მგლები 5
(უკანასკნელი ქურდი)
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-28(602)
შავი „მერსედესი” თითქმის უხმაუროდ, მძიმე ტაატით მოახლოვდა და მის გვერდით შედგა. მანქანაში მუქი ფერის ლაბადებში გამოწყობილი, ორმოციოდე წლის ორი მამაკაცი იჯდა. ნიკოლაიმ ისინი სახლიდან გამოსვლისთანავე შენიშნა. მოეჩვენა, რომ მამაკაცები მას უთვალთვალებდნენ, რადგან, სადარბაზოდან გამოსვლისას ერთ-ერთმა მგზავრმა მძღოლს მასზე მიანიშნა. ამის შემჩნევისას ნიკოლაიმ ინსტინქტურად მოსინჯა უბეში პისტოლეტი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა იქვე მდგარი თავისი მანქანისკენ. „მერსედესი” მაშინვე ადგილიდან დაიძრა და უკან მიჰყვა. ნიკოლაი მაშინვე შებრუნდა, პისტოლეტზე დამცველი გახსნა და დაჟინებული მზერით ჩააშტერდა მძღოლს. დაუპატიჟებელი სტუმრების საქციელი უცნაურად ეჩვენებოდა, მაგრამ ინსტინქტურად გრძნობდა, რომ მათ ავი განზრახვა არ ამოძრავებდათ. ამასობაში „მერსედესის” მინა დაეშვა და მძღოლმა მშვიდად თქვა:
– ნუ ღელავთ, ნიკოლაი პეტროვიჩ. ჩვენ ბორის მიხაილოვიჩის თანამშრომლები ვართ.
– მალიშევის?! – გაოცებით ჰკითხა ნიკოლაიმ.
– დიახ, – დაუდასტურა მძღოლმა.
– რისთვის გამოგგზავნათ ბორისმა?
– მასთან უნდა მიგიყვანოთ.
– რაო?! – ბრაზით წამოისროლა ნიკოლაიმ, – ჩემთან შეხვედრა თუ უნდა, თავად შემითანხმდეს!
პასუხად მამაკაცმა მობილური ტელეფონი ამოიღო, თითების სწრაფი მოძრაობით აკრიფა ნომერი და მას გაუწოდა. ორიოდ ზუმერის შემდეგ, ყურმილიდან მალიშევის ხმა გაისმა:
– გამარჯობა, ნიკოლაი. გადმოგცეს ჩემი დანაბარები?
– რას ნიშნავს ყოველივე ეს?! – უკმაყოფილო ტონით თქვა ნიკოლაიმ.
– იმას, რომ სასწრაფოდ უნდა შემხვდე! – მბრძანებლურად უპასუხა მალიშევმა.
– ამისთვის არსებობს ტელეფონი. შეგეძლო, დაგერეკა და წინასწარ შეგეთანხმებინა შეხვედრა.
– ამჯერად ყველა ფორმალობის გვერდზე გადადება მოგიწევს!
– რამე ხომ არ გეშლება, ბორის?! დაგავიწყდა, ვის ელაპარაკები?! შენი კანტორის ოპერი ხომ არ გგონივარ?!
– ჩემი კანტორის ოპერი რომ იყო, ხელბორკილდადებულს მოგიყვანდნენ ჩემთან, მაგრამ, ვიცი ვინც ხარ და ამიტომაც გამოგიგზავნე მანქანა!
– კარგი, შეგხვდები, მაგრამ, სხვა დროს. ახლა ძალიან დაკავებული ვარ. თათბირზე მელიან. როგორც კი გავთავისუფლდები, დაგიკავშირდები და შეხვედრის დროსა და ადგილზე შეგითანხმდები, – უპასუხა ნიკოლაიმ.
– კოლია... კოლია... – ირონიით ჩაილაპარაკა მალიშევმა, – ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ მაინც ვერ ისწავლე ჩემი წესები? მე შენ კი არ გეპატიჟები, მე გიბრძანებ და, თუ ახლავე არ ჩაჯდები მანქანაში, ბიჭები საბარგულში ჩაგტენიან და ისე მოგიყვანენ ჩემთან!
ნიკოლაიმ შეფარული მზერა ესროლა მანქანაში მყოფთ. მათმა გამოხედვამ აგრძნობინა, რომ მალიშევი არ აჭარბებდა. ისინი მხოლოდ საუბრის დასასრულს ელოდნენ, შემდეგ კი...
– კარგი, ბორია. შეგხვდები, – შემრიგებლურად თქვა ნიკოლაიმ, მობილური ტელეფონი გათიშა და მანქანაში ჩაჯდა.
„მერსედესი” დიდი სისწრაფით მიუყვებოდა მოსკოვი-მინსკის საგზაო მაგისტრალს. ნიკოლაის წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მიდიოდნენ, მაგრამ, თანამგზავრებისთვის არაფერი უკითხავს – იცოდა, რომ ისინი მაინც არაფერს ეტყოდნენ. თანაც, თავიდანვე ხვდებოდა, რომ ასეთი საუბრის შემდეგ მალიშევი თავის სამუშაო კაბინეტში არ მიიწვევდა.
„მაინც რა უნდა. რამ გააცოფა ასე? არადა, ნამდვილად გაშმაგებული იყო. გარკვეული უთანხმოებები ადრეც გვქონია, მაგრამ, არ მახსოვს, მალიშევს ასე მოემართოს ჩემთვის“, – ფიქრს მიეცა ნიკოლაი.
ისინი ერთი კვირის წინ, პროკურატურაში შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც ყოველთვის, მალიშევს თავი თავისუფლად ეჭირა: ხუმრობდა, მდივან გოგონებს რამდენიმე ანეკდოტიც მოუყვა და გულიანადაც აცინა. იმ წუთებში ის სრულიად არ ჰგავდა უშიშროების ფედერალური სამსახურის პოლკოვნიკს, მაგრამ, ნიკოლაიმ კარგად იცოდა, რომ ამ ელეგანტური კოსტიუმის, „ჯაგერის” ფირმის ოქროს საათისა და ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის მიღმა იმალებოდა საიდუმლო განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც შიშის ზარს სცემდა მრავალ ადამიანს.
– ეს რა გოგონები გყოლიათ პროკურატურაში, ნიკოლაი! – თვალი ჩაუკრა მდივანი გოგონების გარემოცვაში მყოფმა მალიშევმა, – ადრე რომ მცოდნოდა, დაუფიქრებლად მივატოვებდი სამსახურს და თქვენთან გადმოვბარგდებოდი. იქნებ, ახლაც არ იყოს გვიან?! თქვენ რას იტყვით, გოგონებო?
– ხუმრობთ, ბორის მიხაილოვიჩ. თითქოს არ ვიცოდეთ, როგორი ქალები გყავთ სამსახურში, – პასუხობდნენ გოგონები.
– არა, ღმერთმანი, – მალიშევმა სასწრაფოდ გადაიწერა პირჯვარი, – ერთი გაჩვენათ, ვისთან მიწევს მუშაობა! კომპიუტერის მოხმარებაც კი არ იციან, ძველებურად საქაღალდებიით მიდი-მოდიან. წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ქაღალდის სუნის დასაფარად სუნამო „კრასნაია მოსკვას” ხმარობს და, თავადაც მიხვდებით რა პირობებში მიწევს მუშაობა!
ნიკოლაის გულიანად გაეცინა ამ სიტყვებზე. მალიშევი სიმართლეს ამბობდა, მას მართლაც ასეთი მდივანი ჰყავდა – აგრაფინა პავლოვნა. „ეფესბეში” მის ზურგსუკან ჩურჩულებდნენ, რომ ჯერ კიდევ ლავრენტი ბერიას დროს მუშაობდა უშიშროების სამსახურშიო.
– აი, ხედავთ? ნიკოლაი პეტროვიჩიც იცინის, პროკურატურა კი მოკლებულია იუმორის გრძნობას. ესე იგი, სიმართლე მითქვამს. მორჩა, გადაწყვეტილია, ახლავე შევუთანხმდები ნიკოლაი პეტროვიჩს. იმედია, კარისკაცად მაინც მიმიღებს. დროებით, გოგონებო, – მალიშევმა მკლავი გამოსდო ნიკოლაის და დერეფნის გასწვრივ გაიყოლა, – კარგი ამინდია, პეტროვიჩ. რას იტყვი, სუფთა ჰაერზე ხომ არ გავიაროთ?
ნიკოლაი მიხვდა, რომ მალიშევს სერიოზულ საკითხზე სურდა საუბარი. ის ხელმძღვანელობდა დევიზით: „თანამედროვე აღჭურვილობით ნებისმიერი სათავსოს მოსმენა შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს მთელი ცისქვეშეთის გადაქოთებასო”. მიხვდა თემასაც – ვალერი რიჟკოვი, რამდენიმე დღის წინ პროკურატურის შესასვლელთან მოკლული „ეფესბეს” პოლკოვნიკი. მისი მოლოდინი გამართლდა: როგორც კი ისინი უახლოეს სკვერში აღმოჩნდნენ, მალიშევმა სწორედ მასზე წამოიწყო საუბარი.
– რა ეტაპზეა ვალერის მკვლელობის საქმის გამოძიება?
რიჟკოვის საქმის მიმართ „ეფესბეს” დამოკიდებულებამ თავიდანვე საგონებელში ჩააგდო ნიკოლაი. მის დაღუპვამდე საქმეს პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, იგორ რიბკინი იძიებდა. ძიების მასალებით რიჟკოვი თავად იმხილებოდა ნარკოვაჭრობასა და შავ სამყაროსთან ურთიერთობაში. მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზ კანონიერ ქურდებთან – ჩაჩბასა და გუნბასთან და ჩეჩენ კრიმინალთან გამზათთან. გარდა ამისა, „ეფესბეს” აწგარდაცვლილი პოლკოვნიკი მხილებული იყო ახლო კავშირში არაბ ტერორისტ ნეჯეთთან, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში. თუმცა, ამას განსაკუთრებით არ გაუკვირვებია რიბკინი და ნიკოლაი. მათ მიაჩნდათ, რომ რიჟკოვის ასეთ კომპანიაში აღმოჩენა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა, ანუ, ის „ეფესბეს” დავალებას ასრულებდა. მაგრამ, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რიჟკოვს მარტივი განმარტებით შეეძლო მის მიმართ ძიების შეჩერება – საკმარისი იყო, ეთქვა: „ვმოქმედებდი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე,“ – მორჩა და დამთავრდა, მას აღარავინ დაუსვამდა ზედმეტ კითხვებს – როგორც წესი, პროკურატურას არ უყვარდა „ეფესბეს” საქმეებში ცხვირის ჩაყოფა. მაგრამ, ამის ნაცვლად, რიჟკოვი ღია შეტევაზე გადმოვიდა და უცერემონიოდ დაემუქრა გამომძიებელ რიბკინს, რომ, თუ ძიებას არ შეაჩერებდა, მასაც დაღუპული კრიმინალების გზას გაუყენებდნენ. საბედნიეროდ, მან ვერ მოასწრო დანაპირების სისრულეში მოყვანა – ის საუბრის დასრულებიდან ათი წუთის შემდეგ, პროკურატურიდან გასვლისას მოკლეს. დაუწერელი კანონებით მომხდარის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე „ეფესბეს” უნდა გამოეთხოვა. რაც არ უნდა მომხდარიყო, უწყება თავად უნდა დაინტერესებულიყო თავისი თანამშრომლის დაღუპვის გარემოებებით, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მაღალი რანგის ოფიცერს ეხებოდა. მაგრამ, ნიკოლაის გასაოცრად, „ეფესბეს” პროკურატურისთვის მსგავსი მოთხოვნით არ მიუმართავს. პირველი „ეფესბეშნიკი,” რომელიც საქმით დაინტერესდა, მალიშევი იყო. თანაც მან ამ საქმეზე საუბრისთვის პროკურატურის ან „ეფესბეს” რომელიმე კაბინეტი კი არა, ნაყინით სახემოსვრილი ბავშვებით სავსე სკვერი შეარჩია.
– ჯერჯერობით ვერაფრით დავიტრაბახებთ. მიმდინარეობს ნივთმტკიცებების შეგროვებისა და შეფასების პროცესი. უახლოეს...
– რად გინდა ეს ოფიციალური ტონი, კოლია?
– შეაწყვეტინა მალიშევმა, – ჩვენ ხომ თათბირზე არ ვართ. ვისაუბროთ, როგორც მეგობრებმა.
– კონკრეტულად რა გაინტერესებს? – ჰკითხა ნიკოლაიმ.
– შენ ხომ ხვდები, რომ რიჟკოვის მკვლელობის საქმე განსაკუთრებულ აღრიცხვაზეა აყვანილი.
– თავისთავად, – თავი დაუქნია ნიკოლაიმ.
– არსებობს ვერსია, რომ მკვლელობა ქართველმა კრიმინალმა, ვინმე გეგეშიძემ დაუკვეთა.
– ძიების მასალები ამაზე მიუთითებს.
– რა მონაცემები გაქვთ გეგეშიძის შესახებ? – განაგრძო მალიშევმა.
– ერთობ ბუნდოვანი ვითარება შეიქმნა. შემთხვევის ადგილზე სამი დამწვარი გვამი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი გეგეშიძე უნდა იყოს, მაგრამ, ამას მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებით დავადგენთ.
მალიშევმა რამდენიმე ნაბიჯი უხმოდ გადადგა, სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ლაპარაკი განაგრძო:
– შენი გონიერების იმედი რომ არ მქონდეს, ამ საქმეზე საუბარს არ დავიწყდები. ერთი დელიკატური საკითხი უნდა მოვაგვაროთ, კოლია.
– რა საკითხი?
– მე მგონი, ორივეს საკმაო გამოცდილება გვაქვს იმ დასკვნის გამოსატანად, რომ გეგეშიძე არ დაღუპულა.
– ვარაუდის დონეზე თუ დაგეთანხმები. მე იურისტი ვარ, ბორია და, ვითარებას მხოლოდ ფაქტებით ვაფასებ. შესაძლოა, გეგეშიძე მართლაც დაიღუპა, შესაძლოა – არა. ისე, დაღუპვა მისი სიცოცხლისა და „მოღვაწეობის” ლოგიკური დასასრული იქნებოდა. ისტორიას არ ახსოვს კრიმინალი, რომელმაც სისტემასთან დაპირისპირებას გაუძლო. სახელმწიფო მანქანამ, რომელსაც დღესდღეობით მე და შენ წარმოვადგენთ, ცნობილ რუს კრიმინალებს, ლეონიდ პანტელეევსაც და ძმებ გრაჩებსაც მოუღო ბოლო და იგივე მოელის გეგეშიძესაც.
– შენ თქვი – მოელის! – შენიშნა მალიშევმა, – ანუ, შინაგანად მაინც ცოცხლად მიიჩნევ მას.
– მე უკვე გითხარი: ვხელმძღვანელობ ფაქტებით და მხოლოდ ფაქტებით.
– ეს არის ის დელიკატური საკითხი, რომელზეც მინდა საუბარი.
– ყურადღებით გისმენ, – გახედა ნიკოლაიმ.
– მე შემოგთავაზებ მოვლენების განვითარების ორ ვარიანტს: პირველი – გეგეშიძე მკვდარია. ასეთ შემთხვევაში, რა დარჩენია შენს გამომძიებელს? მას მიაწერს „ეფესბეს” ოფიცრის მკვლელობას და ეჭვმიტანილის დაღუპვის მოტივით დახურავს საქმეს. მეთანხმები?
– თავისთავად. ექსპერტიზა რამდენიმე დღეში გადმომცემს დასკვნას და, თუ დადასტურდა, რომ გეგეშიძე მკვდარია, საქმე დაიხურება, – უპასუხა ნიკოლაიმ.
– მეორე ვარიანტი – გეგეშიძე ცოცხალია.
– ასეთ შემთხვევაში, ძიება ავტომატურად გაგრძელდება. ჩვენ მანამდე არ შევჩერდებით, სანამ ის საბრალდებო სკამზე არ აღმოჩნდება.
– არა!.. ასეთ შემთხვევაში დავუბრუნდებით პირველ ვარიანტს. შენი გამომძიებელი მას დაღუპულად გამოაცხადებს და... დანარჩენი უკვე გითხარი.
– კი მაგრამ... – ნიკოლაის სუნთქვა შეეკრა მღელვარებისგან. მალიშევი ღიად სთავაზობდა მისივე კოლეგის მკვლელობის დაფარვას.
– არ გვინდა ემოციები, პრაგმატულად მივუდგეთ საკითხს. ობივატელისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ცოცხალია თუ არა გეგეშიძე, მისთვის მთავარია, რას ვეტყვით ჩვენ!.. ჩვენ კი ვეტყვით: „ცუდი“ მკვდარია. იძინეთ მშვიდად!..
– არ ვიცი, როგორ საზღვრავს „ეფესბე” საკუთარი მოქმედების პრინციპებს, მაგრამ, ჩემთან, პროკურატურაში, ასეთი საკითხების მიმართ სრულიად სხვა მიდგომა გვაქვს! – ცივად წარმოთქვა ნიკოლაიმ.
– ჩვენი უწყებები მხოლოდ ერთი – სახელმწიფოს ინტერესების დაცვის პრინციპით მოქმედებენ! – მშვიდად დაუბრუნა მალიშევმა.
– და სახელმწიფოს ინტერესებში შედის რამდენიმე ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ხელშეუხებლობა?! – გაოცებით ჰკითხა ნიკოლაიმ.
– მე არ მითქვამს ხელშეუხებლობა, უბრალოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ოფიციალურად გარდაცვლილად უნდა ირიცხებოდეს.
– რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს „გარკვეული პერიოდი”?
– ოპერაციის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, – უპასუხა მალიშევმა.
– რა მოხდება შემდეგ?
– განსაკუთრებული არაფერი. რეალობას სტატისტიკური მონაცემების მიხედვით შევასწორებთ. თუ სტატისტიკურ აღრიცხვაში გეგეშიძე გარდაცვლილთა სიაში იქნება მოხსენიებული, ის მოკვდება კიდეც!
ნიკოლაი ჩაფიქრდა. ის ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო „ეფესბე” გეგეშიძის გარდაცვლილად გამოცხადებაში დაინტერესებული. ამაზე კითხვის დასმა, უბრალოდ, სისულელედ ეჩვენებოდა. მაგრამ, ერთი რამ ნამდვილად გასაგები იყო: მალიშევმა საუბრის დასაწყისშივე უთხრა, რომ ეს საქმე განსაკუთრებულ აღრიცხვაზე იყო აყვანილი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მალიშევი თავისი სახელით არ ელაპარაკებოდა. ის დავალებას ასრულებდა. ვისგან უნდა მიეღო მას ასეთი დავალება? – ამის გაფიქრებისას ნიკოლაის ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ეგულებოდა, რომლებიც მალიშევს ასეთ დავალებას მისცემდნენ.
– მაინც, რას ელით ჩემგან? – ფიქრს მოსწყდა ნიკოლაი.
– განსაკუთრებულ არაფერს. „ეფესბე” არ ჩაერევა პროკურატურის საქმიანობაში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ჩემი უწყება შენს სამსახურს ოფიციალური თხოვნით ვერ მიმართავს. ჩვენ უფრო მარტივ გზას ვირჩევთ – ასე დროსაც ნაკლებს დავხარჯავთ და ენერგიასაც. საქმეს შენი გამომძიებელი, იგორ რიბკინი იძიებს. შენ, როგორც განყოფილების უფროსი და მისი უშუალო ხელმძღვანელი, მითითებას მისცემ, რომ შეწყვიტოს საქმე. მოტივზე უკვე ვისაუბრეთ, დანარჩენს კი ჩვენს თავზე ვიღებთ.
– დანარჩენში რას გულისხმობ? – ჰკითხა ნიკოლაიმ.
– გარკვეული პერიოდის შემდეგ სტატისტიკის გასწორებას.
– ერთი რამ მინდა გკითხო: „ეფესბეს” შეუძლია ძიებისთვის გამოითხოვოს საქმე. დარწმუნებული იყავი, რომ სიხარულით გადმოგცემთ. რატომ არ აკეთებთ ამას?
– მოდი, ასე აგიხსნი: გამთენიისას ერთი მამაკაცი გვარიანად მთვრალი და პომადით მოსვრილი დაბრუნდა შინ. გაშმაგებული მეორე ნახევარი ეკითხება: სად ბრძანდებოდი, ვაჟბატონოო?! მამაკაცმა უპასუხა: ძალიან დაღლილი ვარ, ძვირფასო, და, მოდი, შენ თვითონ მოიფიქრე, სად ვიყავი მთელი ღამეო. დაახლოებით იგივე ვითარებაში ვიმყოფებით ჩვენც.
„გასაგებია. ჩვენი „ყოვლისშემძლე” სპეცსამსახური პასუხისმგებლობას გაურბის. ისინი რაღაც არაოფიციალურ ოპერაციას ატარებენ, მაგრამ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები არ არიან და წარუმატებლობის შემთხვევაში ჩვენ უნდა გვაქციონ განტევების ვაცებად: ჩვენ შეგვაწმენდენ ხელს – განაცხადებენ, რომ საქმეს ჩვენ ვიძიებდით და, აქედან გამომდინარე, ყველაფერზე ჩვენ ვაგებთ პასუხს,“ – გაიფიქრა ნიკოლაიმ.
– რაზე ჩაფიქრდი, კოლია? – ჰკითხა მალიშევმა.
– რიბკინი პრინციპული გამომძიებელია. ის ძალიან დიდხანს დასდევდა გეგეშიძეს და ასე იოლად არ დათმობს ეშაფოტზე მისი აყვანის შესაძლებლობას, – უპასუხა ნიკოლაიმ.
– როგორც გავიგე, შენ თანახმა ხარ და მხოლოდ გამომძიებლის საკითხია მოსაგვარებელი!
– შესაძლოა... უბრალოდ, ვითვალისწინებ იმას, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩემს უარს.
– ხედავ, რა მარტივია შეთანხმება, როცა გადაწყვეტილებას ემოციის გარეშე იღებ?! შენი გამომძიებელი ამ აზრს არ იზიარებს?
– ვშიშობ რომ არ იზიარებს.
– მაშინ, შენ უნდა დაეხმარო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში – ეს ხომ ძალიან მარტივია. თუ გაჯიუტდა, საქმე სხვა, შედარებით საღად მოაზროვნე გამომძიებელს გადაეცი.
– ეს უკვე დეტალებია, მაგრამ, რა მოვუხერხო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას? გვამები უკვე ექსპერტიზაზეა წარდგენილი. თუ ექსპერტმა დაასკვნა, რომ გეგეშიძე მანქანაში არ დამწვარა, გარდაცვლილად მისი გამოცხადება აღარ მოხერხდება.
– დასკვნა არ იქნება, – მშვიდად თქვა მალიშევმა.
– როგორ თუ, არ იქნება?! – გაუკვირდა ნიკოლაის.
– ექსპერტიზამ უკვე გაანადგურა სამივე გვამი. მათ დღეს კრემაცია ჩაუტარეს.
– უკვე ჩაუტარეს თუ ჩაუტარებენ?
– უკვე ჩაუტარეს.
– ესე იგი, როცა პროკურატურაში მოხვედი, უკვე იცოდი ამის შესახებ?
– თავისთავად... „ფირმა ვენიკი ნე ვიაჟეტ!..“ – პროფესიული ჟარგონით უპასუხა მალიშევმა, – საწყენად ნუ მიიღებ ამას. დამეთანხმე, რომ შენც გაგიმარტივე ამოცანა. ოფიციალურად გეგეშიძე მკვდარია, გვამიც აღარ არსებობს – ვინ არ დაეთანხმება ძიების ასეთ ვითარებაში შეწყვეტას? რა თქმა უნდა, იმ შემთხვევის გარდა თუ გეგეშიძე წითელ მოედანზე არ მოაწყობს საპროტესტო აქციას – ვინ მოგცათ ჩემი მკვდრად გამოცხადების უფლებაო. მაგრამ, არა მგონია, მას ასეთი მიზნები ამოძრავებდეს!
– ყველაფერი უჩემოდ მოგიგვარებია, – ჩაილაპარაკა ნიკოლაიმ.
– მართალი ხარ. ხედავ, რა უსამართლოა ცხოვრება?! – ჩვენ ვწვალობთ, ვაგვარებთ საჭირბოროტო საკითხებს, დაფნის გვირგვინი კი სხვას ერგება. ამ შემთხვევაში – შენ და შენს გამომძიებელს. რა გენაღვლება, ნიკოლაი, დატკბი ცხოვრებით. რიბკინს მადლობა გამოუცხადე პირად საქმეში შეტანით – ახალგაზრდა კაცია, ყველაფერი წინ აქვს და სამომავლოდ გამოადგება. შეგიძლია, პრემიით წაახალისო და რიგგარეშე შვებულებაშიც გაუშვა. თანაც, ნუ დაიტანჯები იმაზე ფიქრით, თუ რა წვალებით მომიწევს ამ საქმის მოგვარება.
– მაინც, რა ვადებში წარმოგიდგენია ძიების შეწყვეტილად გამოცხადება?
– ჩემთვის მთავარი შენი თანხმობა იყო და ამისთვის გულწრფელად გიხდი მადლობას. რაც მთავარია, ერთმანეთს გავუგეთ და ჩვენი პოზიციები შევაჯერეთ. დანარჩენი მთლიანად შენთვის მომინდვია. მე მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემ: მოდი, ყველაფერს რეალისტური სახე მივცეთ – ნუ დავარღვევთ ვადებს. დაე, რიბკინმა სრულფასოვანი მოკვლევა ჩაატაროს და დამაჯერებელი საბაბი მისცეს ძიების შეწყვეტას. მე არსად მეჩქარება, ჩემი გეგმა ძიების შეწყვეტის გარეშეც ვითარდება. დანარჩენი კი დროის საკითხია...
– კეთილი... კიდევ რამე ხომ არ დაგვრჩა შესათანხმებელი? – ჰკითხა ნიკოლაიმ.
– მხოლოდ ერთი რამ: შეთანხმება უნდა აღვნიშნოთ. სიმართლეს გეტყვი, მართლა მომეწონა თქვენი სამდივნოს გოგონები. სადმე ხომ არ...
– არა, არა... – აჩქარდა ნიკოლაი, – სხვა დროისთვის გადავდოთ.
– კეთილი, – უპასუხა მალიშევმა და შეთანხმების ნიშნად ხელი ჩამოართვა.
ნიკოლაის ერთობ არ მოსწონდა ვითარება, რომელშიც აღმოჩნდა. უფრო მეტიც – სულს უხუთავდა საკუთარი უსუსურობა. მაგრამ, გამოცდილება ჰკარნახობდა, რომ მალიშევის პირობების მიღება ჯობდა მასთან დაპირისპირებას. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ „ეფესბეს” მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სისხლის სამართლის საქმით მანიპულირება და ის თავის მიზანს ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევდა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი მისთვის უკვე გადაწყვეტილი იყო. რჩებოდა მხოლოდ ერთი საქმის მოგვარება – ძიების შეწყვეტა და გეგეშიძისა და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო ისტორიის დავიწყება. მაგრამ, მისთვის მოულოდნელად, რიბკინი შეეწინააღმდეგა – უარი თქვა ძიების შეწყვეტაზე; უფრო მეტიც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წინააღმდეგ მოკვლევის დაწყება მოითხოვა. გამომძიებლის მოულოდნელ გაჯიუტებას მალიშევისთვის გარკვეული სირთულეების შექმნა შეეძლო, რაც თავად ნიკოლაის არ სურდა. მალიშევი სიტყვის კაცი იყო. თავადაც არასდროს არღვევდა მიცემულ პირობას და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვდა. ვითარებას ისიც ამძაფრებდა, რომ ნიკოლაის არ შეეძლო, გამომძიებლისთვის ეთქვა, ძიება „ეფესბეს” სურვილით უნდა შევწყვიტოთ და ამის რეალური მიზეზი მეც არ ვიციო. ბუნებით სამართლიანობისმოყვარული რიბკინი ამას არ შეურიგდებოდა და, შესაძლოა, საჩივრით გენერალური პროკურატურისთვის მიემართა. საბოლოოდ, ნიკოლაის მაინც მოუწია იმის გაკეთება, რაც ყველაზე ძალიან არ სურდა – რიბკინს იძულებით ჩამოართვა საქმე და წარმოებისთვის სხვა გამომძიებელს გადასცა. ძიების შეწყვეტის დადგენილების ნახვისას მალიშევს უმალ მოხვდა თვალში უცხო გვარი.
– რიბკინი? – მხოლოდ ერთი სიტყვით მიმართა ნიკოლაის.
– რა მნიშვნელობა აქვს გვარს? მთავარი ისაა, რომ ძიება შეწყდა, – უპასუხა ნიკოლაიმ.
– აქვს...
– გამომძიებლების უმრავლესობა მტკივნეულად აღიქვამს საქმიდან ჩამოშორებას, იგორმა კი არნახული ენერგია შეალია ამ საქმეს.
– ესე იგი, წინააღმდეგი იყო? – ჰკითხა მალიშევმა.
– წინააღმდეგი იყო, მაგრამ, მაინც დავიყოლიე.
– დარწმუნებული ხარ, რომ რიბკინი პრობლემებს არ შექმნის?
– აბსოლუტურად. მასზე მე ვარ პასუხისმგებელი.
მალიშევი მცირე ხნით ჩააცქერდა თვალებში და შემდეგ თქვა;
– კეთილი, ნიკოლაი, გენდობი...
„მერსედესმა” უკან მოიტოვა კორომში წამოჭიმული აგარაკები და მწვანედ მოლივლივე ტბის პირას შედგა. ტბის სიახლოვეს ორი შავი „ბლაზერი” იდგა, იქვე ტრიალებდნენ მალიშევის მცველები. თავად მალიშევი ნავმისადგომზე იდგა და მშვიდად აბოლებდა სიგარეტს. ნიკოლაი მიპატიჟებას აღარ დალოდებია, მანქანიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ნავმისადგომისკენ.
– რა მოხდა, ბორია? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! – ბრაზნარევი ხმით წამოიწყო ნიკოლაიმ მალიშევთან მიახლოებისას.
მას არაფერი უთქვამს. ლაბადის ჯიბიდან ორად გაკეცილი გაზეთი ამოიღო და გაუწოდა.
– რა არის ეს? – დაიბნა ნიკოლაი, – გაზეთის წასაკითხად მომიყვანე აქ?!
– გაზეთის არა, მხოლოდ ერთი სტატიის! – უპასუხა მალიშევმა, – პირველი გვერდი ნახე!
ნიკოლაიმ გაზეთი გაშალა და უმალ თვალში მოხვდა მეწამული და შავი ასოებით დაბეჭდილი სათაური: „რვაფეხა“ რუსულად – ანუ, როგორ უზრუნველყოფს რუსეთის პროკურატურა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ხელშეუხებლობას”.
ნოკოლაის თვალები აუჭრელდა. ხელი, რომელშიც გაზეთი ეჭირა უღონოდ ჩამოუვარდა ძირს.
– შენ კი პირობა მომეცი, რომ რიბკინი პრობლემებს არ შემიქმნიდა! – ავად გამოსცრა მალიშევმა და მისკენ დაიძრა.
* * *
ღამით აგარაკიდან წასვლა ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებად ეჩვენებოდა ეკას, მაგრამ, იმასაც გრძნობდა, რომ აღარ გააჩნდა იქ დასარჩენი ძალა. არადა, როგორ კარგად იწყებოდა ყველაფერი. ცოტა ხანს თვითონაც კი ირწმუნა, რომ ამიერიდან ლუკას ვეღარავინ წაართმევდა – ვერც ციხე, ვერც ქურდები და ვერც მის ცხოვრებაში საიდანღაც შემოჭრილი ქალი. მწარედ ნანობდა, რომ ლუკას არ გადააფიქრებინა საქართველოში გამგზავრება. გრძნობდა, რომ ეს საშიში იყო. საშიში იყო მისთვის, ნატოსთვის და, განსაკუთრებით – ლუკასთვის. მაგრამ, მაინც ვერ მოერია თავს. უცნაური გრძნობა იპყრობდა იმის გაფიქრებაზე, რომ ლუკასთან ერთად დაბრუნდებოდა საქართველოში. ეჩვენებოდა, რომ ამით დაიბრუნებდა დაკარგულ წლებს – იმ წლებს, რომლებიც ლუკასგან შორს გაატარა. მაგრამ, ყოველივე ეს მირაჟი, მიუღწეველი მიზანი აღმოჩნდა. საქართველოში ჩასვლით მისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო: ლუკა ფოთში ჩასვლისთანავე დაშორდა მას და ნატოს. მიზეზი არ აუხსნია, თუმცა, ეკას ეს უცნაურად არ მოსჩვენებია – ასეთი იყო ლუკას ყოველდღიურობა: მოულოდნელად გაქრებოდა და შემდეგ ასევე მოულოდნელად გამოჩნდებოდა.
თბილისამდე უცხო მანქანით, უცხო ხალხის გარემოცვაში იმგზავრეს. შავსათვალიან, ბრგე მამაკაცებს ზედამხედველებივით ეჭირათ თავი. ფოთიდან გამომგზავრებისას მათ გააფრთხილეს, ნატო დაემშვიდებინა და მისთვის აეხსნა, რომ ლუკას მეგობართან მიემგზავრებოდნენ. ეკა იძულებით დაჰყვა მათ ნებას – შიშობდა, რომ ზედამხედველებს რამე არ დაეშავებინათ ნატოსთვის.
იმავე საღამოს ისინი ტაბახმელის განაპირას მდებარე, მაღალი კედლით გარშემორტყმულ აგარაკზე აღმოჩნდნენ. ნატომ ჩათვალა, რომ ეკა მის დამტყვევებლებთან შეთანხმებით მოქმედებდა და მასთან ურთიერთობა შეწყვიტა. ასე აღმოჩნდა ეკა ორცეცხლშუა. ერთი მხრივ, საპატიმროდ ქცეული აგარაკი და ზედამხედველები აშინებდნენ, მეორე მხრივ – ოთახში, სრულ მარტოობაში გამოკეტილი ნატო. ამასთან ერთად, მან კვლავ არაფერი იცოდა ლუკას შესახებ. ერთადერთი, რაც ძალას აძლევდა, მეზობელ ოთახში გამოკეტილი ნატო იყო. ის რომ არა, ასეთ ჯოჯოხეთს დიდხანს ვერ გაუძლებდა. შემდეგ კი წარსულის აჩრდილები საშინელებათა ფილმის კადრებივით ცვლიდა ერთმანეთს...
აგარაკზე მოულოდნელად ატყდა სროლა – ავტომატის ჯერი რამდენჯერმე გაისმა. მერე ვიღაცამ განწირული ხმით იყვირა. ისევ სროლა, ყვირილი, მომაკვდავების ხრიალი... ოთახები, დერეფნები და კიბეები გვამებით, სისხლის გუბეებითა და მასრებით დაიფარა...
უცნობმა ნიღბიანებმა ის და ნატო მანქანაში ჩასვეს და სასწრაფოდ გაარიდეს აგარაკს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ახალი ზედამხედველები იყვნენ. საკუთარი უსუსურობის შეგრძნებამ ცრემლი მოჰგვარა ეკას. როდემდე უნდა ეთამაშათ მათი ბედით უცნობ და სასტიკ ადამიანებს? როდის უნდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი? როდემდე ეყოფოდათ ძალა მას და ნატოს?.. როდემდე?
მაგრამ, მანამდე ძალიან შორს იყო. ჯერჯერობით დამთავრდა ერთი და დაიწყო სხვა ჯოჯოხეთი.
...თვალის ერთი შევლებით, ქალი ძალიან ლამაზი მოეჩვენა: ტანმაღალი იყო, შესანიშნავი აღნაგობით, ლამაზი სახით; ქერა თმა ნატიფ მხრებზე სცემდა, მაგრამ თვალები?!. ყინულივით ცივი, გულგრილობით სავსე ცისფერი თვალები ჰქონდა.
მოეჩვენა, რომ სადღაც ენახა ეს ქალი. შემდეგ მიხვდა, რომ ნატოს აგონებდა და მიხვდა, ვინც უნდა ყოფილიყო.
ვანდა ანბახი – გერმანელი ქალი, რომელმაც დაბადებისთანავე მიატოვა ნატო. მიატოვა უსუსური, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედა. მაგრამ, დაუბრუნდა ასევე უსუსურს, როდესაც ისე ძალიან სჭირდებოდა დედა.
ძალზე მტკივნეული იყო მისთვის ლუკასა და ვანდას შეხვედრის ნახვა. ვერც კი წარმოედგინა, რომ ასე შეხვდებოდნენ ერთმანეთს ქალი და მამაკაცი, რომლებსაც ოცი წლის ქალიშვილი ჰყავდათ. მკვდარი, უემოციო, გაყინული იყო მისი მისალმება, ისეთივე, როგორც გერმანელი ქალის თვალები.
ის ღამე სახით ბალიშში ჩარგულმა, ტირილით გაატარა. ჯოჯოხეთი, რომელიც ასე აშინებდა, სადღაც შორს დარჩა, მაგრამ, გრძნობდა, რომ იწყებოდა ახალი – სხვა, აქამდე შეუცნობელი. ნათლად გრძნობდა, რომ ის ვერ შეძლებდა ლუკას გვერდით ცხოვრებას. რომც მოენდომებინა, საამისოდ ძალა არ ეყოფოდა, რადგან ეს უზარმაზარ ენერგიას მოითხოვდა. ადრე თუ გვიან თავისით გამოიფიტებოდა და, თუ დროულად არ გაეცლებოდა, დაიღუპებოდა. ეს შეუძლებელი იყო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მკერდის ქვემოთ ახალი სიცოცხლის – მისი და ლუკას შვილის გულის ფეთქვას გრძნობდა. როგორ, რა საშუალებით უნდა დაეცვა ის? მხოლოდ ერთით – ლუკასგან შორს ყოფნით. ამით მასაც გადაარჩენდა, საკუთარ თავსაც და ლუკასაც...
აგარაკი დილით დატოვა. თან ტანსაცმლისა და ფულის მეტი არაფერი წაუღია. იცოდა, რომ აგარაკზე მალე შეიტყობდნენ მის გაუჩინარებას და ძებნას დაუწყებდნენ. ასე ჩუმად წასვლის შემდეგ კი ლუკას მზერას ვეღარ გაუსწორებდა. ამიტომაც, აღარ გამოუცდია ბედისწერა. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და სასწრაფოდ აეროპორტში მიყვანა სთხოვა.
შუადღეზე უკვე თვითმფრინავში იჯდა. ორი საათის შემდეგ კი, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. სანუკვარ დასვენებამდე სულ ცოტა ხანი რჩებოდა.. საბაჟოს გავლა, ტაქსი, სანატრელი ბინა...
„ლუკას დავუკავშირდები. ვინ იცის, როგორ დამეძებს. ბოდიშს მოვუხდი და ყველაფრის ახსნას შევეცდები, – ფიქრობდა საბაჟოსკენ მიმავალი ეკა, – მაგრამ, არა, ახლა საამისო ძალა არა მაქვს. დავისვენებ, ღონეს მოვიკრებ და შემდეგ დავურეკავ“.
– გამარჯობა კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა საქართველოში, – ღიმილით მიესალმა დახლს მიღმა მყოფი, ლამაზ უნიფორმაში გამოწყობილი გოგონა, – თქვენი საბუთები...
ეკამ ხელჩანთაში ჩააბრუნა მობილური ტელეფონი და პასპორტი გაუწოდა. გოგონამ ყურადღებით დაათვალიერა პასპორტი, კომპიუტერის კლავიატურაზე სწრაფად აკრიფა მონაცემები, მონიტორს წამით ჩააცქერდა, შემდეგ მიუბრუნდა და ჰკითხა:
– შეგიძლიათ, ზუსტად მითხრათ თქვენი ვინაობა?
– ეკა ნუცუბიძე, – უპასუხა მექანიკურად.
– ნუცუბიძე?!
– დიახ... უკაცრავად... – ეკა უხერხულად გაჩუმდა. მას მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ეკატერინე სმირნოვას სახელზე გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა.
გოგონას აღარაფერი უთქვამს. შებრუნდა და თავისთან მებაჟისუნიფორმიანი მამაკაცი მიიხმო...
თითქოს დამთავრდა უკან მოტოვებული ჯოჯოხეთი, მაგრამ, დაიწყო ახალი – აქამდე სრულიად უცნობი და საზარელი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში