გახდება თუ არა შორენა ბეგაშვილი ამერიკული „ფლეიბოის” ვარსკვლავი და ვის ცოლობაზე და კუნძულებზე თქვა მან უარი
სატელევიზიო სეზონი მთავრდება, „იღბლიანი ბორბალი” შემოდგომამდე აღარ დატრიალდება და მშვენიერი შორენა ბეგაშვილიც ქართველ მამაკაცთა საზოგადოებას ეკრანიდან დროებით ვეღარ გაუხარებს თვალს. სულ ახლახან შევიტყვე, რომ გამოკითხვის შედეგად ის სკანდალური ცნობილების ათეულში მესამე საპატიო ადგილს იკავებს.
– შორენა, სატელევიზიო სეზონი მთავრდება და იღბლიან ბორბალს დროებით უნდა გამოემშვიდობო. რა გეგმები გაქვს, რას აპირებ, სად მიდიხარ დასასვენებლად?
– სეზონი მთავრდება და ერევანში მივდივარ გადაღებებზე. მერე, ალბათ, თურქეთში წავალ დასასვენებლად და, სექტემბრიდან რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი. ვფიქრობ, რთული და დატვირთული რეჟიმის მერე დასვენება ნამდვილად დავიმსახურე. ერევანს რაც შეეხება, ფილმს იღებენ – ქართულ-სომხური ერთობლივი ნაწარმია, ძალიან სერიოზული ფილმია, რუსულ ენაზე გამოვა, საქართველოშიც იქნება და ნახავთ. მთავარი როლი მაქვს – მანქანების ერთ-ერთი გამტაცებელი ვარ. ძალიან საინტერესო როლია და იმიტომ დავთანხმდი, თან, საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი ფილმია. აქამდე ყველა ჩვეულებრივი როლი მქონდა, რაც ნერვებს მიშლიდა, ეს კი აბსოლუტურად განსხვავებულია და, მინდა, მაყურებელმა სხვა კუთხით დამინახოს. ამ ფილმში გაშიშვლება არ მჭირდება
– როგორც ვხედავ, ახალი ძაღლი გყავს.
– ერთი თვეა, ჩვენს სახლშია. მინი-ჩიხუახუაა და კარგად მოერგო სიტუაციას. ახლა 4 თვისაა და მეორე ცუგასაც მშვენივრად შეეგუა.
– თურქეთში რატომ გადაწყვიტე დასვენება?
– რა ვიცი, ვიყავი, დავისვენე და მომეწონა. ანტალიაში წავალ ან სადმე. საქართველოში დასვენება არ მიყვარს, ვერ ვისვენებ აჭარის კურორტებზე. სად შემიძლია, გამოპრანჭულმა ვიარო პლაჟზე ყოველდღე! გადავიცვამ საცურაო კოსტიუმს და ეგ არის. ჯერჯერობით ერთი ბიკინის მეტი არაფერი მიყიდია – აქ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ და არ მინდა. თურქეთი ახლოა, მშვენიერი სერვისია და მომწონს. იქაც კი არიან ქართველები, მაგრამ, თავიანთი ცნობისმოყვარეობით არ შევუწუხებივარ. ერთადერთხელ მოვიდნენ თურქები და ერთად ფოტოს გადაღება მთხოვეს – ეტყობა, ჩემი ბიკინი მოეწონათ (იცინის). ისედაც ძალიან მაწუხებენ თაყვანისმცემლები, ტელეფონი აკლებული მაქვს. ვერ შეაგნებინებ ამ ხალხს, რომ არ გინდა მასთან ურთიერთობა და მორჩა! ტელეფონს ვთიშავ ხოლმე, ზარს ვუწევ და მთელი დღე ეგრეა, ხანდახან ჟურნალისტების ზარებსაც არ ვპასუხობ მაგის გამო. ადრე ხშირად, უხამსი შინაარსის მესიჯებსაც მწერდნენ ხოლმე, სასწაულ რაღაცეებს. ახლა „იღბლიან ბორბალში” რომ გადავედი, უფრო სხვა შინაარსის მესიჯებს მწერენ: „იღბლიან ბორბალში როგორ მოვხვდე”, „თქვენი გაცნობა სად შეიძლება”. გადაცემის ჩაწერაზეც მოდიან ხოლმე და ცდილობენ ჩემთან დაკონტაქტებას. ადრე აგრესიაც ბევრი იყო ჩემ მიმართ, ქალების მხრიდანაც და იმ კაცების მხრიდანაც ვინც იცოდა, რომ ზედაც არ შევხედავდი. „ფეისბუქზე” მიწერდნენ კომენტარებს „ფუ, ეს რას ჰგავს”! „აწყობილია” და ასეთ რაღაცეებს. ამას წინათ წავიკითხე: რამდენჯერ მინახავს ეგ მთვრალ მდგომარეობაშიო და სიცილით მოვკვდი, იმიტომ რომ წვეთს არ ვსვამ და, კლუბშიც რომ ვარ, უგრადუსოდაც მშვენივრად ვერთობი და ვგიჟობ ხოლმე.
– პრეზიდენტთანაც ხომ არ გაკავშირებენ?
– გაჩერდი ახლა, რა, ენამ არ გიყივლოს (იცინის), დამანებე თავი, რა გინდა, ჩემთვის წყნარად ვცხოვრობ.
– იმასაც ამბობდნენ, შორენა და დუტა ერთად არიანო.
– რა სასაცილო და საზიზღარი ჭორია, მე ვიცი ჩემი ადგილი და ვალდებული არ ვარ, რამე ვამტკიცო. ევაც შეეგუა მაგ ამბავს, თვითონაც ხშირად ეხვევა ხლაფორთებში და ვასწავლი, როგორ იყოს ძლიერი. მე მგავს ხასიათით, ძალიან ერთგულია, შრომისმოყვარე და ლამაზი. თვითონ მოდელობა უნდა, მაგრამ, არ ვიცი, ჩემსავით ძლიერი აღმოჩნდება თუ არა. ხშირად მეკითხებიან, ვინ გმფარველობსო, ვინ უნდა მმფარველობდეს? ბებიაჩემი! მე ყველაფერს ჩემით მივაღწიე. ჭორაობას ის ურჩევნიათ, წავიდნენ, თმა დაივარცხნონ და ქმრებს მიხედონ! მეც ბევრი რამ არ მომწონს საკუთარ თავში, მინდა ვიყო მაღალი, არ ვარ და, შემშურდეს მაღალი გოგოების?!
– გავიგე, რომ ერთი ოლიგარქი მილიონს გთავაზობდა ერთი ღამის სანაცვლოდ.
– მარტო მილიონს?! (იცინის). თავიდან ბევრად ნაკლები შემომთავაზა, მაგრამ, ერთი ღამის სანაცვლოდ კი არა, ცოლობას მთხოვდა. ასეთი შემოთავაზებები სხვებისგანაც მქონდა. არაბი მილიონერი იყო, ჯერ მილიონი შემომთავაზა, მერე კუნძულებს მთავაზობდა, ყველაფერს მოგიტან და წინ დაგიდებო. მაგრამ, რძის რიგში ჩადგომა არ მინდოდა, ხომ ხვდები. მოკლედ, თუ საცხოვრებლად იქ გადავედი, იცოდეთ, რომ დავთანხმდი (იცინის).
– მერე ის ჩადრით სიარულს მოგთხოვდა.
– კი, უკვე აქვე ჰქონდა ეგეთი პრეტენზიები და მოთხოვნები. ვერ წარმომიდგენია, კაცმა რამე ამიკრძალოს. ყოველდღიურად გამომწვევად არ მაცვია – ჯინსებით და უბრალოდ ჩაცმული დავდივარ, სატელევიზიო ჩაცმულობა და კაბები სხვა რამეა. მცხელა, მაცვია შორტი და ბოდიშს ვიხდი, იქნებ როგორმე მაპატიონ (იცინის). არ ვარ ძალიან გადაპრანჭული. ეკრანზე რაც უნდა ჩავიცვა, მაინც ყველაფერი მასუქებს – 3 კილოთი მეტი ვჩანვარ! ვერ ვიტან, ჩემს თავს რომ ვუყურებ ეკრანზე. სიმსუქნესთან დაკავშირებით ძალიან თვითკრიტიკული ვარ. სხვა მხრივ, იმისათვის, ვისაც ვუყვარვარ და კარგად მიცნობს, გინდ შორტით მივლია, გინდ ტრუსით, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვეულებრივი დიასახლისი ვარ.
– ჰო, დიასახლისის როლი კი გაქვს „ჭამა და სექსში”. შენ და – დიასახლისის როლში, თანაც, მაგ ფილმში – როგორი წარმოსადგენია?!
– ეგ ძალიან კარგი როლია, მართლა. რაღაც-რაღაცეები ვერ მოვასწარი და ცოტა ვნანობ. ფრჩხილები და თმა მოუწესრიგებელი უნდა მქონოდა, ცოტა დიასახლისურად უნდა ვყოფილიყავი. დრო არც მქონდა, მივედი, გადავიცვი და გადავიღეთ.
– თმის ფერი შეგიცვლია...
– არა, ეს ჩემი ბუნებრივი ფერია, ადრე ვიღიავებდი, ვიყავისფრებდი, ექსპერიმენტებს ვატარებდი, მაგრამ, მომბეზრდა, თან კარგი ხარისხის თმა მაქვს და, არ მინდა, გავიფუჭო. აკეცილიც არ მიყვარს, რომ მაქვს, ასე გიჟურად გაწეწილი უფრო მომწონს. მინდოდა თმის შეჭრა, ერთხანს გრძელი „კარე” მქონდა და ძალიან მინდოდა შემეჭრა, მაგრამ, მენანება თმა.
– გაქერავებაზე არ გიფიქრია?
– არა, სულით შავგვრემანი ვარ (იცინის). „კაბარე – „ხუთ ვარსკვლავში” დიდი ჩხუბი მქონდა, ისტერიკა, ძლივს დამახურეს ის თეთრი პარიკი.
– მგონი, მოთამაშეებშიც არიან შენი თაყვანისმცემლები, ლექსებს გიკითხავენ ხოლმე.
– კი, დაიჭერენ ფურცელს, ან, ისე ჩამოარაკრაკებენ – „შენს ძუძუ-მკერდს ვენაცვალეო” და სად შევძვრე ხოლმე, აღარ ვიცი (იცინის). რაღაცეებსაც მჩუქნიან ხოლმე, ერთმა მაგალითად, ექიმის ხალათი მაჩუქა, – ექიმი იყო თვითონ, მერე მთელი დღე იმ ხალათით დავდიოდი, ხალხს დავდევდი, ვის გიმკურნალოთ-მეთქი. კიდევ, ინდაური მაჩუქეს. ზოგადად ბევრ რამეს მჩუქნიან, ძირითადად, ღვინოები და ტორტები მოაქვთ, სპონსორებიც ძალიან მანებივრებენ. „იღბლიანი ბორბლის” შემდეგ ძალიან შემიყვარა მაყურებელმა, მიუხედავად იმისა, რომ იმიჯი არ შემიცვლია და თავი არ გადამიხოტრავს.
– ერევანში რამდენი ხნით მიდიხარ?
– ალბათ, 10 დღით. ამ ქალაქში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. კლიპში გადამიღეს იქ, ლამის „იქაური ვარ”. იქაურ ჟურნალებს მივეცი ინტერვიუ, ყდისთვისაც გადამიღეს და კარგი სურათები გამოვიდა, „ენ სთაილი” და „ფეშენ სთაილი” – მგონი, ასე ერქვა. სხვათა შორის, ძალიან მომეწონა სომეხი ქალები – ვისთანაც კი მქონდა შეხება, ყველა, ძალიან მოვლილი და გემოვნებით ჩაცმული იყო, თბილისში ბარე ორი ქალი არ დადის ეგეთი. მე ძალიან მომწონს იქ. „ვივარობეთის” წარმომადგენლები ზუსტად ერევნიდან ჩამოსვლის მერე დამიკავშირდნენ, ახლა გვიმთავრდება კონტრაქტი და უკვე მიდის მოლაპარაკება სხვა ფირმებთან.
– ვიცი, რომ ამერიკული „ფლეიბოისთვის” გადაღებაზეც იყო საუბარი.
– იყო არა, ახლაც არის. გავგზავნეთ მონაცემები და ძალიან დაინტერესდნენ, ჩემი ვიზუალის ტიპიდან გამომდინარე. იციან, რომ უკვე გადაღებული ვარ ქართული „ფლეიბოის” გამოცემისთვის. ძალიან მწყდება გული, რომ დაიხურა ქართული ვერსია, მინდოდა, 40 წლის რომ გავხდებოდი, კიდევ გადამეღო თავიდან, მაგრამ არ გამოვიდა.
– გიფიქრია უცხოეთში კარიერის გაგრძელებაზე?
– სიმართლე გითხრა, არა. არადა, მქონდა შემოთავაზებები მოსკოვიდან, ერევნიდან, სტამბულში მქონდა ფოტოსესია და შემომთავაზეს, მოდელად გადავსულიყავი თურქეთში, მაგრამ, მაშინ უკვე ბავშვი მყავდა და, როცა შენს ქვეყანაში კარგად ხარ აწყობილი, აღარ გინდება წასვლა.
– ევასთვის გრჩება საკმარისი დრო?
– საშინელი დედა ვარ – ბავშვს საჭმელს ვერ ვუმზადებ, განა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, არ მეხერხება უგემური გამომდის (იცინის). მშობელთა კრებაზეც უფრო მამამისი დადის. თუ საჭირო გახდება, ყველაფერს მივატოვებ და ევასთან გამოვიქცევი.