მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ზოგიერთი ადამიანი ეკლესიაში ლოცვის დროს თავისი სულის შინაგან მოძრაობებს გარეგნულადაც გამოხატავს: ზოგი ტირის, ზოგი კი ხელებს მაღლა აღაპყრობს, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ეკლესია როგორ უყურებს ამგვარ ქმედებას?
პასუხი: როდესაც ადამიანი სხვებთან ერთად ლოცულობს, საკმარისია, გულითა და გონებით გამოხატოს უფლის წინაშე სულის შინაგანი მოძრაობა და არ მიიღოს სევდიანი, მტირალი გამომეტყველება, რათა თავიდან აიცილოს უხერხულობა ან დაცინვა. მაგრამ, თუ ადამიანი მარტო ლოცულობს, მაგალითად, შინ, ხატების წინ, მას შეუძლია, გარეგნულადაც გამოხატოს თავისი სულის შინაგანი მოძრაობა.
კითხვა: თუკი რამეს შევცოდავთ, მაშინვე უნდა ვთქვათ აღსარება მოძღვართან თუ უნდა დაველოდოთ მარხვას?
პასუხი: ნუ დაუცდით მარხვას, დაუყოვნებლივ თქვით აღსარება მოძღვართან, ნუ ჩაიდებთ ცოდვას სულში დიდხანს. სწორედ იმიტომ ერთმევა ადამიანს უფლის მადლი, რომ მონანიებას გადადებს ხოლმე და ერთი ცოდვა შობს მეორეს.
კითხვა: სჩადის თუ არა ცოდვას ადამიანი, როდესაც მოყვასის ცოდვაზე ლაპარაკობს?
პასუხი: სხვის ცოდვებზე ლაპარაკი გაუმართლებელია. თუ მოყვასის ცოდვებზე ილაპარაკებთ და მათ არ დაფარავთ, უფალიც არ დაფარავს თქვენს ცოდვებს.
კითხვა: უნდა მოვინანიოთ თუ არა უნებლიეთ ჩადენილი ცოდვები აღსარების დროს?
პასუხი: რა თქმა უნდა, აღსარების დროს ადამიანი ინანიებს როგორც ნებსით, ასევე, უნებლიეთ ჩადენილ ცოდვებს, რადგან, შესაძლოა, ამა თუ იმ უნებურმა საქციელმა ცუდი შედეგები გამოიღოს – ვიღაცას გული ეტკინოს, ადამიანები ერთმანეთს წაეკიდონ და ასე შემდეგ.