კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე სწყდება გული მანანა მამისაშვილს და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება

მანანა მამისაშვილს, რომელმაც მაისში ჯეკპოტი მოიგო, უკვე მთელი საქართველო კარგად იცნობს. მოგებულმა თანხამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება, მცირე ხნის წინ ის ოჯახით ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად და ავტომანქანა „მერსედესიც“ შეიძინა. იმის გასაგებად,  როგორ ცხოვრობს ქალბატონი მანანა, მას შინ ვეწვიეთ.

– ქალბატონო მანანა, ბინა ვინ შეარჩია?
– რა თქმა უნდა, მე (იცინის) – გამარჯვებული ხომ მე ვარ. ბავშვებს ცოტა სხვანაირი სტილის საცხოვრებელი უნდოდათ – თანამედროვე ავეჯითა და ვერანდით – ეკა ამბობდა, ხედი და სუფთა ჰაერი მინდაო. მოკლედ, ბევრი ვიკამათეთ, მაგრამ, მე გავიმარჯვე. ვერ ვიტან მრავალსართულიან სახლებსა და ლიფტს – ლიფტში რომ ვზივარ, სული მეხუთება, ჰაერი არ მყოფნის. ისიც გავითვალისწინე, რომ მაღალ სართულზე ასვლა-ჩამოსვლა გამიჭირდებოდა, მე კი ბუნებით აქტიური, კონტაქტური ადამიანი ვარ და ჩიტივით ვერ ვიჯდები ბუდეში (იცინის). ვბერდები, ხომ არ ვახალგაზრდავდები. პრაქტიკული ადამიანი ვარ და წინ გავიხედე, ოჯახში ერთი ადამიანი მაინც ხომ უნდა იყოს პრაქტიკული და შეეძლოს დაგეგმვა?! რატომ, არ ვიცი, მაგრამ, როგორც კი შემოვედი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს ბინა ჩემი იყო.  ადრეც მითქვამს, რომ უტყუარი ინტუიცია მაქვს, მივხვდი, რომ აქ კარგად ვიქნებოდი.
– პირველად რომ გაიღვიძეთ ახალ სახლში, რა იგრძენით?
– ცოტა უცნაური განცდა მქონდა. ხომ იცით, თავიდან ცოტა რთულია, უცხო სახლსა და გარემოს შეეგუო, მაგრამ, ნელ-ნელა ვეჩვევი და მომწონს. მალე მამა ალექსის სახლს ვაკურთხებინებთ და ჩვენს ოჯახში დიდი მადლი შემოვა. ცხოვრება თითქმის ნულიდან დავიწყეთ, თითზე გადასახვევიც კი არაფერი მქონდა, რომ იმ სახლიდან წამომეღო. ნემსიდან დაწყებული, ყველაფრის ყიდვა მოგვიხდა. მაგრამ, ნამდვილად ღირდა ამად. თუმცა, ეკასგან განსხვავებით, მომჭირნეობა მაინც გამომყვა. ფული კი მაქვს, მაგრამ, ერთდროულად ათ რაღაცას მაინც არ ვიყიდი, არ მჭირდება. ეკა 100 ლარზე მუშაობდა და მაინც არ იცოდა დაზოგვა. ახლაც, სადმე ნათურა თუ ანთია, მივალ და ჩავაქრობ. ძლივს გვყოფნიდა ეკას ხელფასი, ხან ვალებიც გვქონდა... ბევრჯერ ნისიად ამიღია ჩვენს ქუჩაზე ერთ პატარა მაღაზიაში პროდუქტი. მინდა, ინგასა და დათოს, ამ მაღაზიის მფლობელებს, დიდი მადლობა ვუთხრა, ასე რომ მეხმარებოდნენ. მეხუმრებოდნენ ხოლმე: მანანა დეიდა, აიღეთ, რამდენიც გინდათ, მაინც თქვენ არ უნდა გადაიხადოთო? (იცინის) ხანდახან ეკას იმ მცირე ხელფასსაც უგვიანებდნენ და მთელი თვე ვერ მიმქონდა ვალი.
– ძალიან მძიმე წლები გამოვიარეო, წინა ინტერვიუში მითხარით.
– საშინელი. გახსენებაც არ მინდა. ვერც ვთბებოდით, არც საჭმელ-სასმელი გვქონდა. დაბანასა და გარეცხვაზე ზედმეტია ლაპარაკი. გაზის გამათბობელი არასდროს გვქონია, შეშის ღუმელი გვედგა, ძველი. იმის საშუალებაც არ მქონდა, შეშა მეყიდა – ზაფხულობით დავდიოდი  და ვაგროვებდი ფიცრებს, ფიჩხს. ჩემთვის დღესასწაული იყო, თუკი ვინმე ახლომახლო რემონტს გააკეთებდა და კარ-ფანჯარას გამოცვლიდა – სახლში მიმქონდა შეშად. ზამთარში, თოვლსა და ყინვაში, გარეთ საკუთარი ხელით ვაპობდი, თან, სახლში პატარა ბავშვი გვყავდა. ცხელი წყალი არასოდეს გვქონია – ვედროთი ვაცხელებდი ხოლმე ვაი-ვაგლახით, თეთრეულსაც კი ხელით ვრეცხავდი. სახლში ონკანი დაგვიზიანდა – ჟონავდა. არ მინდოდა, რომ ისედაც გაფუჭებული იატაკი დასველებულიყო და ამიტომ ყინვაში თეთრეულს ეზოს ონკანთან ვრეცხავდი გაყინულ წყალში, ლოლოები მეკიდა ხოლმე თითებზე, გაკვირვებულები მიყურებდნენ მეზობლები, ხელებზე კანი ცხოველის ტყავივით მქონდა. რა მექნა, ოჯახში ქალიც მე ვიყავი და კაციც. შემშველებელიც არავინ მყავდა, ჩემს ნათესავებს ვერ ვამტყუნებ, თუმცა, ვერც ვამართლებ. შეიძლება, ფული არ გქონდეს, მაგრამ, ხომ შეიძლება, გაჭირვებულ ადამიანთან მიხვიდე და ტკბილი სიტყვით მაინც ანუგეშო?! ახლა იმდენი ახლობელი და „გულშემატკივარი“ გამომიჩნდა... ყველა თავისას მთხოვს, კი არ ფიქრობენ, რომ ჯერ საკუთარი ცხოვრება მაქვს მოსაწყობი და უკაცო ოჯახის გაძღოლა ძალიან ძნელია!
– მეზობლები უკვე გაიცანით?
– ყველა არა, მაგრამ, ვიტყვი, რომ გამიმართლა და ძალიან კარგი მეზობლები მყავს, განსაკუთრებით კარის მეზობელთან დავმეგობრდით. ცხოვრებაში ბევრ რამეში მქონია იღბალი, შემოვიდნენ, მომილოცეს, გამეცნენ... ახალმოსახლეობა ჯერ არ მიზეიმია (იცინის) – ჯერ ყველას არ ვიცნობ და, არ მინდა, ვინმეს გული ეტკინოს. ხანდახან იმისიც მეშინია, რომ ადამიანები ფულის გამო ეცდებიან ჩემთან დაახლოებას.
– რამეში გინდათ ფულის დაბანდება?
– ძალიან დიდი ბიზნესის წარმოებაზე არ მიფიქრია. საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო – მირჩევნია, მცირე ბიზნესში ჩავდო ფული, რადგან, დიდ ბიზნესს ნიჭი და ალღოც უნდა. თანაც, ქველმოქმედებასაც ხომ უნდა დავუთმო ადგილი? ღმერთმა ამხელა წყალობა მომივლინა და უაზროდ ვერ დავხარჯავ ფუფუნების საგნებში. მირჩევნია, ეს თანხა ტაძარს შევწირო (რასაც მალე ვაპირებ) ან ვინმეს დავეხმარო, ვიდრე ოქრო-ბრილიანტით ასხმულმა ვიარო.  ასეთი რამ ჩემში არ ზის.
– ეკა, შენ არ იძენ ფუფუნების საგნებს?
ეკა ბეგიაშვილი: არა, არც მე მიყვარს ეგეთი რაღაცეების ყიდვა, განსაკუთრებული კაპრიზები არ მაქვს. ამას წინათ სათვალის ფასი ვიკითხე მაღაზიაში და მითხრეს, 1 600 ლარი ფასდაკლებითო. რა ამბავია! რაც მინდა, ნორმალურ ფასად  ვიყიდი. მოგზაურობაზეც არ ვგიჟდები, ორი დღით ვიყავი ქობულეთში. უცხოეთში წასვლა არ მინდა.
მანანა: სამაგიეროდ, გიორგის აქვს ბევრი მოთხოვნა, რადგან, მთელი ეს წლები უამრავი რამ აკლდა: ვერც დაბადების დღეებზე დადიოდა, ვერც ექსკურსიებზე, ვერც კინოში... ვცდილობდი, არ ეგრძნო, რომ ფული არ გვქონდა და ხან რას ვიგონებდი, ხან – რას:  შეხედე, რა ამინდია, სად უნდა წახვიდე; ან კიდევ, დაბადების დღეზე რა გესაქმება, რა უნდა გააკეთო-მეთქი... უკვირდა ბავშვს... სამაგიეროდ, ახლა ისრულებს სურვილებს. თეატრი უყვარს ძალიან და ხშირად დადის, ახლა მთაწმინდაზეა წასული მეგობრებთან ერთად ბილიარდის სათამაშოდ. დიდი სურვილი აქვს, საკუთარ მოძღვართან – მამა ალექსისთან ერთად წმიდა მიწა მოილოცოს – ის ხომ ქაშუეთის ტაძრის სტიქაროსანია. ამ სურვილს აუცილებლად შევუსრულებთ. მეც ეკასავით ვარ ამ საკითხში – მოგზაურობა არ მიყვარს, საქართველოს მასშტაბითაც კი.
– ქუჩაში რომ გცნობთ ხალხი, რა რეაქცია გაქვთ?
– ვაიმე, უხერხულ სიტუაციაში ვვარდები! ადრე მაღაზიებში სიარული ძალიან მიყვარდა – ფული არ მქონდა და მაინც. ახლა კი აღარ დავდივარ, რადგან,  ყველა მე მიყურებს, ზურგსუკან ჩურჩულებენ, გამყიდველები მუშაობას თავს ანებებენ და მეკითხებიან,  მართლა მოიგე თუ არაო. თითით ჩვენებაც ხშირად ყოფილა. ამიტომ, ცოტა ხნით ჩავიკეტე, მაგრამ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება. ბაზრობაზე და ბაზარში სიარულზე ლაპარაკი ზედმეტია, ოღონდ, უკადრისობის გამო კი არა. ეკა დადის და იძენს პროდუქტებს. რასაც ყიდულობს, კმაყოფილი ვარ, არ ვარ წუნია და პრეტენზიული ადამიანი.
– მანქანაც შეიძინეთ, არა?
– დიახ, „მერსედესი“, მძღოლიც გვყავს. ჯერჯერობით ეკას არ აქვს მართვის მოწმობა, არადა, გიჟდება, ისე უნდა საჭესთან დაჯდომა. ძალიან ბედნიერი ვარ, ერთადერთი, იმაზე მწყდება გული, რომ მეუღლე არ მყავს გვერდით, ძალიან მიჭირს უმისოდ... მე ბევრნაირი გარდატეხა მქონდა ცხოვრებაში – საშუალო მდგომარეობაც, სიღატაკეც და, უცებ – ასეთი სინათლე! ყველა ერთნაირად არ იქცევა ასეთ სიტუაციაში, მაგრამ, მე არასოდეს შევიცვლები, სულ ის მანანა ვიქნები, რაც ვარ (იცინის).

скачать dle 11.3