გრეიპფრუტი და ტომატ-პასტა – გახდომის საუკეთესო საშუალება
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრეიპფრუტი და პომიდორი იმ მიკროელემენტებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების წვას და ახალი უჯრედების წარმოქმნას, ამასთან, აუცილებელი ვიტამინებით ამარაგებს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.
დიეტა, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, სასურველია, დაიცვათ თვეში ორჯერ, შუალედურ დღეებში კი თავი შეიკავეთ მწარე, ცხარე, ცხიმიანი საკვებისა და ცომეულისგან. ამ დიეტის დაცვა არც ისე რთულია, უბრალოდ, წინასწარ გაიკეთეთ იმ პროდუქტების 3 დღის მარაგი, რომლებიც აუცილებლად საათობრივად უნდა მიირთვათ.
9 საათი: 1 ფინჯანი უშაქრო ნალექიანი ყავა (ეს იმ შემთხვევაში, თუ ყავის გარეშე ვერ ძლებთ) ან 1 ჩაის ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი (ცივი ან ცხელი). ნახევარი საათის შემდეგ – 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალში (ოთახის ტემპერატურის), ჩაყარეთ მწიკვი მარილი, მოურიეთ და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.
11 საათი: 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ცეხვილი შავი პური, 1 პატარა ნაჭერი უმარილო ყველი, 1 ჩაის ჭიქა წყალში გაზავებული, ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენი (ნახევარი ნახევარზე).
13 საათი: 1 ნაჭერი მოხარშული უცხიმო თევზი, 100 გრამი ცოცხალი ბოსტნეულის სალათა მწვანილებით, 1 ნაჭერი ცეხვილი შავი პური, 1 ჩაის ჭიქა წყალში გაზავებული ტომატ-პასტა.
15 საათი: 200 გრამი მოხარშული ქათმის (უმჯობესია ინდაურის) ფილე, თითო ცალი კიტრისა და პომიდვრის სალათა მწვანილებით, 1 ჩაის ჭიქა გრეიპფრუტის წვენი (გაზავებული).
17 საათი: უზეთოდ და უმარილოდ მოხარშეთ 3 სადილის კოვზი წიწიბურა, მოასხით (ან შეატანეთ) წყალში გახსნილი ტომატ-პასტა.
19 საათი: გააკეთეთ ხილის ასორტი – დაჭერით: ზაფხულის ვაშლი (1 ცალი), 1/2 ჩაის ჭიქა მაყვალი, 1/2 ჩაის ჭიქა ჟოლო, 1 ცალი გათლილი ატამი, 3-4 ცალი გარგარი, 1/2 ჩაის ჭიქა ალუბალი (კურკები გამოაცალეთ) და მოასხით 1/2 ჩაის ჭიქა მაწონი (შეგიძლიათ, მაწონი დაატკბოთ 1 ჩაის კოვზი თაფლით). დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გრეიპფრუტის წვენი (გაზავებული).
ტომატ-პასტის ნაცვლად, შეგიძლიათ, პომიდვრის წვენი გამოიყენოთ, მაგრამ, დიეტოლოგების მტკიცებით, ტომატ-პასტა უფრო აქტიურად წვავს ცხიმებს, აქვეითებს მადას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და, თან, ანტიკანცეროგენური თვისებები აქვს.