შორეული კოსმოსის ასათვისებლად „ნასამ“ კერძო კომპანიების დახმარებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავიგაციისა და კოსმოსური სივრცის ნაციონალურმა სამმართველომ („ნასამ“) კანაკერალის კონცხზე, კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, ოფიციალურ ცერემონიაზე ახალი ხომალდის – „ორიონის“ კორპუსი წარადგინა, რომლის საშუალებითაც ამერიკელი მეცნიერები შორეულ კოსმოსს შეისწავლიან.
„ორიონის“ კაპსულის მიტანა კენედის ცენტრში მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც მეცნიერებს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაუსახა – გაგზავნონ ადამიანი ასტეროიდზე 2025 წელს და მარსზე – 2030 წელს. „ნასა“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთების გადატანისა და ეკიპაჟის გადაყვანისას კერძო კომპანიების მომსახურებით სარგებლობს და თავისი ძალისხმევის კონცენტრაციას ახდენს შორეული კოსმოსის კვლევისთვის საჭირო ახალი თაობის სისტემების დამუშავებაზე.
„ორიონის“ პირველი აპარატის მიწოდება და კომერციული კოსმოსური ხომალდ „დროგონის“ გაფრენა იმის მტკიცებულებაა, რომ ამერიკის კოსმოსური სტრატეგია მუშაობს,“ – განაცხადა „ნასას“ დირექტორის მოადგილე ლორი ჰარვერმა.
გარეგნულად „ორიონი“ ადრე შექმნილ ხომალდებს – „მერკურისა“ და „აპოლონს“ მოგვაგონებს, რომელთა ექსპლუატაცია 1960-1970-იან წლებში ხდებოდა, მაგრამ, ზომებით მათ აღემატება – ყველაზე განიერ ნაწილში ხომალდის დიამეტრი 5 მეტრს აღწევს. 23-ტონიანი კაპსულის ალუმინის კორპუსი მოცემულ პროექტში „ნასას“ ძირითადმა მოიჯარადრემ ავიაკოსმოსურმა კორპორაცია Lockheed Martin-მა დაამზადა.
უახლოესი წელიწად-ნახევრის განმავლობაში სპეციალისტები შეუდგებიან პილოტირებული აპარატის აგებას: მასზე დააყენებენ ძრავებს, სითბურ დაცვას, ავიონიკას, ელექტრომომარაგებისა და დედამიწაზე დაბრუნების სისტემებს, აგრეთვე, სხვა მექანიზმებს.
„ორიონის“ პირველი საგამოცდო გაფრენა 2014 წელს მოხდება. კაპსულას კოსმოსში მძიმე წამტანი რაკეტა „დელტა-4“ გაიტანს, რის შემდეგაც უპილოტო აპარატი, რომელიც მომავალში შეძლებს, ბორტზე ოთხი ასტრონომი აიყვანოს, შეასრულებს ორ ბრუნს დედამიწის გარშემო ორბიტაზე, სიმაღლით – 5,6 ათასი კილომეტრი, შემდეგ კი 32 ათასი კილომეტრ-საათი სიჩქარით დაეშვება წყალზე, წყნარ ოკეანეში. გამოცდის დროს ივარაუდება თბური დაცვის სისტემისა და პარაშუტების მუშაობის შემოწმება.
„ორიონის“ მეორე საგამოცდო გაფრენა მძიმე რაკეტის საშუალებით, რომელსაც ჯერჯერობით „კოსმოსში გაშვების სისტემას“ უწოდებენ 2017 წლისთვის არის დაგეგმილი. მესამე ტესტი კი – უკვე ასტრონავტებით ბორტზე – 2021 წლისთვის დაინიშნა.