რატომ ვერ ივიწყებენ დიზაინერები ქალის „ცხოველურ“ ინსტინქტებს
მართალია, მოდური ჟურნალები, ბლოგები თუ ტელეგადაცემები უკვე 2013 წლის ზაფხულის ტენდენციებსა და საკურორტო ტრენდებზე გვესაუბრებიან, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი გამოყენება აქ და ახლავე – შეუძლებელია. ქართველი ქალბატონების დიდი უმრავლესობა მსოფლიო ბრენდების ახალი კოლექციების მოლოდინში ნამდვილად არ არის და მხოლოდ ზოგადი ვითარებისა და მიმდინარეობების გათვალისწინებით იმოსება. ის კი, რასაც მომავალი წლის ზაფხულისთვის გვთავაზობენ დიზაინერები, კარლ ლაგერფელდმა დაიწყო და მთელი 2012 წლის გაზაფხულის განმავლობაში მოდის სამყარომ ასოთხმოცამდე მაღალი მოდის ჩვენება ნახა, რომელთაგან რამდენიმე ტიპის ტენდენციას გამოვყოფ.
პირველი, რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, არის მდიდრული ჯინსის ტენდენცია. ჯინსი აქტუალურობას არც ერთ წელს არ კარგავს და ის მოდაში უკვე ყველა სახით არის გამოყენებული, თვით საქორწილო კაბის ქსოვილადაც კი და ამიტომ, ჯინსისგან უკვე აღარაფერი გვიკვირს. ამ სეზონისთვის კი ჯინსმა საკმაოდ მდიდრული ქსოვილის იერი მიიღო. მას ყველანაირი გამოყენება მოუძებნეს: ლამაზი, განიერი პერანგები, შორტები, კაბები, ქვედაბოლოები და სხვა. „შანელი”, „ბალმაინი”, „გუჩი” და სხვა მოდის სახლები აქცენტს ტრადიციული ფერის ჯინსზე აკეთებენ. ცისფერი ჯინსის რომანტიკული კაბა „შანელის” მოდის სახლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, რომელიც მოკლე პიჯაკებისა და მიდი-ქვედაბოლოების მოტრფიალე ქალბატონ კოკოს აღფრთოვანებულს ნამდვილად არ დატოვებდა, თუმცა, ოცდამეერთე საუკუნე უკვე თავის კანონებს გვკარნახობს.
ფერადი, „ცხოველური“ პრინტები აქტუალურობას არც ამ სეზონზე კარგავს და მომავალ საკურორტო სეზონზეც შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ. ზებრის, ვეფხვისა და ლეოპარდის შეფერილობის სხეული კვლავ მიმზიდველი რჩება. ქალბატონებს ისევ მოსწონთ ცხოველურ საწყისებზე აქცენტების გაკეთება და ამით ყურადღების მიქცევა. „დერეკ ლამი”, „სალვატორე ფერაგამო”, „კენზო”, „მაიკლ კორსი” და „ჟანბატისტა ვალი” ის ბრენდებია, რომლებმაც ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ, „საერთო-ზოოპარკული“ ინსპირაციით შექმნეს საკმაოდ ქალური, ლამაზი და ნაზი სამოსი, რაც მართლაც გასაკვირია აგრესიული ლეოპარდის ტყავის გვერდით.
ტრანსპარანტულობა არა მხოლოდ პოლიტიკაში, მოდაშიც აქტუალურია. გამჭვირვალე სამოსი საკმაოდ ქალურად და ელეგანტურად გამოიყენეს სტელა მაკარტნიმ, „სელინის” კრეატიულმა დიზაინერმა პოებ პილომ და სხვებმა. „სელინი” და „სტელა მაკარტნი” ის დიზაინერები არიან, ვისთვისაც სექსუალურობა ვულგარულობისგან ძალიან განსხვავდება და ყოველთვის ახერხებენ, დაფარული მიმზიდველობით გამოაჩინონ ქალის სხეული. ორფენიანი სამოსი საკურორტო სეზონის ჰიტია – შორტი „პადიუბკის” ნაცვლად, ძალიან ლამაზად გამოიყურება გრძელი, ჰაეროვანი, გამჭვირვალე აბრეშუმის კაბის ქვეშ. ამ მიმართულებით წავიდნენ ამ სეზონზე „ფილიპ ლიმი” და „რიდ კრაკოფი”.
რაც შეეხება კაბებს, „მოსკინო ჩიპ ენდ შიკმა”, „ჯეისონ ვუმ”, „ვალენტინომ” და სხვებმა, აქცენტი გასულ საუკუნეში აქტუალურ რომანტიკულ კაბებზე გააკეთეს, რომელთა მთავარი მომხმარებლებიც, სავარაუდოდ, თინეიჯერები იქნებიან. დახურული, ტორსზე მომდგარი და ქვემოთ ბევრმინაკეცებიანი მუხლებამდე კაბა რომანტიკული და ნაზია და დაცლილია სექსუალურობისა და აგრესიისგან. ამ სტილის კაბები, შეგიძლიათ, თამამად ჩაიცვათ სასკოლო ან საუნივერსიტეტო წვეულებებზე.