ლაზათიანად მომზიდველი
ანუ, ჭერის გარეშე დარჩენილი
სულ რაღაც ორიოდე კვირის წინათ შევიტყვეთ, რომ ჩამოლაბორანტებული და აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის შენობაში დაბინავდა. დაბინავდა, რადგან „საპარტნიორო ოფისი“, რომლის ხელმძღვანელადაც ბ-ნი გილაური დაინიშნა (რათა ლაზათიანად მოიზიდოს ინვესტორები), პარლამენტის შენობაში გადაბარგდა (სხვათა შორის, ტერიტორიულად მხოლოდ მას შემდეგ ამაღლდნენ, რაც ხელმძღვანელად ეგზომ მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირი დაენიშნათ, თორემ, მანამდე, საერთოდაც, ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდნენ).
„საპარტნიორო ფონდი“ ფრიად საპატიო ადგილას, კერძოდ, პრეზიდენტის ფლიგელში განთავსდა და, როგორც მედია იუწყებოდა, თვით „ბაგრატოვანთა დარბაზიც“ კი დაიკავა. იმავდროულად, ბ-ნი გილაური ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ხელმძღვანელადაც დარჩა და „საპარტნიორო ფონდს“ ქონებაც გაუმრავლდა. სახელდობრ, თუკი აქამდე სახელმწიფო საწარმოებიდან მასში აქციების მხოლოდ ნაწილი შედიოდა, ხელმძღვანელად ნაპრემიერმინისტრალის დანიშვნის შემდეგ ფონდის კაპიტალს სახელმწიფო საწარმოების აქციათა 100-ვე პროცენტი ერგება, მათ შორის, „თელასის“ წილის ნაწილიც.
თუმცა, რაკი ნათქვამია, „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განაო,“ „საპარტნიორო ფონდს“ ჯეროვნადაც ვერ შეესუნთქა საპრეზიდენტო ფლიგელის ჰაერი, რომ იქ, ზემოთ, პარლამენტის შენობის დაცლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ის პატრონს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ინვესტორს უნდა ჩაჰბარდეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, სად უნდა პოვოს ნავსაყუდელი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აწ უკვე ჭერის გარეშე დარჩენილმაც.