კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გახსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა თბილისში და სად შეხვდა პირველად მომღერალ მარგარიტას ნიკო ფიროსმანი

თბილისის ღირსშესანიშნავ ადგილებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მუშტაიდის ბაღს – ერთ-ერთ უძველეს პარკს თბილისში, რომელსაც რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისთვის – ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის – მუშტაიდი”. „თბილისელების” ამ ნომერში მუშტაიდის ბაღის უძველესი ფოტოების დახმარებით ვეცდებით მისი დაარსებისა და შემდგომი არსებობის ისტორიის გახსენებას.

მუშტაიდი
ამ პარკს თბილისელთა უფროსი და ახალგაზრდა თაობა დღესაც „მუშტაიდს” უწოდებს, არადა, პარკი სხვადასხვა დროს რკინიგზელთა და  სერგო ორჯონიკიძის სახელს ატარებდა, თუმცა, მისი დამაარსებლის სახელი – მუშტაიდი, მას, როგორც ჩანს, სამუდამოდ შერჩა. პარკი მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. 1821-1828 წლების რუსეთ-სპარსეთის ომის დამთავრების შემდეგ, სპარსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიური მოღვაწე, აღა-მირ-ფატაჰი, სასულიერო წოდებით – მუჯთაჰიდი, რომელიც შაჰის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობდა,  იძულებული გახდა, სამშობლოდან გახიზნულიყო. რუსეთის მთავრობამ მას 50 დესეტინა მიწა უბოძა თბილისში, კერძოდ, დიდუბეში მტკვრის პირას. ბაღის სახელწოდება – „მუშტაიდი“, სწორედ აღა-მირის სასულიერო წოდებიდან გამომდინარე დაერქვა. მეფის რუსეთის ხელისუფლებამ აღა-მირს ნება დართო, სასულიერო სკოლა გაეხსნა მისთვის ბოძებულ ტერიტორიაზე, სადაც მან შესანიშნავი ბაღი გააშენა. ამავე დროს მას მტკვრიდან გვირაბი და სარწყავი არხიც გამოუყვანია. სხვათა შორის, ეს გვირაბი ახლაც არის, რომელიც იწყება მუშტაიდის ბაღიდან და უერთდება მტკვარს; შემორჩენილია ასევე, არხიც, რომელიც დღესაც მუშაობს და წყალს აწვდის თბილისის რკინიგზასა და ბაღს. მუშტაიდის ბაღის დაარსებას მეტად სევდიანი ამბავი უდევს საფუძვლად: აღა-მირს ცოლად ჰყავდა ულამაზესი ქართველი ქალი – ნინო, რომელიც მან სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ირანიდან გახიზნულმა, სწორედ მისი თხოვნით აირჩია საცხოვრებლად თბილისი. ქალს თბილისში მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრიან, დარდისგან ავად გამხდარა და დიდხანს არ უცოცხლია – ექვს თვეში გარდაცვლილა. საყვარელი მეუღლე აღა-მირმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო.  საღამოობით იგი დიდხანს იჯდა ცოლის საფლავთან და გლოვობდა საყვარელ ცოლს. იგი საფლავის ირგვლივ რგავდა დიდი რაოდენობით ვარდებს, ყვავილებს, ბუჩქებსა და ხე-მცენარეებს, ასე დაწყებულა ამ შესანიშნავი ბაღის გაშენება. 1845 წელს შაჰმა შეიწყალა აღა-მირი და ისიც დაბრუნდა თავრიზში, ბაღი კი ერთ ვაჭარს, გვარად მეღრაბოვს მიჰყიდა. 1855 წელს ბაღი ხაზინამ შეიძინა სასოფლო-სამეურნეო ფერმის მოსაწყობად. ამის შემდეგ ბაღმა რამდენჯერმე გამოიცვალა პატრონი და ბოლოს სასეირნო ბაღად იქცა. მთავარმართებელმა მუშტაიდის ბაღი გაადიდ-გაალამაზა და სასეირნო და მოსალხენი ადგილი გახადა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. სწორედ მუშტაიდის ბაღის ღია სცენაზე ნახა პირველად ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა. ბაღში კონცერტებს სხვებიც მართავდნენ, აქვე ეწყობოდა გამოფენები, იწვევდნენ სტუმრებს. სწორედ აქედან აუშვეს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი 1882 წელს.
საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ცნობილი გერმანელი მწერალი, არტურ ლაისტი, ასე იგონებს მუშტაიდს: „მუშტაიდი და მისი ახლომახლო მდებარე ბაღები ნამდვილი კერაა აქაური საზოგადოებრივი ცხოვრებისა. აქ ყოველ საღამოს, ხუთი საათიდან შუაღამემდე, გაცხარებული დროსტარებაა, ჭეშმარიტად მხიარული და ხმაურიანი, რადგან ქეიფის დროს ქართველებს უყვართ ბაასი. მუშტაიდი ჰქვია მტკვრის პირას მდებარე ვრცელ და მშვენიერ ბაღს, დასერილს ხეივნებით, სადაც სეირნობენ ეტლებითა და ფეხით. ამ ხეივნებს ორსავე მხარეს ჩარიგებული აქვს ველურ ვარდთა და სხვა მცენარეთა ბუჩქები, ხოლო ზედ ხეებზე ყურძნის მტევნებით დახუნძლული ვაზი ადის. ამ ამწვანებულ, დაჩრდილულ ბაღში ყოველ საღამოს იკრიბება თბილისის საუკეთესო საზოგადოება”.
მუშტაიდის ბაღში ათეულ ათასობით უნიკალური მცენარეთა ჯიშებია გაშენებული, აქ არის როგორც ფოთლოვანი: გლედიჩია, თელა, იფანი, საპნის ხე, ქაღალდის ხე, თუთა, ისე წიწვოვანიც: ელდარის ფიჭვი, კედარი, გუნდის ხე, მრავალი სხვა ბუჩქისა თუ ყვავილის სახეობა, ვაზის ჯიშები და სხვა. პარკი გაშენებულია 16 ჰექტარ ფართობზე, აქვე აქვს საკუთარი სანერგე, საიდანაც ყოველწლიურად ათეულათასობით დეკორატიული მცენარე და ყვავილების ჩითილი გამოჰყავთ. ვაზის ხეივანში ჩინური და გორული ვაზის ჯიშებია გახარებული.
1887 წელს, ბუნებისმეტყველ ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით, ბაღის ტერიტორიაზე დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომლის კომპლექსი 1892 წელს აიგო (არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი). კომპლექსის დიდი ნაწილი (გრენის დასამზადებელი აბრეშუმის ძაფის ამოსახვევი და საგრეხი კორპუსი) დროთა განმავლობაში დაინგრა. მთავარი შენობა კი, სადაც დღეს „აბრეშუმის სახლი” – მეაბრეშუმეობის მუზეუმი, ბიბლიოთეკა და მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრია მოთავსებული, თავდაპირველი სახით არის მოღწეული. სააბრეშუმო სადგურის ბიბლიოთეკა 39 ათას წიგნს ითვლიდა მსოფლიოს 26 ენაზე, მათ შორის ყველაზე ადრეული ეგზემპლარი ძველბერძნულ ენაზე, 1601 წლით იყო დათარიღებული. თავისი უნიკალურობით, სააბრეშუმო სადგურის მუზეუმი ერთადერთი იყო მსოფლიოში. შავროვის ხელშეწყობით მუზეუმში დაცული იყო აბრეშუმის კოლექცია მსოფლიოს 61 ქვეყნიდან და, ასევე, ნაჩვენები იყო აბრეშუმის წარმოების ყველა ეტაპი. ნიკოლოზ შავროვი სააბრეშუმო სადგურს 1887-1906 წლებში ხელმძღვანელობდა, თავად სადგურმა კი 1930 წლამდე იარსება და შემდეგ დაიხურა.
1935 წელს მუშტაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა სამი სადგურით, ერთ-ნახევარი კილომეტრი სიგრძის რკინიგზაზე ორთქლმავალს ოთხი ვაგონი დაჰყავდა, თითოეულ ვაგონში 50 ბავშვი ეტეოდა. 1950 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის დახმარებით, მუშტაიდში მოეწყო პლანეტარიუმი. ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რელიქტური ხის – ძელქვის კორომი. ამჟამად მუშტაიდის ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე ხანში პარკი განახლებული სახით მიიღებს დამსვენებლებს, გაიხსნება ახალი ატრაქციონები, განახლებული სკვერები და სასეირნო ბილიკები.
უშანგი რუხაძე
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები თ. კვირკველიას წიგნიდან:  „ძველთბილისური დასახლებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი,
1985 წ.).

скачать dle 11.3