მარიო შვილის მოლოდინშია
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა, „სკუადრა აძურას” შავკანიანი ვარსკვლავი მარიო ბალოტელი სულ მალე მამა გახდება. მოდელ რაფაელა ფიკოს მარიო ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც იგი მეძავებთან კავშირში გამოიჭირეს ბრიტანელმა ჟურნალისტებმა, რაფაელამ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა, მაგრამ, როგორც ჩანს, დროებით, რადგან ამჟამად მარიოც და რაფაელაც აცხადებენ, რომ მოუთმენლად ელიან შვილის გაჩენას და ერთად ცხოვრებას აპირებენ მომავალში. საინტერესოა, რომ შვილის შესახებ რაფაელამ გერმანელებთან ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე შეატყობინა მარიოს და სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ მარიომ მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – ორი გოლი გაიტანა და მეორე გოლი ძალზე ემოციურად აღნიშნა.