რა იწვევს სმენის დაქვეითებას და კავშირშია თუ არა ის მემკვიდრეობასთან
სმენის დაქვეითებას ბევრი დაავადება იწვევს. სმენის თანდათან დაქვეითებას კი, ადამიანი პროგრესულ სიყრუემდე მიჰყავს. სრული სიყრუე არის როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილი სიყრუის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, მიღებული მედიკამენტები და ასე შემდეგ. სრული სიყრუე კი, შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ, დიდმა ხმაურმა, ოტოტოქსიკურმა პრეპარატებმა და ასე შემდეგ. სხვათა შორის, სიყრუეს ყბაყურაც იწვევს.
არსებობს ისეთი გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებაც, რომელიც უეცარი სიყრუის, ანუ მწვავე ნევრიტის სახელით არის ცნობილი. კერძოდ, არის შემთხვევები, როცა ადამიანი ჯანმრთელი იძინებს, გამოღვიძების დროს კი ამჩნევს, რომ სმენა მკვეთრად დაქვეითებულია. ამ დროს შიგნითა ყურში სმენის ნერვის ნეიროეპითელზე ნერვის დაბოლოებები კვდომას იწყებს და სრული სიყრუეც კი შეიძლება, განვითარდეს.
ბავშვებში სმენის დაქვეითების მიზეზი ხდება ოტოტოქსიკური პრეპარატები ან დედის ორსულობის პერიოდში მიმდინარე დარღვევები. ასევე, გადატანილი ინფექციები – ყბაყურა, ქუნთრუშა, წითელა, მენინგიტი და სხვა.
ასაკის მატებას თან ახლავს სმენის დაქვეითება. ამას ფიზიოლოგიური სმენის დაქვეითება ეწოდება, რომელიც სმენის ნერვზე ასაკობრივი ცვლილებებისა და ნეიროეპითელის კვდომის გამო ვითარდება. სხვათა შორის, ამ დროს სმენის სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ სიყრუის შეჩერება – შესაძლებელი.
ნაწილობრივი სმენის დაქვეითება ბევრი სახის შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩირქოვანი ანთების შემდგომი, ტრავმების შემდგომი, ოტოსკლეროზით გამოწვეული, ცხვირით სუნთქვის დარღვევის შედეგი და ასე შემდეგ. სრული სიყრუე კი ყოველთვის სმენის ნერვის პათოლოგიის შედეგია. სმენის ნერვის ნერვული დაბოლოებები ძალიან მგრძნობიარე და სუსტია. მასზე ადვილად მოქმედებს ყველა ოტოტოქსიკური ფაქტორი, მაგალითად, მედიკამენტები, ხმაური, ინფექციები. ასევე, სმენის დაქვეითების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლიანი სასმელების ხშირი გამოყენება.
მედიკამენტებით სრული სიყრუის მკურნალობა ეფექტს ვერ იძლევა, მაგრამ თუ ეგრეთ წოდებული ნარჩენი სმენა აღინიშნება, მისი შემანარჩუნებელი მკურნალობა აუცილებელია. სიყრუის პროფილაქტიკას გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მის მკურნალობას, რადგან შესაძლოა, შეძენილი სიყრუის თავიდან აცილება. ასევე, აუცილებელია, მოერიდოთ ხმაურს, ორსულობის პერიოდში გადამდებ ინფექციებს, ნერვულ სტრესს და ასე შემდეგ.
ნაღვლის ბუშტის ტკივილის დროს გაზგასული მინერალური წყალი გიშველით
სანაღვლე გზების დისკინეზია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. დისკინეზია ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევაა, რომელიც თანდათან დაავადებად ყალიბდება. ფუნქციური მოშლა არაორგანული დარღვევაა, რომელსაც თან არ სდევს არც ანთება და არც ქვების წარმოქმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან შეიძლება, სანაღვლე გზების საგრძნობი ცვლილებები გამოიწვიოს. ნაღველი ღვიძლში წარმოიქმნება, შემდეგ ნაღვლის ბუშტში ჩაედინება, იქიდან კი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის, სადაც საჭმლის მონელებაში იღებს მონაწილეობას. ჯანმრთელ ორგანიზმში ეს სისტემა შეუფერხებლად მუშაობს. დისკინეზიის დროს კი, ნაღვლის ბუშტი და სფინქტერები არათანმიმდევრობით იკუმშება, კერძოდ, ან ძლიერად, ან პირიქით, სუსტად. უსიამოვნო შეგრძნებებს კი, თავისთავად ესეც იწვევს.
გამოყოფენ დისკინეზიის ორ ჯგუფს: ჰიპომოტორულს და ჰიპერმოტორულს. ჰიპომოტორული ტიპის დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტი ცუდად იკუმშება და ნაღველიც ნაწლავებში არასაკმარისი რაოდენობით გადადის. ასეთ დროს აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ. ტკივილი შეიძლება, გადაეცეს გულმკერდის მარჯვენა არეს. ჰიპერმოტორული ტიპის დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტი მეტისმეტად დიდი ინტენსივობით იკუმშება. კლინიკურად ეს მწვავე, მჩხვლეტავი ტკივილის სინდრომით გამოვლინდება.
დისკინეზიის ხელისშემწყობი ფაქტორებია ფსიქოემოციური მდგომარეობა, ჰორმონების გამომუშავება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ახლომდებარე ორგანოების პათოლოგიები, მაგალითად, გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, დუოდენიტი ან მემკვიდრეობითი ფაქტორი.
თუ დისკინეზია ჰიპომოტორული ტიპისაა, მკურნალობის მიზანი ნაღვლის ბუშტის შეკუმშვათა ინტენსივობის გაზრდა უნდა იყოს. ამიტომ, მისაღებია ნაღველმდენი საშუალებებისა და სპაზმოლიტიკების კომბინაცია.
არსებობს ნაღველმდენი საშუალებების ორი სახეობა. ერთი ღვიძლის ნაღველწარმომქმნელ ფუნქციას აძლიერებს, მეორე კი ხელს უწყობს ნაღვლის თავისუფლად გადადინებას სანაღვლე გზებში და ნაწლავების გავლით ორგანიზმიდან მის გამოდევნას. რაც შეეხება დიეტას, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მკაცრად განსაზღვრული დიეტაა საჭირო, მაგრამ ზომიერება მაინც საჭიროა. ცხიმის, შებოლილი საკვების, ძმრიანი, მჟავე, მწარე და ცხარე კერძების დიდი რაოდენობით მიღება უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ. რა სახისაც არ უნდა იყოს დისკინეზია, საკვები, რომელიც ღვიძლს აღიზიანებს, რეკომენდებული არ არის. ასეთებია ხორცის ნახარში, ცხოველური ცხიმი, მწარე საკაზმი. არ შეიძლება ლუდი და ალკოჰოლური სასმელები.
დისკინეზიის დროს აუცილებელია. მინერალური წყალი. ის დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. უმჯობესია, მინერალური წყალი თბილი და გაზგასული მიიღოთ, ვინაიდან სითბო ხელს უწყობს სპაზმების მოხსნას, ხოლო წყალში შემავალი მიკროელემენტები კი – შეკუმშვას.
რა სიმპტომები უძღვის წინ სარძევე ჯირკვლის კიბოს
მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ვლინდება ჯირკვლის ქსოვილის პათოლოგიურ ზრდაში. დაავადების მიზეზია ქალის ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსი. მასტოპათია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის გუნება-განწყობაზე, რიგ შემთხვევაში კი, გადაგვარდება სარძევე ჯირკვლის კიბოდ. დაავადება იწყება შემაერთებელი ქსოვილების ზრდით. ამასთან, წარმოიქმნება პატარა კვანძები. მასტოპათიის ამ ფორმას დიფუზიური ეწოდება. მისი ძირითადი გამოვლინებაა ტკივილი მკერდის არეში, რომელიც აღინიშნება კრიტიკული დღეების წინ და წყდება ციკლის დაწყებისთანავე. ასევე, პერიოდულად აღინიშნება პატარა, მრგვალი კვანძები, ანუ გამაგრებები მკერდის ზედა ნაწილში. ხშირად ქალები ყურადღებას არ აქცევენ აღნიშნულ სიმპტომებს და ექიმს ძალიან გვიან მიმართავენ. ამით თავს საფრთხეში იგდებენ.
ეს დაავადება ადრეულ პერიოდში ძალიან ადვილად ემორჩილება მკურნალობას. დაავადების განვითარების გვიან პერიოდში კი სარძევე ჯირკვლებში წარმოიქმნება გაცილებით დიდი ზომის კვანძები. მასტოპათიის ამ ფორმას კვანძური ეწოდება. ამ პერიოდში ტკივილები მკერდის არეში უფრო ინტენსიურია, რომელიც გადაეცემა მხარისა და იღლიის არეს. მკერდზე ოდნავი მიკარებაც კი ტკივილს იწვევს. ძუძუს თავებიდან შეიძლება აღინიშნებოდეს გამონადენი, შესაძლოა, ის გამჭვირვალე ან სისხლიანი იყოს. მასტოპათიის კვანძური ფორმის დროს კრიტიკული დღეების დაწყებისას ტკივილი არ ქრება.
მასტოპათია ფიბრო-კისტოზური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ცვლილებებით. ქსოვილის უჯრედები ან ძალიან სწრაფად მრავლდება, ან ეს ცვლილებები რეგრესირებადია. ეს არის ეპითელური და შემაერთებელი ქსოვილების არანორმალური თანაფარდობის შედეგი.
მასტოპათიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც გენეტიკური ფაქტორი, ასევე ცხოვრების წესი და გარემო ფაქტორები. დიდი მნიშვნელობა აქვს შთამომავლობით ფაქტორს, ანუ იყო თუ არა განვითარებული დედის მხრიდან ნათესაობაში კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია საშვილოსნოს ანთება, რომლის დროსაც ირღვევა სასქესო ჰორმონების გამომუშავების პროცესი, რაც შეიძლება მასტოპათიის მიზეზი გახდეს. ბევრ ქალს, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს, აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ამ უკანასკნელის ჰიპოფუნქცია მასტოპათიის განვითარების რისკს ერთიორად ზრდის. არცთუ იშვიათად დაავადების განვითარების მიზეზი ხდება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების დაავადებები. ერთ-ერთი მათგანია სიმსუქნე, განსაკუთრებით კი დიაბეტთან ერთად. ამ დროს რისკის ფაქტორი საგრძნობლად იზრდება. კიდევ ერთი რისკის ფაქტორია იოდის დეფიციტი ორგანიზმში.
ამ დაავადების დიდი რისკი აქვთ ქალებს, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, აქვთ ნევროზი, დეპრესიული მდგომარეობა. ასე რომ, მასტოპათიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხანგრძლივი ფსიქოლოგიური სტრესი. ასევე, უნდა აღვნიშნოთ არარეგულარული სქესობრივი ცხოვრებაც, ალკოჰოლი, თამბაქო, გენმოდიფიცირებული საკვები და მომატებული რადიაციული ფონი – როგორც არაპირდაპირი რისკის ფაქტორები. სერიოზული გართულება შეიძლება მოჰყვეს მკერდის ტრავმას. საშიშია მიკროტრავმები, აბორტები, გადაციება და ასე შემდეგ.
დაავადება შესაძლოა განვითარდეს დიეტის დროსაც. ამის მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს უშვილობა, გვიანი პირველი ფეხმძიმობა, ძუძუთი კვების მოკლე პერიოდი.
ამ დაავადების დამცველად მიაჩნიათ 20-25 წლის ასაკში მშობიარობა, ძუძუთი კვება, ხშირი მშობიარობა და ასე შემდეგ.
მასტოპათია თუ რთული ფორმით არ მიმდინარეობს, ქალებში არ იწვევს სერიოზულ ჩივილებს. ჯობია, დროულად მიმართოთ ექიმს. დიფუზიური მასტოპათიის მკურნალობა ემყარება დაავადების წარმომქმნელი ძირითადი მიზეზების, კერძოდ, ჰიპოფიზის ფუნქციის მოშლის, საკვერცხეების, ღვიძლისა და ნერვული სისტემის დაავადებების აღმოფხვრას. ჰორმონული თერაპიისთვის იყენებენ ანტიესტროგენებს.
მასტოპათია განიხილება, როგორც კიბოს წინამორბედი, ამიტომ, საჭიროა ნატურალური ანტიოქსიდანტების C და D ვიტამინების, იოდის, ბეტა-კაროტინის, ფოსფოლიპიდების, სელენის მიღება. ასევე, სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში.