კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ აპატია ქალმა ყოფილ მეგობარს, რომელსაც ქმარი 9 000 ლარად „შეუფასა” და როგორ იძია მან შური

 ხათუნა მერკვილაძისა და მარიკა კენჭიაშვილის  ურთიერთობა და მეგობრობა ორჯერ მივიდა კრიმინალურ ინციდენტამდე. ორივე შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი იყო და, შესაბამისად,  მეგობრებმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერც ერთხელ ვერ დააღწიეს თავი. პირველად განსასჯელის სკამზე ხათუნა მერკვილაძე აღმოჩნდა, მეორედ კი მისგან დაზარალებული მარიკა კენჭიაშვილი, რომელმაც მეგობარს ქმარი ცხრა ათას ლარში „გაუცვალა”.
 ყველაფერი კი ასე დაიწყო: ერთ დღეს მარიკა კენჭიაშვილმა მეგობარს, ხათუნა მერკვილაძეს, რომელიც  იპოთეკური სესხების  ბიზნესით იყო დაკავებული,  9 000 ლარი ასესხა. შეთანხმება მეგობრებს შორის სიტყვიერი იყო – ხათუნა მერკვილაძეს მისთვის ყოველთვიურად, პროცენტის სახით, გარკვეული თანხა უნდა ეხადა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი  სესხად აღებული თანხა – 9 000 ლარიც  უნდა დაებრუნებინა. სწორედ ეს თანხა გახდა ყოფილ პარტნიორებსა და მეგობრებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ვალებში ჩავარდნილმა ხათუნა მერკვილაძემ არათუ სესხად აღებული თანხის დაბრუნება ვერ შეძლო, უფრო მეტიც  ყოფილი მეგობრის კუთვნილი ძვირფასეულობაც გააყოლა ხელს. როცა მარიკა კენჭიაშვილმა  დათქმულ დროს მეგობარს კუთვნილი  თანხის დაბრუნება მოსთხოვა, ხათუნა მერკვილაძისგან უარი მიიღო: ახლა ფული არ მაქვს, როცა მექნება, დაგიბრუნებო. რაც შეეხება კუთვნილ ძვირფასეულობას, ის ხათუნა მერკვილაძის მიერ დალომბარდებული აღმოჩნდა. მარიკა მიხვდა, რომ მეგობარი ფულისა და ოქროულობის დამბრუნებელი არ იყო, მაგრამ, სიტუაციის გამწვავებას მოერიდა. იფიქრა, აყალმაყალს ჯობდა, დიპლომატიურად დაებრუნებინა უკან ფული და ხათუნას კიდევ მისცა ვადა, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ.  მეორე  ვადის გასვლის შემდეგ ქალებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და დაპირისპირებაში უამრავი მათი საერთო  ნაცნობი ჩაერთო, თუმცა, ფულის დაბრუნება ვერც ამის შედეგად მოხდა და ამის შემდეგ მარიკა კენჭიაშვილმა მოვალეს პოლიციაში უჩივლა, ხათუნა მერკვილაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა და ის დააკავეს, მაგრამ, საპროცესო გარიგების შედეგად გათავისუფლდა და სასამართლოს მიერ გარკვეულ ვადებში,   ვალის გადახდა  დაეკისრა, მაგრამ, იმ პერიოდში მოხდა ფაქტი, რომლის შემდეგაც ვალი აღარც ერთს ახსოვდა და აღარც მეორეს.
 მაშინ, როცა ხათუნა მერკვილაძის მიმართ სისხლის სამართლის  საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო, მარიკა კენჭიაშვილს დაუკავშირდა ხათუნას მეუღლე, დავით ვარდიაშვილი, რომელმაც ახალგაზრდა ქალს სთხოვა: ნუ დამღუპავ და ჩემს ცოლს ნუ უჩივლებ, შვილს დედის გარეშე ნუ დამიტოვებ. გარანტად მე დაგიდგები – სოფელში მეორე სახლიც  მაქვს, იმას გავყიდი და ვალს მე დაგიბრუნებო.  თავიდან მარიკამ დათოს წინადადება უარყო – ცოლის მოგზავნილი ხარ, ვალის გადახდა რომ შეგძლებოდათ, აქამდე გადაიხდიდითო. დათომ ის დაარწმუნა, რომ მასთან ცოლისგან მალულად იყო მისული. ცოტა ხანში მარიკასა და დათოს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებიათ; უფრო მეტიც, ორი შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს ისე  დაუახლოვდნენ, რომ ხათუნა მერკვილაძის მეგობრებმა ერთ-ერთ რესტორანში ერთადაც კი ნახეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალსა და მამაკაცს შორის სასიყვარულო ურთიერთობა სწორედ მაშინ დაიწყო. საქმე  სასამართლო პროცესზე უკვე ავტომატურ რეჟიმში წარიმართა, თორემ,  სიყვარულის  მახეში გაბმულ მარიკა კენჭიაშვილს აღარც დაკარგული ძვირფასეულობა ახსოვდა და არც ვალად გაცემული ფული. დათო ვარდიაშვილის ახლობლების განცხადებით, მამაკაციც ისეთი თავგზააბნეული იყო, დიდხანს ვეღარ გარკვეულიყო დაპირისპირებაში მყოფი ორი ქალიდან რომელი აერჩია. ის ვერც მეუღლეს თმობდა და ვეღარც მისგან დაზარალებულ ქალბატონს, რომელიც  დიდი გრძნობით შეუყვარდა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მამაკაცი ორცეცხლშუა აღმოჩნდა, მაგრამ, მისი გაურკვევლობა სულ რაღაც სამ თვეს გაგრძელდა. ამ პერიოდში ის მალულად ხვდებოდა ცოლის მეტოქეს, რომელიც  მამაკაცს მასთან გადასვლას სთხოვდა. სწორედ მაშინ დაიწყო ქალების დაპირისპირების მეორე ეტაპი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრი აღმოჩნდა. ერთ დღეს დათო ვარდიაშვილი ცოლსა და ქალიშვილს სახლიდან გაეპარა. წერილი, რომელიც მან ცოლს დაუტოვა, ძალიან მოკლე იყო – აღარ მიყვარხარ, სხვასთან გადავდივარ საცხოვრებლადო. ხათუნა მერკვილაძემ ქმრის  ღალატი მძიმედ გადაიტანა, მით უფრო მაშინ, როცა შეიტყო, რომ  ქალი, რომელშიც ის გაცვალეს, მისი დიდი ხნის მტერი და მოწინააღმდეგე იყო. შეურაცხყოფილი ხათუნა რამდენჯერმე მიუვარდა სახლში მარიკა კენჭიაშვილს, მაგრამ, სახლში მხოლოდ მოხუცი მშობლები დახვდნენ, რომლებმაც შვილისა და მისი „საქმროს” ადგილსამყოფელი არ იცოდნენ.  ერთადერთი, რაც ხათუნა მერკვილაძემ ყოფილი  პარტნიორისგან მოისმინა, იყო ფრაზა: ქმარს იმ 9 ათას ლარში გიცვლი, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა  დაგებრუნებინა ჩემთვისო. 
  ამის შემდეგ  ხათუნა მერკვილაძემ ქმრისა და მარიკას ძებნა დაიწყო და მათი კვალის მისაგნებად  მეგობარს სთხოვა დახმარება.  კვალს მართლაც მიაგნო, მაგრამ, ქმარყოფილმა განუცხადა: ტყუილად მომძებნე, მე მარიკაზე  ვაპირებ დაქორწინებასო.  ხათუნა დაემუქრა ყოფილ ქმარს, რომ ამ საქციელს ორივეს სანანებლად გაუხდიდა. ამის შემდეგ მან შურისძიების ობიექტად მარიკა შეარჩია. ერთ დღესაც, მას სამსახურთან დახვდა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება გამწვავდა, მეტოქეები ერთი მამაკაცის სიყვარულს ვერ იყოფდნენ და შურისძიებისთვის ემზადებოდნენ. საქმე დასწრებაზე იყო. მოკლე ხანში, მარიკა კენჭიაშვილის  ქმედებები  სამართლებრივ ნორმებს გასცდა და კრიმინალური ფაქტით  დასრულდა.      
   ინციდენტის თვითმხილველი ხათუნა მერკვილაძის მეზობელი, ნონა  ჩხეტიანი გახდა, (ამონაწერი მისი ჩვენებიდან): „მე და ხათუნა მეზობლის პანაშვიდზე ვიყავით და ფეხით გავუყევით გზას სახლისკენ. უკვე დაბნელებული იყო. მოულოდნელად გზა გადაგვიკეტა ავტომობილმა – ისე გააჩერა, რომ წინ წასვლის საშუალება არ მოგვცა. დავიბენი, მაგრამ,  ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. უცებ ავტომანქანიდან მარიკა გადმოვიდა. მას კარგად ვიცნობდი, ადრე რამდენჯერმე იყო სახლში ხათუნასთან და ვიცოდი, რომ მეგობრობდნენ. ერთხანს მაღაზიაც ჰქონდათ ერთად გახსნილი, მერე კი ფულის გამო გადაემტერნენ ერთმანეთს, ბოლოს დათო წავიდა სახლიდან... მოკლედ, მათი ურთიერთობის დეტალებიც კი  ვიცოდი. მარიკა წინ გადაგვიდგა და  ხათუნას უთხრა: თავი დაანებე დათოს, შენ აღარ დაგიბრუნდებაო. ხათუნამ ხელი ჰკრა. მე გვერდზე გავდექი. უცებ მარიკამ  პატარა ქილა გახსნა და სითხე, რომელიც შიგნით ესხა,  ხათუნას შეასხა სახეში. ხათუნამ სახეზე ხელები აიფარა და ძირს  ჩაიკეცა. მე ყვირილი ავტეხე, ხმაურზე ხალხი მოგროვდა, ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა, ვიღაცამ – სასწრაფო.  ხათუნა ვერ ხედავდა, სახე კი მთლიანად დამწვარი ჰქონდა. იმ არეულობაში მარიკამ თავს უშველა და  შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, მოგვიანებით გავიგე, რომ ხათუნასთვის მჟავა შეუსხამს სახეში”.    
სამართალდამცველებმა დაზარალებულისა და ნონა ჩხეტიანის ჩვენებების საფუძველზე, დანაშაულში ეჭვმიტანილი მარიკა კენჭიაშვილი დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, რადგან, ფიქრობდა, რომ ხათუნა მერკვილაძე ქმარს აღარ დაუბრუნებდა. მან ისიც აღიარა, თუ როგორ მოატყუა მეზობელი ქალი, რომელიც ქიმიკოსი იყო და როგორ ჩაიგდო ხელში მჟავა, რომლითაც ის ხათუნა მერკვილაძეს გაუსწორდა. სასამართლომ მარიკა კენჭიაშვილი დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3