წითლად დანავსულები
„შუაშია ბაიყუში“
მართალია, ქართულ აღმშენებლობას ვერაფერი შეაჩერებს (როგორც ამას საერთო მაუწყებლები გვაჯერებენ), მაგრამ, როდესაც ამ საქმის კვლევას ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის, პოლიტოლოგიის ინსტიტუტის „მშვიდობის ფონდი” ჩაერთო და სახელმწიფოების ეგრეთ წოდებული სტაბილურობის რეიტინგი გამოაქვეყნა, აღმოჩნდა, რომ საქმე მთლად „სამაღარიჩოდაც“ ვერ გვქონია.
კერძოდ, აი, იმ სტაბილურობის რეიტინგში ეს ჩვენი სამშობლო, როგორც სახელმწიფო, „წითელ“, კრიტიკულად წოდებულ ზონაშია (ვაი, რომ, როგორც არშემდგარი სახელმწიფო) და არცთუ საპატიო 51-ე ადგილს იკავებს. უფრო მეტიც, მას (ესე იგი, ჩვენ) თვით ლიბიაც კი, მართალია, სულ რაღაც, ერთი ადგილით, მაგრამ, მაინც უსწრებს. ჩვენ ქვემოთ კი კამბოჯაა (დაახლოებით, ასე: აქეთ – ტაში, იქით – ტუში, შუაშია ბაიყუში).
ჩვენდა სამწუხაროდ, რეიტინგის მიხედვით, ჩვენზე უკეთესი მდგომარეობაა: აზერბაიჯანში, მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსში, რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში. ეს უკანასკნელები „ნარინჯისფერ“ კატეგორიაში მოხვდნენ (ვითომ, ჩვენ წითელმა ვარდმა დაგვნავსა?!). თუმცა, ისევ ჩვენი გულის გასახარად, როგორც „წითლები“, გვერდს გვიმშვენებენ: უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ხოლო, რაკი ეს ის შემთხვევაა, როდესაც, რაც ზემოთ ხარ, მით უარესი, ბუნებრივია, ამ რეიტინგის ბოლოს დასავლეთის განვითარებული ქვეყნები ბრძანდებიან (მაგალითად, აშშ 158-ე ადგილზეა, ხოლო დიდი ბრიტანეთი – 159-ზე).
ბუნებრივია, ეს კონკრეტული რეიტინგი საქართველოს საერთო მაუწყებლებს არ გაუშუქებიათ (ჩვეულებისამებრ, მაყურებლის ნერვებს მოუფრთხილდნენ, რადგან, ჯერ ერთი, სიმართლე მწარეა და, რაც მთავარია, ბევრის ცოდნა მავნებელია). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებამ ბოლო ჟამს სატელიტურ თეფშებს ლამის საღვთო ომი გამოუცხადა (მოარული ხმებით, თვით ლილოს ბაზრობაზეც კი განაიარაღეს წვრილი მოვაჭრეები სატელევიზიო არხების დამჭერი ამ მოწყობილობებისგან), აშკარაა, რომ ამ ქმედებაში, სწორედაც რომ, მოსახლეობაზე ზრუნვაა ჩადებული, მეტად პოეტური სარკაზმით: „ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და (თუ მთლად სიყვარულის არა) ქართული აღმშენებლობის დღესასწაული“!