რა იწვევს გონებასუსტობას, შეურაცხადობას და როდის არ უკავშირდება ადამიანის ნერვული აშლილობა ბოროტ სულებს
თანამედროვე ქრისტიანები დიდ ინტერესს ამჟღავნებენ ხორციელი და განსაკუთრებით სულიერი სნეულებების მიმართ, თუმცა, მათ შესახებ ყველას ინდივიდუალური შეხედულება აქვს. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, მრავალი ქრისტიანი არასწორი დასკვნების გამოტანის გამო, ცუდ შედეგამდე და, საბოლოოდ სასოწარკვეთილებამდე მიდის. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– სნეულება, ორივე შემთხვევაში, ისევე, როგორც სულიერი და ხორციელი სიკვდილი, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ღვთისგან ადამიანის დაშორების, ანუ, ცოდვით დაცემის შედეგია. ღმერთი არის სიცოცხლე, სიყვარული, სიმრთელე და, რამდენადაც ვშორდებით ღმერთს, იმდენად ვკარგავთ სიცოცხლისუნარიანობას. იმ ვაკუუმს კი, რომელიც ამ დროს რჩება, სულ უფრო და უფრო ავსებს ხორციელი და სულიერი სნეულება და, ბოლოს – სიკვდილი, ჯერ სულიერი და შემდეგ – ხორციელი. სულიერი სიკვდილი არის დაშორება ღმერთთან, ხოლო ხორციელი სიკვდილი – ხორცის გაყრა სულთან.
– მაგრამ, ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად‚ წმიდანებიც ავადდებოდნენ, თუმცა, ისინი ახლოს იყვნენ უფალთან და ცოდვებისგანაც შორს იდგნენ.
– წმიდა ადამიანი მთელი ქვეყნიერების ჯვრის მატარებელია. წმიდანი ის ადამიანია, რომელიც ქრისტესთან ერთად იღებს თავის თავზე კაცობრიობის ცოდვების ნაყოფს. ამიტომაცაა, რომ წმიდანი ავადმყოფობს, განსაცდელში ვარდება, იზიარებს კაცობრიობის ვაებას, ტირის და გოდებს სხვისი ცოდვების გამო, მთელი ქვეყნიერების ღვთისაგან დაშორების გამო. ჩემთან ხშირად მოდიან ქალბატონები, რომლებიც მეუბნებიან: რისთვის წავიდეთ ექიმთან, როცა ლოცვითა და ზეთისცხებით შეიძლება განკურნება?! რა თქმა უნდა‚ შეიძლება, ოღონდ‚ თუ შესაფერისი რწმენა გექნება. მაგრამ‚ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს, როცა ღმერთმა მოგვცა სხვა, უფრო იოლი, ხელმისაწვდომი საშუალებები, უფრო მარტივი, რაც არ ითხოვს შენგან ღრმა სარწმუნოებას, არ ითხოვს საეკლესიო საიდუმლობებისადმი მიმართვას?! წმიდა სერაფიმ საროველი ამბობს: „იმკურნალე, რადგან, ღმერთმა შექმნა მკურნალიც და წამალიც და მის ხელშია შენი გამოჯანმრთელება”. წმიდა მამა იმეორებს საღმრთო წერილის სიტყვებს, რაც ზირაქის წიგნში წერია. იქ კი გარკვეულადაა ნათქვამი, რომ ჭეშმარიტად ღმერთმა შექმნა მკურნალიც, წამალიც და მისცა მას ძალა კურნებისა. ამ დიდებულ წიგნში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის ნათქვამი: ექიმთან წასვლამდე შეეცადე‚ თავი განიკურნო – მოინანიე, სცადე, განიკურნო სულიერად, სინანულით, რადგან სნეულება, ერთი მხრივ‚ დაკავშირებულია კაცობრიობის ბედთან, მის სულიერ დაუძლურებასთან, რომ ჩვენ, მოკვდავნი, ვართ და დაქვემდებარებულები განსაცდელსა და სნეულებებს; მეორე მხრივ კი, ის დაკავშირებულია ჩვენი სულის მდგომარეობასთან. როგორც კი ადამიანი ავად გახდება, უპირველეს ყოვლისა‚ თავის თავს უნდა ჩაუღრმავდეს და გააანალიზოს, რამდენად დასცილდა ის შემოქმედს, რა უსამართლობა ჩაიდინა მოყვასის მიმართ, თავის თავთან მიმართებაში კი დაინახოს, რამდენად აქვს შებილწული და დამახინჯებული ღვთის ის ხატება, რომელიც მასშია ჩადებული და, ყოველივე ამის გათვალისწინებით, იმის იმედი არ უნდა გქონდეს, რომ მხოლოდ თავისი სინანულით დაძლევს ხორციელ სნეულებას. მან ექიმს უნდა მიმართოს და მოთმინებით შეუდგეს მასთან მკურნალობას.
– მამაო, ფიზიკურ სნეულებაზე არანაკლებ საშიშია სულიერი სნეულება. როგორ ავადდება ამით ადამიანი?
– ფსიქიკური სნეულება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ნერვულ სისტემასთან და ტვინში მიმდინარე ფიზიოლოგიურ მოვლენებთან. ამიტომ, როდესაც ადამიანი ფსიქიკურად სნეულდება, ეს ყოველთვის არ უნდა მივაწეროთ ბოროტებას, ცოდვას ან ეშმაკს. ხშირად ეს გამოწვეულია ნერვული სისტემის დაზიანებით და სულაც არ არის აუცილებელი, დაკავშირებული იყოს ბოროტთან და ისეთ ცოდვებთან, რაც ადამიანს ღმერთთან დააშორებს. აი, ასეთ შემთხვევაში, მედიცინა ძალმოსილია და მას ბევრის გაკეთება შეუძლია. მეორე მხრივ, ჩვენ, იმავდროულად, უნდა დავიწყოთ ამ ადამიანისთვის გაძლიერებული ლოცვა‚ ისე, როგორც ვლოცულობთ გასაჭირში ჩავარდნილის გამო. შეიძლება‚ მივმართოთ ზოგიერთ ეკლესიურ საიდუმლოს – ვაცხოთ მას ზეთი და ვაზიაროთ ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ამ დროს მასზე მოქმედებს ორმაგი ძალა: ღვთაებრივი – ზიარების მეშვეობით და ადამიანური – ექიმისა და წამლების მეშვეობით.
– და, რა ემართება ადამიანს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როდესაც მასზე ბოროტი ძალები მოქმედებენ?
– ადამიანში შესვლის შემდეგ, ეშმაკები სულის საშინელ დაბინდვას იწვევენ. ეს თავს იჩენს ისეთი ქმედებების სახით, როგორსაც ადამიანი თრობის, ციებ-ცხელების ან ზედმეტი შეცივებისას გამოავლენს. მაგრამ, დემონს არ შეუძლია, ჩვენი სული თავის სამკვიდროდ აქციოს. ადამიანში ბოროტის დამკვიდრება უფლის დაშვებით ხდება. მართლმადიდებელ ქრისტიანს საეკლესიო საიდუმლოებებთან (ნათლისღება, სინანული, მირონცხება, ზიარება, ზეთისცხება, ქორწინება, მღვდლობა), ყველაზე მეტად კი – ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება ათავისუფლებს ეშმაკის ბატონობისგან, მაგრამ, ეს მხოლოდ სრულყოფილი რწმენის შემთხვევაში ხორციელდება. წმიდა მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების მითითებით, არსებობს ეშმაკთან ბრძოლის შემდეგი საშუალებები: მაცხოვრის სახელის ხსენება, ღვთის შიში, მორჩილება, სიფხიზლე, მარხვა, ლოცვა და პირჯვრის გადაწერა, რადგან, დემონთა წინააღმდეგ ბრძოლაში ამ საშუალებების გამოყენება ყველა ქრისტიანს შეუძლია. თუმცა‚ არსებობს ისეთი საშუალებებიც, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ მღვდელმსახურთა მეშვეობით არის შესაძლებელი. ეკლესიის გამოცდილებიდან კარგად არის ცნობილი ბოროტ სულებზე საკმევლის ზემოქმედება, ასევე‚ მათ წინააღმდეგ მადლმოსილი წმიდა ნაწილების, წმიდანთა სამოსის, სასწაულმოქმედი ხატებისა და სხვა სიწმიდეებით ზემოქმედება.
– მამაო, რა აგდებს ადამიანს გონებასუსტობის, შეურაცხადის მდგომარეობაში?
– ამ კითხვას შესანიშნავად პასუხობს წმიდა იოანე კრონშტადტელი. ის ამ სნეულების შესახებ წერს, რომ არსებობენ ფაქიზი სულებიც, რომელთაც გარემო პირობები დამსხვრევას უქადის. სწორედ ამიტომ‚ ღმერთი მის სულსა და გარემოს შორის რაღაც საფარველს აფარებს. შესაძლოა, ეს არის გონების არევა ან რაღაც გაუცხოებისა და გაუგებრობის განცდა. ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება მანამ, სანამ სული არ მოუმწიფდება. შესაძლოა, ადამიანის სული ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში სულაც არ მომწიფდეს, მაგრამ, განკურნების ეს პროცესი სულ გრძელდება. ეგრეთ წოდებული‚ სიგიჟის, შეურაცხადობის მდგომარეობაში, ამ სამყაროსთან მოწყვეტილი, უკვე მომწიფებული და დახვეწილი‚ ის შედის უკვდავებაში, ზოგჯერ კი‚ ღვთის განგებით‚ ისეც ხდება, რომ ეს საფარველი აქვე, ამქვეყნად ეხსნება.
ხორციელ და სულიერ სნეულებათა შესახებ ამ სწავლებას‚ არ ვიცი‚ ვინ როგორ ჩაწვდება, მაგრამ, შეიძლება, დაბეჯითებით ითქვას: თუ ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნია, ხოლო განსაცდელი და ავადმყოფობა არ შეხვედრია, ეს‚ წმიდა მამათა აზრით, იმის ნიშანია, რომ უფალი არ სათნოჰყოფს ამ ადამიანს. სწორედ ამიტომ არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ბოლო ჟამს, ამპარტავნების გაზრდის გამო, ადამიანები მხოლოდ განსაცდელთა და ავადმყოფობათა დათმენით ცხონდებიან. ამპარტავანი ადამიანი ყველგან და ყველასთან დამარცხებულია. მას სხვა ყოველგვარი ნიჭი წაერთმევა და ფსიქოლოგიურად კაეშანი, წყვდიადი და უნაყოფობა დაემართება: მორალურად – მარტოობა, სიყვარულის დაშრეტა და ღვარძლი. ღვთისმეტყველების თვალსაზრისით – სულის კვდომა, ხორციელი სიკვდილის მაუწყებელი და გეენია – სიცოცხლეშივე, ფიზიოლოგიურად და პათოლოგიურად – ნერვული და სულიერი სენი. ამიტომ‚ ადამიანებს მოვუწოდებ, რომ ამ ყველაფერზე კარგად დაფიქრდნენ, რადგან, საკუთარ სულიერ და ფიზიკურ სნეულებებთან, აშლილობებთან ბრძოლა არც ისე მარტივია.