როგორ თანამშრომლობდა ქურდებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერლის ქალიშვილი
შმაგი გალია
– როდისღა უნდა იმოქმედოს შენმა ნაქებმა წამალმა? ცოტაც და, კლიენტი მოგვიტყდება, – თქვა ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტის ეგრეთ წოდებულ „ვალუტნი ბარში“ იჯდა სამ ახალგაზრდასთან ერთად.
– მოითმინეთ და შედეგსაც მალე ნახავთ, – ჩაილაპარაკა მის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდამ და მაჯის საათს დახედა, – აბი ხუთ წუთში იხსნება, ჯერ კი მხოლოდ ოთხი და ორმოცდახუთია გასული.
– ელოდე, ელოდე და, თუ კლიენტი სამუდამოდ მოგვიტყდა, მერე უყარე კაკალი, – უპასუხა პირველმა ახალგაზრდამ.
„ვალუტნი ბარში“ მსხდომი ახალგაზრდები „კაგებეს“ თანამშრომლები იყვნენ. ისინი მეზობელ მაგიდასთან მსხდარ წყვილს უთვალთვალებდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი 31 წლის შოთა დოლიძე იყო, მეორე კი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის გენერლის ქალიშვილი – გალია. შოთა დოლიძე, მეტსახელად „შოთიკა“, „მედვეჟატნიკი“ იყო, რაც ქურდულ ენაზე სეიფების მძარცველს ნიშნავს. შოთიკა გალიას საყვარელიც იყო და ქალი მას ყოველმხრივ მფარველობდა. სწორედ გალიას მფარველობის შედეგი იყო, რომ შოთიკას საფრანგეთის ვიზა მისცეს, სადაც ის, ვითომდა, ღვიძლის სამკურნალოდ მიემგზავრებოდა, სინამდვილეში კი, დოლიძე საბჭოთა კავშირიდან გაქცევას გეგმავდა და ეს მშვენივრად ესმოდათ „კაგებეში“. შოთიკა ცნობილი საბჭოთა კოლექციონერის, ანატოლი მარშაკის გაქურდვაში იყო ეჭვმიტანილი – მან ბრილიანტების უნიკალური კოლექცია მოიპარა. დოლიძე მხოლოდ იმიტომ არ დააპატიმრეს, რომ საყვარელმა უშველა. სწორედ ამიტომ არ შორდებოდა მას ქალი გვერდიდან აეროპორტშიც კი, რადგან, ეშინოდა, არ აეყვანათ. მაგრამ, მოსკოვი-პარიზის რეისის გაფრენამდე 15 წუთით ადრე ქალს მუცელი ასტკივდა, წამოხტა, ტუალეტისკენ გაიქცა, თან შოთიკას მიაძახა:
– ახლავე მოვალ, არსად წახვიდე!
„კაგებეს“ თანამშრომლების მიერ შამპანურის ბოთლში ჩაყრილმა წამალმა იმოქმედა და, როგორც კი ქალი თვალს მიეფარა, „ოპერებმა“ შოთიკა გაკოჭეს, მანქანაში ჩააგდეს და ლუბიანკისკენ გააქანეს. ტუალეტიდან დაბრუნებული გალია ყველაფერს მიხვდა, თავის „მერსედესში“ ჩახტა და გინებ-გინებით გაქანდა უშიშროების კომიტეტში. ქალი უცერემონიოდ შევარდა სუკის შენობაში, მისი გაჩერება ვერავინ გაბედა. ის პირდაპირ ანდროპოვის კაბინეტში შეიჭრა და საბჭოთა უშიშროების შეფს განუცხადა:
– თქვენმა ხალხმა ჩემი უდანაშაულო მეგობარი დააპატიმრა და აქ, ამ ჯოჯოხეთის ჯურღმულებში მოიყვანა. სანამ არ გაათავისუფლებთ მას, აქედან ფეხს არ მოვიცვლი და ისეთი სკანდალს ავტეხ, თავბედს დაიწყევლით!
ანდროპოვი მშვიდად შეხვდა ქალის გამოხდომას, თუმცა, ქვეყანაში საკმაოდ გავლენიან უწყებასთან კონფლიქტს მოერიდა, ამიტომ, იძულებული გახდა, ქალის სურვილს დაჰყოლოდა და, შოთიკა პატიმრობიდან გაათავისუფლებინა. ქალმა საყვარელი თავის „მერსედესში“ ჩასვა და წყვილმა გაურკვეველი მიმართულებით აიღო გეზი.
გაუჩინარებული შოთიკა
ლუბიანკაზე ატეხილი სკანდალიდან და შოთიკას გათავისუფლებიდან მეხუთე დღეს „კაგებეს“ გამომძიებლებმა ვარლამ ჭოჭუა დააპატიმრეს. ვარლამი, მეტსახელად „კუჭკუჭი“, ცნობილი ქურდი იყო და სწორედ მან ჩაუშვა შოთიკა. ჭოჭუას თქმით, ანატოლი მარშაკის ბინა მან, შოთიკამ და „ბურლაკმა“ გაძარცვეს.
– კოლექციონერის ბაითი ჩვენ სამმა დავბომბეთ, – უთხრა ჭოჭუამ გამომძიებელს, – იქ ძვირფასი ქვები იყო... მე ასეთი რამ კინოშიც არ მინახავს. ყველაფერი შოთიკამ წაიღო და გვითხრა, რომ მე და ბურლაკი ჩვენ-ჩვენს წილს – 50-50 ათას მანეთს, ორ კვირაში მივიღებდით.
– საქმე ვინ მოგცათ? – ჰკითხა გამომძიებელმა.
– ნაკოლი შოთიკამ მოიტანა, მაგრამ, ვისგან, არ ვიცი. ასეთი რამეები არ მაინტერესებს და, რომც მეკითხა, მაინც არ მეტყოდა.
კუჭკუჭის ჩვენება ანდროპოვს დაუდეს მაგიდაზე, რომელმაც მხრები აიჩეჩა და თქვა:
– რომ არა გენერლის ქალიშვილი, ბრილიანტები ჩვენთან იქნებოდა, ახლა კი ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს. აბა, თქვენ იცით, ეგ შოთიკა მიწიდან ამოიღეთ და ბრილიანტები მოიტანეთ!
„კაგებემ“ შოთიკასა და ბურლაკის ინტენსიური ძებნა დაიწყო, მაგრამ, მხოლოდ ბურლაკს მიაგნეს – მისი გახრწნილი გვამი თბილისში, გლდანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ოროთახიანი ბინის მერვე სართულზე იპოვეს. ბინა ვინმე ეთერ კურდღელაშვილის სახელზე იყო გაფორმებული და დადგინდა, რომ ქალი შოთიკას ძველი საყვარელი იყო. თავად კურდღელაშვილი სხვაგან ცხოვრობდა და გამომძიებელს განუცხადა:
– ბინის გასაღები შოთა დოლიძემ მთხოვა ამ ერთი თვის წინ და მას შემდეგ იქ არ ვყოფილვარ. ამიტომ, არაფერი ვიცი, არც ის, ვინ მოკლა ის კაცი.
– ესე იგი, ბურლაკს არ იცნობდით?
– არა.
– ბოლოს როდის ნახეთ დოლიძე?
– ერთი თვის წინ, მაშინ, როდესაც მას გასაღები გადავეცი.
ქალი გაათავისუფლეს, თუმცა მასზე თვალთვალი დააწესეს, რადგან „კაგებეში“ არ სჯეროდათ, რომ კურდღელაშვილი შოთიკას არ ხვდებოდა.
ბინაში აღმოჩენილ ცხედარს თავში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გახრწნილი სხეული ისე ყარდა, რომ მასთან მიახლოება სპეციალური აირწინაღებითაც ჭირდა. ბალისტიკოსებმა დაადგინეს, რომ „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტიდან მიბჯენით იყო ნასროლი.
„კაგებე“ ვარაუდობდა, რომ ბურლაკი შოთიკას მოკლული იყო. მათი აზრით, გამოცდილი „მედვეჟადნიკი“ მოწმეებსა და მეწილეებს თავიდან იშორებდა და ბრილიანტების უნიკალური კოლექციით უცხოეთში გაქცევას აპირებდა. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შოთიკა ვერსად იპოვეს – ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცოდა.
„ალექსანდრა“
კოლექციონერი ანატოლი მარშაკი მსოფლიოში იყო ცნობილი. პროფესიით ის იუველირ-ექსპერტი იყო და არაერთ საიუველირო კანტორას თუ კერძო პირს ეხმარებოდა. 52 წლის მარშაკი ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში და სახელმწიფო ხაზინას სავალუტო რეზერვით ავსებდა. სამაგიეროდ, მას საბჭოთა მანეთებით უხდიდნენ და, ამასთან ერთად, სამუზეუმო კოლექციის ბინაზე შენახვის უფლებას აძლევდნენ. სწორედ ეს კოლექცია მოჰპარეს მას შოთიკამ და მისმა თანამზრახველებმა. მოპარულ ნივთებში იყო ექვსკარატიანი ბრილიანტი „ალექსანდრა“. ეს უნიკალური ქვა რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნასთვის სპეციალურად დაამზადა ცნობილმა ბრიუსელელმა იუველირმა კლოდ დებოენმა და რუსეთის დედოფალს 1906 წელს საჩუქრად მიართვა. „ალექსანდრა“ ყელსაბამში იყო ჩასმული და უნიკალურ ფერთა გამას გამოსცემდა. ამიტომ, კოლექციონერ მარშაკს ის განსაკუთრებით უყვარდა და ხშირად ტკბებოდა ხოლმე ამ უნიკალური ქმნილების ცქერით.
1972 წლის 5 სექტემბერს, ცნობილი მოსკოველი მხატვრის, ილია გლაზუნოვის უზარმაზარ სახელოსნოში საბჭოთა ელიტა შეიკრიბა. დაახლოებით ასამდე სტუმარი იყო მიწვეული და მათ შორის იმყოფებოდა კოლექციონერი ანატოლი მარშაკიც. ის მხატვარ გლაზუნოვის უახლოესი მეგობარი იყო და მის არც ერთ წვეულებას არ აკლდებოდა.
საღამო ერთი საათის დაწყებული იყო, როდესაც გლაზუნოვის ნახევრად ჩაბნელებულ სახელოსნოში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერლის ქალიშვილი მივიდა, პირადი მცველისა და ულამაზესი ბოშა კავალრის თანხლებით. მას იმ საზოგადოებიდან ბევრი იცნობდა და ინტერესი მის მიმართ არავის გამოუხატავს, რადგან ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული. თუმცა, გალიას მიმართ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მარშაკმა გამოიჩინა, რადგან ყელზე მას უჩვეულო ნათება შენიშნა. მანათობელ ქვაში მან უტყუარად ამოიცნო ამ სამი თვის წინ მისი ბინიდან მოპარული ბრილიანტი „ალექსანდრა“.
მარშაკი აღელდა, თავი ვერ შეიკავა, ქალთან მიიჭრა და ბრილიანტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვა, მაგრამ, გალიას პირადმა მცველმა მარშაკი მაგრად სცემა და იატაკზე დააგდო. ქალი და მისი ბოშა კავალერი უმალ გაუჩინარდნენ იქიდან.
მარშაკმა არ მოისვენა და მომხდარის შესახებ ანდროპოვს მოახსენა, შემდეგ კი „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს დაწვრილებით უამბო ყველაფერი, ჟურნალისტმა კი მთელ მსოფლიოს გააგებინა ეს ამბავი.
მართალია, „გენერალოვნას“ ჩხრეკა და დაკითხვა ვერ გაბედეს, მაგრამ, მის ყელზე „ალექსანდრა“ აღარავის უნახავს, კოლექციონერი მარშაკი კი ერთი კვირის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მეზობელმა ის ჩამოხრჩობილი იპოვა საკუთარ ტუალეტში. აშკარა იყო, რომ მარშაკის კოლექციის გაქურდვაში სწორედ ამ ქალბატონის ხელი ერია.
ქურდული ბლეფი
მარშაკის სიკვდილის გარდა, ქალაქში რამდენიმე უცნაურობა მოხდა. ჯერ „თუთიყუში“ მოკლეს ქუჩაში, შემდეგ „ანაპა“ იპოვეს მდინარე იაუზაში დამხრჩვალი და ბოლოს „ხუჭუჭას“ ცხედარი აღმოაჩინეს მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში. ხუჭუჭას, რომელსაც ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ორგანიზმში ალკოჰოლის დიდი დოზა აღმოუჩინეს, მის სხეულს კი ვირთხები ძიძგნიდნენ. თუთიყუში, ანაპა და ხუჭუჭა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ. მათმა სიკვდილმა კრიმინალური სამყარო ააფორიაქა. ქურდები მიხვდნენ, რომ მათ კოლეგებს ვიღაც შეგნებულად იშორებდა თავიდან, თუმცა, ვერავის გაეგო – რატომ. ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ ბუტირკის ციხეში ვარლამ ჭოჭუამ, მეტსახელად „კუჭკუჭიმ“, თავი ჩამოიხრჩო და უკვე არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ეს ყოველივე ერთი გრძელი ჯაჭვის რგოლები იყო.
„კაგებეს“ გამომძიებელმა, საყოველთაოდ ცნობილმა პოლკოვნიკმა თემურ ანთაძემ, რომელიც პირადად იური ანდროპოვის დავალებით მოქმედებდა, საფუძვლიანად გამოიძია ეს საქმე და დაადგინა, რომ გენერლის ქალიშვილი ქურდების ორგანიზებულ ბანდასთან იყო დაკავშირებული და მათ ბრილიანტებსა და სხვა ძვირფასეულობას აპარვინებდა, შემდეგ კი მათ ყიდულობდა. ხოლო, როდესაც ის მხილების საშიშროების წინაშე დადგა, ყველა მოწმე მოიშორა, რომ არ გამჟღავნებულიყო.
თემურ ანთაძემ თავისი ძიების შედეგები იური ანდროპოვს მოახსენა:
– ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ შოთიკამ შეძლო ჯერჯერობით სიცოცხლის შენარუნება. თუმცა, ადრე თუ გვიან, ისიც იმ ქალის მსხვერპლი გახდება.
ანდროპოვი ჩაფიქრდა და ანთაძეს მიუგო:
– იქნებ შენი არხებით, დაუკავშირდე იმ შოთიკას ყველაფერი აუხსნა და, ჩვენების სანაცვლოდ სიცოცხლის შენარჩუნებას შეჰპირდე. კმარა, დროა, „გენერალოვნა“ მოვთოკოთ. მაგრამ, ამისთვის ნივთმტკიცებებია საჭირო.
ანდროპოვს მართლაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი შეჩერება და სწორედ ამიტომ ითხოვდა ანთაძისგან ნივთმტკიცებას.
ანთაძემ მართლაც შეძლო შოთიკასთან დაკავშირება. ის მას პირისპირ შეხვდა სამეგრელოს ერთი სოფლის განაპირას, ტყეში. მათ მოილაპარაკეს, რომ დოლიძე ყველაფერს დაწვრილებით მოუყვებოდა და, მართლაც, პოლკოვნიკმა ანდროპოვთან სამსაათიანი აუდიოკასეტა მიიტანა, სადაც შოთიკა დაწვრილებით აღწერდა კრიმინალური ურთიერთობების დეტალებს.
– კარგია, კარგი, – თქვა ანდროპოვმა, – იქ ნათქვამია, რომ შოთიკა რამდენიმე ნივთსაც მოიტანდა მოპარული კოლექციებიდან. როდის?
– ერთ კვირაში, – მიუგო ანთაძემ.
შეთანხმებისამებრ, შოთიკა და ანთაძე მოსკოვში, მეტრო „ოხოტნიე რიადისთან“ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, სადაც დოლიძეს ძვირფასი ქვები უნდა მიეტანა, როგორც სამხილები, „კაგებეს“ კი ქურდის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო და „მედვეჟატნიკი“ ქალის შურისძიებისგან ეხსნა.
ანთაძემ პირობა შეასრულა და მარტო მივიდა შეხვედრაზე. მაგრამ, შოთიკამ ქურდულ ბლეფს მიმართა: თავის ნაცვლად დაქირავებული ბომჟი მიაგზავნა და წერილიც გაატანა, რომელშიც ეწერა: „ვერ გენდობით. მით უმეტეს, რომ საქმეში ისეთი ქალია ჩარეული, რომელიც არავის არაფერს აპატიებს. მისი რისხვისგან კი თქვენც ვერ მიხსნით. ამიტომ, ბრილიანტებს ვიტოვებ და ვუჩინარდები“.
P. S. შოთიკა დღესაც ცოცხალია და არგენტინაში ცხოვრობს.