„დემოსის“ წუხილი
ანუ, „კრატიის“ გარეშე
თუმცა NDI-ის კვლევებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ხსენებული ორგანიზაცია გამოკითხვებს გამოკითხვებზე ატარებს (არც გაემტყუნება, ტყუილად ხომ არ „ჭამენ პურს“). სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საზოგადოებისთვის გამოკითხვის მხოლოდ ის ნაწილია გამჭვირვალე, რომელიც ზოგად თემებს ეხება. პარტიები თავიანთ რეიტინგებს დახურულ კარს მიღმა ეცნობიან, შესაბამისად, თავსაც იწონებენ: ხან დაუსაბუთებლად, მაგრამ, ალბათ, დასაბუთებულადაც.
ასეა თუ ისე, სულ ბოლო კვლევით, გაირკვა, რომ გამოკითხულთა 69 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, იმის მიუხედავად, რომ, 49 პროცენტის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (სავარაუდოდ, იმედოვნებენ, რომ მათ ქუჩაზეც მივა დასაქმების გაზაფხული).
არანაკლებ საინტერესოდ გადანაწილდა პასუხები მთავარ კითხვაზე, რა არის დემოკრატია (ბუნებრივია, იმას გარდა, რომ ლობიოს ჭამა არ არის): 59 პროცენტისთვის დემოკრატია ნიშნავს განსხვავებული აზრის მოსმენას, ზედაც – სიტყვისა და მედიის თავისუფლებას; 36 პროცენტი ფიქრობს, რომ ის კანონის წინაშე თანასწორობა და სამართლიანობის დაცვაა; 30 პროცენტის აზრით, დემოკრატია ადამიანის უფლებების დაცვაა; 18 პროცენტი მას სამუშაო ადგილების არსებობას უკავშირებს, 16 პროცენტი კი დემოკრატიას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან აიგივებს.
ამ შეფასებითაც ნათელია, რომ, საერთო ჯამში, დემოკრატიის ამ ჩვენებური პოსტრევოლუციური საზოგადოების გაგება დამაკმაყოფილებელია. ამის მიუხედავადაც, გამოკითხულთა 38 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ჩვენს სამშობლოში დემოკრატიის ლურჯი ფრინველი უკვე დავიჭირეთ, თუმცა, უფრო მეტის აზრით (43 პროცენტი), იგი მაინც გაგვიფრინდა (ანუ დემოკრატია არ არის). მაგრამ, ისიცაა, რომ ამა წლის თებერვლის შემდეგ „დემოსის“, ანუ ხალხის აზრი მშობლიურ დემოკრატიაზე შეცვლილია: მაშინ, თებერვალში, ჩვენს სამშობლოს დემოკრატიულად 49 პროცენტი მიიჩნევდა, ხოლო მის არქონას მხოლოდ 34 პროცენტი უჩიოდა.
ხოლო, რაკი, არსებული რეალობით, „დემოსს“ „კრატიასთან“ (ანუ მმართველობასთან) არაფერი აკავშირებს (ღარიბთა ქვეყანას კვლავ მდიდარი მთავრობა ჰყავს), უნდა ვივარაუდოთ, ჩვენს მშობლიურ სანახებში დემოკრატია სეკვესტრირდა და მხოლოდ „კრატიაღა“ შეგვრჩა!