ინტიმური საუბრები
ბოდიშს ვუხდი დედის სულს
რამდენი წელია, ვაპირებ, მოგწეროთ, მაგრამ, ბოლო წამს გადავიფიქრებდი ხოლმე – თითქოს რაღაც უხილავი ძალა მაჩერებდა. ამჯერად კი გადავლახე ყველა შინაგანი წინააღმდეგობა და ვწერ ერთგვარ მონანიებას. მინდა, ამით ბოდიში მოვუხადო ჩემი გარდაცვლილი დედის სულს, რადგან, მხოლოდ ახლა, როცა მე თავად ვარ დედა და ვზრდი შვილებს, მივხვდი, რომ უსამართლოდ ვამტყუნებდი ჩემს ჩუმ, წყნარ, ქმარ-შვილზე გადამკვდარ, მაგრამ, დაჩაგრულ დედიკოს, რომელიც მარტო ეზიდებოდა ოჯახის ჭაპანს და ერთი კვნესა, ერთი საყვედური, ერთი სამდურავი არ წამოსცდენია.
საქმე ისაა, რომ მამაჩემი ძალზე უხასიათო, უხეში და უმადური კაცი იყო ყოველთვის. ამას ახლა ვხვდები, თორემ, ბავშვობაში მეგონა, რომ ყველაფერში მამა იყო მართალი, რადგან მე განსაკუთრებით მანებივრებდა, ყველაფრის უფლებას მაძლევდა, დედას ჩემი თანდასწრებით, ხმამაღლა აკრიტიკებდა, შენიშვნებითა და საყვედურებით ავსებდა და, პრაქტიკულად, დასცინოდა, მე კი ამას ვერ ვხვდებოდი და მეცოდებოდა მამა, რომელსაც შეუფერებელი ცოლი შეხვდა. მამას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის: იცოდე, დედაშენს არ დაემსგავსო, თორემ, თავს მოვიკლავო. მეც, ოღონდ მამისთვის მესიამოვნებინა და, ვცდილობდი, არაფერში დავმსგავსებოდი დედას, რომელიც თავწახრილი, უხმოდ, უპრეტენზიოდ გვემსახურებოდა. რამდენჯერ ცრემლიც დამინახავს მის თვალებზე, მაგრამ, ყურადღებაც არ მიმიქცევია. ცუდად კი არ ვექცეოდი დედას, კი არ ვეჩხუბებოდი და უხეშ სიტყვებს კი არ ვეუბნებოდი, უბრალოდ, ავტორიტეტად არ მიმაჩნდა. ყველაფერს მამას ვეკითხებოდი, ვუთანხმებდი, მხოლოდ მასთან ერთად მიყვარდა წასვლა სასეირნოდაც, დასასვენებლადაც, მაღაზიებშიც, რადგან, როცა მე ვახლდი, არასდროს ითვლიდა ფულს. რომ წამოვიზარდე, რამდენჯერმე კი გავიფიქრე, თავის ცხოვრებაში არ უმუშავია და ამდენი ფული ნეტავ საიდან აქვს-მეთქი, მაგრამ, ამ საკითხით ღრმად არ დავინტერესებულვარ. არც იმაზე მიფიქრია, რატომ ეცვა დედას წლიდან წლამდე ერთი და იგივე კაბა, პალტო და ფეხსაცმელი, როცა ორ ადგილას მუშაობდა და ორივეგან საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა. ძალიან გვიან გავიგე, რომ ორივე ხელფასს მთლიანად ართმევდა მამაჩემი, ისე, რომ მხოლოდ გზის ფულს უტოვებდა და, თურმე, დედას ფულებით ცდილობდა ჩემს მოსყიდვას (რაც გამოუვიდა კიდეც). მამაჩემი ისე იქცეოდა, რომ დედას, პრაქტიკულად, უფლება არ ჰქონდა, მომფერებოდა, ქმრის ნებართვის გარეშე რამე ეყიდა ჩემთვის და სადმე წავეყვანე. აქედან გამომდინარე, სულ მეგონა, რომ დედას არ ვუყვარდი და ამიტომ მეც ნელ-ნელა ჩამოვშორდი – მასთან ვერანაირ საერთოს ვერ ვპოულობდი.
ერთ დღეს კი, დედა ავად გახდა. მძიმე დაავადება დაუდგინეს და, იძულებული იყო, ორივე სამსახურისთვის დაენებებინა თავი, რაც მამამ კატეგორიულად გააპროტესტა, მაგრამ, ამჯერად არაფერი გამოუვიდა, რადგან დედა ლოგინიდან ვეღარ დგებოდა. ჩვენთან ბებია გადმოვიდა, რომ თავისი შვილისთვის მოევლო და ჩვენთვისაც მოეხედა, მაგრამ, ძალიან გაგვიჭირდა მატერიალურად, რადგან, დედა აღარ მუშაობდა და მარტო ბებიას პენსია რას გვეყოფოდა. მამას მაინც არ დაუწყია მუშაობა, უფრო მარტივ გამოსავალს მიაგნო – სახლიდან ნივთების გატანა დაიწყო. მიჰქონდა მშრალ ხიდზე, კაპიკებში ყიდდა და ისევ თვითონ ხარჯავდა სასმელში. (დედას ავად გახდომამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო სმა). ამიტომ, გარდა იმისა, რომ დედაჩემს საჭირო წამლები არ ჰქონდა, ნახევრად მშიერიც იყო, მაგრამ, ერთი სამდურავი არ დასცდენია. სიკვდილის წინ კი, თავის ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დამიძახა და მთხოვა, საწოლთან დავჯდომოდი. არ დამავიწყდება მისი თვალები, მისი გამოხედვა – როგორი სითბოთი და სიყვარულით მიყურებდა. მერე ხელზე მომეფერა აკანკალებული ხელით, ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ისე სათუთად მაკოცა, თითქოს ეშინოდა, რამე არ მტკენოდა. მერე დიდხანს მიყურა თვალებში, სახეზე – თითქოს უნდოდა, კარგად დაემახსოვრებინა ჩემი თითოეული ნაკვთი, ბოლოს კი ისეთი რამ მითხრა, რამაც მთლიანად შეძრა ჩემი არსება.
– ჩემო ერთადერთო სიხარულო, – ჩურჩულებდა დედა, – მაპატიე, რომ ტკივილს გაყენებ, მაგრამ, სიკვდილის წინ მაინც უნდა გითხრა ჩემი სათქმელი. შენ გამო ვითმენდი ყველაფერს, მინდოდა, ორივე მშობელი გყოლოდა, მაგრამ, რა გამოვიდა – დაგკარგე. ყოველთვის გამირბოდი. შენ მამაშენის შვილი იყავი ყოველთვის, მე არაფრად მაგდებდი, მაგრამ, ეს შენი ბრალი არ არის, არც მამაშენის, ეს ჩემი ბრალია. ამიტომაც დავრჩი მარტო. დაიმახსოვრე: ბევრის მოთმენა გაცილებით უარესია, ვიდრე ბევრი ჩხუბი. არ მოითმინო ის, რაც არ არის მოსათმენი. თუ ცუდი ქმარი შეგხვდა, მოჰკიდე ხელი შენს შვილებს და წაიყვანე, ნუ შეაჭმევინებ ნურც შენს თავს და ნურც ბავშვების ნერვებს. მამაშენისთვის კი ყველაფერი მიპატიებია მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მართლა უყვარდი...
ამ სიტყვების მერე დედამ კიდევ ორ საათს იცოცხლა, მაგრამ, აგონიაში იყო. მამა სახლში რომ დაბრუნდა (ცხადია, მთვრალ მდგომარეობაში), დედა გარდაცვლილი დახვდა. ეტყობა, მაინც არ ელოდა, რადგან, მომენტალურად გამოფხიზლდა, მერე სახე გაუშეშდა და ასე გაქვავებული სახით მიშტერებოდა თავის ნატანჯ ცოლს დილამდე, მერე კი ისევ დასალევად წავიდა. მას მერე მამაჩემი ფხიზელი აღარ მინახავს, სულ წავიდა ხელიდან, ხშირად ღამითაც არ მოდის სახლში, მაგრამ, თავს აღარ ვიკლავ მისი ძებნით – მან აირჩია ასეთი ცხოვრება. თანაც, მისი წყალობით წავიდა დედაჩემი იმქვეყნად გაუხარებელი და, პრაქტიკულად, ჩემგან უარყოფილი, რასაც ახლა ვეღარ ვპატიობ ვერც მამაჩემს და ვერც საკუთარ თავს, დედის სულს კი ვევედრები, მომიტევოს.
სოფო, 32 წლის.
პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე
სკოლის ასაკიდან მოყოლებული, ძალიან პოპულარული ბიჭი ვიყავი. მაინცდამაინც გადასარევად არ ვსწავლობდი, მაგრამ, არც უკანასკნელ მოსწავლედ ვითვლებოდი, თუმცა, სიცელქისა და ხშირი „შატალოების“ მოწყობის გამო, რამდენიმე სკოლის გამოცვლა მომიხდა, რაც უფრო ზრდიდა ჩემს პოპულარობას გოგოებში. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ, ბიჭებსაც და გოგოებსაც, ესახელებოდათ ჩემთან მეგობრობა და ახლობლობა. ძალიან სერიოზულად ვიყავი დაკავებული ფეხბურთით, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ამიყვანეს და ჩემზე დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ, სკოლა რომ დავამთავრე და უმაღლესში ჩავაბარე, ქულა დამაკლდა და საღამოს დასწრებულზე მოვეწყვე. მეორე კურსიდან ჯარში წამიყვანეს. ორი წლის შემდეგ კი, რომ ჩამოვედი, ჩემი სპორტული კარიერა ვეღარ ავაწყვე, როგორც იტყვიან, „ჩემმა მატარებელმა ჩაიარა“. მაგრამ, ამას ისე არ ვდარდობდი, როგორც ჩემი შეყვარებულის ღალატს. ღალატი ერქვა, აბა, სხვა რა უნდა დამერქმია მისი საქციელისთვის. ხუთი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, ჯარში ცრემლების ღვარღვარით გამაცილა – შენ მეტი არავინ მიყვარს, დაგელოდებიო, მაგრამ... კი დამელოდა, დამხვდა კიდეც სადგურზე სხვა მეგობრებთან ერთად (ანუ, არ გათხოვილა) და მეორე დღესვე დავაწყვეთ სამომავლო გეგმები. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ინსტიტუტში აღმადგინეს, სამსახურშიც მოვეწყვე და უკვე ოჯახის შექმნაზეც სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ, ერთ დღეს ჩემმა ძმაკაცებმა დამირეკეს და მითხრეს, შენთან სერიოზული საქმე გვაქვსო. რომ შევხვდით, სამივე დაბნეული იყო და არ იცოდნენ, როგორ დაეწყოთ სათქმელი. მერე, როგორც იქნა, ერთ-ერთმა, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მითხრა: ძალიან გაგვიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ, ვალდებულები ვართ, საქმის კურსში ჩაგაყენოთ. ეკაზე ფიქრსაც კი დაანებე თავი, ის შენი ღირსი არ არისო. ახლაც მახსოვს, როგორი ელდა მივიღე ამ სიტყვების გაგონებისას. კეფიდან რომ დამიარა ცხელმა ნაკადმა, ფეხებამდე ჩავიდა და მეტყველების უნარი წამერთვა. მერე, როცა ცოტა აზრზე მოვედი, ვკითხე, რა იცით-მეთქი. აღმოჩნდა, რომ, სანამ მე ჯარში ვიყავი, ეკას ორი თუ სამი თაყვანისმცემელი გამოსჩენია (ის კი აღარ დამიდგენია, ერთად თუ ცალ-ცალკე) და ყველასთან გაუბამს ფლირტი. მართალია, სერიოზულ ფაზაში არ გადასულა მათი ურთიერთობა, მაგრამ, როცა ერთი ჩვენი საერთო მეგობრის დას უთქვამს, ასე რატომ იქცევი, აკი ზურა გიყვარდაო, ეკას უპასუხია, ახლაც მიყვარს, მაგრამ, თუ მასზე კარგი ვარიანტი გამომიჩნდება, რატომ უნდა ვთქვა უარიო. მოკლედ, ორივე თუ სამივე „ვარიანტი“ კარგად მოსინჯა: მათი ოჯახური (სოციალური და ეკონომიკური) მდგომარეობა გაარკვია, მათი სამეგობრო გაიცნო, თითოეულს რამდენჯერმე შეხვდა და, როცა აღმოაჩინა, რომ ერთი ნამდვილი „აზიატი“ იყო, მეორე – საკმაოდ უწიგნური და მესამე საოცრად ძუნწი, „დაადგინა“, რომ მათ შორის ყველაზე კარგი „ვარიანტი“ მაინც მე ვყოფილვარ. ამიტომ, სამივეს უარი უთხრა და ისევ ჩემს ჩამოსვლას დაელოდა.
ახლა, როცა საპენსიო ასაკს მივუკაკუნე, სულ სხვანაირად ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ, მაშინ თავმომწონე ბიჭი ვიყავი და ვიუკადრისე ეკას საქციელი, თან, სიმართლე გითხრათ, საოცრად მეტკინა გული, რადგან, მე მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ, ამ სიყვარულის მიუხედავად, ვერ ვაპატიე – ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი და სამუდამოდ დავშორდი.
მერე ისე მოხდა, რომ ვერც ერთმა ვერ ავაწყვეთ ცხოვრება: მე სამჯერ შევირთე ცოლი (თითოსგან თითო შვილი მყავს) და სამივეს გავშორდი. ეკა ორჯერ გათხოვდა, მაგრამ, შვილი არ ეყოლა და, ისიც, პრაქტიკულად, მარტო დარჩა.
მაშინ ჩემს ძმაკაცებს მადლობა ვუთხარი, რომ სიმართლე არ დამიმალეს და „თვალი ამიხილეს“, მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, არ მოიქცნენ სწორად. ბოლოს და ბოლოს, რა ქნა ეკამ ისეთი განსაკუთრებული? რა, იმ ორი წლის განმავლობაში, რაც ჯარში ვიყავი, მე ქალისკენ არ გამიხედავს?! მართალია, ეკაზე უკეთესი „ვარიანტების“ ძებნა არ დამიწყია, მაგრამ, „ნაშები“ ხომ მყავდა?! ანუ, მეც არ ვიყავი ბოლომდე ერთგული, ასე არ არის?! მაგრამ, კაცის ასეთი „გაგულავებები“, რატომღაც, „ცელქობად“ ითვლება, ქალს კი მაშინვე მოღალატის იარლიყს მიაწებებენ ხოლმე. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ჩემი ძმაკაცების ერთგულებამ და გულახდილობამ მომავალი დამინგრია – 62 წლის კაცი ვარ, სამ ცოლთან სამი შვილი მყავს და მაინც მარტო დავრჩი, ხმის გამცემი არავინ მყავს. ყოფილი ცოლები ხანდახან თუ დამირეკავენ (როცა ფული სჭირდებათ), შვილებიც, ძირითადად, ამავე მიზნით შემომირბენენ ხოლმე კვირაში ერთხელ. კიდევ კარგი, რაღაც სამსახურის მაგვარი მაქვს და იქ დავდივარ ყოველდღე, თორემ, ალბათ, მარტოობა გამაგიჟებდა.
ზურაბი, 62 წლის.