როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მამუჩარაშვილი
ამ ქართულ გვარში ფუძედაა გამოყენებული მამისგან ნაწარმოები მოფერებითი სახელი – მამუჩარი. მსგავსი ფუძითაა ნაწარმოები გვარი მამუჩაშვილიც. ასევე, ყოფილა გვარი მამურჩაი – „მეჭურჭლეთუხუცესი, დაამტკიცა ჭყონდიდელის მიერ მგელა აბულახტარისთვის მიცემულ სოფლის წყალობით დაწერილი“.
მამადან ბევრი გვარ-სახელია წარმოშობილი, მამაიშვილით დაწყებული, მამუშალვიშვილით დამთავრებული.
მეცხრამეტე საუკუნიდან (1860-იან წლებში) მოყოლებული, რუსებმა აღწერეს ქართული გვარები, მათ სუფიქსი შვილი და ძე ჩამოაცილეს და რუსული ფორმატები – ოვი და იევი დაუმატეს. ამ გზით გაჩნდა: მამუჩაროვი, მამუკოვი, მამულოვი, კევლიევი და სხვა.
მამუკაშვილი აბაშიძეთა გვარიდანაა ნაწარმოები. მამუჩიშვილი კი – ჭავჭავაძეთა გვარიდან.
საქართველოში 297 მამუჩარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 182, გორში – 66, თბილისში – 35. არიან სხვაგანაც.
ჩავლეიშვილი
ეს უძველესი გვარი აჭარაში ჩანს, ტბეთის მაჭახელის სულთა მატიანეში, მოხსენიებულია არსენ ჩავლაეთი, მჭედელი ანუ ჩავლაძე, ჩავლეიშვილი.
ქართული გვარების მაწარმოებლად გვარების გაჩენის პირველ საფეხურზე ყოფილა სუფიქსი ელი, ათი და ეთი. მეორე საფეხურზე ჩნდება სუფიქსი ძე და შვილი. ტბეთის სულთა მატიანეში ჩამოთვლილია 109 გვარი. მათ შორისაა: გუიანეთ (გვიანიძე), გუნდარეთ (გუნდარიძე), დოლიეთ (დოლიძე), კვირიკაეთ (კვირიკაძე), სირაეთ (სირაძე), წითლაეთ (წითელაძე), მეფუტკრიეთ (ფუტკარაძე).
გვარის ისტორია შესწავლილი აქვს მკვლევარ იოსებ ბექირიშვილს. ის წერს: „ანგისა-მეჯინისწყალში მცხოვრები ჩავლეიშვილების ნამდვილი გვარი შალიკაშვილია. გვარის წევრები ამბობენ, რომ მათი გვარი მესხეთიდან მოდის და ჩვენი წარმომადგენლობა იქ შალიკაშვილთა გვარს ატარებდაო. ოსმალები აჭარაში რომ შემოსულან, ქედის რაიონში შალიკაშვილები ჩალოღლებად მოუნათლავთ, ზოგი მათგანი (მაჭახელის ხეობაში) შალიკოღლებად დაუწერიათ, დღეს მათი შთამომავლები შალიკაძეები არიან. საღორიელი შალიკაშვილ-ჩალოღლები გასული საუკუნის დამდეგს ანგისაში, მეჯინისწყალსა და სხვაგანაც დაიწერნენ და ჩავლეიშვილებად დასახლდნენ.
შალიკაშვილები დიდებულები იყვნენ, მესხები არიან. გასული საუკუნის დამლევს გურიაშიც დასახლებულან. შალიკაშვილების გვარიდან მომდინარეობს კლდიაშვილების გვარი. მესხეთში ამ გვარს ატარებდნენ მწერალ დავით კლდიაშვილის მშობლებიც.
საქართველოში 669 ჩავლეიშვილი ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 186, ბათუმში – 125, ქობულეთში – 111. არიან სხვაგანაც.
მიხანაშვილი
ამ ქართული გვარ-სახელის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მიხეილი, მიხეილ ნაწარმოებია ძველი ბერძნული სახელიდან მიქელა, რომელიც ნიშნავს „ღვთის სწორს“, „ღვთაებრივს“. სახელს ცვლილებები განუცდია და მივიღეთ მიხეილ. მიხეილიდანაა წამოსული ფორმა მიხა, მიხო, მიხაკო. აქედან კი მიღებულია გვარები: მიხელაშვილი, მიხელიძე, მიხანაშვილი. ასევე, ყოფილა გვარები მიხალაჯაშვილი, მიხითარაისძე, მიხითარასშვილი, მიხრიკისძე, მიხუაშვილი.
„მიხანაშვილი ბეჟან იყო დამწერი და მოწმე დათუნა ლატრაძის მიერ გიორგი ნინიაშვილისათვის მიცემული მიწის წყალობის წიგნისა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის 60-იანი წლები).
საქართველოში 494 მიხანაშვილი ცხოვრობს: გორში – 240, თბილისში – 173, კასპში – 50. არიან სხვაგანაც.
კრაწაშვილი
მეტსახელი კრაწა გვხვდება გვარ კრაწაშვილის ფუძედ.
გვარში არსებული გადმოცემით, ადრე გვარად ხუციშვილები ყოფილან, უცხოვრიათ სოფელ მარტყოფში, შემდეგ კი, სხვაგან გადასვლისას, კრაწაშვილები გამხდარან.
საქართველოში 418 კრაწაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 229, თბილისში – 88, რუსთავში – 46. არიან სხვაგანაც.
წითელაური
სოფელ გეზერეთში მცხოვრები მწითურების გადმოცემით, მათი წინაპარი გუდამაყრიდან გადმოსულა, იქ კი წიკლაურები ყოფილან. ლუთხუბიდან არიან მათი წინაპრები. გეზერეთიდან სამთავისში გადასულა მთხრობელის პაპის ძმა და მისი შთამომავალნი წითელაურის გვარს ატარებენ, ხოლო მათი კიდევ ერთი შტო გორში მწითურიძედ იწერება. ლუთხუბიდან გადმოსახლებულ წიკლაურთა ამ შტოს, როგორც ჩანს, თავისი ძველი გვარი – წითელაური აღუდგენია და მწითურად დაწერილან.
მწითურში ორი შტო გამოიყოფა. ქსნის ხეობის სოფელ გეზერეთიდან ისტორიულ ძაგნაკორში, სოფელ მწითურებში გადმოსახლებული ალექსი მწითური მოგვითხრობს: „მწითურების სრული თავდაპირველი გვარი არის ალხასტაისძე. ჩვენი წინაპარი ქისტეთიდან მოსულა – კაცი შემოჰკვდომიათ და ქისტეთს გამორიდებიან, ხევსურეთში დასახლებულან და ხატისთვის შეუწირავთ ხარი და საარყე ქვაბი. ესენი სამი ძმა ყოფილან. ხევსურეთში არ მოასვენეს მოსისხლე ქისტებმა და დევნა დაუწყეს. ერთ ძმას ერქვა დორე, მეორეს – სისო, მესამე ძმა კი მწითური ყოფილა და ამათგან წამოვიდა გვარები: დორეული, სისაური და მწითური. ვისაც ეს გადმოცემა ახსოვს, ერთმანეთში ქალს არ გაათხოვებს“.
სხვა ეთნოგრაფიული მასალით, ძეგნაკორაში მწითურები სოფელ ალევიდან (ქსნის ხეობა) გადმოსახლებულან, რომელთა ძველი გვარი სისაური ყოფილა.
1774 წელს სოფელ გეზერეთში მოსახლე მწითურები, ორი კომლი, წითურაულის გვარით არის ცნობილი.
ორი კომლი წითურაული მოხსენიებულია, ასევე, სოფელ საძეგურაში. 1781 წლის აღწერაში კი საძეგურაში 5 კომლი წითურაულია აღრიცხული. ალევში – კომლი წითურიძე.
ქსნის ხეობაში კიდევ ერთი გვარია, რომელიც სისაურთა გვარიდანაა შტონაყარი. ესაა საძეგურელი ჭალისებურების გვარი. ჭალისებურების თავდაპირველ გვარად სისაური დასტურდება როგორც ეთნოგრაფიული მონაცემებით, ისე 1886 წლის საოჯახო სიებით. სისაური ყოფილა სოფელ წვერში მოსახლე სამნიაშვილების ადრინდელი გვარი.
საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს: ახმეტაში – 124, თბილისში – 55, თელავში – 53. არიან სხვაგანაც.
ლაბაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლაბა. ამავე ძირისაა გვარი ლაბაძე. ამ გვარიდან სიმონ ლაბაძე მოხსენიებულია კაცხის ტაძრის მეთერთმეტე საუკუნის წარწერაში.
ამავე ძირისაა გვარები ლაბაიძე, ლაბაშია, ლაბახუა, ლაბუჩიძე, ლაფაური, ლაფაჩი, ლაფაჩიშვილი.
„ლაბაური იანვარა ცოლ-შვილით, მაგრამ უმამულოდ, უწყალობა ზურაბ ერისთავის შვილმა საამ კობიაშვილს, რომელმაც ამ წლებში მიართვა ზურაბს 41 მარჩილის ფეშქაში“ (1698 წელი).
„ბერი ლაბაური-მახისასშვილი შვილითა და მამულით, ბაინდურ ერისთავმა უწყალობა საამ კობიაშვილს“ (1700 წელი).
ლაბაურები თუშეთიდან გადასულებად ჩანან მთისწინეთში (იკოთი). ლაბაურთა გვარიდან კი არიან გამოსული ჩიხაშვილები, რომლებიც ბაზალეთში, სოფელ ჩიხაანებში ცხოვრობდნენ. ორივე გვარი, ლაბაური და ჩიხაშვილი, საგურამოშიც ჩანს. 1781 წლის აღწერაში ლაბაურების წინაპრები ლაბაურიშვილად არიან ჩაწერილი. იმავე აღწერიდან ირკვევა, რომ უფრო ადრე გვარის თავდაპირველი ფორმა ყოფილა ლაფაური.
საქართველოში 272 ლაბაური ცხოვრობს: მცხეთაში – 186, თბილისში – 69, დუშეთში – 6. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით