ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას გულისხმობს პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის უფლება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პიროვნების ღირსების ხელშეუვალობა სისხლის სამართლის პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. აღნიშნული გულისხმობს, რომ მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები ვალდებული არიან, სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დაიცვან პროცესის მონაწილეთა ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. დაუშვებელია ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედება წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, მოტყუების, სამედიცინო ჩარევის, ჰიპნოზის, ასევე, სხვა ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე ან აზროვნებაზე. აგრეთვე, დაუშვებელია მუქარა ან ისეთი შეღავათების დაპირება, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტს უფლება, დასკვნაში შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც ექსპერტიზის დამნიშნავ მხარეს არ დაუსვამს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ექსპერტს აქვს უფლება, თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, ის ასახოს დასკვნაში.
კითხვა: მაინტერესებს, საპროცესო მოქმედების ჩატარების ვადის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა ვადის აღდგენა სისხლის სამართლის საქმეზე და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვადის გაშვებას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ვადის გაცდენის შედეგია ის, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჩატარებული საპროცესო მოქმედება ბათილია, თუ გაცდენილი ვადა არ იქნება აღდგენილი. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა პროცედურაა დადგენილი სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო მოქმედების ჩატარების ვადის აღდგენისთვის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში. სასამართლო ამ საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, 10 დღეში. ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს. სასამართლოს გადაწყვეტილება გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სპეციფიკით ხასიათდება მოწმის დაკითხვის პროცედურა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და, პირიქით: დაცვის მოწმის დაკითხვას იწყებს დაცვის მხარე და აგრძელებს ბრალდების მხარე. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. არსებითი განხილვის სხდომაზე არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც იმ მომენტში ვერ წარდგება სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებების გამო. ასეთ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება მისი წინასასამართლო ჩვენება. ეს ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ ის არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა პირს უფლება, ოჯახიდან საჩუქრად გასცეს ძვირფასი ნივთი, თუ მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და ვერ ახერხებს შვილების ნორმალურად რჩენას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, პირს უფლება არ აქვს, გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს, მათ შორის – შვილებს.
კითხვა: რამდენიმე წლის წინ ჩემს ახლო ნათესავს, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, საჩუქრად მივეცი უძრავი ქონება – ერთოთახიანი ბინა. რამდენიმე კვირის წინ მან მომაყენა შეურაცხყოფა და სასტიკად გამლანძღა; ასევე, მითხრა, რომ ჩემგან ნაჩუქარი ქონება უკვე საბოლოოდ მისია და ვეღარ წავართმევდი, რომ მომენდომებინა კიდეც. გთხოვთ მაცნობოთ, შემიძლია თუ არა, დავიბრუნო გაჩუქებული ნივთი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ჩუქების გაუქმებას და გაჩუქებული ნივთის დაბრუნებას დასაჩუქრებულის უმადურობის გამო. კერძოდ, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ფიქტიური ქორწინება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ სინამდვილეში ქორწინებას ოჯახის შექმნის მიზანი არ ჰქონია?
პასუხი: ფიქტიურ ქორწინებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება, ცნობილ იქნეს ბათილად. ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო, თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია. ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქტიურად, თუ რეგისტრირებულ პირებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე, ფაქტობრივად, უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვინ ითვლებიან საქართველოში მეორე რიგის მემკვიდრეებად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოში მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: გარდაცვლილის დები და ძმები; მამკვიდრებლის დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორია საქართველოში ცესკოს შემადგენლობა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 12 წევრისგან. ცესკოს თავმჯდომარე, პარალელურად, არის ცესკოს წევრიც. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები კანონით დადგენილი წესით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადით ხდება საქართველოში ცესკოს თავმჯდომარის არჩევა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.