რატომ გაიპარა ერეკლე დეისაძე საქორწინო სუფრიდან და რატომ დადიოდა ის პაემანზე ქალის სამოსით
სამი წლის წინ, რამდენიმე სკანდალური ფრაზა დაწერა და ბოლო წლების ყველაზე ეპატაჟურ და ხმაურიან ავტორად იქცა. ამ ფრაზებისთვის ერეკლე დეისაძეს საზოგადოება აუჯანყდა, მაგრამ ეს ჯანყი მალე დასრულდა. ერეკლემ თავისი მიიღო – პოპულარობა და თაყვანისმცემელთა დიდი არმია, რომელშიც ერთი მომხიბვლელი და ლამაზი გოგო, სახელად კრავაი, ნამდვილად არ ერია. უფრო მეტიც, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მასზე. თუმცა, დღეს კრავაი ტყემალაძე უკვე მისი ცოლია. ერეკლემ 18 წლის კრავაი ცხოვრების მეგზურად, სულ რაღაც, ათი დღის წინ აირჩია და მისი წყალობით, ბევრი სტერეოტიპის დანგრევაც შეძლო. ეს ის სიყვარულია, რომელიც უკეთესობისკენ მცვლისო, ამბობს და ამ სიყვარულის ისტორიას ექსკლუზიურად გვიმხელს.
– ერეკლე, გილოცავთ დაოჯახებას! როგორ დაქორწინდა ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური ავტორი?
ერეკლე: აი, ასე, უცებ ადგა და დაქორწინდა. ხუთი თვეა, რაც კრავაი გავიცანი. კი, ამბობენ, „ფეისბუქი“ კეტავს ადამიანებსო, მაგრამ ასე არ ყოფილა. მე პირიქით, ოჯახი შემაქმნევინა. ასე რომ, მადლობა ცუკერბერგს (იცინის).
კრავაი: ერთმანეთი „ფეისბუქით“ გავიცანით. ტელევიზორის მოყვარული არ ვარ, შესაბამისად ერეკლეს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ჩემი დაქალები ახსენებდნენ ხშირად ერეკლეს – ზოგს მოსწონდა, მე რატომღაც ვიჯღანებოდი მისი სახელის გაგონებაზე. დედაჩემის მეგობარს ჰყავდა ერეკლე მეგობრებში, შემთხვევით წავაწყდი და დამეგობრება გავუგზავნე. იყოს რა – რომ იფიქრებ, ასე, თუმცა მერე როცა თვითონ დამამატა, მე სულ გადამავიწყდა.
ერეკლე: ძალიან მალე, პირველივე კონტაქტისას მივწერე: ჩვენ შეიძლება შეყვარებულები გავხდეთ-მეთქი. ამაზე ძალიან გაბრაზდა. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ ორივე ერთ დღეს, 2 აპრილს ვართ დაბადებული. ვიფიქრე, ბევრი საერთო გვექნებოდა და მართლაც ასე აღმოჩნდა. კრავაი ძალიან საინტერესო ადამიანია.
კრავაი: „ფეისბუქზე“ მომწერა: აქ გოგოები გამბედავები ხართ, რეალურ ცხოვრებაში კი სასაცილოები და მორცხვებიო. მე ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური ვარ და მისმა ამგვარმა შეფასებამ ძალიან გამაბრაზა. პირველ პაემანზე, მეგობართან ერთად ჩამოვედი თბილისში. ერეკლე მთვრალი მოვიდა პაემანზე. თვითონაა მორცხვი და სიმთვრალეში უფრო გამბედავი რომ ყოფილიყო, ამიტომ დალია. ნასვამი რომ დავინახე, მეწყინა, როგორც კი მიტრიალდა პანჩური ამოვარტყი (იცინის).
– ამ ამბის შემდეგ ამ პაემანს მეორეც მოჰყვა?
ერეკლე: ხომ ასე მოიქცა? მე ვიფიქრე, ვაა, რა მაგარი გოგოა-მეთქი. გარეგნულად ტკბილი, კრავივით და გაზაფხულივით გოგო მოდის და პანჩურს გირტყამს, როგორია? ღირსი კი ვიყავი, მთვრალი არ უნდა მივსულიყავი. ასე, პანჩურით დაიწყო ჩვენი სიყვარული.
კრავაი: შეყვარებული იყო ძალიან საყვარელი და სასაცილო, ისეთ რაღაცეებს აკეთებდა ხოლმე, დეიდამისთან რომ მივიდოდი, მე რომ გავემხიარულებინე – ხან რა ტანსაცმელსა და ნიღაბს მოირგებდა და ხან – რას. ერთ-ერთ პაემანზე დეიდაშვილი გოგონას ტანსაცმელიც კი ჩაიცვა და პომადა წაისვა. ბავშვივით უხარია ასეთი რაღაცეები. რაიმე გონებამახვილურს რომ იტყვის, უნდა ნახოთ, როგორ უხარია.
ერეკლე: ერთ დღესაც კრავაი რუსთავიდან ჩამოვიდა. გალაკტიონის პერფორმანსი იყო საჯარო ბიბლიოთეკაში. სიტუაცია არ მომეწონა, მოვკიდე კრავაის ხელი და წავედით საქველმოქმედო აქციაზე. ბოლო პერიოდში ამ საქმით ვარ დაკავებული. იქიდან მეგობართან წავედით, როცა მოვიდა დრო, რომ კრავაი სახლში, რუსთავში უნდა დაბრუნებულიყო, ძალიან მომინდა მისი დატოვება. ვთხოვე და დარჩა. წავედით წავკისში მეგობართან. გალაკტიონის პერფორმანსიდან ოჯახის შექმნამდე ძალიან მოკლე მანძილი იყო (იცინის).
– კრავაი, იოლად შეაბი ერეკლე ოჯახის „უღელში”?
კრავაი: კი, თვითონ უნდოდა ოჯახის შექმნა. მე უფრო მეშინოდა, უფრო სწორად, რაღაც უცნაური განცდა მქონდა.
ერეკლე: როცა უამრავი, ყველანაირი გოგო ტრიალებს შენს გვერდით და მერე გაიცნობ ერთს, რომელსაც აქვს ის, რაც მათ ყველას ერთად არ აქვთ, ხვდები, რომ ეს ისაა. ყოველდღიურობიდან ისე ვიყავი ამოვარდნილი, მივხვდი, ფორმაში უნდა ჩავმდგარიყავი და ამაში კრავაი დამეხმარებოდა. ასეც ხდება. ამ სიყვარულმა ძალიან შემცვალა, უფრო ადამიანური და უკეთესი გავხდი, ვიდრე ვიყავი. კრავაი ჭკვიანი, განვითარებული გოგონაა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როცა ჩარჩოებს გარეთ გავდივარ და ვერ ვხვდები, რომ უნდა გავჩერდე, კრავაია ჩემი „ტორმუზი” – სწორ რჩევებს მაძლევს, მეც დამჯერი ბიჭი ვარ (იცინის).
კრავაი: ახლოს რომ გაიცნობ ერეკლეს, მიხვდები, სულ სხვა ტიპაჟია. სულ თამაშობს, თამაშობს ისეთ ტიპს, როგორიც ჰგონიათ. ეს მისთვის პროტესტის ფორმაა, თორემ სინამდვილეში, სულ სხვანაირია. ძალიან არ მომწონდა მოგრძო თმით რომ დადიოდა. მანდო თავისი თავი, მაგრამ ცუდად მოვჭერი თმა. ადგა და წავიდა პარიკმახერთან.
– ერეკლე, ასეთ მსხვერპლებზე მიდიხარ კრავაის გამო? მგონი, სულ დაგინგრიოს კრავაიმ სკანდალური იმიჯი და ისეთი ტრადიციული გახდე, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენს.
ერეკლე: ეს ერთგვარი სასჯელია ჩემთვის, ოღონდ სასიამოვნო სასჯელი (იცინის). ქორწილი არ მინდა, ვიღაცეები უნდა დააძღო და მერე წავლენ-წამოვლენ სახლებში. ამას ჯობია, სადმე, საინტერესო ადგილებში წავიდეთ ორნი. როცა ქუთაისში ჩემს მშობლებთან ჩავედით, ბევრი ნათესავი შეიკრიბა. როგორც ხდება ხოლმე, გაიშალა დიდი სუფრა, დავიღალე ადგომა-დაჯდომით – იმდენჯერ გვადღეგრძელეს, ვბუქნაობდი. ზუსტად ვიცოდი, შემდეგი სტუმარი რა სიტყვებით დაგვლოცავდა, ავდექით და გავიპარეთ (იცინის).
კრავაი: ერეკლეს არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. ეზოში როგორც კი შევედი, დედამისმა შოკოლადი გახსნა და პირში ჩამიდო. ეს რომ ერეკლემ დაინახა, თავისი წილი შოკოლადი გამოგლიჯა და მოისროლა. არ მინდა ასეთი ტრადიციული რიტუალებიო. ერეკლეს ნათესავებმა ბევრი ბეჭედი მაჩუქეს. ერეკლემ შემომთავაზა: რად გვინდა ამდენი ბეჭედი, ავდგეთ და გავყიდოთო (იცინის).
– მზრუნველი ქმარი გამოდგა ერეკლე?
– კი. ორი დღის წინ გავცივდი. დილით გამაღვიძა აუტანელმა სიცხემ და თუხთუხის ხმამ. გავედი სამზარეულოში, ერეკლეს ყველანაირი ხილი დაუჭრია და კომპოტს აკეთებდა. აი, ასეთი მზრუნველი ბიჭია. მე ჯერ საჭმელების გაკეთება არ ვიცი, მაგრამ მპირდება, მე ვიცი და სანამ შენ ისწავლი, ამ საქმეს მე მივხედავო. ჭურჭლის რეცხვაც კარგად გამოსდის (იცინის).
– ერეკლეს ნაწერები წაკითხული გაქვს?
– უფრო ლექსები. ერეკლეს მუსიკა და პოეზია მომწონს. ნელ-ნელა წავიკითხავ მის მოთხრობებსაც. საერთოდ, კითხვა ძალიან მიყვარს, ესეც გვაქვს საერთო.
ერეკლე: ამას ჩემზე მეტი აქვს წაკითხული. დებატები გვაქვს ხოლმე. იშვიათ ავტორს რომ მოვჩიჩქნი და მასზე საუბარს ვიწყებ, მგონია, წაკითხული არ აქვს და პირველად ჩემგან იგებს, ფინალთან ახლოს კი ისეთ კითხვას დამისვამს, ხოლმე, ვხვდები, რომ წაკითხული ჰქონია (იცინის).
– უკვე ბევრი გოლი გაუტანია შენს კარში.
– კი, ბომბარდირია. წელს სტუდენტიც გახდება, გამოყენებით ფსიქოლოგიაზე აბარებს. მერე მუშაობას დავიწყებთ. შემოქმედებითად ახლა ძალიან დამუხტული ვარ, სულ მგონია, რომ ამ მხრივაც ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება.
– კრავაის მიუძღვენი რამე?
– ძალიან მაგარ მუსიკას ვუწერ. ცოტა მოისმინა სტუდიაში მუშაობის დროს, მაგრამ საბოლოო ვერსიას სიურპრიზად დავუტოვებ.
– ოჯახის დაგეგმვაზე ფიქრი დაიწყეთ?
– კი, შემოდგომაზე ცალკე გადავალთ საცხოვრებლად. იქამდე წავიყვან ბათუმში, ზუგდიდში. ყველა ის ადგილი მინდა, მოვატარო, სადაც ძალიან მომწონს ყოფნა. ის, რაზეც ორივე შევთანხმდით, არის, რომ ჯერ შვილს არ გავაჩენთ. შვილი, ვფიქრობ, რომ დაოჯახებაზე უფრო სერიოზული გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა. ამ ქვეყანაში ხომ ასეა – რადგან ცოლი და ქმარი ჰქვიათ, მაშინვე შვილი უნდა გააჩინონ. მერე თვითონ არ იციან ბავშვის გაზრდა და ბებიებს მიაბარებენ. ჩვენ გვინდა, ჯერ მოვძლიერდეთ, ვისწავლოთ, ვიმუშაოთ და მერე ვიფიქრებთ შვილზე. მან ჩვენს გამო რაღაცეებზე პასუხი არ უნდა აგოს...