კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აკეთებს ევროპაში ყველაზე დიდ საფეხბურთო ტურნირს, რომლის შემოსავალი მილიარდ ევროზე მეტია და რა აკავშირებს მასთან მამუკა კვარაცხელიასა და მასიმო ფილიპის

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია და ამაში ალბათ არც არავის ეპარება ეჭვი. ჩვენი რესპონდენტები ამ სფეროში საკმაოდ გათვითცნობიერებული და გავლენიანი ადამიანები არიან. მართალია ისინი მოედანზე ბურთს არ დასდევენ, მაგრამ, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს უძღვებიან. მამუკა კვარაცხელია, რომელიც კლუბ „დინამოს“ ოფიცერია, დროის უმეტეს ნაწილს ქვეყნის გარეთ ატარებს. მიზეზი ის არის, რომ ის, ასევე, „უეფას” მედიაოფიცერია. რაც შეეხება ჩვენს მეორე რესპონდენტს, მასიმო ფილიპის, ის მთელ ევროპაში „დელტატრეს“ გრაფიკული უზრუნველყოფის მთავარი მენეჯერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მსვლელობის დროს, რაც კი გრაფიკული გამოსახულება ჩნდება ეკრანზე, ყველაფერი მისი ნახელავია. მასიმო საქართველოში პირველად იყო ჩამოსული, რომელიც თავის მეგობარს, მამუკა კვარაცხელიას არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. 

მამუკა კვარაცხელია: ევროპაში ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირი ჩემპიონთა ლიგაა. „უეფა“, რომელიც არის ევროპის საფეხბურთო ხელმძღვანელი, ატარებს 14 სახეობის ტურნირს და ერთ-ერთი მათგანია საფეხბურთო ლიგა. ჩემპიონთა ლიგის წლიური შემოსავალი მილიარდი დოლარი იყო, ბოლო დროს კი მილიარდ ევროს გადააჭარბა და კიდევ ზემოთ და ზემოთ იწევს.
– საიდან შემოდის ძირითადი შემოსავალი?
– ძირითადი ფული შემოდის სატელევიზიო უფლებებიდან. ყველა ის ქვეყანა, სადაც უნდათ, რომ მატჩები უჩვენონ, ფულს იხდის. ყველა ქვეყანას სხვადასხვა ტარიფი აქვს. გარდა ამისა, გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ 6 სპონსორი ჰყავს, რადგან, ყველას არ აქვს სპონსორობის უფლება. ესენია: „სონი პლეისტეიშენი,” „ჰეინეკენი,” „ფორდი” და ასე შემდეგ. მართალია სპონსორობის ძალიან ბევრი მსურველია, მაგრამ, ამის უფლებას მხოლოდ და მხოლოდ რჩეულებს აძლევენ. ჩემპიონთა ლიგას, რომელსაც წლიური შემოსავალი მილიარდ ევროზე მეტი აქვს, აკეთებს „უეფა,” რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ხელმძღვანელიც მე ვარ; ასევე, ჩვენთან ერთად არის, თიმარკეტინგი ჯგუფი, რომელიც „უეფასგან” ყიდულობს სატელევიზიო უფლებას და ყიდის მას მსოფლიოს 207 ქვეყანაზე. მესამე არის „დელტატრე,” რომელიც უზრუნველყოფს სატელევიზიო გრაფიკას. სატელევიზიო სიგნალსაც „დელტატრე“ აკეთებს, მასიმო კი მთელ ევროპაში „დელტატრეს“ გრაფიკული უზრუნველყოფის მთავარი მენეჯერია. რაც შეეხება მეოთხე ორგანიზაციას, ეს არის „საინი,” რომელიც ქართულ ენაზე „დაფარვას“ ნიშნავს.
– ამჟამად მასიმო პირადად თქვენთან არის თბილისში ჩამოსული. დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ?
– ერთმანეთი კიევში გავიცანით და სამი-ოთხი წელი ერთად ვმუშაობდით. დონეცკში ვიყავი, მასიმომ ტრაპიზონიდან დამირეკა, მოვილაპარაკეთ და სტუმრად ჩამოვიდა, ერთმანეთს თბილისში შევხვდით.
– მასიმო, თქვენს შესახებ მოგვიყევით.
მასიმო ფილიპი: ვარ 38 წლის, ტურინიდან, რომელსაც ორი გუნდი ჰყავს – „იუვენტუსი” და „ტორინო.” მე პირადად „იუვენტუსის“ დიდი გულშემატკივარი ვარ. სანამ თქვენ მოხვიდოდით, „უეფადან” დამირეკეს და სამუშაოდ მიმიწვიეს. რა და როგორ განვითარდება, ამას უკვე მოგვიანებით გადავწყვეტ, ჯერჯერობით კი პირობებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.
– ალბათ თქვენი სამუშაო ძალიან შრომატევადია.
– რა თქმა უნდა, შრომატევადიც არის და საპასუხისმგებლოც. ეს საქმე ათი წლის წინ დავიწყე. სერვისი დროთა განმავლებაში უმჯობესდება და, შესაბამისად, გაცილებით ბევრი სამუშაოც მაქვს. სტადიონზე რომ ტაბლოებია, მის გრაფიკასაც მე უზრუნველვყოფ.
მამუკა: გეტყვით ჩემი და მასიმოს გზები სად იკვეთება: თამაშამდე მაქსიმუმ 75 წუთით ადრე, ყველა გუნდმა აუცილებლად უნდა მომცეს შემადგენლობის სია. ამ სიას ჩემი ასისტენტის მეშვეობით ვუგზავნი მასიმოს, რომელიც მხოლოდ ამის შემდეგ იგებს, თუ ვინ შედის 18-კაციან შემადგენლობაში. „დელტატრეს“ ჰყავს სპეციალური ავტობუსი, რომელიც აუცილებლად მაქსიმუმ 50 მეტრის რადიუსში უნდა იდგეს სტადიონიდან. თამაშს დაახლოებით 14 კამერით იღებენ. ვინ რა უნდა გააკეთოს, ყველაფერი წამებშია გაწერილი – ვისი რეკლამა როდის უნდა გამოჩნდეს კადრში და ასე შემდეგ. ყველა წამს მნიშვნელობა აქვს, რადგან, ყოველი წამი ფული ღირს. წამების მიხედვით არის გათვლილი, როდის უნდა გავიდნენ მოედანზე, რომელ წამზე გადაიღონ ფოტოები, რომელ წამზე მიესალმონ მოთამაშეები ერთმანეთს. მაგალითად, მსაჯი მონეტას რომ ააგდებს, ამის მერე ზუსტად 15 წამში იწყება თამაში და ასე შემდეგ. „დელტატრეს“ ყველაფერი დახაზული აქვს: როგორ დგებიან გუნდის წევრები, ვინ სად უნდა ჩამოართვას ხელი და სხვა. ზუსტად იციან, რა დროს რა უნდა უჩვენონ. იციან ყველა მონაცემი გუნდებისა და ფეხბურთელების შესახებ. მაგალითად, ვინ რამდენი წუთი ითამაშა, ვინ რამდენი გოლი გაიტანა, საიდან არის, როდის არის დაბადებული... ერთი შეხედვით იოლი ჩანს, მაგრამ, ასე არ არის.
– მასიმო, როგორც გავიგე, უამრავი ფეხბურთელის შესახებ გაქვთ ინფორმაცია. ბევრს იცნობთ პირადად?
მასიმო: ვცდილობ, ფეხბურთელებთან პირადი კონტაქტი არ მქონდეს, რადგან, მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შევხვდეთ ერთმანეთს, თუ ერთსა და იმავე სასტუმროში ვცხოვრობთ.
მამუკა: მართლა ასეა. მაგალითად, შემიძლია, ყოველდღე მივიდე მესისთან, გადავხვიო ხელი  და ფოტო გადავიღო, მაგრამ, მასთან ერთად გადაღებული სურათი არ მაქვს. ეს იმიტომ, რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და მესი ჩემთვის ჩვეულებრივი მუშაკია. ვცდილობთ, დისტანციური ურთიერთობა გვქონდეს – „გამარჯობა, გაგიმარჯოს“.
– მასიმომ აღნიშნა, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივარია. თქვენ?
– მე ძალიან ჭკვიანურად ვიქცევი, რადგან კონკრეტულად რომელიმე ნაკრებს ან გუნდს კი არა, თვითონ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ. ადრე ჭკუა მეკეტებოდა ფეხბურთზე და ღამეები არ მეძინა. მერე, ზოგიერთი ფეხბურთელი ახლოს რომ გავიცანი, ისეთი იმედგაცრუება ვიგრძენი, რომ, მივხვდი, არ ღირდა, მათზე მთელი ცხოვრება დამეხარჯა. ტელევიზორში რომ უყურებთ, თამაშის მერე ინტერვიუს რომ იძლევიან ფეხბურთელები, ჟურნალისტამდე მე მიმყავს ყველა. ზოგი ვარსკვლავური სენით არის შეპყრობილი და ამ დროს არცთუ ისე კარგად იქცევა.
– ყველაზე პრეტენზიული ვინ არის?
– ამის თქმის უფლება არ მაქვს.
– მასიმო, თბილისში მამუკას სტუმარი ხართ და არც არავინ იცის საქართველოში თუ იმყოფებით. მართალია, სულ სამი დღით ხართ ჩამოსული, მაგრამ, ალბათ, ქალაქს დაათვალიერებდით. ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
მასიმო: ძალიან მომეწონა თქვენი ქალაქი. აქ პირველად ვარ და მამუკასთან კიდევ ჩამოვალ სიამოვნებით. მომეწონა ქართული ტრადიციული სუფრა და ქართული კერძები. მომეწონა, რომ ძალიან უშუალო ხალხი ხართ. სუფრასთანაც თავისუფლად ვიჯექი და ფორმალურად სამ-სამი დანა-ჩანგალი არ მედო. ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს. ჩათვალეთ, რომ სახლში ვარ. ისე, დავრწმუნდი, რომ ქართველები და იტალიელები ნამდვილად ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს.

скачать dle 11.3