რატომ არის მოსკოვი დაინტერესებული ოსებსა და დანარჩენ ჩრდილოკავკასიელებს შორის დაპირისპირებით და რატომ არ იღებენ ჩრდილოეთ ოსეთის სამეგობრო წრეებში ცხინვალელ ოსებს
რფ-მ ისე საფუძვლიანად ჩახერგა დანარჩენი საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი, რომ იქიდან ამბავი ლამის ჩიტმაც კი ვერ მოგვიტანოს. არათუ ცოცხალი კომუნიკაცია, ცხინვალის რეგიონში ტელეფონით დარეკვაც კი შეუძლებელია. ამიტომაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება მხოლოდ სხვათა მიერ გავრცელებული ინფორმაციებით შეგვიძლია. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ცხოვრებაზე, იქაურ რუსულ ბაზებზე, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების პერსპექტივა-უპერსპექტივობასა თუ ლეონიდ თიბილოვის „პრეზიდენტულ“ ცხოვრებაზე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება.
– როგორ ცხოვრობს იქაური მოსახლეობა და რა ვითარებაა ედუარდ კოკოევის წასვლის შემდეგ?
– როგორც ყველგან პოსტსაბჭოურ სივრცეში, არიან მდიდრები და ღარიბები, მაგრამ, როგორც ყველა კონფლიქტურ ზონაში, იქ განსაკუთრებულადაა გამოკვეთილი სხვაობა ამ ორ ფენას შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ მათგან, რომლებიც 2008 წლის ომამდე წავიდნენ და საკმაოდ ბევრი წავიდა, უკან თითქმის არავინ დაბრუნებულა. ასე რომ, მოსახლეობის ფიზიკური რაოდენობა მცირდება და ისინი, ძირითადად, სახელმწიფო კმაყოფაზე არიან. ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობს და ამით ინახავს ოჯახს, დანარჩენები კი ვაჭრობით ირჩენენ თავს. ცხინვალის მოსახლეობა, ძირითადად, ვლადიკავკაზით ცხოვრობს.
– ვლადიკავკაზში ვაჭრობენ?
– დიახ. არ არის ოჯახი, საიდანაც მინიმუმ ერთი წევრი არ იყოს წასული. დღეს ცხინვალის რეგიონში დარჩენილი მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობა იმის 40 პროცენტია, რაც იქ 1991 წლიდან 2008 წლამდე ცხოვრობდა. ანუ ნახევარზე მეტი გასულია.
თითქმის ყველას აქვს რუსეთის მოქალაქეობა. პოლიტიკური მოტივიც რომ გამოვრიცხოთ, მათ ძალიან ხშირად უწევთ მოძრაობა ჩრდილოეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ ოსეთში, „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქის პასპორტით მოძრაობა კი, მანცდამაინც, მომგებიანი არ არის. ამიტომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს თითქმის ყველას, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც საერთოდ არ გასულან, ან არ აპირებენ გასვლას. ასეთი კატეგორიაც არის: მოხუცები, ინდვალიდები და ისეთები, რომლებსაც უბრალოდ არსად აქვთ წასასვლელი. მათ არ უწევთ რიგში დგომა ან ფულის გადახდა რუსულ პასპორტში: მათთვის პასპორტები სახლებში მიაქვთ.
– პენსიებიც რუსეთის ფედერაციაში არსებულის შესაბამისია?
– რამდენადაც ვიცი, რუსეთის ფედერაციიდან იღებენ პენსიებს და დღეს „სამხრეთ ოსეთში“ პენსია 280 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია რუსულ ფულში. მათ ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობის იდენტური ოდენობის პენსია აქვთ.
– საბიუჯეტო ხელფასებიც დაახლოებულია რუსეთის ფედერაციის ჩინოვნიკურ ხელფასებთან?
– ხელფასებიც დაახლოებულია ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციის ხელფასებთან. პლუს, იღებენ ბონუსებსა და დახმარებებს. ხელისუფლებაში ან საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობა უკვე გარანტიაა იმისა, რომ ოჯახს კარგად შეინახავ.
– ესე იგი, ინტენსიურად მიმდინარეობს ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის ინტეგრაციის პროცესი?
– ეთნიკურად ძალიან ჭირს ეს დაახლოება, იმიტომ რომ 1992 წლის მოვლენების შემდეგ ჩრდილო ოსეთში ლტოლვილებად ჩასულმა ცხინვალელმა ოსებმა ძალიან ბევრი დისკომფორტი შეუქმნეს იქაურ მოსახლეობას.
– კერძოდ?
– ჯერ ერთი, მათ სხვადასხვა ენა აქვთ. საქართველოს მოსახლეობას ჰგონია, რომ ეს ერთი და იგივე ხალხია, არადა ჩრდილო ოსების წინაპრები ალანები არიან, ჩვენების – სკვითები. ჩრდილო ოსეთის მოსახლეობა ნეგატიურადაა განწყობილი „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის მიმართ და, ამ თვალსაზრისით, ჩვენი ოსების ინტეგრაცია არ მოხდა იქაურ ოს საზოგადოებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღემდე აქედან წასული ოსების მაქსიმუმ 3 პროცენტია იქაურ საზოგადოებაში ინტეგრირებული. თითზე ჩამოსათვლელი არიან წარმატებული ბიზნესმენებიც. სხვათა შორის, თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან წასული ოსები უფრო კარგად არიან ჩრდილო ოსეთში, ვიდრე ცხინვალიდან ჩასულები. ცხინვალელი ოსები ყოველთვის იმით იყვნენ მიმზიდველი ჩრდილოელი ოსებისთვის, რომ განიხილებოდნენ, როგორც მაღალკულტურული საზოგადოების ნაწილი, მაგრამ, როგორც კი გამოეყვნენ და იმ სივრცეში გადაწყვიტეს ინტეგრაცია, გაირკვა, რომ ისინი არიან მტაცებლები და კრიმინალური მენტალიტეტის მატარებლები. კრიმინალი არც ერთ ქვეყანას არ აკლია, მაგრამ იშვიათად ნახავთ ჩრდილოეთ ოსეთში სამეგობრო წრეს, რომელშიც სამხრეთელი ოსებიც არიან. ასე რომ, დაახლოების პროცესი ბუნებრივი გზით არ მიდის. მათი ბუნებრივი შერწყმა არ მოხდა, ოჯახებიც კი იშვიათად იქმნება აქაურ და იქაურ ოსებს შორის.
რაც შეეხება პოლიტიკურ ინტეგრაციას: თავის დროზე კოკოითი მხოლოდ შირმად იყენებდა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების იდეას, ის მაინც ყოველთვის ცდილობდა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სუბიექტად ექცია, რადგან მეტი შემოსავალი ჰქონოდა ბეჭდისა და დროშის ხარჯზე. თუკი ისინი პოლიტიკურად ინტეგრირდებიან, ესე იგი, ცხინვალი გახდება პერიფერია და „სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტს“ საშუალო დონის ქალაქის მერის სტატუსი ერგება, იმიტომ რომ ცხინვალზე დიდი ქალაქებიც არის ჩრდილო ოსეთში. ამდენად, ამ თვალსაზრისით, სერიოზული პერსპექტივა არ ელოდება „სამხრეთ ოსეთს“. მათ დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რასაც ვუყურებ, კოკოითივით, მაინცდამაინც, დიდი სურვილი არ აქვს, ივაჭროს დამოუკიდებლობით. ისინი უფრო საშუალო დონის ჩინოვნიკების როლს ასრულებენ და სამხედრო ხელმძღვანელობის გავლენის ქვეშ არიან.
– რუსული სამხედრო ხელმძღვანელობის?
– რა თქმა უნდა. სამხედროებს ოს მოსახლეობას არ აკარებენ და ერთგვარი შუამავლები არიან. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მაგალითს მოვიყვან: დღეს ცხინვალის რეგიონი შეიძლება, შევადაროთ საბჭოთა კავშირის დროინდელ სამხედრო ქალაქს. როდესაც ახალქალაქში იდგა რუსული დივიზია, ჰქონდათ სამხედრო დასახლება, სადაც, ძირითადად ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა მსახურობდა საშუალო და დაბალ დონეზე. დაახლოებით, ეს სურათია ცხინვალის რეგიონშიც.
რუს სამხედროებს გამაგრებული აქვთ ყველა სტრატეგიული ადგილი და, რა თქმა უნდა, პირობითი საზღვარიც. ხდება როტაცია: არიან წვევამდელებიც და კონტრაქტორებიც. მოსახლეობასთან, ძირითადად, კონტაქტში არიან წვევამდელები, კონტრაქტორები – არა. მატერიალურადაც და ეკონომიკურადაც ისე არიან უზრუნველყოფილი, რომ იშვიათად გადიან ბაზების ტერიტორიიდან.
– ცხინვალის რეგიონი ამარაგებს პროდუქტებით?
– არ მგონია, რადგან ცხინვალის რეგიონს თვითონ არაფერი აქვს ხილისა და მეცხოველეობის პროდუქციის გარდა. წიწიბურა იქ არ არის და ხორბალი. რუსულ ბაზებს, რა თქმა უნდა, ამარაგებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და, რამდენადაც ვიცი, იმ ბაზებზე სერიოზული პროფესიონალები ჰყავთ. ამის პირველი ნიშანია, რომ კონტაქტში არ შედიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს მხოლოდ ბრძანების გამო არ ხდება. როგორც უნდა უბრძანო, მაინც ილოთებენ და იწანწალებენ, თუ არაპროფესიონალები არიან. როგორც ჩანს, ძალიან მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ დისციპლინაც დაამყარეს.
– რისთვის ემზადებიან?
– რამდენადაც ვიცი, მათ ისიც კი აქვთ გათვალისწინებული, თუ პროვოკაცია მოხდება, მასში არ ჩაერთოს მძიმე ტექნიკა და ახალი ომის ალიაქოთი არ ატყდეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ არ მისცენ რუსეთზე ზეწოლის საშუალება, თუმცა ძალიან არც ამის ეშინიათ. ძალიან ბევრი მსროლელი ჰყავთ ჩამოყვანილი, უახლესი ტექნიკით შეიარაღებულები, რომლებსაც შეუძლიათ, 2 კილომეტრის მანძილზე მიაღწიონ მიზანს.
– ცნობილია, რომ ქართველები ცხოვრობენ ჩრდილოეთ ოსეთში და მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ, მიუხედავად 2008 წლის ომისა, ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონს გარეთ მცხოვრებ ოს მოსახლეობას არ შექმნია საქართველოში. ისევ მშვიდობიანად არიან ქართველები ჩრდილო ოსეთში?
– საინტერესოა, რომ ჩრდილო ოსეთში მცხოვრები ქართველები უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობენ ჩრდილო ოსეთში, ვიდრე საქართველოდან ჩასული ოსები. იქ ასე მარტივი არ არის ქართველის შევიწროება. ჯერ ერთი, თუ გავითვალისწინებთ კუთხურობას, ჩრდილო ოსეთში, ძირითადად, მთიულები და მოხევეები ცხოვრობენ: მოხევის და მთიულის შევიწროება, მათი ხასიათის გათვალისწინებთ, ადვილი არ არის. ამას გარდა, საზოგადოებრივად ძალიან დაწინაურებული არიან და მნიშვნელოვანი გავლენითაც სარგებლობენ. რამდენადაც ვიცი, ყოფით დონეზე კონფლიქტის რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ თვითონ ჩრდილოელი ოსები ჩაერივნენ და რამდენიმე ცხინვალელი ოსური ოჯახი გაასახლეს.
– ქართველებსა და ცხინვალელ ოსების მოუვიდათ კონფლიქტი?
– დიახ. ეგრეთ წოდებული ტაქსის მძღოლების ბირჟაზე მივიდა ორი ცხინვალელი ტაქსის მძღოლი და ქართველის გამოგდება სცადეს. მან სცემა, ოსები წავიდნენ, სხვა ცხინვალელი ოსები მოიყვანეს და ის ქართველები დაჩაგრეს. თუმცა იმ ღამით დიდი ამბავი მოხდა, იმ ადგილს, სადაც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებული ცხინვალელები, ერთად დაეცნენ ადგილობრივი ოსები და ქართველები. იმ კონფლიქტის უშუალო მონაწილეები გამოიყვანეს და დასაჯეს, როგორც ვიცი, დაატოვებინეს კიდეც ვლადიკავკაზი.
ძალიან აქტიურობენ და კარგად იქცევიან თრუსოს ხეობის ოსები. ძალიან პატრონობენ, განსაკუთრებით, მოხევეებსა და მთიულებს. სპეციალური ორგანიზაცია აქვთ შექმნილი, მუშაობს ცხელი ხაზი და, თუ ვინმე ქართველს მხოლოდ ეთნიკური ნიშნის გამო შეავიწროებს, ადგილზე მიდიან, როგორც სადამსჯელო რაზმი და აგვარებენ პრობლემებს.
– ჩრდილო ოსები ერთადერთი ქრისტიანები არიან ჩრდილო კავკასიაში. საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, მუსლიმანურ ნახევარრკალში დარჩნენ. სხვა ჩრდილოკავკასიელებთან როგორი ურთიერთობა აქვთ დღეს?
– მე რელიგიურ მოტივს ძირითადად არ გამოვყოფდი. ჩრდილო ოსეთის მოსახლეობასა და მეზობელ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს შორის დაპირისპირების საფუძველი მხოლოდ რელიგიური არ არის. ეს უკავშირდება პოლიტიკასაც. სანამ სტალინური მანქანა ამუშავდებოდა, თქვენ გახსოვთ, საქართველოს ისტორიის ის მომენტი, როდესაც ჩრდილო ოსეთი საქართველოსთან გაერთიანებას აპირებდა, მაგრამ შემდეგ ამუშავდა ეგრეთ წოდებული სტალინური მანქანა, ვგულისხმობ, ავტონომიებს. შემდეგ ამას ხრუშჩოვისა და სუსლოვის კამპანია დაემატა და მივიღეთ ჩრდილო ოსეთი, როგორც პლაცდარმი მთელი ჩრდილო კავკასიისთვის. ჩრდილო ოსებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ ინგუშებთან, შესაბამისად, არც ჩეჩნებთან აქვთ კარგი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში ჩრდილო ოსეთის წარმომადგენლები ომობდნენ რუსების წინააღმდეგ. ასევე, დაძაბული ურთიერთობა აქვს ჩრდილო ოსებს ყაბარდო-ბალყარეთთან. მე ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაა: ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს შორის იყოს უნდობლობა, დაპირისპირება და დაძაბულობა, რადგან ჩრდილო ოსეთი მათი პლაცდარმია, რაც ჩვენ ვნახეთ კიდეც 2008 წლის ომის დროს. თვითონ სახელწოდებას დაუკვირდით: „ვლადეი კავკაზომ“. საკმარისია, იმ ველს ფლობდე, სადაც განლაგებულია რუსეთის ბაზები ჩრდილო ოსეთში და იქიდან ძალიან იოლია კავკასიის დაუფლება. ასე რომ, რელიგია ამ შემთხვევაში არის საშუალება, დაპირისპირების მიზეზი სხვაა.
– თუნდაც, ახალგორელი ქართველებისადმი დამოკიდებულება როგორია?
– ჩვენი ინფორმაციით, ცდილობენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ქართველებთან. ყოველ შემთხვევაში, სადამსჯელო რაზმები არ დადიან ქართველების დასასჯელად. პირიქით, თუ ქართველმა რამე ითხოვა, ცდილობენ, მოუგვარონ, რომ არ მისცენ საშუალება საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გააკეთოს მკვეთრი განცხადებები როგორც ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური, ისე პიროვნული უფლებების დარღვევების გამო.
– აშკარაა, თიბილოვი დამყოლი კაცი აღმოჩნდა?
– რაც შეეხება თიბილოვს: არ ვიცი, რა იგულისხმება დამყოლში. ის ოფიციალური „ეფესბეშნიკია“ და ბრძანებას ასრულებს. მოყვარული ან თადარიგში გასული, ან აგენტი კი არ არის, სამხრეებიანი ჩინოსანია. თუ არ ვცდები, პოლკოვნიკი. ის იმიტომ დასვეს იქ, რომ სამხედრო და სამოქალაქო პირებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, შეაგროვოს ინფორმაცია და რეგიონში უსაფრთხოების ზომები გაატაროს. კიდევ მაგალითს მოვიყვან თვალსაჩინოებისთვის: კომუნისტების დროს საბჭოთა არმიის ნაწილებში არსებობდა ასეთი თანამდებობა: ნაჩალნიკ ოსობოგო ოტდელა და მას ევალებოდა, რომ ჯარში კანონდარღვევა არ მომხდარიყო და მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის ურთიერთობა კანონის ჩარჩოს არ გასცდენოდა. აი, ამ როლს ასრულებს დღეს თიბილოვი „სამხრეთ ოსეთში“.
– კოკოევმა, რაც მოიპარა, შეირგო და, როგორც ვხედავ, ერთადერთ მოგებულ მხარედ დარჩა.
– კოკოითმა და მისმა წრემ ბრწყინვალე სასახლეები აიშენეს ვლადიკავკაზში, მოსკოვში კი – ვილები, მდიდრების უბანში, სადაც ასტრონომიული ციფრები ღირს კვადრატული მეტრი. ბიზნესებიც აქვთ და სოლიდური თანხებიც უდევთ ანგარიშებზე. ისინი არ თვლიან, რომ სარგებელი ნახეს. მათი აზრით, დამსახურებლად მიიღეს, რაც აქვთ, იმიტომ რომ პირნათლად შეასრულეს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დავალებები.