჩემი გული ჯერ ვერავინ მოინადირა. იმიტომ კი არა, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, ან სიმპათიური ტიპი ვარ. ქალებს ზემოდან არასდროს ვუყურებ. უბრალოდ, როგორც გითხარი, ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ჯობია დიდხანს ეძებო და იპოვო ის, ვინც შენ გაწყობს, რომ მერე არ ინანო და ცოლიც, ბავშვებიც არ მიატოვო. მინდა, თუ დავქორწინდები, ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთხელ გადავდგა.
– შენგან განსხვავებით, შენმა ძმამ უკვე იპოვა სასურველი ქალი და გასულ წელს დაოჯახდა. ბიძა ხომ არ გახდი უკვე?
– ჯერ არა, ძმისშვილს ველოდები და ბიძობისთვის ვემზადები. ჩემი ძმა ძალიან მიყვარს. თუ ვინმეს ბოლომდე ვენდობი, ეს ჩემი ძმაა. ისეთი ადამიანია, როგორ ძმასაც მართლა ყველას ვუსურვებ. ბედნიერი ვარ, ის რომ მყავს.