კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

კაცებს „პუტანა“ ქალები უფრო მოსწონთ
ვარ გაუთხოვარი, საშუალო გარეგნობის, მაგრამ, გარკვეულ დონეზე უზრუნველყოფილი ქალი: მაქვს ჩემი პატარა ბინა და საკმაოდ ნორმალური სამსახური. მყავს მშობლები, რომლებიც რაიონში ცხოვრობენ და და, რომელიც უცხოელზე გათხოვდა და ოჯახიანად წავიდა საქართველოდან. ასევე, მყავს კარგი მეგობრები და ნორმალური ნათესავები. ერთი სიტყვით, საუკეთესო ანკეტური მონაცემებით შემიძლია დავიტრაბახო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ბედნიერებისთვის საკმარისი არ არის, რადგან, 30 წელს ისე გადავაბიჯე, სერიოზული თაყვანისმცემელი არ მყოლია. საკმაოდ თვითკრიტიკული ადამიანი ვარ და ვიცი, რომ ჩემი დანახვისთანავე გულწასული არავინ დაეცემა, ანუ, სილამაზით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ, არც მახინჯი და დეფექტური ვარ და არც უწიგნური. ძალიან ბევრ ქალს ვიცნობ, თუნდაც ჩემს სამსახურში, ჩემზე გაცილებით უარესები არიან გარეგნობით, მაგრამ, კიდეც „იგულავეს“, კიდეც გათხოვდნენ, გათხოვების შემდეგაც ეპრანჭებიან ცოლიან თუ უცოლო კაცებს და, რაც მთავარია, ეს კარგად გამოსდით. ერთი ახალგაზრდა ქალი მუშაობს ჩვენთან. არ გეგონოთ, რომ ბოღმით ვამბობდე, მაგრამ, მურთხივით შავია, ფეხებგაღუნული. ცხვირისა და ტუჩების ოპერაცია რამდენჯერ აქვს გაკეთებული, თვითონაც აღარ ახსოვს; სამჯერ არის განათხოვარი და თითო ქმრისგან თითო შვილი ჰყავს, ახლახან კი ისეთ კაცთან დაიწყო სიარული, ნახევარი თბილისის ქალები ვენებს რომ იჭრიან მის გამო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სამივე ყოფილი ქმარი ცალ-ცალკე დასდევს და ყელგამოწვდილი ეხვეწება, შემირიგდიო. ეს კი სამივეს ისეთ წარმოუდგენელ პირობებს უყენებს, ნორმალური კაცი, ალბათ, ტყვიას ესროდა, მაგრამ, ისინი ყველაფერზე თანახმა არიან, ფულს აძლევენ, არჩენენ, აცმევენ, ახურავენ; ერთმა მანქანა უყიდა, მეორემ შვილი გაუშვა (თავისი არა) უცხოეთში სასწავლებლად, მესამემ პლასტიკური ოპერაციები დაუფინანსა, ის კი ვიღაც მეოთხეს ხვდება და თან მეხუთესაც ეძებს. რა ხდება, ვერ გამიგია. მე კი ვარ ასე მარტო და იმაზე ვოცნებობ, ნებისმიერმა მამაკაცმა შემომხედოს მაინც.
ამას წინათ, დედაჩემთან დავიჩივლე, – ეტყობა, ყველაფერს ბედი უნდა-მეთქი. დედამ შემომხედა სიბრალულით აღსავსე თვალებით და მითხრა, ბედი კი არა, ჭკუა უნდა ყველაფერს; თუ ჭკუით მოიქცევი, ბედი თვითონ მოგიკაკუნებს კარზეო. კი ბატონო, ლამაზი და ჭკვიანური ნათქვამია, მაგრამ, რა ვქნა, როგორ მოვიქცე, მაინცდამაინც პუტანასავით ჩაცმულმა ვიარო და ყველა მამაკაცს კისერზე ჩამოვეკიდო?! რომც გავიწყვიტო შუბლის ძარღვი და ასე მოვიქცე, მაინც არ გამომივა, პირიქით, საზიზღარი გამოვჩნდები. არადა, ამ კაცებს სხვა რომ არაფერი აინტერესებთ?!
მაკა, 32 წლის.

სად ხართ, ქალებო?
ფრანგებს უთქვამთ: „ეძებე ქალი!“ კი, ბატონო, ვეძებ, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ მიპოვია და, ალბათ, უკვე ვეღარც ვიპოვი, რადგან, შეუძლებელია, იპოვო ის, რაც ბუნებაში არ არსებობს.
დარწმუნებული ვარ, იტყვით, ქალების მეტი რა არის ამქვეყნადო. კი ბატონო, ბიოლოგიურად ქალი უამრავია, მაგრამ, მე ქალს ვეძებ არა მარტო ხორცით, არამედ, სულით ქალს: ნაზს, ამაღლებულს, ამოუცნობს, მეოცნებეს, ზეციურს, ისეთს, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს აამაღლებს, რაინდად აქცევს, გმირობისკენ უბიძგებს...
არ ვიცი, ალბათ, შუა საუკუნეებში უნდა გავჩენილიყავი, რომ ჩემი თინათინი ან ნესტან-დარეჯანი მეპოვა. ეტყობა, ძალიან დავაგვიანე და ამიტომაც დავრჩი მარტო. არადა, მთელი ცხოვრება დიდ სიყვარულს დავეძებ და, ამის მიუხედავად, უსიყვარულოდ მომიწევს, ალბათ, იმქვეყნად წასვლა, რაზეც ძალიან მწყდება გული.
ახალგაზრდობიდან მოყოლებული, როგორ ქალთან არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ, მცირეოდენი პლუს-მინუსით, საბოლოო ჯამში, ყველა ერთნაირი გამოდგა: მატერიალისტი, ანგარებიანი, გემოვნებისა და ინტელექტის დეფიციტითა და პრეტენზიებისა და ამბიციების სიჭარბით, ძირითადად ხუშტურებიანი და უხასიათო. სხვათა შორის, ამ თვისებებით თანამედროვე გოგოები უფრო გამოირჩევიან. ჩემს ახალგაზრდობაში მთლად ასეც არ იყო. შეიძლება, ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების უმრავლესობა ჰქონდათ, მაგრამ, ერთი-ორი წიგნი ყველას ჰქონდა წაკითხული და ელემენტარული წინადადების თქმა მაინც შეეძლოთ. ახლა კი რა ხდება? შეხედავ – ანგელოზს ჰგავს, მაგრამ, ხმას ამოიღებს თუ არა, ცხრა მთას იქით გაქცევა და გადაკარგვა მოგინდება. თუ ვინმეს ჩემი სიტყვები გადაჭარბებულად ეჩვენება, ერთი-ორჯერ მაინც უყუროს „ქალურ ლოგიკას“ და დარწმუნდება, რომ მართალი ვარ. მართალი კი არა, იმის მეასედსაც არ ვამბობ, რაც სინამდვილეშია.
ეეჰ, ქალებო, ქალებო!.. სად ხართ, სად?..
გიორგი, 37 წლის.

სამი კანდიდატიდან არც ერთმა არ გაამართლა
ისეთ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვარ, აღარ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩემი ისტორია თქვენთვის მომეწერა – ვიღაცას გაეცინება, ვიღაცა ჭკუას ისწავლის და ესეც საქმეა. თან, მეც გულზე მომეშვება, თუ ჩემს გასაჭირს იუმორში გადავიტან.
დავიწყებ იქიდან, რომ, უკვე რამდენიმე წელია, ინტენსიურად ვკითხულობ პაემნების გვერდებს. თავიდან „კაიფისთვის“ გასართობად ვკითხულობდი, ძალიან ბევრი სასაცილო და წარმოუდგენლად ბრიყვული ან თავხედური განცხადება მხვდებოდა და ამაზე მე და ჩემი დაქალები გულიანად ვიცინოდით, მაგრამ, შიგადაშიგ იყო გულწრფელი განცხადებებიც, აი, ისეთები, მაშინვე რომ მიხვდები, მისი ავტორი მართლა რომ ეძებს ცხოვრების მეგობარს.
ერთი სიტყვით, ამ ხუმრობა-გართობაში, აზრად მომივიდა, მეც გამეგზავნა განცხადება. დიდი ორჭოფობის შემდეგ გადავწყვიტე და, ისე, რომ ჩემი უახლოესი დაქალებისთვისაც კი არ მითქვამს, გავგზავნე დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადება: „ვარ 35 წლის უშვილო ქვრივი, ყველაფრით უზრუნველყოფილი, სიმპათიური. ოჯახის შესაქმნელად ვეძებ 50 წლამდე ნორმალური გარეგნობის მამაკაცს, მზრუნველს, რომანტიკულს, ინტელექტუალურს.  მისი მატერიალური მდგომარეობა არ მაინტერესებს, მთავარია, არ იყოს ცოლიანი, არ სვამდეს და არ იყოს ეჭვიანი“...  და ასე შემდეგ. გაზეთის მომდევნო ნომერშივე, მითითებულ კოდზე, რამდენიმე მამაკაცი გამომეხმაურა. რა თქმა უნდა, ყველა თავს იქებდა, მაგრამ, იმ რამდენიმედან ჩემი ინტუიციით სამი საუკეთესო შევარჩიე და გადავწყვიტე, სათითაოდ შევხვედროდი, შემდეგ კი იმათგან ამომერჩია ჩემთვის სასურველი ვარიანტი.
პირველ „კანდიდატს“ რუსთაველზე შევხვდი, ერთ-ერთ კაფეში. რომ დავინახე, გული გამისკდა: სახედასიებული, დაჭმუჭნილი ტანსაცმლით, თმაგაწეწილი... ერთი სიტყვით, ტიპური ლოთი, რომელსაც ორი დღეა, არ დაულევია (ჩემთან შესახვედრად ემზადებოდა და, ეტყობა, თავი შეიკავა), მაგრამ, ერთი სული აქვს, როდის წავალ, რომ მაშინვე გადახუხოს. შემეძლო, კარიდანვე გავბრუნებულიყავი, მაგრამ, რაღაცნაირად, შემეცოდა, თან, ცნობისმოყვარეობამ მძლია – ძალიან დავინტერესდი, ასეთ ტიპს რა უნდა ეთქვა ჩემისთანა ქალისთვის, მივუჯექი მაგიდას, რომელთანაც ის იჯდა, გავეცანი და, სანამ მომდევნო სიტყვას ვიტყოდი, ხრინწიანი, ლოთურად აკანკალებული ხმით (სხვათა შორის, ცალი ხელიც უკანკალებდა, ეტყობა, არყის „ლომკა“ ჰქონდა), პირდაპირ მითხრა: – ადრე ვსვამდი, ახლა აღარ ვსვამ. თბილისელი კაცი ვარ, ვერაზე ცნობილი ბიჭი ვიყავი, მაგრამ, ისე წამივიდა საქმე, რომ ორსართულიანი სახლიდან ერთი ოთახიღა შემრჩა. სამსახურიც დაიკეტა და დედაჩემის პენსიით ვცხოვრობ. ცუდი ტიპი არ ვარ, არც უწიგნური, არც ეჭვიანი. რომანტიკული – კი ბატონო. თუ ცოლად გამომყვები, ყოველდღე ყვავილებს მოგიტან, თან, რაც გინდა, ის გააკეთე – არ ვიეჭვიანებ. ერთ დროს მაგარი სიმპათიური ვიყავი, გოგოები გიჟდებოდნენ ჩემზე. მე და დედაჩემი არაფრით არ შეგაწუხებთ...
მე ხმა არ ამომიღია, ასდოლარიანი დავუდე მაგიდაზე, ავდექი და წამოვედი. გაბრწყინებული სახით გამომეკიდა და მადლობებს მიხდიდა.
კინაღამ გული ამერია. საშინლად დამცირებულად ვიგრძენი თავი, მაგრამ, გადავწყვიტე, დანარჩენი ორი „კანდიდატიც“ გამეცნო და მეორე დღეს ვერის პარკში შევხვდი ჩემს მომავალ „რომეოს“. ამჯერად პირველის სრული ანტიპოდი დამხვდა შადრევანთან, სკამზე ჩამომჯდარი: საშუალო სიმაღლის, ღიპიანი, ჭაღარა თმითა და შავი ულვაშებით; კოტიტა, ბანჯგვლიანი ხელებით და ბრიყვულად კმაყოფილი (აშკარად საკუთარი თავით) თვალებით. თითზე უზარმაზარი ოქროს ბეჭედი ეკეთა და ხელში მანქანის გასაღებს ატრიალებდა. რომ დამინახა, ეტყობა, მოვეწონე, რადგან, სახე გაებადრა, დაუფარავად ამათვალიერ-ჩამათვალიერა მუშტრის თვალით და პირდაპირ მომახალა:
– გოგო, პირდაპირ ზაგსში ხომ არ წავსულიყათ, ჰა?! ბიჭები მაშინაში მელოდებიან, პურმარილსა და დოლ-გარმონსა ეგენი კისრულობენ. ეგრე გაცხოვრებ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ, მთელ კასპს ფეხქვეშ დაგიგებ!..
ძლივს დავაღწიე მშვიდობიანად თავი ერთი ნახვით შეყვარებულ „რომეოს“, იმავე საღამოს შევხვდი მესამეს და, მაშინ მივხვდი, რომ, ან დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო ეს შეხვედრები იმ იმედით, რომ, ბოლოს და ბოლოს, იქნებ ვინმე ნორმალურს გადავყროდი, ან იქვე უნდა დამესვა წერტილი და ჩემს მარტოობას შევგუებოდი.
ჩემი მესამე უცნობი კავალერი ძალიან ჰგავდა „კაპიტან გრანტის შვილების“ პერსონაჟს – პაგანელის, არადა, მე გრანტის ტიპაჟზე ვოცნებობდი. მოკლედ, ჩემი მესამე შეხვედრა ათ წუთში დასრულდა და ორივე გაწბილებულები დავრჩით: მე – მისი პერსონით, ის კი იმით, რომ სამუდამოდ დავემშვიდობე.
ასე დამთავრდა ჩემი ბედის ძებნის მცდელობა. ასეთ სისულელეს ცხოვრებაში აღარ ჩავიდენ, რაც არ უნდა დამემართოს. მართალია, ერთხელ არ გამიმართლა – ისე დავქვრივდი, რომ შვილის გაჩენაც ვერ მოვასწარი, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე მეც გამიღიმებს ბედი და შევხვდები ნამდვილ მამაკაცს, ოღონდ, ყოველგვარი გაზეთისა და განცხადების გარეშე.
თათული, 35 წლის.

скачать dle 11.3