რატომ გადარიეს ფსიქოთერაპევტებმა დიზაინერი ლიკა ალადაშვილი და რა უცნაურობა დაუდგინეს მას
ლიკა ალადაშვილი, მოსკოვში მცხოვრები ქართველი დიზაინერი, სულ ცოტა ხნით იმყოფებოდა ჩვენს დედაქალაქში და, რა თქმა უნდა, მასთან ინტერვიუს შანსი ხელიდან არ გავუშვით. ლიკას განსაკუთრებული სტილი, ჩაცმის უცნაური, მაგრამ საოცრად გემოვნებიანი კულტურა ყურადღების მიღმა არც დიდ რუსეთში დარჩენიათ და „ტუსოვკებზე“ აღმოჩენილი უჩვეულო ლიკა, ახლა ძალიან ბევრ მოსკოველ ქალბატონს კარნახობს ჩაცმის სტილს.
ლიკა ალადაშვილი: ძალიან მიყვარს თბილისში ყოფნა, მაგრამ ქართული ემოციებისგან საშინლად ვიღლები, ყველგან უამრავი ნაცნობია, სულ მისვლა-მოსვლაა, ჩახუტება, სიგიჟე. მოსკოვში უფრო წყნარი, მშვიდი ცხოვრება მაქვს. იქ თუ გინდა სიგიჟის გაკეთება, აკეთებ, მიდიხარ სადღაც და ერთობი, აქ კიდევ უცებ გემხობა თავზე ეს ყველაფერი, ვიღაც მოვა, თავის ემოციებზე მოგიყვება, შენ გავარდები და ვიღაცას მოუყვები. მოსკოვში ისეთ ისტორიებს მოგიყვებიან, შეიძლება თვალები გადმოგცვივდეს, მაგრამ ამას ძალიან მშვიდად და აუღელვებლად აკეთებენ.
– რა ტიპის მეგობრები გყავს?
– ყველანაირი. სამეგობროდ ძალიან მარტივი ვარ. სხვათა შორის, იმ დღეს ჩემს მეგობართან ვმესიჯობდი სკაიპით, ვეუბნებოდი მე ისეთი ვარ, ვერავინ მიგებს და ასეთ რაღაცეებს და მან ისეთი მესიჯი მომწერა, რომ კინაღამ ვიტირე. თუ ამ ყველაფერს ჩემზე ფიქრობ, ყოჩაღ-მეთქი. ერთადერთი დედაჩემს ვერ ვაკმაყოფილებ დიდად, სულ უნდა, უკეთესი ვიყო. სხვა მხრივ, პრობლემები არ მაქვს. მართლა, ვერ ვხვდები, რატომ, მაგრამ ბევრს უცნაური ვგონივარ და ჩემთან ურთიერთობას თითქოს გაურბიან. უბრალოდ, ცოტა სხვა შეხედულება მაქვს ამ ცხოვრებაზე, არა მხოლოდ ჩაცმაზე, იგივე – რელიგიასთან დაკავშირებით. ადრე, ძალიან ეკლესიურად ვცხოვრობდი, მაგრამ მამაომ რამდენიმე ისეთი რჩევა მომცა, ის რომ გამეკეთებინა, მართლა ძალიან ცუდად წავიდოდა ჩემი ცხოვრება. თავი უნდა გაწირო და ასეთი რაღაცეების არ მესმის. ეს რომ გამეკეთებინა, ახლა ვიღაც დაჩაგრული ტიპი ვიქნებოდი. უამრავ ადამიანთან რელიგიურ საკითხებზე საუბრის არ მეშინია. ბავშვობაში ვიყავი ფსიქოთერაპევტთან. ასეთი არაპროფესიონალი არავინ შემხვედრია ცხოვრებაში, გავგიჟდი. ახლაც, დედაჩემს ვყავდი ექიმთან, რომელიც მეკითხებოდა, რამდენოთახიანი ბინა მაქვს მოსკოვშიო. ამაზე საშინლად ვბრაზდები.
– რა დაასკვნა ექიმმა?
– უცნაური არსება ხარო. რაში გამოიხატება ეს, ვერ ვხვდები.
– ჩაცმაში?
– რამდენიმე წლის წინ, ჩემი ჩაცმის სტილი ნამდვილ სიგიჟედ მიიჩნეოდა. ამის გამო სულ პრობლემები მქონდა. მახსოვს, ძალიან მომწონდა, ცოცხალი ხილით გაფორმებული თმა. თმაში ძალიან ლამაზად მქონდა ჩალაგებული ყურძენი, ბალი და ასეთი რაღაცეები. ჩემი და და მეგობარი უბედნიერესები იყვნენ, ჩემი თავიდან კბეჩდნენ და ჭამდნენ ხილს. (იცინის) სამაგიეროდ, ქუჩაში გამოსვლა საშინელება იყო. ხან ფუფალას მეძახდნენ, კიოდნენ, წიოდნენ, მისიგნალებდნენ. სიმართლე გითხრა, ეს უფრო მომწონდა, ვიდრე არაფრით გამორჩეული რომ ვყოფილიყავი. ასეთ რაღაცეებს ბავშვობიდან ვაკეთებდი. მომწონდა, როდესაც ასე გამოვიყურებოდი. ამას იმისთვის არ ვაკეთებდი, რომ ვიღაცას ეთქვა, ვაიმე, რა უცნაურიაო. სულ არ მაინტერესებს, ჩემზე რას იტყვიან, მთავარია თავს კარგად ვგრძნობდე. მოსკოვში ასეთი რეაქციები არ ჰქონდათ ხოლმე, ერთადერთხელ მახსოვს, „პისეცის“ ბეწვის უცნაური ქურქი მეცვა და ვიღაცეები მეუბნებოდნენ, გარემოს დაცვის ორგანიზაციის არ გეშინიაო?! ყველა ბედნიერი სახით მათვალიერებდა. თბილისში პირიქით, ისე იძაბებოდა ხალხი, თითქოს კრიმინალს ჩავდიოდი – რას ბედავს ეს გოგოო?! ზუსტად ასეთი დამოკიდებულება იყო.
– როგორ იხდენ თავზე ყურძნებს, რაც შენზე ძალიან მომწონს და ვიღაცაზე შეიძლება, მეც მეთქვა ფუფალაა-მეთქი?
– მართლა, არ ვიცი. რაღაცას რომ დავინახავ, თუნდაც ქსოვილს, იქვე მომდის თავში იდეები – მისგან რას გავაკეთებ. ანუ, ამა თუ იმ კოსტიუმის შექმნას ესკიზით არ ვიწყებ. ადრე, თუ სადმე მივდიოდი, ჩაცმას ძალიან დიდ დროს ვანდომებდი. ისე, ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩვეულებრივზე ცუდად გამოვიყურები, ზედ არ შემომხედავ, მაგრამ საკმარისია, სადმე წასვლა მომიწიოს, ვერ აგიწერ, ჩემში რა ხდება. ამ ყველაფერში უდიდეს ხელოვნებას ვხედავ და არა იმას, რომ ჩაიცვი და წადი. დიდხანს ვარჩევ ფერებს, ვუხამებ ერთმანეთს, საკუთარ თავზე ვფიქრობ, როგორც მანეკენზე. არასდროს ვფიქრობ იმაზე, რა მიხდება. შეიძლება, საერთოდ არ მიხდებოდეს და ის ჩავიცვა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს და ასე ვხედავ. ანუ ეს სინთეზი, რასაც რუსულად „ნარიადს“ ვეძახით, დაინახოს ხალხმა. ხალხში გავიდეს და არა ის, ვიღაცამ თქვას ლიკას როგორ უხდებოდაო. საკუთარ თავს ისე აღვიქვამ, როგორც ამას სხვა ადამიანები აღიქვამენ. შემიძლია, საკუთარი თავი გარედან დავინახო, რომელსაც როგორც სხეულს, უცხო ადამიანის ტანს, ისე ვმოსავ.
– ჩაცმა გცვლის?
– არა, ჩემი ხასიათი ცვლის ჩემს ჩაცმულობას. ვინც კარგად მიცნობს, იმის მიხედვით თუ რა მაცვია, ზუსტად მიხვდება, რას ვფიქრობ. თუ, კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, საერთოდ ვერ ვიცვამ. ამ ბოლო პერიოდში, ვერ ვგიჟდები ისე, როგორც ადრე. შესაძლოა, მოდა შეიცვალა. პირადად ჩემთვის, მოდა ჩემი ხასიათის გამოვლენაა. მოდას აქვს თავისი ტენდენციები, რომელსაც საერთოდ არ ვითვალისწინებ. შეიძლება არც ჟურნალი გადავშალო, არც ტელევიზორს შევხედო, მაგრამ რაღაც სილუეტი მომაფიქრდეს, რომელიც შემდეგ მოდაში შემოდის. მაგალითად, მთელი მსოფლიო რომ აჯაჯული დადიოდა, წელი ყოველთვის დაფიქსირებული მქონდა, სულ მეკეთა ქამარი ან რამე მსგავსი. ქალური შტრიხები ძალიან მიყვარს. არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ ასეა. მართლა დიდი ხნით ადრე ვგრძნობ, რა იქნება მოდაში. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა მყვირალა, კაშკაშა ფერები. ერთი წლის წინ კი მხოლოდ კლასიკურად, შავ-თეთრ ფერებში ვიცვამდი. ახლა ეს თეთრი და შავი აღარ შემიძლია ავიტანო. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ფერებს ვხედავ ერთად. შეიძლება მომინდეს და ფერად კაბაზე, თავზე ჟაკეტი მოვიხვიო. ვგიჟდები, ბევრ ტანსაცმელზე, ანუ ერთი კოსტიუმი ბევრი რაღაცისგან რომ შედგება. ჟაკეტი, პიჯაკი, ჟილეტი, აზღუდი, ქამარი, ქუდი, ქუდზე დაბნეული რამე ყვავილი – ეს ყველაფერი შემიძლია ერთ „ნარიადში“ გავაერთიანო.
– როგორ უნდა ჩავიცვათ შემოდგომა-ზამთარში?
– ვგიჟდები შემოდგომასა და გაზაფხულზე, რადგან ბევრი რაღაცის ჩაცმის საშუალება გაქვს. თუმცა, ზაფხულშიც მაქსიმალურად ვუძლებდი ცხელ დღეებს და მაინც ბევრი მეცვა. ბეწვით გაფორმებული რაღაცეებიც კი მცმია ზაფხულში. (იცინის) ამიტომ შემოდგომაზეც და ზამთარშიც ჩაიცვით, რაც შეიძლება მეტი და სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი აურიეთ ერთმანეთში. ნუ შეგეშინდებათ უცნაურობის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩაიცვით ის, რაც გსიამოვნებთ. შეიძლება სამოსში თავს არაკომფორტულად გრძნობდე, მაგრამ ძალიან მოგწონდეს და ის ჩაიცვა. პირადად მე, თუ მოხერხებულად და კომფორტულად მაცვია, მგონია, რომ კარგად არ გამოვიყურები. მივეჩვიე ისე ჩაცმას, რომ სულ დაძაბული ვარ, იქ რამე არ გამომიჩნდეს, რამე არ შემომერღვეს, თავიდან არ ჩამომივარდეს. დღემდე ასე არაკომფორტულად მაცვია. (იცინის) არ უნდა შეზღუდო საკუთარი თავი.
– როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი ათი წლის შემდეგ?
– ათი წლის არ ვიცი, მაგრამ სიბერეში ვივიენ ვესტვუდის სტილში ვიქნები. ყველა ამას მეუბნება. (იცინის) არიან ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც მაინც ბარიერივით დგანან, რომ ზღვარს არ გადავიდე, არ ვგულისხმობ, ჩემი ოჯახის წევრებს. ის ვიღაც ნათესავები და ახლობლები, რომლებიც მაკომპლექსებენ, ჩამომშორდებიან და მერე გავაკეთებ სრულ სიგიჟეებს.
– მოსკოვის ელიტაში ბევრია ექსტრავაგანტურად ჩაცმული?
– „ტუსოვკებზე“ პრეზენტაციებზე, პრემიერებზე რომ მიდიხარ, ძალიან ბევრ ადამიანს დაინახავ ისეთს, რომელიც ჩაცმით შენს ყურადღებას მიიქცევს. მაგრამ ეს ადამიანები, ძირითადად, არატრადიციული ორიენტაციის არიან. გეი, ტრანსვესტიტი ყოველთვის ორიგინალურად გამოიყურება. ლესბოსელები – ნაკლებად. არის მოსკოვში რამდენიმე „სასტავი“, რომლებიც სულ ერთად და ძალიან უცნაურად დადიან. მაგრამ მე რომ ჩავედი მოსკოვში, ასე არ იყო, არ ვმარიაჟობ, მართლა. (იცინის) მე და ჩემი მეგობარი ბიჭი, რომელიც ცოტა ინაზებოდა, ფეშენ-ვიქზე რომ მივედით, ყველა ტელევიზია გვიღებდა, კომენტარებს გვთხოვდნენ. ყველა არხმა აჩვენა. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, ბებიასთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი და მხოლოდ მას ვეკითხებოდი როგორ გამოვიყურები-მეთქი. მაშინ, სადაც არ უნდა წავსულიყავი, დიდი მწვანე სათვალე და შარფი მეკეთა. ისე, სახლიდან არ გავდიოდი. უმაგრესი გემოვნება მაქვს. საერთოდ, სამოსის შექმნა ფარდების შეკერვით დავიწყე.
– დღეს როგორ გიღებენ თბილისში, აღარ გეძახიან ფუფალას?
– ერთხელ ჩამოვედი, ფეხბურთის ჩემპიონატი იყო და შარდენზე ყველა დიდ ეკრანზე უყურებდა რაღაც თამაშს. მოვდივარ მეგობრებთან ერთად, რაღაც გრანდიოზული თეთრი შლაპით, რაღაც კაბით. თამაშს აღარავინ უყურებდა. მაგრამ, იმდენი მიყურეს, რომ ისე ავილეწე, ძლივს ამაყენეს. მე ცალკე ვიყავი, ფეხსაცმელები ცალკე და შლაპა ცალკე. ისე, მეც ცოტა დავწყნარდი და ისეთ ეიფორიას და ფურორს აღარ ვიწვევ, როგორც ადრე.
– როდის ვნახავთ შენს ჩვენებას თბილისში?
– უპირველესად, მოსკოვში ვაპირებ ჩვენების გამართვას. ამისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადები, რომ კარგი გამოვიდეს. მაგრამ, თბილისში არ ვიცი, ვერ ვხვდები, ღირს თუ არა. არ ვგულისხმობ, მატერიალურ მხარეს, ზოგადად რა შედეგს მოიტანს, ეს არის მნიშვნელოვანი.