კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიატოვა გივი ჩუგუაშვილმა სცენა და რატომ იყო ის ჩაკეტილი სასტუმროს ნომერში სამი დღე და ღამე

1984 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თემურ ჩხეიძის „ჯაყოს ხიზნების“ პრემიერა შედგა. ყველა და ყველაფერი იმდენად გემოვნებით იყო შერჩეული და ისეთი შთამბეჭდავი გახლდათ,  რომ იმ მომენტში არ შეიძლებოდა, ერთი წუთით მაინც არ გაგჩენოდა სცენაზე ასვლისა და მათ გვერდით თამაშის სურვილი. ყველაზე კარგად, ალბათ, მაინც მსახიობი გივი ჩუგუაშვილი „იჯდა“ თავის როლში, რომელიც ხმის ტემბრით, ლაპარაკის მანერით, კოსტიუმით, გრიმით, ტლანქი და ცხოველური მოქმედებებით, ზუსტად შეესაბამებოდა ჯაყოს ტიპაჟს. დღეს სწორედ მის დღიურს გაგაცნობთ. როგორია მსახიობის მიერ გავლილი გზა სოფელ მუხრანიდან მარჯანიშვილის თეატრამდე – ამ და სხვა ამბებს თავად გიამბობთ.
– გვიამბეთ რა გზა გამოიარეთ აქამდე, როგორ იწყებოდა გივი ჩუგუაშვილის სამსახიობო კარიერა?
– დავიბადე მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ბავშვობა არცთუ ისე სახარბიელო მქონდა. ჩემი დაბადებიდან ერთი თვის თავზე მამა გარდაიცვალა. დედას ჩემს აღზრდაში ბებია და ბაბუ ეხმარებოდნენ. ბავშვობიდანვე მიტაცებდა თეატრი. მახსოვს, აივანზე ფარდას ჩამოვაფარებდით და სპექტაკლებს ვდგამდით. სოფლის კულტურის სახლში ძალიან ხშირად იმართებოდა სპექტაკლები, რომლის ხელმძღვანელი და რეჟისორი გოგი ჩხაიძე იყო. ალბათ, გახსოვთ, მსახიობი  ვასილ ჩხაიძე ფილმებიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, სწორედ მისი შვილი იყო გოგი ჩხაიძე. ფაქტობრივად, მან ამადგმევინა ფეხი პირველად სცენაზე. იმ პერიოდისთვის შესაფერისი სერიოზული რეპერტუარი ჰქონდა კულტურის სახლს. ერთი სული მქონდა, გაკვეთილები როდის დამთავრდებოდა, რომ კულტსახლში გავქცეულიყავი და რეპეტიციებს მალულად დავსწრებოდი. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია რეჟისორს და უფლება მომცა, რეპეტიციაზე მალულად კი არა, ჩვეულებრივ, როგორც მათ წევრს, ისე დავსწრებოდი. ყველა როლი ზეპირად ვიცოდი. ერთხელ ერთ-ერთი მსახიობი ავად გახდა, არადა, პრემიერა ახლოვდებოდა. გოგიმ მთხოვა, იქნებ რეპეტიციებზე რეპლიკები მიმეწვდინა მსახიობებისთვის. დავალება ისე დამაჯერებლად შევასრულე, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა მეთამაშა ეს როლი. არადა, 60 წლის მამის როლი იყო, შვილის როლს კი ჩემზე უფროსი თამაშობდა (სამსონიას პიესა „ჩემი შვილი სიმონი“). იმ დროს 16 წლის ვიყავი. მახსოვს, ფარდა რომ გაიხსნა, ისე დავიბენი და ავღელდი, გავიქეცი, მომკიდეს ხელი და ძალით შემაგდეს სცენაზე. დღემდე მახსოვს ის ოვაციები და მაყურებლის ტაში. ძალიან ბედნიერი ვიყავი. სწორედ მაშინ მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება – მსახიობი გავმხდარიყავი და სხვა არავინ! სკოლის დამთავრებისთანავე, მანამ, სანამ თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდები დაიწყებოდა, თბილისში, რკინიგზელთა სახლის თეატრალურ სტუდიაში მოვეწყვე. პარალელურად, ჯერ მშენებლობაზე, მერე ქარხანაში ვმუშაობდი. ერთი წლის შემდეგ კი ინსტიტუტში ჩავაბარე გამოცდები. პირველივე წელს, სამწუხარო ფაქტი მოხდა, ჩემი პედაგოგი, ანტონ თავზარაშვილი გარდაიცვალა. მთლიანად ჩვენი ჯგუფი მიშა თუმანიშვილმა ჩაიბარა ამ დროს, პარალელურად, ბატონ მიშას სარეჟისორო ჯგუფი ჰყავდა. ეს ორი ჯგუფი გააერთიანა და დაერქვა ექსპერიმენტული, სადაც რეჟისორებიც და მსახიობებიც, როგორც იტყვიან, ერთად ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. რა თქმა უნდა, ეს წლები დაუვიწყარია ჩემთვის.
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ახალგახსნილ რუსთავის თეატრში მომიხდა მოღვაწეობა. ის წლებიც ჩემთვის დაუვიწყარია, რადგან საოცარი სამსახიობო ანსამბლი იყო იქ. როგორებიც არიან და იყვნენ: აკაკი ვასაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, თენგიზ არჩვაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, გივი ბერიკაშვილი; რეჟისორები:  გიგა ლორთქიფანიძე, თამაზ მესხი, გია ანთაძე. იქ ჩემთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე როლიც ვითამაშე.
– რატომღაც ბევრი ფიქრობს, რადგან ეს ადამიანი ცნობილია, არ შეიძლება, მას რამე უჭირდეს, ჩართული იყოს ყოველდღიურ ალიაქოთში და ალბათ, არ იკლებენ მეგობრებში გართობას, შოპინგს, რესტორანსა თუ ქალაქგარეთ პიკნიკს, უცხოეთში წასვლა-წამოსვლასო... ანუ, შორიდან თქვენი ცხოვრება ძალიან უშფოთველი და ლამაზი ჩანს.
– რა თქმა უნდა, შორიდან ასე ჩანს, მაგრამ მსახიობის პროფესია ურთულესია. მთელი შენი სხეული, სული, ფსიქიკა ჩართულია იმ არაადამიანურ შრომაში, რასაც შემოქმედება ჰქვია. საკმარისია, პატარა ნიუანსი მოაკლო, მაშინვე ნახევარფაბრიკატად იქცევა. საკმარისია, იფიქრო და დაარწმუნო შენი თავი, მე ვარ და ჩემი ნაბადიო და მაშინვე დაშორდები იმას, რისთვისაც მთელი ცხოვრება გიღვაწია. იოლად არაფერი მოდის. თუ რამე წინააღმდეგობა შემხვედრია, დიდი შრომისა და მუშაობის ფასად გადამილახავს.
– წინააღმდეგობა ახსენეთ და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ასეთი ბარიერი სცენაზე გასვლის კომპლექსი იყო. ანუ, თუ იქონია გავლენა შემდგომში იმ პირველმა განცდამ?
– ამას კომპლექსს ვერ დავარქმევ. ეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა მაყურებლის წინაშე. იმ დღეს, როდესაც სპექტაკლი მაქვს, აბსოლუტურად გადმორთული ვარ მხოლოდ და მხოლოდ  იმ როლზე, რომელიც უნდა შევასრულო და ეს ის ღელვაცაა, რაც აუცილებლად უნდა იყოს სცენაზე გასვლამდე, სცენაზე გასვლის შემდეგ კი თავისთავად იხსნება ნერვიულობა და ირთვება ის ამოცანა, რაც იმ კონკრეტულ როლს სჭირდება.
– ქუჩა, საძმაკაცო, ცემა-ტყეპა, ალბათ, არც თქვენ დაგკლებიათ.
– საძმაკაცოს და მეგობრების გარეშე ცხოვრება, ალბათ, ძალიან რთული იქნება. მით უმეტეს, ჩემს მდგომარეობაში, რადგან არც და და არც ძმა არ მყოლია. რაც შეეხება ჩხუბსა და ცემა-ტყეპას, ეგ პერიოდიც საკმაოდ სერიოზულად მაქვს გავლილი ბავშვობაში. მაგრამ, მაშინ ერთი საზომი გვქონდა, რაც არ უნდა ყოფილიყო და რომელიც არ უნდა გალახულიყო, მაინც მეგობრებად ვრჩებოდით, ბოღმას გულში არ ვინახავდით.
– როგორ აეწყო თქვენი პირადი ცხოვრება?
– მოხდა ისე, რომ პირველი ქორწინება მხოლოდ სამ წელიწადს გაგრძელდა. მყავს შვილები და შვილიშვილები. ჩემი ახლანდელი მეუღლეც მსახიობია. ჩვენ, შეიძლება ითქვას, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ამიტომაც, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ. ბედნიერებაა, როცა ცხოვრობ მასთან, ვინც გიყვარს.
– ესე იგი, კმაყოფილი ხართ იმით, რაც გაქვთ. თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას, ამ გზით წახვიდოდით?
– როგორ გითხრათ, ეს კმაყოფილება კი არა, ჩემი ბედისწერაა. ყოველ ადამიანს ხომ თავისი ბედისწერა აქვს? რაც შეეხება კმაყოფილებას, ყოველთვის რაღაც უკმარისობის გრძნობა მაქვს, განსაკუთრებით, ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ როლი იმ კონკრეტულ დღეს ისე ვერ შევასრულე, როგორც საჭირო იყო. მერე ერთი სული მაქვს, როდის იქნება იგივე სპექტაკლი, რომ გამოვასწორო ჩემი დაშვებული შეცდომა. თქვენ მკითხეთ, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ამ გზით წავიდოდი თუ არა, რა თქმა უნდა, ალბათ, ისევ ამ გზას ავირჩევდი. იმიტომ ვარ გივი ჩუგუაშვილი, რომ ის შეცდომები და არშეცდომებიც, რაც მაქვს, ჩემია.
– მოდი, კინოზეც ვისაუბროთ. ისევე, როგორც თეატრში, ეკრანზეც ბევრი საინტერესო სახე გაქვთ შექმნილი ფილმებში: „დემეტრე მეორე თავდადებული“, „ძმა“, „წიგნი ფიცისა“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „მევლუდი“, „წინამორბედი“, „იქ, ჩვენთან“, „მოკვეთილი“, „ოქროს ობობა“, „დრონგო“, „მგლების ხორუმი“, „ცხელი ძაღლი“, „ომი და ქორწილი“ და სხვა... მაგრამ არ ვიცით, რომელია თქვენი პირველი როლი კინოში.
– 1975 წელს პირველი სერიოზული როლი ვითამაშე, გიორგი კალატოზიშვილის ფილმში „კავკასიელი ტყვე“, რომელიც ტოლსტოის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. მახსოვს, გადაღებები ფიაგდონში მიმდინარეობდა (ჩრდილოეთ ოსეთში – ავტორი). სულ დაახლოებით ორმოცდაათზე მეტ ფილმში ვარ გადაღებული.
– არ შემიძლია, არ გავიხსენო სპექტაკლი „ჯაყოს ხიზნებიც“, რომლის პრემიერა 1984 წლის 19 თებერვალს შედგა და რომელმაც მთელი თბილისი აალაპარაკა. მახსოვს, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, რადგან ეს იყო მაშინ პირველი ქართული სპექტაკლი ყველაზე თამამი სცენებით, და მასში მარჯანიშვილის თეატრის ყველაზე მაგარი მსახიობები თამაშობდნენ. როგორ გახსენდებათ სპექტაკლზე მუშაობა?
– „ჯაყოს ხიზნები“, მართლაც, ძალიან გააზრებული და იმ დროისთვის გაბედული ნაბიჯი იყო თემურ ჩხეიძისგან. ასევე დათო ანდღულაძისგანაც, რომელმაც დადგა სპექტაკლი, უფრო სწორად, დღე-დღეზე პრემიერა უნდა გვქონოდა. ამ სპექტაკლში ვთამაშობდი რაიკომის მდივანს. გასინჯვის დღეს მართლაც მოვიდნენ რაიკომიდან პარტიის წარმომადგენლები და დაესწრნენ წარმოდგენას. მე ერთი მიზანსცენა მქონდა, სადაც პიჯაკი გავიხადე და ხელგაუყრელად მოვისხი. აი, ამის გამო მოხსნეს სპექტაკლი. რაიკომის მდივანს როგორ შეეძლო დაერღვია ეტიკეტი და პიჯაკი მოსხმული ჰქონოდა. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, „ჯაყო“ მართლაც რომ დიდი მოვლენა იყო ქართული საზოგადოებისთვის. ჯაყოს როლზე სამი მსახიობი ვიყავით განაწილებული – ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ციცქიშვილი და მე. არ შემიძლია, არ გავიხსენო ნანი ჩიქვინიძე, ნოდარ მგალობლიშვილი, დათო დვალიშვილი, ზურა სტურუა. ყველამ ბრწყინვალედ გაართვა თავი თავის როლს და მართლაც, უნაკლო სპექტაკლი გამოვიდა.
– ბატონო გივი, მსახიობი რომ არა, რა შეიძლება, გამხდარიყავით?
– აბა, რა გითხრათ, ჩემი ჰობია, ის რომ ტექნიკასთან ძალიან ახლოს ვარ და შეიძლება, ფიზიკოსიც გამოვსულიყავი. თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ტექნიკასთან ჩხირკედელაობა. ასე რომ, ჩემი სამყარო მაქვს შექმნილი. თუმცა, ალბათ მაინც მსახიობი ვიქნებოდი.
– მოტოციკლეტიც თქვენი ცხოვრების ნაწილია?
– რა თქმა უნდა! თუ გინდა, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება იგრძნო, მოტოციკლეტით ან ცხენით უნდა ინავარდო, თანაც ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ მიჰყვებით. ვარჯიშის გარეშე ჩემთვის ცხოვრებას აზრი არ აქვს. თითქმის ყოველ დილით ველოსიპედით ათ-თხუთმეტ კილომეტრს გავდივარ და ამის შემდეგ ვიწყებ ახალ დღეს ახალი შემართებით...
მანქანა მყავს, მაგრამ არ მიყვარს. მოტოციკლეტი სხვა სიამოვნებაა, მთელი ექსტრემია. ველოსიპედიც მყავს, ყოველ დილით ავდივარ ჩემი სოფლიდან მეორე სოფელში. ვვარჯიშობ, არ ვისვენებ, ძალიან მოუსვენარი ვარ, საქმე რომ არ მაქვს, ცუდად ვხდები. ძალიან ბევრს ვეწეოდი, დღეში ოთხ კოლოფს, უკვე ნარკომანი ვიყავი. ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი სიგარეტი იყო – კაი ძმაკაცს, კარგ მეგობარს მერჩივნა. ერთ დღესაც ვთქვი, უნდა გადავაგდო-მეთქი, მაგრამ დიდი პრობლემა შემექმნა, ვატყობ, რომ ვერაფრით ვაგდებ. ამ დროს გადაღება მქონდა მოსკოვში, იქიდან კვიპროსზე წამიყვანეს. დასასვენებლად ჩამოვიდნენ ამერიკელები, სუფთები, ლამაზები... ძალიან გავმწარდი – ამათ როგორ უნდა მაჯობონ-მეთქი. ვფიქრობ: რა ვქნა, რა ვქნა! არაჩვეულებრივ ნომერში ვიყავი, ყოველდღე შემოჰქონდათ ერთი ბოთლი ღვინო და მაგიდაზე დგამდნენ... სამი დღით შეწყვიტეს გადაღება. ახლა რაღაცნაირად თავს უნდა ვაჯობო-მეთქი. ჩავიკეტე. არ შევიტანე სიგარეტი. უწინ, რომ დავლევდი, მერე მაქსიმალურად ვეწეოდი. ვთქვი, აი, ახლა ამას დავლევ, ხომ ვიცი, მომინდება სიგარეტი, გავგიჟდები, ვნახოთ, აბა, რა მომივა-მეთქი. სამი დღე და ღამე სეირი მოვუწყე ჩემს თავს. დავლიე, მომინდა სიგარეტი, მაგრამ არ მოვწიე. კიდევ დავლიე, კიდევ მომინდა სიგარეტი... მესამე დღეს რომ გამოვედი გარეთ, ვატყობ, სიგარეტი არ მინდება. მას შემდეგ აღარ მომიწევია, წლები გავიდა. ვვარჯიშობ, მაგრამ მაინც ცოტა გავსუქდი. გემრიელად ვიკვებები. იმიტომ კი არ გადავაგდე სიგარეტი, რომ დიდხანს ვიცოცხლო. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ჯანმრთელი ვიყო.
 გეფიცებით, მართლა არასდროს მიფიქრია უფრო  დიდხანს ვიცოცხლო-მეთქი. არ მინდა ის უბედურება, ვნახო, რაც მოხუცებში მინახავს.

скачать dle 11.3