ელვის პრესლის რომელი რეკორდი არის დღემდე მიუღწეველი და ამერიკის რომელ პრეზიდენტებს ჰქონდათ მასთან ახლო ურთიერთობა
1977 წელს გარდაცვლილ „როკ-ენ-როლის მეფეს“, ელვის პრესლის, წელს დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდებოდა. ის ამერიკული მუსიკის და როკ-ენ-როლის სულის ჭეშმარიტ გამოვლინებად ითვლება მელომანებს შორის და ათიათასობით ფანისთვის ელვის პრესლი დღესაც ცოცხალია.
ფაქტები ელვისის ბავშვობაზე
ელვის პრესლი დაიბადა 1935 წლის 8 იანვარს, მისისიპის შტატის ქალაქ ტიუპელოში, ღარიბ ოჯახში. პრესლის ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, თუმცა ის დაბადებისთანავე გარდაიცვალა; მისი სრული სახელი და გვარი იყო ელვის არონ პრესლი. ელვისს იმდენად მოსწონდა სახელი არონი, რომ, ბიბლიურად, „აარონს” გამოთქვამდა. ელვისი დაბადებიდან ქერა იყო, მან 1957 წელს შეიღება პირველად თმა შავად, შემდგომ კი, ერთი ხანობა ის ჟღალთმიანიც იყო. ელვისი ბავშვობიდან მღეროდა საეკლესიო გუნდში და საკვირაო მესებს ესწრებოდა. პირველი გიტარა ელვისს ბიძამ აჩუქა. სკოლის დამთავრების შემდეგ ელვისი მენაგვედ მუშაობდა, შემდგომ კი – მძღოლად, კვირაში 45 დოლარად.
ფაქტები ელვისის ჯარში მსახურობაზე
1958 წლის 24 მარტს, 23 წლის ელვის პრესლი ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში სამსახუროდ გაიწვიეს. ელვისის გაწვევამ ამერიკულ საზოგადოებაში პროტესტის ტალღა წარმოშვა – ახალგაზრდები მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 1958 წლის ბოლოს ელვის პრესლი დასავლეთ გერმანიაში სამსახუროდ გადაიყვანეს, სადაც იგი კარატემ გაიტაცა, კერძოდ სეტოკაის სტილმა. მემფისში დაბრუნების შემდეგ ელვისი აღმოსავლური ორთაბრძოლების ამერიკული სტილის – კენპოს მიმდევარი გახდა; ის ამერიკელების იმ იშვიათ კატეგორიაში გადიოდა, რომლებსაც შავი ქამარი ჰქონდათ. ელვის პრესლი პირადად უტარებდა გაკვეთილებს კარატეში თავის პირად მცველებს, ძმებ უესტებს, რომლებმაც მოგვიანებით გახსნეს კარატეს სკოლა, სადაც ჩაკ ნორისი ვარჯიშობდა; „როკ-ენ-როლის მეფე“ სატანკო დივიზიაშიც მსახურობდა. მთლიანობაში, ელვისმა ორი წელი იმსახურა არმიაში, ჯარიდან გათავისუფლების შემდეგ კი გამოსცა ფირფიტა – „ელვისი დაბრუნდა”.
ფაქტები ელვისის „მეფობაზე”
ელვის პრესლის უწოდებენ „როკ-ენ-როლის მეფეს”, ან, უბრალოდ „მეფეს”, უფრო ხშირად კი უბრალოდ, ელვისს. ტიტული – „როკ-ენ-როლის მეფე” ელვის პრესლის 1956 წელს ამერიკულმა ჟურნალმა „ვარიეტემ” მიაკუთვნა; მუსიკალური ჟურნალის, „როლინგ სთოუნზის” ვერსიით, ელვის პრესლი მესამეა მსოფლიოს ყველა დროის მუსიკოსთა რეიტინგში. ყველაზე პრესტიჟული ამერიკული მუსიკალური ჯილდო „გრემი” ელვის პრესლის სამჯერ გადაეცა; მას ეკუთვნის მუსიკალური რეკორდი, რომლის გამეორება დღემდე ვერავინ მოახერხა, მისი 149 სიმღერა სხვადასხვა დროს „ბილბორდის” ჰიტ-პარადის „ცხელ ასეულში“ მოხვდა, მათ შორის, 18-ჯერ – პირველ ადგილზე; მსოფლიოში ელვის პრესლის ალბომების მილიარდამდე ცალია გაყიდული; 1969-1977 წლებში ამერიკის ტერიტორიაზე ელვის პრესლიმ 1 100 კონცერტი გამართა; ელვისის კონცერტებზე მსმენელი გოგონები ხშირად იქცეოდნენ არაადეკვატურად: ფლორიდაში გამართულ კონცერტზე აჟიტირებული გოგოების მასა ავარდა სცენაზე და, სანამ ელვისი გიტარის გადარჩენით იყო დაკავებული, მისი ტანსაცმელი ნაკუწებად აქციეს – ერთ-ერთმა გოგომ მას ფეხსაცმელი გახადა, ხოლო მეორემ კბილებით გაუხია შარვალი. ელვის პრესლი არაერთხელ შეხვედრია ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირებს: 1966 წელს პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი პირადად ეწვია „მეფეს” ფილმ „სპინაუტის” გადასაღებ მოედანზე; 1970 წელს ელვისი თეთრ სახლში რიჩარდ ნიქსონმა მიიღო; გარდა ამისა, ელვისი ხშირად ესაუბრებოდა ტელეფონით პრეზიდენტ ჯიმ კარტერს.
ელვის პრესლის ცხოვრებისეული ფაქტები
ელვისი აქტიურად იყო დაკავებული ქველმოქმედებით და უყვარდა საჩუქრების გაკეთება. თავისი მეგობრებისთვის „მეფე” ყიდულობდა სახლებს და აფინანსებდა ქორწილებს; ამას გარდა, ერთხელ ელვისმა იყიდა 14 „ლიმუზინი“, რომლებიც მაშინვე გააჩუქა, მათ შორის ერთი სრულიად უცნობ ადამიანს აჩუქა, რომელიც ავტოსალონში შეხვდა; ერთ-ერთ კონცერტზე ელვის პრესლიმ 7 ათასი დოლარის ღირებულების ბეჭედი უცნობ მსმენელს აჩუქა. ბავშვობაში ელვისი დედას შეჰპირდა, რომ „კადილაკს” აჩუქებდა, 1955 წელს მან ეს პირობა აასრულა და ვარდისფერი „კადილაკ ფლიტვუდი” აჩუქა. 1958 წელს ელვისი პირველად შეხვდა თავის მეუღლეს, პრისცილა ბუალიეს, რომელიც იმ დროს 14 წლის იყო; ელვისი 1967 წელს დაქორწინდა და ხუთი წელი იცხოვრა ქორწინებაში. მას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა – ლიზა-მარია პრესლი, რომელიც სხვადასხვა დროს მაიკლ ჯექსონისა და ნიკოლას ქეიჯის მეუღლე იყო; ელვის პრესლი „ეფბეაის” საპატიო თანამშრომელი იყო ნარკოტიკებთან ბრძოლაში.
ფაქტები ელვისის სიკვდილის შესახებ
ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს, დღის 2 საათზე გარდაიცვალა, მაშინ „მეფე” მხოლოდ 42 წლის იყო. გარდაცვლილი ელვისი მისმა მორიგმა მეგობარმა გოგონამ გრეისლანდის აბაზანაში აღმოაჩინა. ტოქსიკოლოგებმა ელვისის სისხლში 14 ნაირსახეობის ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. „მეფის” სიკვდილის შემდგომ, მისმა პირადმა ექიმმა აღიარა, რომ უკანასკნელ 3 წელიწადში ელვისს 19 ათასი დოზა დასაძინებელი საშუალება გამოუწერა. ელვისი იღებდა ჰორმონულ პრეპარატებს გასუქების საწინააღმდეგოდ და მაინც, სიცოცხლის ბოლო დღეებში ელვის პრესლის წონა 200 კილოგრამს შეადგენდა, მას უჭირდა გადაადგილება და ეძინა სპეციალურ საწოლზე; ელვისის სიკვდილი მედიკამენტების გადამეტებულმა დოზამ გამოიწვია – მას გული გაუჩერდა. ელვისის დაკრძალვის ცერემონიალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს, სამგლოვიარო მსვლელობაში კი, მის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად, მისი საყვარელი „კადილაკებიც” იღებდნენ მონაწილეობას.
ფაქტები ელვისის სიკვდილის შემდგომ პერიოდზე
მომღერლის თაყვანისმცემელთა დიდ რაოდენობას არ სჯეროდა ელვისის გარდაცვალება, ამერიკელების მესამედს კი დღემდე მიაჩნია, რომ ელვისი ცოცხალია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ელვისის სიკვდილი ინსცენირება იყო, იგი გაცილებით ადრე გარდაიცვალა, თუმცა, ამ ფაქტს ასაიდუმლოებდნენ. ელვისის სიკვდილის შემდეგ თაყვანისმცემელთა ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ სხვადასხვა ადგილებში ცოცხალი „მეფე” იხილეს. ელვისის დასაფლავებიდან ერთ თვეში ერთ-ერთმა ფანატმა მისი საფლავის გათხრა დაიწყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ „მეფე” მკვდარია; რამდენიმე ხნის წინ კი კანზასის ფსიქიატრიული კლინიკის მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი პაციენტი, ნამდვილად ელვის პრესლია. ექიმის თქმით, პრესლი 77 წლისაა, მას აწუხებს ართრიტი, ძლიერ არის დაბერებული, თითქმის მთლიანად გაჭაღარავდა და თავს ჯერი პრესლიდ ასაღებს.
ფაქტები ელვისის მემკვიდრეობაზე
გრეისლენდი – ელვისის სასახლე მემფისში, თეთრი სახლის შემდეგ მეორე ადგილია, რომლის სანახავადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობა დადის. წელიწადში 600 ათასი ადამიანი, ექსკურსიის ფასი 22 დოლარს შეადგენს. გრეისლენდში მდებარეობს პრესლების საგვარეულო სასაფლაო, სადაც თავად „მეფეა” დაკრძალული. ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება ელვის პრესლის ორეულების კონკურსი. აუქციონებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ელვისის ნივთები: 2008 წელს „კრისტის“ აუქციონზე 35 ათას დოლარად გაიყიდა ელვისის ტყავის ქურთუკი. 2009 წელს „მეფის” თმა „ლესლი ჰინდმანის“ აუქციონზე უცნობმა მყიდველმა 15 ათას დოლარად შეიძინა. ელვის პრესლის ქონება, მისი გარდაცვალებიდან 35 წლის გასვლის შემდგომ, ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით იზრდება, იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მიცვალებულია პლანეტაზე.