მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-28(602)
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჩემ მიერ მოტაცებული „ცეერუელები“ ღვაწლმოსილ საბჭოთა მზვერავზე გაცვალეს, რომელიც ამერიკის ციხეში იხდიდა უვადო პატიმრობას. ხოლო, რაც შეეხება საიდუმლო საბუთებს, მათი მეშვეობით საბჭოთა დაზვერვამ მელისას პოლიტიკოსი ქმარი გადაიბირა და საბჭოეთზე ამუშავა. მელისას კი ჩემი შემცვლელი მიუჩინეს, რომ დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო ჩემი გაუჩინარების გამო, თან, ისიც გადაიბირეს და იყენებდნენ.
სხვათა შორის, „კაგებეს“ მრავალი ცნობილი პოლიტიკოსი ჰყავდა გადაბირებული, რომლებიც აგენტების სტატუსით მუშაობდნენ საბჭოთა კავშირზე. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირზე მუშაობდნენ და მათ მიჩენილი კურატორები აკეთებინებდნენ ასეთ რამეს – ძირითადად ცოლები და საყვარლები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელი აგენტურული ქსელი „ეფესბეს“ მფლობელობაში გადავიდა და ისინი უკვე რუსეთზე განაგრძობდნენ მუშაობას.
– იცით, რა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი ერთხელ შჩუკინს, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და მას სოჭში შევხვდი, – ამხელა უშიშროების სისტემა გვქონდა, ამხელა აგენტურული ქსელი გავაბით, რომელშიც ძალიან ბევრი ცნობილი და მსოფლიოში გავლენიანი ადამიანი მუშაობდა და ქვეყანა დაშლისგან მაინც ვერ ვიხსენით. განა ეს პარადოქსი არ არის?
– მთელი „პერესტროიკის“ განმავლობაში მივდიოდით ამ პარადოქსისკენ და ამას ვერანაირი აგენტურული ქსელი ვერ შეაჩერებდა. საჭირო იყო ერთი კაცის შეჩერება, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გავაკეთეთ და საშინელი შედეგი მივიღეთ. თუმცა, ჯერ სად ვართ. რაც უფრო მეტი დრო გაივლის, მით უფრო მეტად ვიგრძნობთ იმ გეოპოლიტიკური კატასტროფის შედეგებს, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა ჰქვია.
გენერალ შჩუკინის წინასწარმეტყველება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და „პერესტროიკის“ დამღუპველ შედეგებს ასმაგად ვიმკით. რატომ ადგილზე არ გავშეშდი, როდესაც გორბაჩოვზე მომზადებული თავდასხმის შემსრულებელ ქალს ვაკავებდი წითელი მოედნის მისადგომებთან! დარწმუნებული ვარ, „პერესტროიკის“ შემოქმედის ლიკვიდაცია საბჭოთა კავშირის დაშლას შეაჩერებდა და ათეულ მილიონობით ადამიანი გადაურჩებოდა უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას.
ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და ალექსანდროვის ბაღში რომ შევხვდით, მითხრა:
– ნახევარ მილიონ დოლარს იხდიან ამ სუბიექტის ლიკვიდაციაში, – რომანმა სურათი მაჩვენა, რომელზეც „პერესტროიკის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო გამოსახული.
– ეგ და კიდევ ძმანი მისნი, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყვნენ დასახოცები, რომ დედამიწაზე ასეთი დიდი საშინელება არ დატრიალებულიყო, – ვუთხარი „ძიას“.
– ესე იგი, ამ საქმეს გააკეთებ?
– უდიდესი სიამოვნებით.
– ასეც ვიცოდი. ახლა კი მომისმინე: თანხის ნახევარს დღესვე დაგისვამენ ანგარიშზე, მეორე ნახევარს კი – საქმის დასრულებისთანავე. ეს, რაც შეეხება ფინანსებს. მოსკოვში ხვალ საღამოს გადაფრინდები და ყველა საჭირო რეკვიზიტი და ინსტრუქცია იაროსლავლის რკინიგზის სადგურში, აი, ამ შემნახველი საკნის ამ ნომერ სათავსოში იქნება. ახლა კი წავედი, წარმატებას გისურვებ, – მითხრა რომანმა და, როგორც ყოველთვის, პირველი თვითონ დატოვა შეხვედრის ადგილი.
მართალია, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღარ ვიყავით, მაგრამ, მაშინ თბილისი-მოსკოვის ავიარეისები შეუზღუდავი იყო და რუსეთის დედაქალაქში დაუბრკოლებლად ჩავფრინდი. მართალია, კონსპირაციული ბინა შემკვეთმა დამახვედრა, მაგრამ, მე სხვა ბინით ვისარგებლე, თანაც, იაროსლავლის რკინიგზის სადგურზე საჭირო რეკვიზიტის ასაღებად ვიღაც რუსი გავუშვი, რომელსაც ასი დოლარი გადავუხადე, მე კი მას ფარულად ვუთვალთვალებდი. იმ კაცმა დაუბრკოლებლად გამოაღო შემნახველი საკნიდან რეკვიზიტით სავსე ჩანთა. როცა დავრწმუნდი, რომ მას არავინ უთვალთვალებდა და ყველაფერი სუფთად იყო, ჩანთა გამოვართვი და სხვა კონსპირაციულ ბინას მივაშურე.
ობიექტი, ეგრეთ წოდებულ, ბრეჟნევისეულ ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სხვა ყოფილი საბჭოთა ბობოლები ან მათი შთამომავლები ბინადრობდნენ. სახლის შესასვლელთან პატარა ჯიხური იდგა, რომელშიც მილიციელებიც მორიგეობდნენ და ყველა სტუმრის ვინაობას სპეციალურ ჟურნალში აღნიშნავდნენ. ამიტომ, იქ შეღწევის სხვა საშუალება უნდა მომეძებნა, რომ არ გავშიფრულიყავი და ობიექტთან მოხვედრის ალტერნატიული ვარიანტის ძებნას შევუდექი. ობიექტი მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. მისი ახლობლები იმ მომენტში სხვაგან იმყოფებოდნენ. მას მხოლოდ ერთი ადამიანი ემსახურებოდა, რომელსაც საკუთარი გასაღები ჰქონდა, დილით 6 საათზე მოდიოდა და ღამის 11 საათზე მიდიოდა. ყველაფერი რომ ავწონ-დავწონე, გადავწყვიტე, ბინაში სახურავიდან ტროსის საშუალებით ჩამეღწია. სახურავზე კი სხვა სახლის სახურავიდან უნდა მოვხვედრილიყავი ასევე ტროსის მეშვეობით, რომელსაც სპეციალური თოფით გავტყორცნიდი. დათქმულ დროს „ბრეჟნევის სახლის“ სახურავზე ვიდექი. ღამის თორმეტი საათი იყო. ტროსის საშუალებით მეოთხე სართულზე ჩავცოცდი, ფანჯარა ამოვჭერი და ბინაში მალულად შევედი. ობიექტს არ ეძინა, ის თავის კაბინეტში იჯდა და წერდა. მე რომ დამინახა, შეცბა და საწერი მაგიდის უჯრისკენ წაიღო ხელი, მაგრამ მე პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– ხელი, თორემ, გესვრი!
– რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მესვრი თუ რამდენიმე წუთში? – მომიგო ობიექტმა და ხელი აღარ გაუნძრევია, – აქ ვინ გამოგგზავნა?
– არ ვიცი, – გულწრფელად ვუთხარი ობიექტს.
– ესე იგი, დაგიქირავეს. ასეც ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემი ჯერიც დადგებოდა.
– ოდესმე ყოველთვის დგება ვიღაცის ჯერი. თუ სურვილი გაქვს, ილოცე, რამდენიმე წუთს გაცლი.
– მლოცველს ვგავარ? ვისთვის ვილოცო, ან ვის რა უნდა ვთხოვო?
– შენი სულისთვის და ღმერთს სთხოვე, რომ ცოდვები მოგიტევოს. ცოდვა კი შენ და შენს მოძმეებს იმდენი გაქვთ, რომ თქვენს ჯიშსა და ჯილაგს ათასი წელი არ ეყოფა მათ მოსანანიებლად.
– რა ღმერთი, რომელი სული, რის ცოდვები? უბრალოდ, თავიდან მიშორებენ, სულ ესაა. ეშინიათ, რომ ენას კბილს ვერ დავაჭერ და „პერესტროიკის“ შესახებ სრულ სიმართლეს ვიტყვი.
– რა სიმართლეს?
– იმას, რომ ეს ყველაფერი „ჩაწყობილი“ საქმე იყო და რომ საბჭოთა კავშირის დანგრევაში რამდენიმე ადამიანმა ძალიან დიდი ფული აიღო, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს და ამხელა ქვეყანა დაშალეს.
– რა იცი, რომ ასე იყო?
ობიექტს ჩემს სიტყვებზე ჩაეცინა და მითხრა:
– შენ, ალბათ, კარგად ვერ მცნობ, თორემ, ასეთ კითხვას არ დამისვამდი. აბა, ვინ, თუ არა მე, იცის, რა მოხდა სინამდვილეში? მეც ხომ მათი გუნდის წევრი ვიყავი და, რასაც არ მეუბნებოდნენ, თვითონ ვხვდებოდი. თუმცა, თითქმის არ არსებობს საიდუმლო, რომელიც ადრე თუ გვიან არ გამჟღავნდება.
ობიექტის სიტყვებმა ისე დამაინტერესა, რომ მისი მოკვლა შევაჩერე და ვუთხარი:
– ამას იმიტომ ხომ არ მეუბნები, რომ ყურადღება გამიფანტო და სროლა დამასწრო?
– არა, სიმართლეს გეუბნებით.
– მაშინ, ბოლომდე თქვით.
– ამის ცოდნა ძალიან საშიშია და, თუ გაიგეს, რომ თქვენც იცით, თქვენზეც ინადირებენ. თანაც, არა მარტო თქვენზე, არამედ, თქვენი ოჯახის წევრებზე. ასე რომ, თქვენი საქმე გააკეთეთ და ისევე უხმაუროდ წადით, როგორც მოხვედით. მე ჩემი დრო მოვჭამე და სიკვდილის არ მეშინია.
– გინდათ, ცოცხალი დაგტოვოთ? – მოულოდნელად ვუთხარი ობიექტს, რომელსაც მწარედ ჩაეცინა და მითხრა:
– რა აზრი აქვს? სხვას მომიგზავნიან და მაინც მომკლავენ. „დამეტკილი“ ვარ, ჩემო კარგო, და სიკვდილი არ ამცდება. ასე რომ, მესროლეთ!
– სროლას ყოველთვის მოვასწრებ. ორი სიტყვით, მინიშნებით მაინც მითხარით.
– ძალიან ცნობისმოყვარე ყოფილხართ.
– მითხარით, თორემ ჯერ თქვენ მოგკლავთ საშინელი წამებით, შემდეგ კი არც თქვენ შთამომავლებს დავინდობ! – ვუთხარი ობიექტს. თუმცა, ის მხოლოდ შევაშინე, რადგან, არც მის წამებას ვაპირებდი და, მით უმეტეს, არც მისი შთამომავლების.
– შემპირდით, რომ არსად იტყვით, თორემ ჩემი ოჯახის წევრებზე იყრიან ჯავრს და ყველას დამიხოცავენ, – მითხრა ობიექტმა.
– გპირდებით.
ობიექტმა გამჭოლი მზერა მესროლა და მითხრა:
– ეს მოხდა ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას. „პერესტროიკა“ ახალი დაწყებული იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე დიდი ვიზიტით ვიმყოფებოდით. დიდებული დახვედრა მოგვიწყვეს, ყველგან პატივისცემით და დიდი ინტერესით გვხვდებოდნენ. ვიზიტის მესამე დღეს რეიგანი და გორბაჩოვი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. პროტოკოლის მიხედვით, პირისპირ საუბარი მხოლოდ ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო, ისინი კი ორსაათ-ნახევრის შემდეგ გამოვიდნენ ოვალური კაბინეტიდან და მხიარული რეიგანის ფონზე გორბაჩოვი ნამეტანი სერიოზული და დარდიანი მეჩვენა. ჩვენს რეზიდენციაში მალევე დავბრუნდით. არც გორბაჩოვს არაფერი უთქვამს და, აბა, რამის კითხვას ვინ გაბედავდა? მოსკოვში რომ დავბრუნდით, გორბაჩოვის მოქმედებები და ეგრეთ წოდებული რეფორმები შეუსაბამო და არაადეკვატური მეჩვენა იმ თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რომლითაც „პერესტროიკა“ დავიწყეთ. მასში აშკარად რაღაც პროამერიკული გაჩნდა, რომელსაც მხოლოდ ჩვენ, მისი უახლოესი გარემოცვის წევრები ვამჩნევდით. მან ნელ-ნელა მოიპოვა დიდი ძალაუფლება და სამხედრო პოსტებიდან უპირველესად ყველა ის მაღალჩინოსანი მოხსნა, ვისაც ბირთვული იარაღი ებარა და სარაკეტო და სწრაფი რეაგირების ძალებს განაგებდა. სხვათა შორის, გორბაჩოვს „კაგებესთვის“ თითქმის არ უხლია ხელი და სამხედროების წმენდაში ამ ორი უწყების ტრადიციული დაპირისპირება გამოიყენა. პოლიტბიუროს ერთ-ერთ გაფართოებულ სხდომაზე გორბაჩოვს სამხედროები დაუპირისპირდნენ და „გრუს“ ხელმძღვანელმა გენერალურ მდივანს უთხრა:
– თქვენი ქმედებები ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, საბჭოთა კავშირს არღვევს და ამერიკის წისქვილზე ასხამს წყალს! იცოდეთ, რომ ამის უფლებას თქვენ არავინ მოგცემთ და მოვითხოვთ, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიღწეული კომერციული გარიგება გააუქმოთ!
გორბაჩოვმა „გრუს“ ხელმძღვანელი, ჭაღარათმიანი, მაგრამ, ახალგაზრდა გენერალი პოლიტბიუროს სხდომიდან დაითხოვა. ერთი კვირის მერე კი, ის მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და დაიღუპა. იმავე პოლიტბიუროს სხდომაზე გორბაჩოვმა მე და კიდევ ორი უახლოესი თანამებრძოლი დაგვტოვა და გვიმტკიცებდა, რომ რეიგანის კაბინეტში მას ამერიკის პრეზიდენტთან არანაირი კომერციული გარიგება არ დაუდევს. უკვე პოსტრეიგანულ პერიოდში, როდესაც „პერესტროიკა“ შეუქცევადი იყო, საბჭოეთი ძალიან დასუსტდა, ამერიკა კი ძალიან გაძლიერდა, ჩვენ მორიგი ვიზიტით ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახალმა პრეზიდენტმაც ისეთივე დიდი პატივით მიგვიღო, როგორც რეიგანმა. ერთ დღეს, მე და ჩემი კოლეგა, პოლიტბიუროს წევრი, უოლტ-სთრითზე მიგვიწვიეს მსხვილმა მაგნატებმა. წინამძღოლმა მე და ჩემს კოლეგას ორი ცალი ოქროს საკრედიტო ბარათი გვიჩვენა, რომლებზეც ჩვენი სახელები იყო ამოტვიფრული და გვითხრა:
– ეს, ბატონებო, ოქროს ანაბრებია, რომლებზეც რამდენიმე მილიარდი დოლარია დარიცხული და თქვენ გეკუთვნით, ოღონდ, ერთი პირობით: მისტერ გორბაჩოვს უნდა გაჰყვეთ ბოლომდე და „პერესტროიკა“ დაასრულებინოთ. სხვათა შორის, ასეთივე, ოღონდ პლატინის ბარათია გორბაჩოვის სახელზე დამზადებული და მასზე რამდენიმე ათეული მილიარდი ირიცხება.
უოლტ-სთრითის მმართველის სიტყვები ძალიან შთამბეჭდავი იყო და ისე დაგვაფიქრა, რომ პასუხი არ გაგვიცია. მან კი ზრდილობიანად გამოგვიყვანა თავისი კაბინეტიდან. ჩვენ ალა-ფურშეტის მონაწილეებს შევუერთდით და ამ თემაზე ლაპარაკი აღარ გაგრძელებულა. მოსკოვში რომ დავბრუნდით, რამდენიმე დღეში გორბაჩოვმა თავის კაბინეტში დაგვიბარა, ყოფით თემებზე გვესაუბრა, ბოლოს, უოლტსთრითელი მმართველიც ახსენა და, ვითომ სხვათა შორის, გვითხრა, რომ კაპიტალისტურ წყობაში, რომელშიც ჩვენ „პერესტროიკა“ გადაგვიყვანს, რამდენიმე მილიარდი კაპიტალი ყველას გამოგვადგებოდა... ამით მიხეილ სერგეევიჩმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის ამერიკელებს მიეყიდა და რომ ჩვენც მასთან ერთად გვქონდა გაყოფილი თავი მარყუჟში. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში, პირადად გორბაჩოვმა მიმავლინა ამერიკაში, ვითომდა ეკონომიკურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. სინამდვილეში კი იქ მე დამიკონკრეტეს, რომ ჩემს საბანკო ანგარიშზე ათი მილიარდი დოლარი დევს. სამაგიეროდ, ხელი უნდა მომეწერა ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ვალდებულებაზე. მე ამ ვალდებულების ტექსტს გავეცანი, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა და მავალდებულებდა, რომ, პირველ ყოვლისა, ამ ხელშეკრულების ტექსტი არ გამეთქვა, საჯაროდ არ დავპირისპირებოდი გორბაჩოვს და „პერესტროიკის“ მსვლელობისთვის ხელი არ შემეშალა; აგრეთვე, დამედასტურებინა, რომ მსოფლიოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის ხელშეწყობაში ამერიკის დემოკრატიული საბჭოსგან მივიღე ათი მილიარდი დოლარი. ეს ფარული დოკუმენტი, ფაქტობრივად, ეშმაკთან ხელშეკრულებას ნიშნავდა და მე მასზე კატეგორიული უარი ვთქვი.
– კეთილი, – გამიღიმა უოლტსთრითელმა მმართველმა, რომლის კაბინეტშიც შედგა ჩვენი ეს საუბარი, – ჩვენ დემოკრატები ვართ, არავის არაფერს ვაძალებთ და, სრული უფლება გაქვთ, უარი თქვათ. თუმცა, ვალდებული ვარ, გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენი საუბრის შესახებ არავისთან არასდროს სიტყვაც არ უნდა დაგცდეთ.
მოსკოვში რომ დავბრუნდი და გორბაჩოვს ვეახლე, შევამჩნიე, რომ მან უკვე ყველაფერი იცოდა, თუმცა, ამის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს და რამდენიმეწუთიანი უმნიშვნელო საუბრის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ უოლტსთრითელ მმართველთან კიდევ სამ საბჭოთა ლიდერს ჰქონდა საუბარი და, სავარაუდოდ, სამივემ მოაწერა ხელი ამ ეგრეთ წოდებულ „დემოკრატიულ ვალდებულებას“. სულ მალე კი, ქვეყანა დაიშალა და გორბაჩოვის აღშფოთება ამ ფაქტის გამო რაც მან ტელევიზიით გამოხატა, აშკარა ფარსი იყო – ყველაფერი ეს ამერიკასთან შეთანხმებით მოხდა. „პუტჩი“ გაათამაშეს და გორბაჩოვმა ხელისუფლება ბორის ელცინს გადააბარა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ეს არ იცოდა და ეგონა, რომ გორბაჩოვს ჭკუით აჯობა...
მე კრინტი არავისთან დამიძრავს და თქვენ ხართ პირველი და უკანასკნელი, ვისაც ეს საიდუმლო გავუმხილე, თუმცა, მაინც „დამამეტკეს“ და თავიდან მომიშორებენ.
ობიექტის მონათხრობი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ვუთხარი:
– მე კი ვფიქრობდი, რომ თქვენ საბჭოთა კავშირის დაშლა გინდოდათ. იცით, რა? მე თქვენ არ მოგკლავთ და მოგცემთ შანსს, რომ, ან გაუჩინარდეთ, ან, სულაც, საჯარო განცხადება გააკეთოთ იმის შესახებ, რაც ახლა მომიყევით.
– აზრი არ აქვს. შეასრულეთ შეკვეთა, მე მზად ვარ სიკვდილისთვის, – მომიგო ობიექტმა. მე კი პისტოლეტი შევინახე და ვუთხარი:
– მე არ მაქვს მორალური უფლება, რომ მოგკლათ. მშვიდობით.
ობიექტმა მაგიდის უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო, გადატენა, შუბლზე მიიდო და, სანამ სასხლეტს გამოჰკრავდა, მითხრა:
– ამით მე ჩემს ოჯახს ვუშველი, თქვენ კი პირობა არ დაარღვიოთ და კრინტი არსად დაძრათ.
– მოითმინეთ, არ ისროლოთ! – მივაძახე ობიექტს, მაგრამ, მან სასხლეტს თითი გამოჰკრა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მე ძალიან გულდამძიმებული წამოვედი ობიექტის სახლიდან და მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავატარე, თუ რა გლობალურ თაღლითობასა და დანაშაულში ჰქონდათ ხელი გარეული ეგრეთ წოდებული „პერესტროიკის“ მამებს, რის შედეგადაც მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა, ერთპოლუსიანი გახდა და ამერიკამ უამრავი სისხლი დაღვარა დედამიწაზე. იმ თვითმკვლელობიდან თითქმის ოცი წელი გავიდა და ობიექტისთვის მიცემულ პირობას მტკიცედ ვიცავდი. მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინ გავუმხილე ეს ამბავი შჩუკინს, რომელსაც მოსკოვში შევხვდი და, სწორედ ამ შეხვედრიდან ერთი თვის მერე დამიბარა მან და საიდუმლო კავშირში გაწევრიანება შემომთავაზა, რომლის პასუხის ვადაც ძალიან მალე იწურება. მაშინ კი, როდესაც შჩუკინმა ჩემი მონათხრობი მოისმინა, მითხრა:
– „გრუს“ გენერლის ვითომდა თვითმკვლელობა ჩვენს კისერზეა. უფრო სწორად კი, ეს შეკვეთა ეგრეთ წოდებულმა სპეცგანყოფილებამ შეასრულა, რომელიც პირადად გორბაჩოვის ინიციატივით იყო შექმნილი და მასვე ემორჩილებოდა. ოპერაცია ზესაიდუმლო იყო, თუმცა, ინფორმაციამ მაინც მოაღწია ჩვენამდე. ის გენერალი მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადმოაგდეს და თქვეს, თავი მოიკლაო. არადა, უწყებრივი დაპირისპირების მიუხედავად, ვადასტურებ, რომ პატიოსანი, პატრიოტი და მაღალი დონის პროფესიონალი იყო – „გრუ“ მის ხელში გაათმაგებული ძალით ამუშავდა. უდავოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში შემდგარი საიდუმლო საუბრის ზუსტი შინაარსი იცოდა და იმიტომაც უთხრა გორბაჩოვს, კომერციული შეთანხმება გააუქმეთო. ეს მისი აშკარა შეცდომა იყო. ხომ გახსოვს, რა კალეიდოსკოპური სისწრაფით გამოცვალა მაშინ გორბაჩოვმა საბჭოთა სამხედრო მმართველობა? „გრუს“ მაშინდელ შეფს ემოციებმა სძლია და თავი ვერ შეიკავა. მას კი კრინტი არ უნდა დაეძრა და გორბაჩოვზე თავდასხმა უნდა მოემზადებინა. მისი ლიკვიდაცია მაშინ ბევრად იოლი იყო და არც იმხელა რეზონანსს გამოიწვევდა. სამაგიეროდ, ამერიკელებიც „მოჯდებოდნენ“ და აღარ შეეცდებოდნენ საბჭოთა ლიდერების გადაბირებას. ახლა კი ინიციატივა ხელიდანაა წასული, ამერიკა ბოგინობს და მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია, თუმცა – აუცილებელი.
– და, ვინ იზამს ამას, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– გამოჩნდება ძალები. ბუნების კანონია, ჩემო კოკი, რომ ძალას ყოველთვის ძალა უპირისპირდება და ამ კანონს ვერავინ შეცვლის.
– ამერიკის საპირწონე მხოლოდ რუსეთი იყო და დღევანდელ რუსეთს კი, ამის ძალა არ შესწევს.
– ჯერჯერობით არ შესწევს... ან, ჩანს, რომ არ შესწევს. თუმცა, მერწმუნე, დიდხანს არ გაგრძელდება ასე.
– რისი იმედი გაქვთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– ისტორიული ლოგიკის. არ შეიძლება, რომ დედამიწა დიდი ხნის განმავლობაში ერთპოლუსიანი იყოს – ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება. ხოლო, თუ იქნება, მაშინ, დავიღუპებით. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ კაცობრიობა კიდევ ძალიან დიდხანს იარსებებს.
– ბოდიში, მაგრამ, ვერ დამარწმუნეთ, ამხანაგო გენერალო, – ვუთხარი შჩუკინს, – ოდესღაც ყველაფერს აქვს დასასრული და, მათ შორის, ალბათ, ისტორიულ ლოგიკასაც. მე მხოლოდ იმაში გეთანხმებით, რომ ერთპოლუსიანი, ანუ ამერიკანიზებული მსოფლიო აუცილებლად განადგურდება, მაგრამ, ვერ დაგეთანხმებით, რომ ამერიკანიზაციის პროცესს ვინმე გააჩერებს. ნამდვილად არ ჩანს ეს ძალა და, სამწუხაროდ, რუსეთი დღესდღეობით ძალიან სუსტია. დარწმუნებული ვარ, რომ მას სტალინიც კი ვერ ამოქაჩავდა, რადგან ამის გაკეთების საშუალებას არავინ მისცემდა.
– ეს ყველაფერი, ჩემო კოკი, ერთი შეხედვითაა ასე და, მერწმუნე, რომ ცდები. შენ ნათელი გონება და დიდი გამოცდილება გაქვს, მაგრამ, მაინც ცდები, – მითხრა შჩუკინმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა: – მოდი, ეს თემა სხვა დროისთვის გადავდოთ და იმაზე ვილაპარაკოთ, თუ რისთვის ჩამოგიყვანე აქ.
– კარგი, ვიქტორ იაკოვლევიჩ, გადავდოთ. გისმენთ, ბრძანეთ, რა გნებავთ, – ვუთხარი შჩუკინს და სმენად ვიქეცი. მან კი პაუზა გააკეთა და მითხრა:
– რიოში ხომ ხარ ნამყოფი?
– დიახ, სამჯერ.
– მეოთხედ გამგზავრების სურვილი არ გაქვს?
– თუ საჭიროა, გავემგზავრები. რა ხდება?
– ეს არც დავალებაა და არც შეკვეთა. საკმაოდ სახიფათოა ეს საქმე და, თუკი მის გაკეთებას დათანხმდები, ეს იქნება შენი ჩემდამი პირადი სამსახური.
– მზად ვარ, პირადი სამსახური გაგიწიოთ. ბრძანეთ, რა უნდა გავაკეთო.
– ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ერთ-ერთი სამხრეთამერიკელი დიქტატორი ქვეყნიდან გარბოდა და თან ნაძარცვი ქონება მიჰქონდა, რომლის ძირითად ნაწილსაც ოქროს ზოდები შეადგენდა. ის კაცი ჩვენი აგენტი იყო და ყოველმხრივ ვეხმარებოდით. თუმცა, მას სამხედრო გადატრიალება მაინც მოუწყვეს. წესით, ეს არ უნდა მომხდარიყო. თანაც, თუ გაქცევა და ქონების გატანა იყო, მას ის საბჭოეთში უნდა გაეტანა და, ბუნებრივია, მოსკოვში უნდა გამოქცეულიყო. ჩვენ კი შევიტყვეთ, რომ დამხობილი დიქტატორი პანამაში აპირებდა თავის შეფარებას. პანამა მაშინ ამერიკის სატელიტი იყო და ვაშინგტონის სანქციის გარეშე იქ ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. ამიტომ, გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დამხობილი მმართველი ამერიკასთან იყო შეკრული: დამხობა გაითამაშა და ხელისუფლება ვაშინგტონის ხელდასხმულს გადაულოცა. ასეთ რამეს კი, აბა, ვინ აპატიებდა და, როდესაც ჩვენი ვარაუდი დადასტურდა, მაშინ მისი მოტაცების ან ლიკვიდაციის ბრძანება მივიღეთ. ჩვენმა ოპერატიულმა სპეცრაზმმა იმ კაცის მოხელთება ვერ მოახერხა, რადგან ის უკვე ჰაერში იყო და პანამაში მიფრინავდა. ამიტომ, მისი ჩამოგდება გადავწყვიტეთ და ერთ-ერთმა ჩვენმა მზვერავმა სპორტული თვითმფრინავით „ტარანი“ გაუკეთა მის თვითმფრინავს, რომელიც რიოს სიახლოვეს, ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. ჩვენ ძალების სწრაფი მობილიზება მოვახდინეთ, თვითმფრინავს ცხელ კვალზე ჩავყევით და აღმოვაჩინეთ, რომ მასში დიქტატორი არ იჯდა. სამაგიეროდ, იქ იყო ის აურაცხელი ქონება, რომელიც მას თან მიჰქონდა. ჩვენი ოპერატიული რაზმის წევრებმა იმ ქონების სრულად გამოზიდვა მოახერხეს და რიოს ერთ-ერთ სასაფლაოზე დაფლეს, რომ შემდეგ საბჭოთა კავშირში ჩამოეტანათ. თუმცა, მეორე დღეს მათ ამერიკელებთან მოუხდათ შეტაკება, ყველანი დაიღუპნენ და განძის ადგილსამყოფელი უცნობი დარჩა. სულ მალე ის დამხობილი დიქტატორი პანამის დედაქალაქ პანამაში ჩვენმა აგენტებმა მოკლეს, მაგრამ, განძი დავკარგეთ და, მრავალწლიანი ძებნის მიუხედავად, მისი პოვნა ვერ მოხერხდა. ამ ერთი თვის წინ კი დაშიფრული წერილი მივიღე. ამ შიფრს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ვიყენებდით და ერთ-ერთი იმ ჩვენი აგენტის მიერ იყო შედგენილი, რომელიც იმ ოპერაციაში მონაწილეობდა და დაღუპული გვეგონა. სინამდვილეში კი ის მძიმედ ყოფილა დაჭრილი, მაგრამ გადარჩენილა და ბრაზილიაში დარჩენილა იმ იმედით, რომ განძს ამოთხრიდა და ისარგებლებდა. თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა, რადგან მძიმედ იყო ავად. ამიტომ, სიკვდილის წინ დაშიფრული წერილი გამომიგზავნა, რომელშიც განძის ადგილსამყოფელია მითითებული. სწორედ იმ განძის ჩამოტანა მინდა გთხოვო და, თუკი თანახმა ხარ, მაშინ ერთად შევიმუშავოთ დეტალები.
– პირველ ყოვლისა, განძის მოცულობა უნდა ვიცოდეთ.
– ხუთასი ცალი ორკილოგრამიანი ზოდი და ერთი საშუალო ზომის სეიფი, რომელიც ძვირფასი ქვებითაა სავსე. სეიფი დიდ ადგილს არ დაიკავებს. აი, ერთი ტონა ოქროს დამალვა კი არც ისე იოლი საქმეა. პრინციპში, დამალვით დავმალავ, მაგრამ, ასე შორიდან მისი ჩამოტანაა საკმაოდ რთული. ღმერთმა არ ქნას და, ვინმე რომ კუდზე დაგვასხდეს ან რომელიმე საბაჟომ რამე იეჭვოს, მთელი ოპერაცია ჩაგვეშლება.
– ჰოდა, რომ არ ჩაგვეშალოს, შენ სწორედ ამიტომ გთხოვ დახმარებას, – მითხრა შჩუკინმა და მკითხა, – რატომ არ მეკითხები, რა ბედი ეწევა იმ განძს მოსკოვში ჩამოტანის შემდეგ?
– ამას, თუ საჭირო იქნება, თქვენ თვითონ მეტყვით.
– რა თქმა უნდა, გეტყვი. რადგან ეს განძი საბჭოეთის კუთვნილებაა, საბჭოთა კავშირი კი აღარ არსებობს, ის სპეციალურ სამლავში დაბინავდება, სადაც ანალოგიური რაღაცეებია განთავსებული და მაშინ მოხდება მისი ლეგალიზება, როდესაც ან ძველი ქვეყანა აღდგება, ან რამე სერიოზული გარდატეხა მოხდება ქვეყანაში. რუსეთის დღევანდელი მმართველობა კი მას ვერ მიიღებს.
– ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ საბჭოთა კავშირი აღდგება?
– ხომ შევთანხმდით, რომ ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. მოდი, სხვა დროს იყოს, კარგი?
– კარგი, – ვუთხარი შჩუკინს და დავამატე – რიოში ვინმე კარლო დე სოუზას ვიცნობ. ის ძალიან მოხერხებული კონტრაბანდისტია და არაერთი მსხვილი ნარკოტრაფიკი განუხორციელებია ევროპაში. კარლოს ჩემი ვალი აქვს და, არ მგონია, უარი მითხრას.
– თანხა მართებს?
– უფრო მეტი – მე მას სიცოცხლე შევუნარჩუნე. ერთი შეკვეთა მქონდა და რომ შევასრულე, კარლო შემთხვევით გახდა ამის თვითმხილველი და არ მოვკალი.
– კი მაგრამ, როგორ გაუშვი?
– ჩვილი ეკავა ხელში და ამიტომ დავინდე. მან მაშინ მითხრა, რომ ჩემი ვალი ჰქონდა და, თუკი მისი დახმარება დამჭირდებოდა, ნებისმიერ საქმეში დამეხმარებოდა. ამიტომ, მე მას მაშინდელი პარიკითა და მაკიაჟით გამოვეცხადები და პირობას შევახსენებ.
– უარი რომ თქვას ან მოგატყუოს?
– არა მგონია, თუმცა, მე ის მიზანში მეყოლება ამოღებული და, თუ მოტყუებას შეეცდება, მოვკლავ.
– სარისკოა, მაგრამ, სხვა გზა არ გვაქვს. მიდი, იმოქმედე!
კარლო დე სოუზას ათი წლის წინანდელი გარეგნობით დავადექი თავზე. ის ათიოდე წლის ბიჭთან ერთად იდგა ნავსაყუდელთან და იახტაზე უნდა ასულიყო, როდესაც მას მხარზე დავადე ხელი და ვუთხარი:
– გამარჯობა, სენიორ კარლო.
დე სოუზა შემოტრიალდა, მაშინვე მიცნო და მომიგო:
– გაგიმარჯოს, სენიორ!
– მიცანი?
დე სოუზამ ბიჭს უთხრა, რომ იახტაზე ასულიყო. ბავშვმა მამის ბრძანება რომ შეასრულა, მითხრა:
– ეს ედუარდია, ის ჩვილი, ვისი წყალობითაც მე დღეს ცოცხალი ვარ. ის ჩემი ერთადერთი ვაჟია. სამწუხაროდ, თქვენი სახელი არ ვიცი.
– ხოზე, – ვუთხარი კარლოს.
– გიცანით, სენიორ ხოზე, ჩემს პატივისცემას გიდასტურებთ და გიმეორებთ, რაც ათი წლის წინ ვთქვი – ნებისმიერ საქმეში გაგიმართავთ ხელს.
– ჰოდა, ძალიან კარგი. შეგიძლია, რომ ერთი პატარა კონტეინერი ტვირთი აქედან მოსკოვში ჩაიტანო?
– შემიძლია. მაგრამ, მე უნდა ვიცოდე მისი შემადგენლობა და მოცულობა.
– ამის გარეშე არ შეგიძლია?
– შემიძლია, თუმცა, ჯობია, ვიცოდე.
– გეტყვი, მაგრამ, ეს სახიფათო ცოდნაა, ისევე, როგორც ამ ტვირთის გატაცების მცდელობა ან მსგავსი რამ.
– სენიორ ხოზე, ბავშვობიდან ამ სახიფათო საქმეს მივდევ და ჯერ ჩემ მიმართ პრეტენზია არავის ჰქონია. თუ არ გნებავთ, ნუ გამიმხელთ ტვირთის შემადგენლობას. მაგრამ, თუ მეცოდინება, რა მიმაქვს, მაშინ შესაბამისი მარშრუტის არჩევა უფრო გამიადვილდება.
– ხუთასი ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდი და ერთი პატარა სეიფი ძვირფასი თვლებით.
კარლო დე სოუზას წარბიც არ შეეხარა სახეზე, მხოლოდ პაუზა გააკეთა და მითხრა:
– წონა და მოცულობა დიდი არაა, მაგრამ, ძალიან ძვირფასი ტვირთია და განსაკუთრებული მარშრუტი უნდა შევარჩიო, რომ ყოველგვარი შემთხვევითობა გამოვრიცხო. ოქრო და ძვირფასეულობა არაერთხელ გადამიტანია, თუმცა, ასე ბევრი და ასე შორ მანძილზე – არა. მართალია, მოსკოვში ორჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ორჯერვე თითო ტონა ჰეროინი ჩავიტანე და, თანაც, მხოლოდ ევროპიდან... – დე სოუზა ჩაფიქრდა და დაამატა, – ძალიან გეჩქარებათ?
– ძალიან არა, მაგრამ, სასურველია, რომ ტვირთი მალე მოხვდეს დანიშნულების ადგილზე.
– ორი კვირის შემდეგ რომ დავიძრათ, გაწყობთ?
მე ორი თვის მერეც მაწყობდა და უფრო გვიანაც, მთავარი იყო უსაფრთხოება, მაგრამ, პაუზა გავაკეთე და კარლოს ვუთხარი:
– ორი კვირა მაწყობს.
– კარგი. მაშინ, ასე ვქნათ: მე ხვალვე გავემგზავრები კოლუმბიაში და ჩემს პარტნიორებს დავაჩქარებ. ზუსტად ორი კვირის შემდეგ კი ჩვენი წყალქვეშა ნავი ნაცრისფერ კუნძულთან ამოყვინთავს და თქვენი ტვირთიანად ევროპისკენ წაგიყვანთ.
– რა წყალქვეშა ნავი, წესიერად ამიხსენი, რა ხდება.
დე სოუზას გაეცინა და მითხრა:
– ამ ექვსი თვის წინ ერთი რუსი ადმირალისგან ძველი საბჭოთა წყალქვეშა ნავი შევიძინეთ ათ მილიონ დოლარად. უფრო სწორად, ის ჩემმა კოლუმბიელმა პარტნიორებმა შეიძინეს, მე კი ამ გარიგებას ვშუამდგომლობდი. სწორედ ამ ტრანსპორტით ვეზიდებოდით კოლუმბიიდან ნარკოტიკებს. ერთი რეისი უკვე წარმატებით შევასრულეთ, მეორე რეისი ორი კვირის მერე გვაქვს – ევროპაში ორმოცდაათი ტონა კოკაინი უნდა ჩავიტანოთ და თქვენს ტვირთსაც ამ გზით წავიღებთ – უსაფრთხოა და ეფექტური.
გაგრძელება შემდეგ ნომერში