ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 28 წლის, აღმომაჩნდა არნოლდ-კიარის სინდრომი. შეიძლება თუ არა განკურნება და როგორ?
პასუხი: არნოლდ-კიარის სინდრომი (ცერებრულ-მედულური სიმახინჯის სინდრომი) თავის ქალის ძვლების განვითარების თანდაყოლილ თავისებურებებს განეკუთვნება. გამოიხატება კეფის დიდი ხვრელის შევიწროებითა და ხერხემლის ზედა ნაწილის დეფორმაციით; ასევე, შეიძლება, ახლდეს ნათხემის ჩაჭედვა დასახელებულ მიდამოში. კლინიკური სურათის სიმძიმის მიხედვით (თავის, კისრის, ხელის ტკივილები) წყდება ქირურგიული ჩარევის საკითხი. ასეთი პაციენტები ნევროლოგის, ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
კითხვა: ვარ 12 კვირის ორსული. 7 კვირაზე გაკეთებულ ექოსკოპიაზე ერთ სანაყოფე კვერცხში 2 ნაყოფი და 2 გულისცემა დაფიქსირდა, 12 კვირაზე კი – ერთი. არის თუ არა ეს შესაძლებელი და რამდენი შვილი მეყოლება?
პასუხი: ორსულობის ადრეულ ვადებზე, ტყუპებში ერთი ნაყოფი ხშირად იღუპება. ნაყოფების რაოდენობის დასაზუსტებლად მიმართეთ განმეორებით დამოუკიდებელ ულტრაბგერის სპეციალისტს.
კითხვა: ვარ 23 კვირის ორსული. ჩემს მეუღლეს C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა აქვს. მე არ გადამედო. იქონიებს თუ არა ეს ფაქტი გავლენას ბავშვზე?
პასუხი: თუ თქვენ არ გაქვთ ვირუსული ჰეპატიტი, არ ხართ ვირუსის მატარებელი, მაშინ ბავშვისთვის საშიშროება არ არსებობს. ქრონიკული ჰეპატიტი მემკვიდრეობით არ გადაეცემა.
კითხვა: საშიშია თუ არა შარდკენჭოვანი დაავადება?
პასუხი: შარდკენჭოვანი დაავადება საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, ხასიათდება შარდგამომყოფ გზებში კენჭების წარმოქმნით. შეიძლება, გამოიწვიოს შარდის გამოყოფის შეფერხება, თირკმელებში ანთებითი პროცესი და, საბოლოო ჯამში, თირკმლის უკმარისობა. ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა იმ პაციენტთა რიცხვი, რომელთაც პურინის ცვლის დარღვევა აღენიშნებათ. პურინის ცვლის საბოლოო პროდუქტების მატება, რომლებიც შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან, კრისტალებისა და კონკრემენტების (კენჭების) წარმოქმნას უწყობს ხელს.
კითხვა: იწვევს თუ არა საშვილოსნოს მიომა ტკივილებს?
პასუხი: ხშირად საშვილოსნოს მიომა უსიმპტომოა. ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი ქვემოთ მუცლისა და წელის არეში (კვანძის გადაგრეხის ან ნეკროზის შემთხვევაში); პათოლოგიური მენსტრუალური სისხლდენა, რომელიც თანდათან მატულობს და, შეიძლება, ანემია გამოიწვიოს; სიმსივნის ზრდა მცირე მენჯის ორგანოების მიმართულებით (შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის) იწვევს შარდის გამოყოფის ფუნქციის დარღვევასა და ყაბზობას (შეკრულობას).
კითხვა: ვარ 6 კვირის ორსული. 3 კვირის წინ ჩუტყვავილა დამემართა. არის თუ არა ეს ნაყოფისთვის საშიში?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში, უმნიშვნელოდ (0,4 პროცენტით) მატულობს ნაყოფის კიდურების ანომალიური განვითარების რისკი. ასეთი დეფექტები კარგად ჩანს ორსულობის 11-12 კვირის ვადაზე ულტრაბგერითი გამოკვლევით. თუ ამ ვადაზე, ვერაფერს იპოვიან, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
კითხვა: არასწორი კვების გარდა, რამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ყაბზობა?
პასუხი: ქრონიკული ყაბზობის (შეკრულობის) მიზეზი ბევრია: არასაკმარისი სითხის მიღება და ფიზიკური დატვირთვა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის უკმარისობა, დეპრესიები და ემოციური ტრავმები.
კითხვა: მაქვს საშინელი ქავილი წვივების არეში, განსაკუთრებით – წყალთან ურთიერთობის დროს. ანტიალერგიული საშუალებები არ მშველის (ალერგია არც მქონია არასდროს). კიდევ რა შეიძლება იყოს ასეთი ქავილის მიზეზი?
პასუხი: ქავილი შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ბილირუბინის მომატებამ (ამ შემთხვევაში გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ) ან, შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული „პარესთეზიები“ (ეს ნევროპათოლოგის კომპეტენციაა).
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი