იგავი მეგობრის თხოვნაზე
„რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, შუაღამისას მივიდეს მასთან და სთხოვოს: მეგობარო, მასესხე სამი პური, ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე; და მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, რადგან კარი უკვე დაკეტილია, შვილებიც ლოგინში მიწვანან, ვერ ავდგები და ვერ მოგცემ პურს. გეუბნებით, თქვენ: თუ თავს მოაბეზრებს და დაჟინებით მოსთხოვს, მეგობრის ხათრიც რომ არ ჰქონდეს, მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება“.
ლუკა 11, 5-8
ლოცვა ნუ მოგბეზრდება
ერთხელ უფალ იესოს მოწაფეებმა სთხოვეს: გვასწავლე, როგორ ვილოცოთო. უფალმა მათ „მამაო ჩვენოს“ ლოცვა ასწავლა და უამბო იგავი „მეგობრის თხოვნაზე“.
უფალი იესო ქრისტე ხშირად ლოცულობდა: ხან მთის წვერზე განმარტოვდებოდა, ხან კიდევ თავის მოწაფეებთან ერთად დადგებოდა ლოცვად.
ზოგი ყოველდღე ლოცულობს, მთელი გულით ესაუბრება უფალს, მაგრამ ზოგიერთი, მაშინვე თუ არ აუსრულა უფალმა თხოვნა, გულს აიყრის ხოლმე და აღარ ლოცულობს. შენც რომ ასე არ დაგემართოს, კარგად დაუკვირდი, რას გასწავლის უფალი ამ იგავით.
პურის მთხოვნელი მლოცველია. მას მეგობარი ესტუმრა, მაგრამ ვერ უმასპინძლა, სახლში პურიც კი არ აღმოაჩნდა. სტუმრად მოსული მეგობარი მისი კეთილი ანგელოზია. სანამ მფარველი ანგელოზი არ ეწვია და არ გამოაფხიზლა, მანამდე ვერც იმას ხვდებოდა, რომ არაფერი ჰქონდა, და არც თავისი ზეციური მეგობარი – უფალი იესო ქრისტე გახსენებია.
რატომ ითხოვს ის მლოცველი მაინცდამაინც სამ პურს? იმიტომ, რომ მლოცველმა ქრისტიანმა უპირველესად ყოვლადწმიდა სამების მადლი უნდა ითხოვოს უფლისაგან. უფლის შეუწევნელად კეთილ საქმეს ვერ გააკეთებ. გაჭირვებული ადამიანის შველას რომ დააპირებ, უფალს შესთხოვე, ძალა მოგცეს ამისთვის და აუცილებლად გადმოვა შენზე მადლი ყოვლადწმიდა სამებისა.
იქნებ, გაგიკვირდათ, რომ მეგობარმა ჯერ უარი უთხრა პურის მთხოვნელს; არც ლოგინიდან ადგა, არც კარი გაუღო – შვილებს ვერ გავაღვიძებო! თუ უგერგილოდ ილოცებ ან მარტო გაჭირვებაში გაგახსენდება უფალი და ეკლესია, შენს ლოცვას ძალა არ ექნება და ვერც ხმას მიაწვდენ შენს ზეციერ მეგობარს.
როგორც კი მთელი გულით ინდომებ, უფალს მიმართო, ეკლესიაში მიდი სალოცავად და კარი არასოდეს არ დაგხვდება დაკეტილი. გულგრილად მლოცველი თვითონ იკეტავს ამ კარს, გულმოდგინე მლოცველს კი უფალი მფარველობს.