ამომრჩევლის გადაბირების რა კანონიერ მეთოდებს იყენებენ პოლიტიკური პარტიები და რატომ მოუწევთ პარტიებს ამომრჩევლების ფსიქოპორტრეტების შესწავლა
სავარაუდოდ, როგორც ყველგან, ჩვენთანაც როგორც არჩევნებიდან არჩევნებამდე, ისე უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გულის მოგებისა თუ გადაბირების საკითხი მეტად აქტუალურია. შესაბამისად, იბადება კითხვები: რით განსხვავდება არჩევნები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, როგორ ინადირებენ ამომრჩევლის გულებსა და ხმებს პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილების მქონე თუ არმქონე საზოგადოებებში, რით განსხვავდება და ჰგავს ერთმანეთს ცივილიზებული თუ ნაკლებად ცივილიზებული ქვეყნის ამომრჩეველი? იმას, თუ სად გადის ამომრჩევლის ხმისკენ მიმავალი გზა, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი განგვიმარტავს.
– წინასაარჩევნო მეთოდები განსხვავდება იმისდა მიხედვით, განვითარების რა ეტაპზეა ქვეყანა, სადაც არჩევნები ტარდება?
– რასაკვირველია, ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე ტიპის მეთოდოლოგიაა. ყველგან იყენებენ მეტ-ნაკლები წარმატებით როგორც მოსყიდვას, ისე ამომრჩევლის გადაბირებას.
ამომრჩევლის გადაბირების ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ხერხები არსებობს და მხედველობაში მაქვს სავსებით კანონიერი მეთოდები, იმიტომ რომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არაკანონიერი მეთოდებიც, მაგრამ ამაზე ნუ შევჩერდებით, იმიტომ რომ კანონდარღვევით, სამწუხაროდ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.
მართალია, ჩვენთან დახვეწილია ამომრჩევლის კანონიერად გადაბირების მეთოდები, მაგრამ არსებობს ამომრჩევლის გარკვეული კატეგორია, რომლებსაც ჰქვიათ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ფანები. ეს არის ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმდევრები და მათი გადაბირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უბრალოდ არ არსებობს მათი გადაბირების მეთოდები.
– გარდა უშუალოდ პარტიის წევრებისა, კიდევ ვინ მოიაზრება პოლიტფანებში?
– საინტერესოა, რომ ამ ფანებში შედიან არა მხოლოდ პარტიის წევრები, არამედ ამ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური კურსის მიმდევრები, თუ „ფეისბუქის“ დღევანდელ ენაზე ვიტყვით, „ლაიქერები“. ამ ადამიანებს მოსწონთ პარტიის პოლიტიკა, შეხედულებები, იზიარებენ ღირებულებებს და არ არის აუცილებელი, იყვნენ ამ პარტიის წევრები, მაგრამ ისინი ქმნიან არაპარტიულ ბირთვს ამ პარტიისთვის.
– ის, რომ გახდე ამა თუ იმ პარტიის უფასო ფანი, უკავშირდება სოციალურ სტატუსს, პროფესიას, მატერიალურ მდგომარეობას?
– თუ საქართველოს რეალობას ავიღებთ, არა.
– თუ სხვა ქვეყნის რეალობას ავიღებთ?
– თუ სხვა ქვეყნების რეალობას ავიღებთ, შესაძლებელია, კონკრეტულ პარტიებს თავიანთი სოციალური სტატუსის შესაბამისი ფანები ჰყავდეთ ან ისეთები, რომლებიც მხარს უჭერენ ამა თუ იმ პოლიტიკურ მიმართულებას.
– იდეურები არიან?
– დიახ, მაგალითად, ევროპაში და, განსაკუთრებით, გერმანიაში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მწვანეთა მოძრაობას. რეალურად სოციალურ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა, აქცენტია პარტიის ღირებულებებზე. ფანები არაცვალებადი, ფაქტობრივად, მუდმივი კონსტანტაა პარტისთვის და ეს ყველაზე დიდი აქტივია, რაც პარტიას შეუძლია, იყოლიოს. ყველაზე საინტერესო პარტიისა და მისი ფანების ურთიერთობის პროცესში არის ის, რომ პარტია ფულს არ ხარჯავს საკუთარ ფანებზე. წინასაარჩევნო კამპანიისას პარტია თავისი იდეების, გზავნილების ამომრჩევლამდე მიტანისთვის მატერიალურ სახსრებს ხარჯავს იმ ელექტორატზე, რომელსაც იმ მომენტში არ აქვს გადაწყვეტილი, ვის აძლევს ხმას.
– და რამდენი პროცენტია ასეთი?
– თუ საქართველოს წინასაარჩევნო ისტორიებს გადავხედავთ, ასეთი ელექტორატის რაოდენობა 20-დან 35-პროცენტამდე მერყეობს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე. არის კიდევ ერთი კონკრეტული ჯგუფი ამომრჩევლებისა, რომელთა რაოდენობაც შეიძლება, მერყეობდეს 5-დან 10 პროცენტამდე და ისინი გადაწყვეტილებას იღებენ უშუალოდ საარჩევნო ურნასთან.
– რის მიხედვით, დილით როგორ ხასიათზე გაიღვიძეს?
– იქ კიდევ ერთხელ გადახედავენ კანდიდატების სიას და გადაწყვეტილებას ადგილზე იღებენ. ეს სუპერმერყევი ელექტორატია, ამიტომაც არის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია საარჩევნო უბნებთან პარტიის წარმომადგენლების აგიტაცია, რომ უფრო მეტი ზეგავლენა არ მოახდინონ სწორედ ამ სუპერმერყევ ელექტორატზე. ბევრ ქვეყანაში არჩევნების დღეს წყდება ყოველგვარი აგიტაცია: როგორც სატელევიზიო, ისე პარტიული წარმომადგენლების. ჩვენთან აკრძალულია სატელევიზიო და რადიორეკლამა, მაგრამ დასაშვებია საარჩევნო უბნიდან კონკრეტულ დაშორებაზე აგიტაციის გაწევა.
– ამომრჩეველთა გადანაწილების ეს სქემა იდენტურია ყველა ქვეყნისთვის?
– ყველგან არსებობს მერყევი და სუპერმერყევი ელექტორატი და ისინი მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილი ყველა სოციუმში, ისევე, როგორც ყველგან არის 20-35 პროცენტი ისეთი ამომრჩეველი, რომლებიც არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ხდება ამერიკაშიც, ევროპაშიც, აზიაშიც და ჩვენთანაც. არ ხდება ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ასივე პროცენტს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა მისცეს ხმა.
– და აი, ასე გადანაწილებულ ელექტორატში, რას აქვს მნიშვნელობა მისი მონადირებისას? რა საშუალებებია პოლიტიკური პარტიების არსენალში?
– ერთ კორექტირებას შევიტანდი: ჩვენ ძალიან ზედაპირული სეგმენტაცია გავაკეთეთ და უნდა შევთანხმდეთ, რომ ამომრჩევლის ფსიქოპორტრეტის შესაქმნელად, ეს არ არის სრული სურათის მიღების იდეალური საშუალება. კვლევების საფუძველზე შესაძლებელია უფრო ღრმა სეგმენტაცია. მაგალითად, რომელიც ითვალისწინებს სეგმენტაციას ცხოვრების სტილის მიხედვით. დაახლოებით, 14 ჯგუფი გამოიყოფა: მიმბაძველები, გადარჩენაზე ორიენტირებულები, პრაქტიკოსები და სხვა, ამომრჩევლის ფსიქოპორტრეტები ცხოვრების წესის მიხედვით. არსებობს კიდევ უფრო ღრმა ჩაშლა, ეგრეთ წოდებული ადლერის მეთოდი, რომელიც 22 ჯგუფს გამოჰყოფს. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთან ამომრჩევლის სეგმენტაცია ხდება მარტივი მეთოდებით, მაგრამ ხვალ და ზეგ, როდესაც არჩევნებზე კონკურენცია უფრო მეტ ძალას შორის იქნება და საარჩევნო გარემოც უფრო კონკურენტული იქნება, პარტიები სეგმენტაციის უფრო ღრმა და მეცნიერულ მეთოდებს გამოიყენებენ: თითოეულ პარტიას ეცოდინება თავისი მომხრის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია: რას ფიქრობს, რას აპირებს, როდის ასეირნებს ბავშვებს პარკში, რას მიირთმევს სადილად და ასე შემდეგ. დღეს არ მგონია, რომელიმე პარტიას ჰქონდეს ელექტორატის ასე „ღრმად ჩაშლილი“ ფსიქოგრაფიული პორტრეტი, დღეს მაინც ზოგად, „ერთსახა“ ამომრჩევლებს ეგზავნებათ კონკრეტული შეტყობინებები.
– რის მიხედვით ადგენენ ამ წინასაარჩევნო გზავნილებს პოლიტიკური პარტიები?
– ხდება სიტუაციის ანალიზი, თუ რა საჭიროებები არსებობს საზოგადოებაში, რა უნდა ამომრჩეველს, რა პრობლემების გადაწყვეტა მიაჩნია პრიორიტეტულად და ამის საფუძველზე ხდება კონკრეტული პროგრამების შედგენა. პროგრამები გადადის მოკლე თეზისებში და შემდეგ ყველაფერი თავს იყრის ეგრეთ წოდებული მესიჯ-ბოქსში, რომელიც სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე პარტიის მოკლე გზავნილების კრებულია.
სხვათა შორის, „ენ დი აის“ ბოლო კვლევაში ბევრ კითხვაზე მივიღეთ საინტერესო პასუხები. კერძოდ, რა საკითხებს აყენებენ კონკრეტული ამომრჩევლები. აღმოჩნდა, რომ უპირველესია, ჯანდაცვის რეფორმა, შემდეგ – სოფლის მეურნეობის რეფორმა და მესამეა საპენსიო რეფორმა. აი, ეს სამი რეფორმა მიაჩნიათ ამომრჩევლებს ყველაზე მნიშვნელოვნად. რაც შეეხება პრობლემებს: ამომრჩეველს ყველაზე მეტად აწუხებს შემდეგი პრობლემები: დასაქმება, ტერიტორიული მთლიანობისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ბუნებრივია, სხვა პრობლემებიცაა ჩამოთვლილი. იმისთვის, რომ პარტიამ სტრატეგია ააწყოს, უფრო სიღრმისეული კვლევებიცაა საჭირო. მართალია, „ენ დი აის“ კვლევები საკმაოდ ვრცელია, მაგრამ სამწუხაროდ, პარტიებს კვლევის ბაზებთან ხელი არ მიუწვდებათ, ხოლო საზოგადოებას კვლევა მხოლოდ პრეზენტაციის დონეზე მოგვეწოდება.
კვლევის შემდეგ იწყება ამომრჩევლის გონებამდე მიმავალი გზის ძიება და შემდეგ, უკვე ემოციური ფაქტორების ჩართვით, გზების დასახვა ამომრჩევლის გულამდე მისაღწევად.
– პრობლემებისა და პრიორიტეტების ის ჩამონათვალი, რომელიც გამოიკვეთა „ენ დი აის“ კვლევაში, რა წარმოდგენას გვიქმნის ჩვენს საზოგადოებაზე?
– რეალურად ჩანს, რომ ეს არის ღარიბი ქვეყანა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მოუგვარებია სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მაგალითად, ადგილობრივი დონის პრობლემებში პირველ ადგილზე გავიდა დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახდელების მიბმა, მეორეზე – კომუნალური გადასახადები, მესამეზე – ტრანსპორტის ღირებულება, ანუ რეალურად ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს მატერიალურად უჭირთ. მეორე მხრივ, გამოიკვეთა უნდობლობის პრობლემაც. სამწუხაროდ, მოსახლეობას არ სჯერა, რომ მის მიერ დასახელებული რეფორმები ჩატარდება. კვლევაში ეს პირდაპირ ჩანს: თუ 58 პროცენტი ამბობს, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ჯანდაცვის რეფორმა. იქვე კი დასძენს, რომ მას არ სჯერა, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში ეს რეფორმა ჩატარდება. მხოლოდ 25 პროცენტს სჯერა, რომ ჯანდაცვის რეფორმა ჩატარდება; მხოლოდ16 პროცენტს სჯერა, რომ სოფლის მეურნეობის რეფორმა ჩატარდება და მხოლოდ 24 პროცენტი ელის საპენსიო რეფორმის ჩატარებას. ანუ რეალურად ჩვენ გვყავს ამომრჩეველი, რომელიც გააკეთებს არჩევანს არჩევნებზე, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ, რასაც დაჰპირდებიან, შესრულდება.
– ზოგადად პოლიტიკური ძალებისადმია უნდობლობა?
– ზოგადად, იმიტომ რომ ბევრჯერ შეჰპირდნენ და მოატყუეს, ამიტომ დიდი უნდობლობაა პოლიტიკური პროცესისადმი. უნდობლობის მეორე მიზეზი ხალხის პოლიტიკური პროცესებისგან გარიყულობაა. ამავე კვლევაში, კითხვაზე, სად საუბრობთ პოლიტიკაზე, 83 პროცენტი ამბობს, სამზარეულოშიო, 34 პროცენტი ასახელებს უბანს, ბირჟას და არავინ ამბობს, რომ პოლიტიკაზე, სოციალურ საკითხებზე საუბრობენ ან თვითმმართველობის ორგანოებში, ან პარლამენტში, ან საკრებულოში. ესე იგი, ეს ხალხი გარიყულია პოლიტიკური პროცესისგან, ხალხი არ იღებს მართვაში მონაწილეობას.
– შევადაროთ ქართველი და ევროპელი ამომრჩევლები. რომელი უფრო ძვირი ჯდება, გადაბირების თვალსაზრისით?
– უფრო ნაკლები ჯდება ევროპელი ამომრჩეველი, რადგან მას უკვე ათწლეულობით და ზოგიერთ ქვეყანაში ასწლეულობით ჩამოყალიბებული პოლიტიკური გემოვნება აქვს. იქ პარტიებს აქვთ ისტორიები, ჩვენთან კი პარტიები, მმართველი თუ ოპოზიციური, იბადებიან, დაპირებებს იძლევიან და შემდეგ ქრებიან. ამდენად, პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ტრადიცია, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში და, პირიქით, ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადასვლის ტრადიცია არ არსებობს. ამომრჩეველს არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური გემოვნება და ამიტომ, სამწუხაროდ, ის თავისივე სუბიექტური გადაწყვეტილების მსხვერპლია. მაგალითად, ამავე კვლევაში ჩანს, რა შემთხვევაში მიიჩნევს ამომრჩეველი არჩევნებს სამართლიანად ჩატარებულს. დაახლოებით, ნახევარი ამბობს, მე თავად გადავწყვეტ ამ საკითხსო, შემდეგ ადგილზეა საახლობლო წრე და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის საერთაშორისო ინსტიტუციები. მეტიც, მხოლოდ 13 პროცენტი ასახელებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. წარმოიდგინეთ, რა დონის უნდობლობაა?! მეტიც, ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც ეკითხებიან, რამ შეიძლება, შეუშალოს ხელი სამართლიან არჩევნებსო, იმდენად გათვითცნობიერებულია, რომ ოცზე მეტი დასახელების გაყალბებას ასახელებს.
– იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ არჩევნების ტრადიცია და პარტიული ცხოვრების გამოცდილება, ამომრჩეველი და პოლიტიკური ძალები იმთავითვე იყვნენ ორიენტირებული სამართლიან საარჩევნო გარემოზე თუ ყველამ ისევე ხარვეზიანად დაიწყო, როგორც ჩვენ?
– ჩვენ დღეს ვართ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. ყველაზე მნიშვნელოვანს იმიტომ ვუწოდებ, რომ სწორედ ახლა უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, რასაც ჰქვია საერთაშორისო თანამეგობრობის რეალური წევრობა. რით გამოირჩევიან ეს ქვეყნები? უპირველესად, სახელმწიფო სტრუქტურებისადმი აბსოლუტური ნდობით. იქ არასდროს დგება საკითხი, გაყალბდა თუ არა არჩევნები. ეს პრობლემა მოხსნილია! მეორე: რასაკვირველია, უფრო მეტად სამხრეთულ ქვეყნებში, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, არ დავასახელებ აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იყო ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობები, მათ შორის, აქტიურობდა მაფია და სხვა ძალები, მაგრამ რაღაც მომენტში მათ უარი განაცხადეს ამაზე. დღეს არავინ ლაპარაკობს იტალიაში არჩევნების გაყალბებაზე. ერთი სიტყვით, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ნებაზე. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის როლი: მას შეუძლია, ისტორიაში შევიდეს, საქართველოს როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი, რომელმაც შეძლო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება. ეს შანსი მას აქვს და ხელიდან არ უნდა გაუშვას. იმიტომ რომ ეს ნიშნავს აბსოლუტურად სხვანაირ განვითარებას ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობის დასაწყისს. მით უმეტეს, როდესაც გარკვეული მყარი სახელმწიფო ინსტიტუციები ჩვენთან უკვე არსებობს და ამისთვის საფუძველი მომზადებულია. პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ხელისუფლებისთვის ძალიან მარტივი იქნება, ისეთივე ტიპის არჩევნების ჩატარება, როგორიც ტარდება, მაგალითად, პოლონეთსა და ჩეხეთში.