გამოყრილები
ანუ, „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
ამ ჩვენი მრავალგზის იავარქმნილი კონსტიტუციით, ქუთაისის ახალ პარლამენტში ოდენ მერვე მოწვევის პარლამენტარებმა უნდა დაივანონ, ანუ მათ, რომლებსაც ხალხის რჩეულთა სკამები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერგებათ, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრები უკვე უსკამოდ დარჩნენ. დარჩნენ, რადგან, გასული კვირის შუახანს, კვირის ბოლომდე, მათ თბილისის პარლამენტის შენობის დაცლა უბრძანეს. მოარული ხმებით, ამ ფაქტს თვით კომიტეტის ერთ-ერთი უმრავლესოელი თავმჯდომარე ისე აღუშფოთებია, ლამის საკუთარ კაბინეტში ნივთები მიულეწ-მოულეწავს (სავარაუდოდ, ეცოდინებოდა, რომ ახალში მაინც ვერ მოხვდებოდა). დანარჩენები (უმრავლესოელები მყავს მხედველობაში), ყოველ შემთხვევაში, ტელეკამერების წინ სიახლეს მშვიდად შეხვდნენ (რამეთუ, იქ წავლენ, სადაც პარტია უბრძანებს!). მეორე მხრივ, ისინი კი წავლენ, მაგრამ, სად – უცნობია. მაგალითად, აპარატის თანამშრომლებს სამსახურში თავისუფალ რეჟიმში სიარული შესთავაზეს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ შენობა ან უკვე გაიყიდა ან გაყიდვის წკიპზეა, თანაც, მის დაშლასა და კარ-ფანჯრების ჩამოღებასაც აპირებენ, გაუგებარია, ან მათ სად უნდა იარონ, თუნდაც, თავისუფალ რეჟიმში?!
სამაგიეროდ, სავსებით გასაგებია, რომ, თუკი აქამდე ხალხის რჩეულები თავს ძვირად გვაჩვენებდნენ, აწი თვალსაც ვერ მოვკრავთ და საპატიო მიზეზიც ექნებათ. თავის მხრივ, ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი საერთოდაც არ აპირებს კაბინეტების დაცლას (მაშ, სად უნდა შევხვდეთ ამომრჩეველსო). რეალობას თუ გავითვალისწინებთ, ამომრჩევლებმაც უნდა დაისვენონ! ამის პარალელურად, მართალია, საქართველოს პარლამენტი რეალურად უკვე აღარ არსებობს (თუ არ ჩავთვლით, რომ ხელფასებს აიღებენ და, ისეთი ყოჩაღები არიან, გუმანით ვგრძნობ, შესაძლოა, კიდეც ჩაპრემივდნენ), სამაგიეროდ, ახალი დიზაინის ვებ-გვერდი აქვთ, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი უკვე ქუთაისშია; მეტიც, ნებისმიერ დეპუტატთან დაკავშირებაც ელექტრონულადაა შესაძლებელი. ჰოდა, რაკი შესაძლებელია, კიდეც ვისარგებლე და ორიოდე კვირის წინათ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნ თოიძეს ელექტრონული წერილიც გავუგზავნე, მაგრამ, მისგან არათუ პასუხი, მოკითხვაც არ მიმიღია, რაც, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს, რომ პარლამენტის ახალი კონცეფცია (ამომრჩევლის მაჯისცემაზე ყური გვიდევსო) გარედან მტერს უბრმავებს თვალს, შიგნიდან კი მოყვარეს ანერვიულებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფოტოების ხილვით მაინც შეგვიძლია ჩვენს რჩეულთა მონატრების მწვავე გრძნობის დაყუჩება!