ის ურჩევნია დემოკრატიას
ანუ, ეგვიპტე სჯობდეს შუქურას?!
იმ წუთიდან, რაც ბედკრული მუბარაქი, ჯერ ერთი, დიქტატორად შერაცხეს და, რაც მთავარია, სკამიდან ჩამოაბრძანეს (მეტიც, ციხეში მიაბრძანეს), ჩვენმა ქვეყანამ (როგორც დემშუქურამ) თავის მზრუნველ ხელებში მოაქცია ეგვიპტური დემოკრატია (მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლების დელეგაცია დელეგაციაზე ჩადიოდა ქაიროში ახალგაზრდა და მოწადინებული ეგვიპტელი დემოკრატებისთვის დემოკრატიული გამოცდილების გასაზიარებლად).
მეორე მხრივ, ეგვიპტეში არჩევნები არჩევნებზე ტარდება და არც უშეტაკებობაა, თუმცა, ამის მიუხედავადაც, ვგონებ, გასაზრდელმა გამზრდელს აჯობა. კერძოდ, ეგვიპტური გამოცემის ცნობით, ეგვიპტის უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ბრძანება ეგვიპტის პარლამენტის ქვედა პალატის შეკრების შესახებ.
მოვლენები კი შემდეგნაირად ვითარდებოდა: 14 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო (რომელშიც უმრავლესობა ისლამისტებს ერგოთ), მაგრამ, პარლამენტის სხდომა მაინც გაიმართა, რადგან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახალმა პრეზიდენტმა მურსიმ საკუთარი ბრძანებულებით გააუქმა. საპასუხოდ კი საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს აუწყა, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!
რაკი, ბ-ნი მაჭავარიანისგან განსხვავებით, პირადად მე გულთმისნობისა არაფერი გამეგება, ვერაფერს ვიტყვი, როგორ განვითარდება დემგზაზე მომდგარ ეგვიპტეში პოლიტმოვლენები, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრად სიზმარშიც კი არ მოუვა პრეზიდენტის ბრძანებების გაუქმება, აშკარაა, რომ გასაზრდელს გამზრდელისთვის უჯობნია.