როგორ იღებენ მორფიუმზე ასჯერ ძლიერ დეზომორფინს კუსტარულად და როგორ ასაღებს ნარკომაფია ლეგალურად ნარკოტიკულ საშუალებას, როგორც ტონუსის ამწევ საშუალებას
ისე მოხდა, რომ ნარკომანიით დაავადებული ადამიანები არც პოსტრევოლუციურ საქართველოში გვაკლია (თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, ნარკოტიკების შემოდინება შემცირდა, რამაც ფასებიც და რისკიც საკმაოდ გაზარდა როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ნარკორეალიზატორებისთვის). თუმცა ნარკომანია არც საბჭოთა დროს ყოფილა უცხო ხილი ჩვენი საზოგადოებისთვის. როგორ დაიწყო არა მხოლოდ საქართველოში ნარკომანიის გავრცელება და რატომ რჩება ის დღემდე მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად. საკითხს პროფესორი, ნარკოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტი გელა ლეჟავა განგვიმარტავს.
– საერთოდ, მსოფლიოში ნარკომანია, როგორც სოციალური მოვლენა, ვიეტნამის ომის შემდეგ გავრცელდა და ეს დაიწყო ამერიკიდან.
– ომის სინდრომის გამო, რომელიც სწორედ ვიეტნამის ომს უკავშირდება?
– არა მხოლოდ. ვიეტნამის ომში მოხვედრილმა ამერიკელმა ახალგაზრდობამ თვალნათლივ ნახა, რომ სამყარო არ არის ისეთი, როგორც მათ მშობლები უყვებოდნენ და რა გარემოშიც იზრდებოდნენ. მეორე მხრივ, მათ ისიც დაინახეს, რომ მათი მშობლები, როდესაც სიტუაცია გართულდა, აღარ იცავდნენ იმ წესებსა და კანონებს, რასაც, კარგი გაგებით, ბურჟუაზიული მორალი ჰქვია და გაუჩნდათ ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ მორალის მიმართ. ეს გამოიხატა იმაში, რომ ისინი წავიდნენ სახლიდან და დაიწყო „ჰიპების“ მოძრაობა. დღესაც დადიან დახეული შარვლებით ჩვენთან და წარმოდგენაც არ აქვთ, რატომ. ჰიპები კი დახეულ შარვლებს პროტესტის ნიშნად იცვამდნენ. მათ შორის, ნარკოტიკების გამოყენებაც იქცა საზოგადოებასთან დაპირისპირების გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად და ეს ავიტაცეთ ქართველებმაც. ძალიან ძნელი ასახსნელია, რატომ მოხდა ასე, იმიტომ რომ მაშინ რკინის ფარდა არსებობდა.
– თან სოციალისტური და ბურჟუაზიული მორალი ფრიად სხვადასხვა რამაა.
– მე ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე, მაშინ, როგორც ჩანს, უკვე გასაგები გახდა, გამოჩნდა, რომ ის იდეალები, რომლებსაც კომუნისტური პარტია სთავაზობდა ხალხს, სიცრუე იყო. თან საქართველოში ძალიან ცოტას თუ სჯეროდა თავიდან ბოლომდე კომუნისტური იდეალების, თვითონ პარტიულ მუშაკებსაც კი. ამიტომ, ჩემი აზრით, თუ იქ იყო ბუნტი ბურჟუაზიული მორალის წინააღმდეგ, აქ იყო ბუნტი სოციალისტური მორალის წინააღმდეგ. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი და, თუ მანამდე ნარკოტიკს, ძირითადად, მხოლოდ ეგრეთ წოდებულ შორეულში გადასახლებული პატიმრები იყენებდნენ, ის უფრო ფართოდ გავრცელდა. ჩემი აზრით, მეორე კომპონენტი, რამაც ხელი შეუწყო ნარკომანიის გავრცელებას, უკავშირდება მეორე მსოფლიო ომს. ომში უამრავი ჯარისკაცი იჭრებოდა, არ იყო მათი მკურნალობის საშუალება და მათ აძლევდნენ მორფიუმს. ომის შემდეგ მათგან, ვინც გადარჩა და სახლში დაბრუნდა, ზოგი მორფინისტი აღმოჩნდა და მაშინ მათთვის გახსნეს სპეციალური პუნქტები, სადაც ნარკოტიკს აძლევდნენ. მაგალითად, თბილისში ერთი ასეთი პუნქტი იყო ყოფილი ელბაქიძის დაღმართზე.
– რთული პროცედურა უნდა გაევლოთ ნარკოტიკის მისაღებად?
– ჰქონდათ ცნობა, მიდიოდნენ და იღებდნენ ნარკოტიკს. ერთი სიტყვით, ეს კომპონენტიც არსებობდა, მაგრამ, როგორც სოციალური მოვლენა, ნარკომანია ვიეტნამის ომის შემდეგ გაჩნდა.
– საბჭოთა კავშირში ნარკოტიკი საიდან იყო?
– საბჭოთა კავშირში იმდენი ნარკოტიკი იყო, რამდენსაც დღეს ვერსად იშოვი. მაშინ არანაირი კანონი არ არსებობდა ნარკოტიკების წინააღმდეგ.
– თბილისში აფთიაქებში იყიდებოდა ნარკოტიკებიო, როგორც მსმენია?
– შეგეძლო, აფთიაქში გეყიდა რეცეპტით. როგორც სხვა ნებისმიერი წამალი, ისე მოდიოდა და ინახებოდა სააფთიაქო სამმართველოში.
– როგორც ტკივილგამაყუჩებელი?
– რა თქმა უნდა. მორფიუმი, პანტაპონი და სხვა იყიდებოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებლები. ბევრი მშრალი მორფიუმიც იყო, რომლისგანაც შემდეგ ადგილზე ამზადებდნენ საინიექციოდ.
– იმ ფაქტმა, რომ ნარკოტიკი თავისუფლად იყიდებოდა, გაზარდა ნარკომანების რაოდენობა?
– რასაკვირველია, ტკივილგამაყუჩებლების ხელმისაწვდომობამ ხელი შეუწყო ნარკომანიის გავრცელებას საქართველოში. დადგენილია, რომ ხელმისაწვდომობა ნარკომანიის გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორია, ამიტომაც ცდილობს ყველა ქვეყანა, გარკვეული ბალანსი დაამყაროს ხელმისაწვდომობასა და შეძენის აუცილებლობას შორის.
– არ შეიძლება, რომ ნარკოტიკები საერთოდ ამოიღონ, როგორც პრეპარატი და ჩაანაცვლონ სხვა პრეპარატით?
– სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ჩანაცვლება. არის პრეპარატები, რომლებიც უფრო იოლად აყუჩებენ ტკივილს, მაგრამ აი, იმ ემოციურ მდგომარეობაში ვერ მოჰყავთ პაციენტი, რაც საჭიროა, რომ მძიმე ოპერაციის შემდეგ დაეუფლოს მას. ამას მორფიუმის გარდა სხვა პრეპარატი ვერ აკეთებს.
– აფხაზეთის ომმაც შეასრულა როლი ნარკომანიის გავრცელებაშიო? მართლაც იყო ასე თავზესაყრელად ნარკოტიკი მაშინ?
– ომის დროს, რასაკვირველია, ნარკოტიკი ხელმისაწვდომი იყო და ეს გასაკვირი არ არის. აბსოლუტურად მოუმზადებელი ხალხი წავიდა იმ ომში, ამიტომ, როდესაც მათ დაინახეს სისხლი, მკვლელობები, ძალიან ბევრს დაეწყო ფსიქიკური მოვლენები: შფოთვა, შიშები და ისინი მუდმივ სტრესში იყვნენ. ამას ნარკოტიკი ხსნიდა. ამიტომ, როგორც ბუნებაში ჯდება ხოლმე, ვიღაცისთვის ეს სავალალო აღმოჩნდა. ვიღაცამ შემდეგ თავი დაანება, ვიღაც კი საერთოდ არ შეეჩვია.
– საიდან იყო: საქართველოში არსებობდა მარაგი და ის გაიხსნა თუ რა მოხდა?
– საქართველოში მარაგი, რა თქმა უნდა, იყო, რადგან საქართველო საბჭოთა დროს მოიაზრებოდა, როგორც ჰოსპიტალური ბაზა. ამიტომ ჩვენთან ინახებოდა გარკვეული მარაგი. გარდა ამისა, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი მოიშალა, საავადმყოფოები აღარ მუშაობდა, საავადმყოფოების მარაგებიც გაიხსნა. მე ვერ გეტყვით, ვინ ჩაიტანა ნარკოტიკი ომში და საიდან, მაგრამ ცხადია, სადაც ომია, იქ არის დაჭრილი, ხოლო, სადაც დაჭრილია, იქ არის ნარკოტიკიც.
– ჩვენ ვისაუბრეთ ქარხნული წესით დამზადებულ ნარკოტიკზე, მაგრამ ამას გარდა, არსებობს სხვა ნარკოტიკული საშუალებები. როგორ გაჩნდა ისინი, ვინ ქმნიდა მათ ფორმულებს, ვინ აუმჯობესებდა ნარკოტიკული თრობის ხარისხს?
– საქართველოს არასდროს უწარმოებია ნარკოტიკი, საქართველოს არც არასდროს ჰქონია ამის უფლება და არც ახლა აქვს. ეს უფლება გაიცემა გაეროს ნებართვით და სპეციალური პროცედურებით. ჩვენთან თავდაპირველად შემოდიოდა ოპიუმი, ჰეროინის წინამორბედი, შუა აზიიდან. შემდეგ უკვე ყაყაჩოს შემოტანა დაიწყო.
– ყაყაჩოს მეტი რა გვაქვს, შემოტანა რა საჭირო იყო?
– ეტყობა, გარკვეული ნიუანსები მაინც არის ოპიანტების შემცველობის მხრივ. როდესაც ლაპარაკია მარიხუანაზე, იგივე კანაფზე: კანაფს იყენებდნენ სოფლის მეურნეობაში. კანაფი საქართველოში ყველგან იზრდებოდა და მას იყენებდნენ, როგორც კანაფს და არა, როგორც მოსაწევს. ჩრდილოეთ კავკასიაში კანაფის პლანტაციები იყო, იმიტომ რომ კანაფისგან დამზადებული ზეთი არაჩვეულებრივია საავიაციო წარმოებაში, საათების დამზადებისას. ფაქტობრივად, კანაფი საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა. შემდეგ უკვე ოპიუმი შეცვალა ჰეროინმა და, თუ ოპიუმი ერთი კილოგრამი უნდა წამოგეღო, ჰეროინი 30 გრამი იყო საკმარისი. ამის შემდეგ უკვე ჰეროინი გავრცელდა საქართველოში. მეორე მხრივ, შეიქმნა სუბოტექსი, როგორც ნარკოტიკის ჩამნაცვლებელი, სამკურნალო საშუალება. ის ინგლისმა დაამზადა, მაგრამ ფართოდ გავრცელდა საფრანგეთში. ესე იგი, ერთი მხრივ, აზიიდან შემოდიოდა ჰეროინი, ევროპიდან კი – სუბოტექსი, რომელსაც, თუ ვენაში გაიკეთებ, იგივე ეფექტი აქვს.
დღეს საქართველოში, ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებით ძლიერი შეტევა განხორციელდა ნარკოგამსაღებლებზე. ერთი მხრიდან სუბოტექსი მოდიოდა, მეორე მხრიდან – ჰეროინი, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო ამ ტალღის შეჩერება. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს 53 პროცენტით შემცირდა ნარკოდანაშაული, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ადრეულ ასაკში განარკომანების ძირითადი მიზეზია თავისუფალი დროის პრობლემა. თუ მოზარდს არანაირი საქმე არ აქვს, ის ძალაუნებურად იწყებს ცუღლუტობას და ასეთი ცუღლუტობაა სწორედ ნარკოტიკი, ამიტომ მოზარდი დატვირთული უნდა იყოს. ამას გარდა, მოზარდს აქვს ბრძოლისა და გამარჯვების სურვილი, ეს ჩადებულია მასში. ამის ძალიან ნათელი გამოხატულებაა, რომ სწორედ მეზობლისთვის მოპარული ვაშლია გემრიელი, იმიტომ რომ გარკვეული ვაჟკაცობა ჩაიდინა: გადაძვრა ღობეზე, მოიპარა, წამოიღო. ამიტომ აუცილებელია მოზარდის დატვირთვა სპორტით, რადგან სპორტი გულისხმობს შეჯიბრსა და გამარჯვებას. ამდენად, აუცილებელია სპორტის განვითარება, რომ მოზარდში ჩადებული აი, ეს ბუნებრივი ჟინი განვითარდეს. ერთი სიტყვით, აუცილებელია თავისუფალი დროის გონივრული გამოყენება, რადგან, თუ ნარკოტიკი არ იშოვება, არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ნარკომანი. ის უბრალოდ დანაშაულს ვერ სჩადის იმიტომ, რომ ნარკოტიკი არ აქვს, სწორედ ამისთვის ამოქმედდა მეთადონის პროგრამა, მაგრამ ნაწილმა დაიწყო ახალი ნარკოტიკული საშუალებების ძებნა. ეს ის ნარკოტიკული საშუალებებია, რომელთა მოპოვება შეიძლება აფთიაქებში და მათი შინაურულ პირობებში ქიმიური გარდაქმნა და ნარკოტიკად ქცევა.
– არსებობს ეს რეცეპტები თუ თვითონ იგონებენ?
– ინტერნეტში არის ინფორმაცია, სად უნდა იყიდო, როგორ დაამზადო და შემდეგ გაიკეთო. პირადად მე მგონია, რომ აქ გარკვეულ როლს ასრულებს ის ხალხი, ვინც დაინტერესებულია ფულის გაკეთებით და იმიტომაც ავრცელებს ამ ცოდნას. ის საშუალებები, რომლებითაც ისინი მზადდება, ძალიან ძლიერად აზიანებს ორგანიზმს. პერორალურად მისაღები ტაბლეტების შემადგენლობაში არის შემავსებლები, რომლებიც არ არის გათვლილი იმაზე, რომ სისხლში უნდა გაიხსნას, ამიტომ, როდესაც ასეთი ტაბლეტისგან ამზადებენ ვენაში გასაკეთებელ ნარკოტიკს, ის ბინდავს ვენებს და გაუვალს ხდის. შესაბამისად, სისხლი ვეღარ გადის და სხეული ლპობას იწყებს. მეორე ვარიანტია კალიუმის პერმანგანატის დახმარებით ნარკოტიკის გაკეთება. ისიც, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ბინდავს ვენებს და გაუვალს ხდის. მესამე ვარიანტია ეგრეთ წოდებული „თხუნელა“, რომელიც მზადდება სითხით, რომელსაც კანალიზაციის დაბინდული მილების გასახსნელად იყენებენ, იმიტომაც ჰქვია „თხუნელა“. ამ წესით იღებენ დეზომორფინს. ეს ნივთიერება ადრე ქარხნული წესითაც მიიღეს, მაგრამ იმდენად სწრაფ შეჩვევას იწვევდა, რომ წარმოებიდან ამოიღეს. დეზომორფინი მორფინზე ასჯერ ძლიერია. დღეს მას იღებენ კუსტარული მეთოდით და ამ ნარკოტიკის მოხმარებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 7 თვე, მაქსიმალური – ერთი წელი, მინიმალური – ერთი-ორი თვე. ამ ნარკოტიკს კიდევ „კრაკადილსაც“ უწოდებენ.
მაგრამ, რაც მთავარია, გონებამახვილმა მაფიამ, რომელსაც დიდი შემოსავლები აქვს ნარკოტიკებისგან, გადაწყვიტა, რაღა კოკა მოვიყვანოთ, გლეხს ფული გადავუხადოთ, მოსავალს ველოდოთო და დაიწყეს ნარკოტიკული ნივთიერების ქარხნულად, ქიმიურად დამზადება. დღეს უკვე 80-მდე ახალი ასეთი პრეპარატია.
– კოკას მოყვანას რატომ სჯობს ამათი დამზადება?
– მაგალითად, თუ ავღანეთში ერთი გრამი ჰეროინი დოლარი ღირს, ტაჯიკეთში – 10 დოლარი, კანადაში უკვე მისი ფასი 500 დოლარია. სხვათა შორის, ასეთივე ფასია ჩვენთანაც. ბოლოს და ბოლოს, ერთი და იგივე საშუალებაა, მაგრამ რატომ ღირს სხვადასხვა ფასი? საზღვარზე გადატანის რისკი ქმნის ამ მაღალ ფასს. თუ მე ვრისკავ, დიდი ფულიც უნდა ავიღო. ამიტომ ნარკომაფიამ დაიწყო ნარკოტიკების ქარხნულად დამზადება. იმის გამო, რომ ნარკოტიკები საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე პრობლემა გახდა, 1966 წელს გაეროს კონვენციამ აკრძალა გარკვეული ნარკოტიკები და სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მათი გასაღება არასამედიცინო მიზნით აესახათ კანონმდებლობაში. ამ სიას 1977 წელს სხვა ნარკოტიკული საშუალებები დაემატა, 1988 წელს კიდევ დაემატა და, საბოლოოდ, 100-ზე მეტი ნარკოტიკული საშუალებაა შესული ამ სიაში და იქვეა მითითებული მინიმალური სასჯელებიც. მაგრამ გონებამახვილი მაფია უშვებს ნივთიერებას, რომელიც ძალიან ჰგავს ჰეროინს, მაგრამ სხვა ფორმულა აქვს. ვთქვათ, ჟანგბადი მარჯვნივ კი არ არის, არამედ მარცხნივ, ანუ არ ემთხვევა გაეროს კონვენციით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების ფორმულას, ანუ უკვე სხვა პრეპარატია, რომელიც არ არის აკრძალული და რომლის გასაღებაც არ ისჯება. ეს პრეპარატებია ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციები და მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, იმიტომ რომ ეს საშინელ ხიფათად იქცა. ევროპის შესაბამისი ორანიზაციები გვამცნობენ, რომ კვირაში ერთ ახალ პრეპარატს ქმნიან უკვე და დადგა მათი აკრძალვის საკითხი.
– ამას როგორ ჰყიდიან, „ლევად“?
– არა, „პრავად“, აფთიაქებში.
– როგორც ტკივილგამაყუჩებლებს?
– არა, როგორც ტონუსის ამწევებს. ჰქვია „ზევსი“, „უძლეველი“ და მსგავსი სახელები. ინსტრუქციაში წერია, თუ ჩაიში გახსნი, მოგიმატებს ტონუსს, უფრო ენერგიულს გაგხდის. მეტიც, არის აბაზანის ფხვნილის სახით, მაგრამ, როდესაც აბაზანის 2-გრამიანი ფხვნილი 30 დოლარი ღირს, უკვე გასაგებია, რაც არის და ეს ყველაფერი ინტერნეტით იყიდება.
– ნებართვა არ სჭირდება, რადგან პრეპარატებია?
– არ სჭირდებათ ნებართვა, იმიტომ რომ მათი წარმოება არ არის აკრძალული.
– საქართველოშიც იწერენ ამ ახალ ნარკოტიკულ საშუალებებს?
– იყო მცდელობები, მაგრამ მძლავრ ნაკადს ვერ მივაკვლიეთ. მეტიც, ახალ კანონში შევიტანეთ ეს ახალი სუბსტანციები და მათი გამოყენება ისევე ისჯება, როგორც ჰეროინის გამოყენება და ის მექანიზმით შევიტანეთ კანონში, რომ, თუ ახალი სუბსტანციები გამოჩნდება, მათი დასჯაც იყოს შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ შეგვაქვს ის პრეპარატები, რომლებიც დაადგინა ევროპამ, თუმცა მალე ჩვენთანაც შეიქმნება ამის დამდგენი სამსახური.