შეირთავს თუ არა სუმოს კლუბის პრეზიდენტად გახდომის გამო იაპონელ ქალს ცოლად ქართველი სუმოისტი გაგამარუ და რატომ აკავშირებენ მას იაპონელები ხშირად ლედი გაგასთან
სუმოს ისტორია საუკუნეებს ითვლის და მის უძველეს ტრადიციებს, სუმოისტები ყოველთვის იცავენ. როგორც ცნობილია‚ თავად სუმოისტების ცხოვრების სტილი საკმაოდ მკაცრია, მათ გაწერილი აქვთ ყოველი დღის განრიგი და ესეც იაპონიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს უკავშირდება. იქ არსებულ კლუბებში უცხოელების მოხვედრა არც ისე ადვილია, თუმცა‚ როგორც ცნობილია‚ იაპონიაში წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობს სამი ქართველი სუმოისტი: ლევან ცაგურია (კოკაი), ლევან გორგაძე (ტოჩინოში) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). თემური, რომელიც დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია, საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.
თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ): 7 თვის ვიყავი‚ როდესაც ოჯახი საცხოვრებლად კალინინში გადავიდა, 7 წლის რომ შევსრულდი, ზესტაფონში დავბრუნდით. მესამე კლასამდე ზესტაფონში ვსწავლობდი, შემდეგ კი თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. ბავშვობიდან აქტიურობით გამოვირჩეოდი, სულ სპორტით ვიყავი დაკავებული. როგორც კი ზესტაფონში ჩამოვედი, ფეროსთან ძიუდოს დარბაზი იყო და მაშინვე იქ დავიწყე ვარჯიში. საქართველოში სხვადასხვა ტურნირში ვმონაწილეობდი და გარკვეული წარმატებები მქონდა, თუმცა‚ ვერ გეტყვით, რომ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვდიოდი. ლევან ცაგურიასა და სუმოს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მის ძმასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ისევე‚ როგორც მამაჩემს – მამამისთან. 18 წლის ვიყავი‚ როდესაც შემომთავაზეს იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა – ჭაბუკთა ჩემპიონატი ტარდებოდა სუმოში, ოღონდ‚ მოყვარულთა. რადგან ტანით დიდი ვიყავი, თან, ძიუდოში ვვარჯიშობდი, ტრენაჟორებზეც დავდიოდი და კუს ტბაზე სულ დავრბოდი, შემომთავაზეს, თუ გახვალ ჩემპიონატზეო და მეც დავთანხმდი. ასე აღმოვჩნდი იაპონიაში.
პირველი სირთულეები
სიმართლე გითხრათ‚ იმ დროს წვრილთვალება ადამიანები მხოლოდ ერთი-ორი მყავდა ნანახი, მათ ტრადიციებსა და ცხოვრების წესზე აღარაფერს ვამბობ. პირველი ორი დღე ამას ვერ აღვიქვამდი, რადგან ბიჭები და ტრენერიც აქ იყვნენ, მაგრამ, რომ გავიდა სამი დღე და წარმოვიდგინე – უნდა დავრჩენილიყავი, შოკში ჩავვარდი, ძალიან დავითრგუნე, შეჯიბრებაზე გამოსვლაც კი არ მინდოდა, არაფერი აღარ მაინტერესებდა. იქ დარჩენა არ არის ადვილი. სულ 50 კლუბია და თითო კლუბში ერთ უცხოელზე მეტს არ იღებენ, სულ იაპონელები არიან. ბევრი კლუბი უცხოელის მიღებაზე კატეგორიულ უარს ამბობს. ამიტომ‚ ამ მხრივ ბევრი სირთულეა. მაგალითად‚ ჩემს კლუბში მხოლოდ მე ვარ უცხოელი, ხუთი-ექვსი წლის მერე თუ გადავწყვეტ წამოსვლას და ჩემს პრეზიდენტს თუ ენდომება სხვა უცხოელის შემოყვანა, ის მხოლოდ მაშინ შემოვა, როცა ჩემი ადგილი გათავისუფლდება. აქ ძალიან ბევრი უნივერსიტეტია და ყველას აქვს სპორტის თავისი განყოფილება. იმ უნივერსიტეტში‚ სადაც მე დავრჩი, სუმოს განყოფილება ჰქონდათ. ძალიან კარგი პირობები იყო, მაგრამ, არც ტელეფონი მქონდა და არც არანაირი კავშირი სახლთან, თან 18 წლის ვიყავი. ტელევიზორი კი მქონდა, მაგრამ, ყველა გადაცემა იაპონურ ენაზე იყო, ირგვლივ მხოლოდ იაპონელებს ვხედავდი. ისე დავითრგუნე, იმდენად მინდოდა ქართველის ნახვა, რომ ქუჩაში ჩვეულებრივი სახის ადამიანი რომ დავინახე, ლამის გავეკიდე – ქართველი ხომ არ ხარ-მეთქი. ამ პერიოდში ლევანი ნაგოიაში იყო, მე ტოკიოში ვიყავი და ვერ მოახერხებდა ჩემს ნახვას, კლუბში კი დამირეკა. ერთ თვეში ჩემთვის კლუბი უნდა მოენახათ, თუ არა და, საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. დღე და ღამე ვვარჯიშობდი, არც ტელეფონი მქონდა, არც კომპიუტერი, სულ ორჯერ ვესაუბრე ჩემებს. თვითონ ხალხი ძალიან თბილად მექცეოდა‚ მაგრამ, ისიც არ ვიცოდი‚ რას მეუბნებოდნენ, რას ვაკეთებდი, რას ვჭამდი. ერთი თვის თავზე, როდესაც ვიფიქრე, რომ საქართველოში მომიწევდა დაბრუნება, ლევანი (კოკაი) მოვიდა და მითხრა: შენ ამ კლუბში გადადიხარ, ეს იქნება შენი ტრენერი და, თუ მოეწონები, აგიყვანსო. წამიყვანეს, ოღონდ, წარმოდგენაც არ მქონდა‚ სად მივყავდი, შემდეგ ამიყვანეს კლუბში. საერთოდ, სუმოში ძალიან რთული წესებია, ტელეფონსაც არ მოგცემენ, შენ უნდა მოიპოვო; არც ტელევიზორს, არანაირ საკომუნიკაციო საშუალებას არ გაძლევენ, თუ არ მიაღწევ ამას, ვერ მოიპოვებ უფლებას. ანუ, რანგის მიხედვით გაძლევენ სხვადასხვა რაღაცის უფლებას. ესენი სულ ამბობენ: თუ გინდა, რამეს მიაღწიო ცხოვრებაში, ყველაფერს უნდა გაუძლო, ნაჩუქარს სათანადოდ ვერ დააფასებო. ახლა რომ ვუფიქრდები‚ მართლა ასეა, უბრალოდ‚ მაშინ ძალიან ძნელი იყო.
სუმოს მკაცრი წესები და საუკუნოვანი ტრადიციები
სუმოს საკმაოდ მკაცრი წესები და ტრადიციები აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვა, მაგალითად‚ უმცროს-უფროსობა. როგორც კი შემოვედი კლუბში, მაშინ ის ახალი იყო და‚ სიმართლე გითხრათ, იმ დროს ჩემზე ძლიერი არავინ იყო. მაგრამ, აქ ძლიერსა და სუსტს არ აქვს მნიშვნელობა. თუ კლუბში ვინმე შენზე ადრეა შესული, ის მეტი პრივილეგიით სარგებლობს. სუმოისტის ცხოვრება დილის 6 საათზე იწყება: დგები, ოთახს ალაგებ და იწყებ ვარჯიშს. 11-12 საათამდე ვარჯიშობ და შემდეგ მიდიხარ სამზარეულოში (ანუ, ეს ხდება მანამ‚ სანამ ელიტაში გადახვალ), სხვა ბიჭებთან ერთად ამზადებ საჭმელს, შლი სუფრას. სუფრასთან ჯერ ჯდება კლუბის პრეზიდენტი, შემდეგ – თუ ვინმე ელიტიდან არის. შენ თუ დაბალ რანგში ხარ, არ გაქვს სუფრასთან დაჯდომის უფლება, სანამ ისინი არ ადგებიან. ანუ, თავიდან ამ კუთხით მიდის გამოცდა. ხშირად მომხდარა, რომ კლუბში იყო უცხოელი, რომელიც კლუბის ასეთ კანონებს არ დაემორჩილა და ტრენერმა გაუშვა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი‚ თუ ამას შევძლებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სპორტია და ამიტომაც უნდა გააკეთო ის‚ რასაც გავალებენ. შეიძლება ვინმე ჩემზე პატარა ყოფილიყო, მაგრამ, კლუბში ჩემზე ადრე შესული და ამიტომ მას შეეძლო, ჩემთვის რამე დაევალებინა, მე კი ვერ დავავალებდი. მოკლედ, ეს სირთულეები გადავლახე და პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ კლუბში უნდა მივეღე. მას შემდეგ ამ კლუბში ვარ, რადგან აქედან წასვლა წარმოუდგენელია – ერთ კლუბში ხარ და ხარ. მაგრამ, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ გაგაგდოს, მაშინ, წარმოუდგენელია სხვა კლუბმა მიგიღოს თავისთან ან უკან დაბრუნდე, ფაქტობრივად‚ სუმოს ემშვიდობები. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს. პრეზიდენტის სიტყვა შენთვის კანონი უნდა იყოს, ის ღმერთივით არის. ვარჯიშის დროს ბამბუკის ჯოხი უჭირავს და თუ არ ვარჯიშობ ისე‚ როგორც საჭიროა, ეს ჯოხი შეიძლება ისე გადაგარტყას, რომ სიკვდილი გერჩივნოს, მაგრამ, ხმის ამოღება არ შეგიძლია. ძალიან რთულია, ნერვების დიდი წრთვნაა. სუმოს 30 პროცენტი სპორტია, 70 კი – ტრადიცია. მე‚ მაგალითად‚ მაღაზიაში, ქუჩაში სპორტულებით ჩასვლის უფლება არ მაქვს, მხოლოდ სახლში მაცვია. კიკინაც სულ უნდა გვეკეთოს, თუ კიმონოს გარეშე‚ სხვა სამოსით ან სპორტულებით ვინმემ დაგაფიქსირა, გაგაგდებენ. ეს ხდება იაპონიის ფარგლებში, საქართველოში კი შემიძლია, ჩავიცვა‚ რაც მინდა. სხვათა შორის‚ კიმონოს ქამარი ჩემი დიზაინით გავაკეთებინე, ძალიან მინდოდა ქართული დროშა ყოფილიყო. აქ არის ქალაქი კიოტო, წარმოიდგინე‚ როგორც მცხეთა, ტრადიციული, ძველი ქალაქია, სამსართულიან სახლზე მაღალ შენობას ვერ ნახავ. აქ ბევრი ადგილია, სადაც კიმონოებს კერავენ. ბევრი ვეძებე და, ბოლოს, როგორც იქნა‚ ერთმა შემიკერა ისეთი, როგორიც მინდოდა – ქართული დროშებით. როდესაც ელიტაში გადადიხარ‚ შეგიძლია, კიმონო შენი დიზაინით შეიკერო. ნება დამრთეს, ქართული დროშა გამეკეთებინა, ამ მხრივ თავისუფლებას გაძლვენ.
სუმოს საფეხურები, გაგამარუ – ელიტაში
აქ ყოფნიდან ერთი წლის თავზე მამა დამეღუპა ავტოკატასტროფაში. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო და ამიტომ‚ ცოტა გამიჭირდა ელიტაში გადასვლა. ელიტამდე მისასვლელად ოთხი საფეხური უნდა გაიარო, რაც ძალიან რთულია. ერთი წელი დამჭირდა გადასასვლელად. ახლა ვცდილობ‚ კიდევ უფრო წინ წავიდე. საერთოდ‚ სუმოისტებს ელიტაში გადასვლამდე ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, როდესაც ელიტაში ხარ, ხელფასიც მეტი გენიშნება, უფრო მეტი პრივილეგიებითაც სარგებლობ, გენიშნება დამხმარე, რომელიც სუმოისტია, ოღონდ‚ დაბალი რანგის. ის გეხმარება შენი ოთახის დალაგებაში, ტანსაცმლის გარეცხვასა და ასეთ საყოფაცხოვრებო რაღაცეებში. კომოსუბი რომ გახდე‚ ესეც ძალიან რთულია და, მიხარია, რომ სამივე ქართველმა მოვიპოვეთ ეს ტიტული. როცა ელიტაში ხარ, იაპონიის საზოგადოებრივ სამაუწყებლო არხზე, მთელი შეჯიბრების განმავლობაში‚ სულ ეკრანზე ხარ და ეს კიდევ უფრო პოპულარულს გხდის. რაც მთავარია‚ ხალხს ძალიან უყვარხარ. აქ ლედი გაგაზე გიჟდებიან, გაგამარუც ლედი გაგას დაუკავშირეს და სულ გაგიჟდნენ, არადა, ჯერ მე ვიყავი და მერე – ლედი გაგა. საერთოდ‚ სუმოისტებს არქმევენ სახელს, რომელიც უკავშირდება იმ ცნობილ რეგიონს, ქალაქს, ან ეკლესიას, საიდანაც სუმოისტი არის, მაგალითად‚ „კოკაი“ არის შავი ზღვა. მე, რომ ჩამოვედი, მკითხეს, რა დაგიძახოთო. პასპორტში კი მიწერია თემური, მაგრამ ასე არავინ მეძახის. დედაჩემს ძალიან მოსწონდა სახელი გაგა და სულ ასე მეძახდა. ამიტომაც პრეზიდენტმა დამარქვა გაგამარუ, მარუ მრგვალს ნიშნავს. წარმოიდგინეთ‚ ამდენი წელია‚ სუმო არსებობს და სულ 69 იოკუძუნა ჰყავს, ანუ, დიდი ჩემპიონი. მხოლოდ სიძლიერით ვერ გახდები იოკუძუნა, ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო და‚ რაც მთავარია‚ ღმერთის დახმარებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ‚ კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, ჯერ დასახული მიზნისთვის არ მიმიღწევია, თუმცა, გარკვეულწილად კმაყოფილი ვარ, მაგრამ საკუთარ თავს უფრო მეტს ვთხოვ.
მე და ლევანს (ტოჩინოში) შეჯიბრების დროს, როდესაც ცხრილში ერთმანეთის წინააღმდეგ გამოვდივართ, ამ ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთთან შეხვედრა აკრძალული გვაქვს‚ რადგან ხალხის თვალში ასეთი წარმოდგენა იქმნება: თუ მეგობრები არიან, დოჰიოზე როგორ იჭიდავებენო. ეს სხვა მოწინააღმდეგესაც ეხება, ნებისმიერთან გეკრძალება ურთიერთობა. მე და ლევანი ერთმანეთს საქართველოდან ვიცნობთ, ერთად ვჭიდაობდით ძიუდოშიც, სამბოშიც, მაგრამ‚ როდესაც დოჰიოზე ავდივართ‚ ორივეს ერთი განწყობა გვაქვს – მოგება გვინდა. ამდენი ხალხია და ამ დროს სულ ვფიქრობ: „რატომ მაინცდამიანც ქართველი?!“ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და ძალიან რთული იყო, რომ იტყვიან, ღმერთმა არ შემახვედროსო. თუმცა, მოგება-წაგებით ჩვენი ურთიერთობა და ძმაკაცობა არ წყდება.
სნოუბორდი, გართობა და გოგონები
ძალიან მიყვარს სნოუბორდი – ზამთრის სპორტი. დიდი კი ვარ, მაგრამ, ჩემი ზომის ყველაფერი მაქვს და ცუდად არ გამომდის. ნაგანოში ავდივარ, ხშირად ვსრიალებ, თუმცა, ვცდილობ‚ ტრავმა არ მივიღო, ამიტომ, ტრიუკებს არ ვაკეთებ, უბრალოდ‚ გულს ვახარებ – ჩამოვსრიალდები და თან სხვას ვუყურებ, როგორ სრიალებს. მიყვარს ზამთარი, თოვლი, სიმშვიდე, ნაგანოში საოცარი გარემოა, მშვიდი, ულამაზესია ახლაც კი. იაპონიაში ძალიან უყვართ აბანოები, წარმოიდგინე, გარშემო თოვლია და შიგნით – აბანო, ამისთვისაც ავდივარ ხოლმე. ბილიარდის თამაშიც მიყვარს და მეგობრებთან ერთადაც ვერთობი‚ როცა მცალია. წელს ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ახლა ნაგოიაში ვარ შეჯიბრებაზე. რომ დამთავრდება‚ მერე მივდივართ იმ ადამიანებთან შეხვედრაზე, ვისაც არ შეუძლიათ ტურნირზე დასწრება, ანუ, მოხუცებთან, უნარშეზღუდულებთან. აქ‚ იცი, როგორი წარმოდგენა აქვთ? ბავშვები მოჰყავთ და ხელში გვაჭერინებენ, რადგან, მიაჩნიათ, რომ, თუ სუმოისტი დაგიჭერს ხელში, დიდი გაიზრდები. ხელს გვკიდებენ ხოლმე: როგორი ძლიერი ხარ, უფრო დიდიხანს ვიცოცხლებ, შენგან ძალა გადმოვაო. ფედერაციის ეგიდით სხვადასხვა რეგიონში, რაიონებში დავდივართ, საჩვენებელი გამოსვლებიც გვაქვს, რაც სუმოს პოპულარიზაციას ემსახურება. სხვათა შორის‚ სუმოისტებს მანქანის ტარების უფლება არ გვაქვს. ტელეფონსა და კომპიუტერს არ გვიკრძალავენ, მაგრამ მანქანის ტარებას – კი. სუმოისტებს აქვთ იმის მატერიალური საშუალება, რომ კარგი მანქანით იარონ, მაგრამ ეს იკრძალება, თუმცა, შეგიძლია, მძღოლი გყავდეს, შენ არ უნდა მართო.
დაოჯახებული ჯერჯერობით არ ვარ, თუმცა‚ ვინ იქნება ჩემი მეუღლე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ელიტაში გადადიხარ, შეგიძლია‚ კლუბის პრეზიდენტი გახდე, მაგრამ, იაპონელი უნდა იყო, ან‚ თუ უცხოელი ხარ‚ იაპონელი ქალი უნდა მოიყვანო ცოლად, სხვანაირად, პრეზიდენტი ვერ გახდები. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ, იმის გამო, რომ კლუბის პრეზიდენტი გავხდე, იაპონელს ვერ მოვიყვან ცოლად. ტრენერი მეუბნება, დარჩი ბოლომდე, კლუბის ტრენერი გახდი, მე რომ წავალ, ჩამენაცვლეო, მაგრამ, უარი ვთქვი, ამაზე არც მიფიქრია. გამორიცხულია, რომ იაპონელი გოგონა შემიყვარდეს. მაინც ქართველზე ვფიქრობ – ქართველი ცოლი უნდა მყავდეს. ამასაც თავისი დრო აქვს, ჯერჯერობით ამ საკითხით დიდად არ ვარ დაინტერესებული.