მამათა შეგონებანი
პროტოპრესვიტერი პომაზანსკი: სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულს მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმენდილი ხდება – ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ, სინანულის საიდუმლოს „სულის სამკურნალო“ ეწოდება. ნადგურდება ადამიანის დაცემისკენ წარმმართავი, მისი გონების, გულისა და სინდისის დამაჩლუნგებელი, სულიერი ხედვის დამაბრმავებელი და ქრისტიანული ნების დამაუძლურებელი ცოდვები. ისევ აღდგება ცოცხალი კავშირი ეკლესიასა და უფალ ღმერთთან. ცოდვათა ტვირთის მოხსნით შემსუბუქებული ადამიანი სულიერად ისევ ცოცხლდება და, კეთილ, ქრისტიანულ გზაზე შემდგარს, კვლავ ძალუძს განმტკიცება და სრულქმნა.
ნეტარი ავგუსტინე: ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი – ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს, რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი.
წმიდა სილუანი: სულს არ ექნება მშვიდობა, თუ არ ილოცა მტრებისთვის. სულს, რომელიც ღვთის მადლით ლოცულობს, ყველა ქმნილება უყვარს და ეცოდება, განსაკუთრებით კი – ადამიანი, რომლისთვისაც ეწამა უფალი ჯვარზე. უფალმა მასწავლა მე მტრებისადმი სიყვარული. ღმერთის მადლის გარეშე ვერ შეძლებთ მტრების შეყვარებას; სულიწმიდა გვასწავლის სიყვარულს და მაშინ გვეცოდება ეშმაკებიც კი, რომ ისინი განუდგნენ სიკეთეს, დაკარგეს მორჩილება და სიყვარული ღმერთისადმი.
ეგნატე ბრიანჩანინოვი: ვისაც სურს, სულიერი ხედვის მდგომარეობა მუდმივად შეინარჩუნონ, მათ უნდა იზრუნონ, რომ მუდამ მორჩილებაში იყვნენ; ნუ იმართლებენ თავს, ნუ განიკითხავენ ახლობლებს, ხოლო, მორჩილებაში თავის დანაშაულებით, ღვთისა და ადამიანების წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებით წარსდგნენ.
ბერი პორფირე: რა არის სულიერი მდგომარეობა? ვთქვათ, სული ბაღია, ორად გაყოფილი: ერთგან ეკალი ხარობს, მეორეგან – ყვავილი. გვაქვს, აგრეთვე, ცისტერნით წყალი, ორი ონკანითა და ორი მილით. ერთი მილით წყალი ეკლისკენ მიედინება, მეორით – ყვავილისკენ. ყოველი მორწყვისას მხოლოდ ერთი ონკანის მოშვების შესაძლებლობა გვაქვს: ეკალს არ ვრწყავ, ამიტომ ის ჭკნება, ვრწყავ ყვავილს და ის ხარობს.
ნიკოლოზ სერბი: ჭეშმარიტად მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ცოცხლად იწოდებოდეს, რომელსაც ხორციელი და სულიერი, მარადიული ცხოვრების არსებობა სწამს. ის კი, ვინც მხოლოდ ამ მქრქალ ცხოვრებას აღიარებს, მას სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილის სწამს და იმ სიკვდილმისჯილს მაგონებს, ყოველ წუთს გასროლას რომ ელის. ო, რომ იცოდეთ, რამდენი საბუთი აქვს ღვთის ეკლესიას სხვა სამყაროსა და მარადიული სიცოცხლის არსებობის დასამტკიცებლად! ო, რომ იცოდეთ, რამდენად წმიდა სული მოვლენილა იქიდან, რათა დაემტკიცებინათ ჩვენთვის მარადიული ცხოვრების კეთილი და მხსნელი რეალობა!