რის საშუალებას არ აძლევს თაყვანისმცემლებს სალი ხომერიკი და ვინ უნდა „გამოძვრეს კანიდან“ და გადადგას მისთვის მთები
როგორც ცნობილია‚ სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრი“ ყოველ წელს ატარებს სილამაზის კონკურს „მის საქართველოს“, რომლის გამარჯვებული ყოველთვის მიემგზავრება „მის მსოფლიოზე“ და საქართველოს სახელით იღებს მონაწილეობას. რადგან წელს „მის საქართველო“ ჯერ არ ჩატარებულა და, შესაბამისად‚ არც „მის საქართველო“ აურჩევიათ, „მის მსოფლიოზე“, რომელიც 18 აგვისტოს ჩინეთში გაიმართება, მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება შარშანდელი „ვიცე-მის საქართველო 2011“ სალი ხომერიკი. რამ განაპირობა ამ კონკურსში მისი მონაწილეობა, ამის შესახებ ინტერვიუდან შევიტყობთ.
– დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ „მის მსოფლიოს“ საიტზე კონკურსანტებს შორის ვნახე შენი ფოტო. როგორც წესი‚ ამ კონკურსზე იმ წელს გამარჯვებული „მის საქართველო“ მიემგზავრება ხოლმე, შენ კი შარშანდელი „ვიცე-მის საქართველო“ ხარ. რატომ გადაწყდა ასე?
– როგორც „პირველი ვიცე-მის საქართველო“‚ უნდა წავსულიყავი „მის სამყაროზე“, მაგრამ, „მის მსოფლიო“‚ ოქტომბრის ნაცვლად, აგვისტოში გადმოიტანეს. „იმიჯ-ცენტრი“ ვერ ასწრებდა კონკურსის ჩატარებას, არადა, ვინმე უნდა გაეშვა, ჯანეტი კი უკვე იყო „მის მსოფლიოზე“ ნამყოფი. ამიტომ, გამარჯვებული ხუთეულიდან უნდა აერჩიათ გოგონა და, გადაწყდა, რომ მე გავემგზავრებოდი. რა თქმა უნდა‚ ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შანსი მომეცა, თუმცა‚ ალბათ‚ ჩემთვის‚ „მის სამყაროზე“ წასვლა უფრო კარგი იქნებოდა, რადგან‚ ვიცი‚ ეს ფაქტი ხალხში აჟიოტაჟს გამოიწვევს. ისიც ვიცი, რომ ყველას მოსაწონი ვერ გავხდები, იქნება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები და ამიტომ ცოტას განვიცდი, თან‚ რაც მთავარია‚ ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. მე ამ კონკურსზე საქართველოს სახელით გამოვდივარ და ამიტომ უფრო ვნერვიულობ.
– როდის გადაწყდა ამ კონკურსში შენი მონაწილეობა?
– რამდენიმე კვირის წინ, რადგან, მათაც არ იცოდნენ როდის ჩატარდებოდა „მის მსოფლიო“. მართალია‚ მოდიოდა გამაფრთხილებელი წერილები – შეიძლება‚ კონკურსი გადმოიწიოსო, მაგრამ‚ ზუსტად არ ვიცოდით, როდის ჩატარდებოდა. ბოლოს‚ როდესაც გავიგე, რომ მე უნდა გავმგზავრებულიყავი, ძალიან გამიხარდა, ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, დიდი გამოცდილების მომტანი, რადგან მივდივარ ყველასგან დამოუკიდებლად, მარტო და ერთი თვე საკუთარი თავის პატრონი მხოლოდ მე ვიქნები. ახლა მზადების პერიოდში ვარ, მაგრამ, მაინც განვიცდი, ემოციური, ეიფორიული პერიოდი მაქვს.
– „მის სამყაროზე“ ვეღარ მიიღებ მონაწილეობას.
– რა თქმა უნდა‚ ვეღარ გავემგზავრები. „მის სამყარო“ „მის მსოფლიოს“ მერე ჩატარდება და ვინ გაემგზავრება, არ ვიცი.
– მას შემდეგ‚ რაც „პირველი ვიცე-მის საქართველო“ გახდი, თითქმის ერთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ალბათ‚ დაგიგროვდა გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში‚ და უფრო მეტად მომზადებული გაემგზავრები „მის მსოფლიოზე“.
– მქონდა გადაღებები, ფოტოსესიები, რეკლამებშიც გადამიღეს; ასევე‚ თურქეთში ვიყავი ჩვენებაზე, ანუ, გარკვეული გამოცდილება მაქვს, მაგრამ‚ ეს იმდენად საპასუხისმგებლო კონკურსია, რომ არ არის ადვილი თავის დამკვიდრება, თუმცა მე ყველანირად ვეცდები ყველაფერში აქტიურად ვიყო ჩართული. კომუნიკაბელური რომც არ ვიყო, მაინც მომიწევს გახდომა, რადგან ეს აუცილებელია და, თან, სულ უნდა ვიღიმებოდე. „მის ტალანტზე“ მიმაქვს ცეკვა, ანუ, ლაზური უნდა ვიცეკვო, მონახაზიც გაკეთებული მაქვს და ფორმაც – შერჩეული. 12 წელი ვცეკვავდი და, შევეცდები‚ „ტალანტ-შოუზეც“ წარმოვაჩინო საკუთარი თავი, რადგან‚ იქ თუ გაიმარჯვებ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
– როგორ ემზადები კონკურსისთვის?
– ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, სულ მიწევს კაბებზე სიარული. „მარიონელა“ მიდგას მხარში – შემიკერეს ნაციონალური კაბა, ასევე‚ საღამოს კაბა; აგრეთვე, მატანენ კოქტეილის კაბებს. მათი მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას. პარალელურად‚ ვვარჯიშობ და ვცდილობ‚ ყველანაირად მომზადებული წავიდე.
– თუ შეგეცვალა ცხოვრების სტილი და რიტმი მას შემდეგ, რაც „პირველი ვიცე-მის-საქართველო“ გახდი?
– შემეცვალა, თუმცა‚ სულ ვცდილობ‚ ჩემთვის პრიორიტეტული მაინც სწავლა იყოს, სამოდელო კარიერა უფრო მეორე ადგილზეა. არ მინდა მხოლოდ მოდელობით შემოვიფარგლო, ამიტომ ერთმანეთს ვუთავსებ ამ ორ საქმეს. პიროვნულადაც გავიზარდე – უფრო თავდაჯერებული და ფრთხილი გავხდი, რაღაც საკითხები სულ სხვა კუთხით დავინახე, აზროვნებაც სხვანაირი გამიხდა, ცხოვრებაშიც უფრო აქტიურად ჩავერთე, უფრო მიზანდასახული და წინდახედული გავხდი. შრომისმოყვარე ადრეც ვიყავი და ახლაც ისევ ვარ, პასუხისმგებლობაც მომემატა. საკმაოდ სერიოზული, თავდაჭერილი ადამიანი ვარ და უფრო მშვიდ ცხოვრებას მივდევ მეგობრებისა და ახლობლები წრეში.
– ცოტა ხნის წინ „იმიჯ-ცენტრის“ გოგონები თურქეთში იყავით „ავთანდილის“ ჩვენებაზე და, როგორც გავიგე, ძალიან კარგი დრო გაგიტარებია.
– „ავთანდილის“ ჩვენებაზე ცხრა გოგონა ვიყავით „იმიჯ-ცენტრიდან“ ერთი კვირით. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედით. თავიდან დროში ცოტა შეზღუდულები ვიყავით – რეპეტიციები გქვონდა, რუჯის მიღებაც აგვიკრძალეს, რომ კანი არ დაგვეზიანებინა. სულ ყურადღების ცენტრში ვექცეოდით – მოდიოდნენ‚ კომპლიმენტებს გვეუბნებოდნენ, სასმელებს გვიგზავნიდნენ, გვეკითხებოდნენ – საიდან ხართო. რომ გაიგებდნენ‚ საქართველოდან ვიყავით, მერე სულ გიჟდებოდნენ – ქართველებს რომ ქალები ჰყავთ, ტყუილიაო. ჩვენებამ ძალიან კარგად ჩაიარა, ბევრი ხალხი დაესწრო, დადებითი მუხტი წამოვიდა მაყურებლისგან, „ავთერ ფართიც“ ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი იყო.
– რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, შენთან ურთიერთობაში ხომ არ გააქტიურდნენ და გათამამდნენ?
– არ ვაძლევ გათამამების საშუალებას. თაყვანისმცემლების რიცხვი‚ რა თქმა უნდა‚ გაიზარდა, გამოხატავენ კიდეც თავის გრძნობებს, მაგრამ, არც მცალია და არც ვარ მზად სერიოზული პირადი ურთიერთობისთვის. ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან თავდაჭერილი, თავმოყვარე ადამიანი ვარ. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, თუმცა, ამას ხელოვნურად კი არ ვაკეთებ, ასე გამომდის, შეიძლება, ზოგჯერ ზედმეტიც მომივიდეს, მაგრამ, არავის ვაძლევ უფლებას‚ თუ მე არ მინდა, ზედმეტად შემაწუხოს. არ შემიძლია‚ ვისაც მოვწონვარ‚ ყველას შევხვდე, გავიარო მასთან ერთად, საჩუქარი მივიღო, რადგან ასეთ შემთხვევაში‚ გამოდის‚ რომ იმედს ვაძლევ და ეს არ მინდა. თუ ვიქნები ადამიანის გვერდით, ის იქნება ერთი და დავარქმევ ჩემს შეყვარებულს. ვიღაცეებთან ფლირტაობა არც არასდროს მქონია და არც ვაპირებ – არასერიოზული ურთიერთობები არ მიყვარს.
– მაგრამ‚ ეს სერიოზული ურთიერთობა ხომ რაღაც საფუძველს უნდა ემყარებოდეს – უნდა შეხვდე ადამიანს, გაიცნო, დაელაპარაკო და ასე შემდეგ.
– კი, მაგრამ, ამ ეტაპზე ამის საშუალებას არავის ვაძლევ, არ ვფიქრობ ამაზე, თუმცა‚ ჩემი კრიტერიუმები მაქვს. ბიჭის სილამაზეზე ლაპარაკი ზედმეტია, მთავარია‚ იყოს მამაკაცური, ჭკვიანი, მიზანდასახული, წარმატებული თავის საქმეში, ერთგული, ყურადღებიანი, მისი მხრიდან ტყუილი ყველაზე მიუღებელი იქნება ჩემთვის. გარეგნობა და მატერიალური შესაძლებლობები არ არის მთავარი, ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანობა, როგორ მოგიდგება, როგორ იბრძოლებს შენთვის. ბიჭების უმეტესობა ისეთია, რომ დაინახავს გოგონას მხრიდან სიმპათიებს, მერე უნელდება ემოციები, არაფერს აღარ ცდილობს. ჩემი აზრით, როდესაც ბიჭი შენგან სიყვარულს იგრძნობს, უფრო მეტად უნდა იბრძოლოს, შენ გამო მთები უნდა გადადგას, კანიდან უნდა გამოძვრეს, რომ შენი გული დაიპყროს. მინიმუმ ორი წელი გჭირდება იმისთვის, რომ ადამიანი კარგად გაიცნო და სერიოზული ნაბიჯი გადადგა. მე მარტივად არ ვიღებ გადაწყვეტილებას, პირიქით‚ ბევრს ვფიქრობ, რადგან მინდა, რომ ჩემს არჩევანში მართალი ვიყო.
– თუმცა, შეცდომების დაშვებისგან არავინ არის დაზღვეული.
– ადამიანს ზოგჯერ რაღაცეები ეშლება, მაგრამ, იმ შეცდომებზე, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, ვსწავლობ, აღარ ვიმეორებ. ეს მიხარია და, მინდა‚ მომავალშიც ასე გაგრძელდეს. საკუთარ თავზე თუ არ გამოცდი, სხვის მაგალითზე ვერ მიხვდები. მე ჩემს თავზე გამომიცდია, მივმხვდარვარ‚ რა შეცდომა დამიშვია და, იმედია‚ დღეს აღარ გავიმეორებ.