რა ვითარებაში გადაარჩინა რონალდ რეიგანმა 77 ამერიკელის სიცოცხლე და როგორ იხუმრა მან საბჭოთა კავშირის მისამართით
ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი, უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ და საინტერესო პოლიტიკურ მოღვაწედ ითვლება. მის სახელს უკავშირდება უამრავი ისტორიული ფაქტი, მათ შორის, საბჭოთა კავშირის დანგრევა და „ცივი ომის” დასრულება. მადლიერების ნიშნად, რონალდ რეიგანს რამდენიმე ხნის წინ საქართველოს დედაქალაქში ძეგლი დაუდგეს. ამ და სხვა მოვლენების გათვალისწინებით, გთავაზობთ ქართველებისთვის ასე საყვარელი და საინტერესო რონალდ რეიგანის შესახებ გავრცელებული ფაქტების კრებულს.
* მეოცე საუკუნის 30-იან წლებში რონალდ რეიგანი ილინოისის შტატიდან ლოს-ანჯელესში გადასახლდა, სადაც თავისი კინოკარიერა დაიწყო. სულ ის გადაღებული იყო 54 მხატვრულ ფილმში, ძირითადად ეს იყო „ბ“ კატეგორიის ფილმები, რომლებსაც არცთუ დიდი მოწონება ჰქონდა მაყურებელში. თავისი პოლიტიკური კარიერა რეიგანმა დემოკრატიულ პარტიაში დაიწყო, თუმცა 1962 წელს რესპუბლიკელებში გადავიდა.
* რონალდ რეიგანმა ორჯერ (1968 და 1976 წლებში) წარადგინა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიიდან, თუმცა, ორჯერვე დამარცხდა. იმ პერიოდში იგი კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე მსახურობდა და გარკვეული სიმპათიებით სარგებლობდა ამერიკელ ხალხში.
* ახალგაზრდობაში რონალდ რეიგანი გატაცებული იყო სპორტით და დიდ დროს ატარებდა სატრენაჟორო დარბაზებში. 29 წლის ასაკში მან გაიმარჯვა კონკურსში „იდეალურთან მიახლოებული მამაკაცის ფიგურა” და რამდენიმე დღის განმავლობაში ფერმწერების წინაშე პოზირებდა შიშველი.
* 40-იან წლებში რონალდ რეიგანი ამერიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა; იგი კინოინდუსტრიის იმ მუშაკებს ასახელებდა „ეფბეაიში”, რომლებიც კომუნიზმის მიმართ სიმპათიაში იყვნენ შემჩნეულნი. იმ პერიოდში რეიგანი დარწმუნებული იყო, რომ კომუნისტებს ამერიკული კინოინდუსტრიის ხელში ჩაგდება ჰქონდათ გადაწყვეტილი.
* 1955 წელს ამერიკის მომავალ პრეზიდენტს, მსახიობ რონალდ რეიგანს, ქალაქ ანაჰაიმიდან ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მიჰყავდა დისნეილენდის გახსნის ცერემონია.
* 1926 წელს რონალდ რეიგანი პირველ სამუშაო ადგილზე მოეწყო. იგი დიქსონთან ახლოს, ლოუველის პარკში, მდინარე როკ-რივერზე მუშაობდა და მუშაობის განმავლობაში მან 77 ადამიანი გადაარჩინა სიცოცხლეს.
* რონალდ რეიგანი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იყო: 1989 წელს, როდესაც მან დატოვა კაბინეტი, იგი 77 წლის გახლდათ. რეიგანი 2004 წელს პნევმონიით გარდაიცვალა.
* რონალდ რეიგანი ამერიკის ერთადერთი განქორწინებული პრეზიდენტი იყო. გარდა ამისა, იგი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც მანამდე პროფკავშირებს ხელმძღვანელობდა.
* რონალდ რეიგანის საყვარელი ფილმი იყო 1985 წელს გადაღებული ფანტასტიკური კომედია „უკან მომავალში.” მას იმდენად მოსწონდა ეს კინოსურათი, რომ, რამდენიმე ფრაზა ამ ფილმიდან თავის გამოსვლებშიც გამოიყენა. მაგალითად, 1986 წელს ამერიკელი ხალხის მისამართით წარმოთქმულ ფრაზაში მან ბრძანა: „და, როგორც ითქვა ფილმში „უკან მომავალში“ – იქ, სადაც ჩვენ მივდივართ, გზა არ დაგვჭირდება”.
* რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში, ამერიკის უმაღლესი სასამართლოს წევრად პირველად აირჩიეს ქალი, სანდრა ო’კონორი, რომლის კანდიდატურა პირადად რეიგანმა წარადგინა.
* რონალდ რეიგანი პირველი პრეზიდენტია, რომელიც „ტეკუმსეს წყევლას” გადაურჩა. მეთვრამეტე საუკუნეში ინდიელთა ტომ ტეკუმსეს ბელადმა დასწყევლა ამერიკის პრეზიდენტები. წყევლა შემდეგში მდგომარეობდა: ამერიკის პრეზიდენტად იმ წელს აირჩეოდა, რომელიც მთლიანად იყოფა ოცზე და პრეზიდენტობის პერიოდშივე გარდაიცვლებოდა. რეიგანამდე წყევლის მსხვერპლნი გახდნენ: აბრაამ ლინკოლნი, ჯეიმს გარფილდი, ჯეიმს მაკ-კინლი, ფრანკლინ რუზველტი, უორენ ჰარდინგი და ჯონ კენედი.
* რონალდ რეიგანის სახელს უკავშირდება ხუმრობა, რომელიც მან წარმოთქვა ამერიკელი ხალხის წინაშე 1984 წელს. 1984 წლის 11 აგვისტოს, „ცივი ომის” პერიოდში, დაგეგმილი იყო რონალდ რეიგანის რადიომიმართვა ამერიკელებისადმი. გამოსვლის დაწყებამდე რადიორეჟისორმა სთხოვა რეიგანს, რამდენიმე სიტყვა ეთქვა, რათა მიკროფონი შეემოწმებინა და რეიგანმა თავისი გამოსვლა დაიწყო ისე, რომ არ იცოდა, უკვე ეთერში რომ იყო: „ძვირფასო თანამემამულენო, ამერიკელებო! მინდა, გაუწყოთ, რომ ეს წუთია, ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომელიც უკანონოდ აცხადებს რუსეთს და ბომბარდირება დაიწყება ხუთ წუთში!”. ამ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში, საბჭოთა კავშირმა კი ამერიკის პრეზიდენტის ხუმრობას მწვავე კრიტიკა მოაყოლა.
* რონალდ რეიგანს სწამდა, რომ უცხოპლანეტელები მართლა არსებობენ. რონალდ და ნენსი რეიგანებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ 1974 წელს საკუთარი თვალით ნახეს ამოუცნობი მფრინავი თეფში. მაშინ ჯერ კიდევ კალიფორნიის გუბერნატორმა რეიგანმა თეფში თავისი თვითმფრინავიდან შეამჩნია და პილოტს უბრძანა, გაჰყოლოდა მფრინავ ობიექტს, თუმცა, „ამო” გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.
* 1982 წლის ივლისში რონალდ რეიგანმა თეთრ სახლში სტივენ სპილბერგის ფილმის – „უცხოპლანეტელის” პრივატული ჩვენება გამართა, რომელსაც 35 მოწვეული სტუმარი დაესწრო. სპილბერგის თქმით, რეიგანი ფილმის ყველა სცენაზე ნერვიულობდა, ხოლო ნენსი რეიგანი გაუჩერებლივ ტიროდა. ფილმის დასრულების შემდეგ რეიგანი სპილბერგთან მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა: „მე, შენ და ამ დარბაზში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო”. სპილბერგის თქმით, იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში შოკირებული იყო პრეზიდენტის ნათქვამის გამო.
* 1985 წელს ჟენევაში, საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანთან, მიხაილ გორბაჩოვთან შეხვედრის დროს, რონალდ რეიგანი, ყველასთვის მოულოდნელად, უცხოპლანეტელების თემას შეეხო და საბჭოთა ლიდერს უთხრა: „დაფიქრდით, რამდენად იოლი გახდებოდა ჩვენი შერიგება და ჩვენი პრობლემების აღმოფხვრა, თუკი სხვა პლანეტის წარმომადგენლები დედამიწის ოკუპირებას დაიწყებდნენ – ჩვენ ხომ საერთო მტერი გვეყოლებოდა და ერთად ვიბრძოლებდით ქვეყნიერების გადასარჩენად”.
* რონალდ რეიგანი ამერიკის პირველი პრეზიდენტი იყო, რომლის ავადმყოფობის ისტორია პრესაში გამოქვეყნდა – რეიგანს კუჭ-ნაწლავის კეთილთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია გაუკეთდა.
* 1981 წლის მარტში ფსიქიკურად შეშლილმა ჯონ ჰინკლიმ რონალდ რეიგანს რამდენჯერმე ესროლა. რეიგანი მკერდში დაიჭრა, თუმცა, გადარჩა. ჰინკლიმ თავისი ქმედება შემდეგნაირად ახსნა: ამ საქციელით მას ამერიკელი კინოვარსკვლავის, ჯოდი ფოსტერის ყურადღების მიქცევა სურდა.
* ცნობილ პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, მშობლებმა სახელი რონალდ რეიგანის პატივსაცემად დაარქვეს.
* რონალდ რეიგანის ქვრივს, ამერიკის ყოფილ პირველ ლედის, ნენსი რეიგანს, არაერთხელ განუცხადებია პრესაში, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მასთან პერიოდულად მოდის სტუმრად მისი სული და ისინი სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. სხვათა შორის, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში, მისი ქალიშვილი, მორინ რეიგანი, აცხადებდა, რომ თეთრ სახლში რამდენჯერმე დაინახა აბრაამ ლინკოლნის მოჩვენება.
* რონალდ რეიგანი ავტორია სიტყვებისა „ბოროტების იმპერია”. ამ ფრაზით მან საბჭოთა კავშირი მოიხსენია.
* რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს რონალდ რეიგანის სისხლი, რომელიც მისგან 1981 წელს ამოიღეს ტერაქტის შემდეგ. შუშის ჭურჭელში მოთავსებული იყო რეიგანის გამხმარი სისხლი და მას თან ერთვოდა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად რონალდ რეიგანის სისხლი იყო. თავდაპირველ ფასად ნაჩვენები იყო 6,25 ათასი გირვანქა სტერლინგი, თუმცა, რეიგანის ოჯახის წევრების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, რეიგანის სისხლი მოიხსნა გაყიდვიდან.