რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს „ე“ კლასის „მერსედესი”, 2001 წელს გამოშვებული. კომპრესორიანი, 2.0 ძრავით, ბრიტანეთიდან ახალი ჩამოყვანილი ტიპტრონიკით. იქნებ მირჩიოთ, როგორ უნდა მოვუარო მას, რას უნდა მივაქციო ყველაზე მეტად ყურადღება და რა არის ამ ავტომობილის სუსტი მხარე?
პასუხი: ზოგადად, „მერსედესის” ეს მოდელები საკმაოდ გამძლე და პრაქტიკულია და საკმაოდ ძლიერი ტიპტრონიკი აქვს, რომელიც დიდად არ ქმნის პრობლემებს. ბრიტანეთიდან ჩამოყვანილი მანქანების სისუსტე ბევრი გავლილი კილომეტრებია, რადგან, დიდ მანძილებზე ატარებენ ხოლმე. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია, ალბათ, გექნებათ. თუ გავლილი კილომეტრები, ასე ვთქვათ, სპიდომეტრზე „ჩამოყრილია,” ამას ისეთი პროგრამული ჩარევით აკეთებენ, რომ კომპიუტერზე შეერთებითაც ვერ აღმოაჩენთ. ანუ, თუ ვინმემ „იმაიმუნა”, ვერ გაიგებთ, მაგრამ, თუ ავტომობილი მწყობრშია და მოგწონთ, მაშინ, გავლილი კილომეტრების რაოდენობა ნუ შეგაშინებთ. მთავარია, დროულად ცვალოთ ზეთი, ფილტრები და ყველაფერი ის, რაც ავტომობილის დიდხანს მუშაობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება სუსტ მხარეს, ამ ავტომობილის სისუსტედ შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ კომპრესორი, რომელსაც თქვენ ვერანაირად ვერ მოუვლით, მისი კარგად მუშაობა მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, წლების განმავლობაში ისე იაროთ, რომ არანაირი პრობლემა არ შეგიქმნათ, ამის პროცენტული თანაფარდობა ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა. კომპრესორი კომპიუტერზეა დამოკიდებული. გადამცემებმა შეიძლება, ისე აურიოს, რომ კომპრესორი ხან ირთვებოდეს, ხან – არა, ან, სულ გაითიშოს, რისი მიზეზის დადგენაც შემდეგ ძალიან რთულდება. ასეთ დროს საჭირო ხდება პროგრამულ დონეზე ჩარევა. ამ ავტომობილს სხვა წუნს ნამდვილად ვერ უპოვით.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი”, 2000 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. როდესაც ავტომობილს სრულად ვაჩერებ და მუხრუჭზე მიდგას ფეხი, ის ქრება. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. უპირველესად უნდა გადამოწმდეს საწვავისა და ჰაერის ფილტრები. თუ ისინი კარგ მდგომარეობაშია, მაშინ, შეამოწმეთ თავისუფალი ბრუნების, ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდის” სპეციალური სენსორი, შესაძლოა, გამოსაცვლელი იყოს სანთლები („სვეჩები”) ან მასთან მიმავალი სადენები. კარგი იქნებოდა თუ კითხვას რაიმე უფრო კონკრეტულ მინიშნებას დაამატებდით – ვთქვათ, როგორ იქცევა ავტომობილი მოძრაობისას და მართვისას კიდევ რაიმე ხომ არ შეიცვალა.
კითხვა: მინდა ახალი ავტომობილის შეძენა. შევარჩიე მოდელი და კონკრეტული მანქანა, რომელიც ძალიან მომწონს. მითხრეს, რომ ის ნაავარიებია, მაგრამ სერიოზული დაზიანება არ მიუღია, ანუ, არც ერთი შიდა დეტალი არ დაზიანებულა. არსებობს თუ არა რაიმე ხერხი იმის გასარკვევად, სერიოზული იყო თუ არა ავარია და ხომ არ დაზიანებულა ისეთი ადგილები, რომლებიც პასუხს აგებენ ავტომობილის უსაფრთხოებაზე?
პასუხი: რთულ ავარიაში მოყოლილი ავტომობილის ყიდვას ნამდვილად არ გირჩევთ, რადგან, რაც უნდა კარგად იყოს ის აღდგენილი, ქარხნული გეომეტრია მაინც დარღვეული ექნება. ხელოსანი მას ისე ვეღარ შეკრავს, როგორც მანამდე იყო. ამის გასაგებად, პირველ ყოვლისა ავტომობილის ყველა კარი უნდა გავაღოთ და მოვხსნათ კარის ჩარჩოებს ის რეზინები, რომლებიც დახურვისას მის ჰერმეტულობას უზრუნველყოფს (ის ძალიან ადვილად სძვრება და უკეთდება). დააკვირდით კარის ჩარჩოს კუთხეებში: პირველი – იქ არ უნდა იყოს არც ერთი ტალღოვანი ნაწილი; მეორე – მისი შედუღება უნდა იყოს წერტილოვანი. თუ შედუღება არ არის წერტილოვანი და ის გადაბმულია, ეს ნიშნავს, რომ იქ სერიოზული ჩარევა მოხდა. თუ სადმე ნაკეციც აქვს, ეს ნიშნავს, რომ ავარიის შედეგად შეიღუნა და გაჭიმეს. ჩარჩო შიგნით იდეალურად სწორი უნდა იყოს. ასეთივე სისწორე უნდა დაგვხვდეს, როდესაც ძრავას ხუფს ავხდით. შეიძლება თვითონ ის ნაწილი, ანუ, ეგრეთ წოდებული „ბაკავინა,” ტალღოვანი იყოს, რომელიც ავარიის დროს დარტყმას საკუთარ თავზე იღებს, რათა სალონი დაზიანებისგან დაიცვას, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ტალღოვანი მისი „კანტები“. ასევე, არ უნდა იყოს შეღებილი ძრავას სექტორის ნაწილები, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ წინა ნაწილი დაზიანებული და შემდეგ აღდგენილია. ძრავას სიმხურვალე ძალიან იოლად აფუჭებს საღებავს. ძრავას შიდა სექტორს არავინ ღებავს, თუ ის ნაავარიები არ არის. თან, მის შესაღებად საჭიროა ძრავასა და სხვა დეტალების ამოღება – სხვანაირად ეს არ ხერხდება. ნაავარიები მანქანის ამოცნობის კიდევ ერთი მარტივი ხერხი – ეგრეთ წოდებული „ზაზორები” ანუ, ღრიჭო ადგილები კარსა და ჩარჩოს შორის, ფარებს, „სტოპებსა“ და მის გვერდებს შორის უნდა იყოს იდეალური.
კითხვა: მაინტერესებს, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ავტომობილმა დიდხანს იმუშაოს, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევცვალო ზეთი?
პასუხი: ავტომობილში ძალიან ბევრ რამეს სჭირდება აქტიური ყურადღების მიქცევა, იქნება ეს ღვედები, განსაკუთრებით – ძრავის კბილებიანი ღვედი, ფილტრები და სხვა. ზოგადად, ყველა ავტომობილს აქვს თავისი ისტორია და, იმის მიხედვით, თუ რამდენი აქვს გავლილი, უნდა მივხვდეთ, რა არის შესაცვლელი. არსებობს სტანდარტული სერვისები, რომელსაც ვერ გავექცევით როგორი მოვლილიც არ უნდა იყო ავტომობილი. მართალია, ყველა მწარმოებელს თავისი გრაფიკი აქვს, როდის რისი გამოცვლა სჭირდება, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც „შაბლონები”, რათა ინტერნეტში არ ვიქექოთ და არ ვეძებოთ, ჩვენს მანქანას რა მახასიათებლები აქვს ამ მხრივ, პირდაპირ ავიღოთ და ამ „შაბლონით” ვიხელმძღვანელოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ზეთის დროული შეცვლაა, რომელიც ჩვენი, როგორც მტვრიანი ქვეყნის პირობებში, საკმაოდ მალ-მალე უნდა მოხდეს. საქართველოს გზებზე როგორი კარგი ხარისხის ზეთიც არ უნდა გვესხას, არ არის რეკომენდებული 10-12 ათას კილომეტრზე მეტის გავლა. ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი მტვერი, თან, სულ გვიწევს დაბალ სიჩქარეზე სიარული და ამ მტვრის სისტემაში მოხვედრა საშიშია. როგორც მიხვდით, ვგულისხმობ სინთეტიკურ ზეთს. რაც შეეხება ნახევრადსინთეტიკურ ზეთს, ოპტიმალური იქნება მისი 7-დან 9 ათას კილომეტრამდე შეცვლა. მინერალური ზეთის შემთხვევაში კი კარგი იქნება თუ 5-7 ათასი კილომეტრის ფარგლებში შევცვლით.