ვინ დააშორა ერთმანეთს შეყვარებული წყვილი და რისი იმედი აქვს ჯარში მომსახურე 20 წლის ბიჭს
20 წლის რომა შიოშვილი ეძებს 16 წლის მერი გორგაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს შეყვარებულს, 16 წლის მერი გორგაძეს. უკვე კარგა ხანია, მის შესახებ არაფერი ვიცი. მე და მერის გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, ჩვენი სიყვარულის წინააღმდეგნი იყვნენ მერის მშობლები, რომლებმაც ერთმანეთს დაგვაშორეს. დიდი იმედი მაქვს, რომ მერის პოვნაში დამეხმარებით. დამოუკიდებლად მე ის ვერსად ვიპოვე. ამჟამად ვიმყოფები ჯარში, ვიხდი სავალდებულო სამსახურს და მხოლოდ თქვენი რუბრიკის იმედი მაქვს.
– მოგვიყევი შენი ისტორია, როგორ დაკარგე შეყვარებული, რა მოხდა თქვენ შორის?
– მე და მერის ერთმანეთი გვიყვარდა. გასულ წელს მე ის ცოლად შევირთე, მაგრამ, მისი ასაკიდან გამომდინარე, მისმა მშობლებმა მერი უკან წაიყვანეს. 20 მარტის შემდეგ კი მის შესახებ აღარაფერი ვიცი და ძალიან მინდა მისი პოვნა. ყველანაირი ხერხი ვცადე, მაგრამ, უშედეგოდ. ნამდვილად არ ვიცი, სად შეიძლება მერი ამჟამად იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის წაიკითხავს ამ სტატიას და გამომეხმაურება. მჯერა, რომ მე მას კვლავ ვუყვარვარ.
– მაინც, რამ განაპირობა თქვენი დაშორება – მერის არასრულწლოვნებამ? მას შემდეგ, რაც მშობლებმა ის წაიყვანეს, არც ერთხელ არ გინახავთ ერთმანეთი?
– 2011 წლის ივნისში მოვიყვანე მერი ცოლად. უფრო სწორად კი, ეს ყველაფერი ასე მოხდა: მერი განაწყენებული იყო თავის მშობლებზე, ჩემთან მოვიდა. მითხრა: მათთან ცხოვრება შეუძლებელია და, მირჩიე, სად წავიდეო. რადგან მერი უკვე დიდი ხნის, განმავლობაში მიყვარდა, ამიტომ მას ცოლობა ვთხოვე და ისიც დამთანხმდა. ჩვენს კავშირზე ჩემი მშობლები თანახმა იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მერის მშობლებს ჩვენი ერთად ყოფნა არ უნდოდათ და რას აღარ ელაპარაკებოდნენ თავის შვილს, მაგრამ, წასვლაზე ვერ დაითანხმეს, თუმცა, დიდი მცდელობების, ცდისა და ჩხუბის შემდეგ მათ მერი მაინც წაიყვანეს. მერი დამპირდა, რომ ორ დღეში დამიბრუნდებოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდა. სად არ მიმალავდნენ მერის... ორჯერ ვიპოვე კიდეც, მაგრამ თავისიანების მიერ ისე იყო დაშინებული, აღარ გამომყვა.
– ამჟამად, სავარაუდოდ, მაინც, სად გგონია, რომ ის იმყოფებოდეს?
– ნამდვილად არ ვიცი, ამჟამად სად შეიძლება იყოს. საქართველოში მგონია, მაგრამ, ზუსტად არ ვიცი, სად. იმედი მაქვს, რომ მას ამჟამადაც ვუყვარვარ, ისევე, როგორც მე მიყვარს. ძალიან მინდა, რომ ვიპოვოთ ერთმანეთი და პირისპირ დავილაპარაკოთ.
– შეიძლება თუ არა, რომ მერის უკვე დავიწყებული ჰყავდე? როგორ ფიქრობ, მას უნდა შენი პოვნა?
– დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სიყვარული კვლავ ძალაშია. თუკი მერიმ გადამიყვარა, მაშინ, ეს ყველაფერი მისგან უნდა შევიტყო. სიმართლის ცოდნას არაფერი სჯობია. პირადად მე მას ვერ ვივიწყებ, სულ მასზე მეფიქრება.
– მერის მშობლები მხოლოდ შვილის არასრულწლოვნების გამო იყვნენ თქვენი კავშირის წინააღმდეგნი?
– რამდენადაც მე ვიცი, ამის მიზეზი მხოლოდ მერის არასრულწლოვნება იყო. მათ არ სურდათ ჩვენი დაოჯახება და ამის გამო მერი წამართვეს კიდეც.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.