რატომ ჩაუვარდა ქუთაისში ინტერნეტკაფეს ბიზნესი გიორგი ჯანელიძეს და რა ჰქონდა მას და ქუთაისის მერს თანაბარი
პროფესიით ეკონომისტია. დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. მომავალი პროფესიის არჩევა იმ პერიოდში მოუხდა, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და დიდი ქაოსი იყო. „იმ ქალაქში, სადაც მაშინ მე ვცხოვრობდი, არც ერთ სფეროში ფული არ კეთდებოდა. მშობლებიც დაბნეულები იყვნენ ამ არეულობით და ვერაფერი მირჩიეს. ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია და ყველაზე პატარა კონკურსი რომელზეც იყო, იმ სპეციალობაზე ჩავაბარე. თუმცა, ვფიქრობ, რომ, თუ შვილი ნორმალურია და ჯანმრთელობის ცნობა აქვს, მშობლები მის პროფესიულ არჩევანში არ უნდა ჩაერიონ“. როცა გიორგის ამ რუბრიკისთვის დავუკავშირდი, მითხრა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა რომელიმე თავმოყვარე გაზეთში ჟურნალისტად. „პროფესია – ჟურნალისტობა – არ მწამს, არაფერს იძლევა მხოლოდ ორი საფუძვლის ცოდნა. პროფესიით ჟურნალისტი კი არ უნდა იყო, რაღაც სხვა საქმე უნდა იცოდე და თან, ამის პარალელურად, წერა უნდა გეხერხებოდეს. თუ კარგი ეკონომისტი, ფიზიკოსი ან სპორტსმენი ხარ და წერა შეგიძლია, მაშინ ხარ კარგი ჟურნალისტი“... მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ, როგორი ჟურნალისტი იქნებოდა სცენარისტი და „კაცების შოუს“ ერთ-ერთი წამყვანი – გიორგი ჯანელიძე, რაზე დაწერდა, რას გააკრიტიკებდა და რა კითხვებს უსვამს ჩვენი ჟურნალის საშუალებით იგი საქართველოს პრეზიდენტსა და ეკონომიკის მინისტრს, წაიკითხეთ ეს ინტერვიუ.
– გიორგი, სანამ ტელევიზიაში მოხვდებოდი, სად მუშაობდი?
– სტუდენტობის პერიოდში სპორტულ გაზეთში ვმუშაობდი კორესპონდენტად – რეპორტაჟებს ვაკეთებდი ქუთაისიდან, წყალტუბოდან და სამტრედიიდან. გაზეთი თბილისში გამოდიოდა. მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან მქონდა შეხება და მათგან ერთი-ორი ინტერვიუ ამიღია. ისინი არაგრამატიკულად, თავისებური ენით ლაპარაკობდნენ და არ იყვნენ საინტერესოდ მოსაუბრენი. ის 10 ლარი, რასაც რეპორტაჟებში მიხდიდნენ, არასდროს დამავიწყდება. მაშინ 10 ლარი დიდი ფული იყო – კარგი შარვალი 20 ლარი ღირდა. თვეში ორმოცი ლარი გამომდიოდა. იმ დროს 40 ლარი ჰქონდა ხელფასი ქალაქის მერსაც. ქალაქის მერისა და 18 წლის სტუდენტის ჰონორარი თანაბარი იყო. მახსოვს, კურსზე დაახლოებით 150 სტუდენტი ვსწავლობდით და იქიდან მარტო მე ვმუშაობდი. ოთხი წლის შემდეგ ამ გაზეთიდან გამომაგდეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
– და, ისე წამოხვედი, გამოგდების მიზეზი არ გიკითხავს?
– კერძო გაზეთი იყო და, აბა, რა პასუხი და მიზეზი უნდა მომეთხოვა?! არ ვიცი, ეტყობა, ჩემი მუშაობა არ მოსწონდათ, ალბათ, არაეფექტურად ვმუშაობდი, ან, ვიღაც თავისი ნათესავი მიიყვანეს. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რომ გამომიშვეს, მაგრამ, მაშინ უკვე მეხუთე კურსზე ვიყავი და საკუთარი მცირე ბიზნესი წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ქუთაისში პირველი ინტერნეტ-კაფე ჩვენ გავხსენით, თუმცა, არ გაამართლა, რადგან ძალიან ადრე მოგვივიდა: ჯერ ერთი, შუქი არ იყო და, მეორეც, არავის სჭირდებოდა ინტერნეტი. ერთი-ორი უცხოელი თუ შემოვიდოდა, ისიც ხანდახან. ცოტა ხანს ყვავილების მაღაზიაც გვქონდა, მაგრამ, დიდი კონკურენციის გამო მაღაზიამ ვერ იმუშავა და დავხურეთ. შემდეგ, რაღაც პერიოდი, კომპანია „მეგაკომში“ ვიმუშავე. თბილისში იმიტომ წამოვედი, რომ რადიოებსა და ტელევიზიებში იუმორისტულ გადაცემებზე მოთხოვნა ჩნდებოდა. მაშინ მხოლოდ ერთი იუმორისტული გადაცემა იყო, ახლა ყველა არხზე ყოველდღე გადის მსგავსი გადაცემები.
– გიორგი, მითხარი, რომელიმე თავმოყვარე გაზეთში სიამოვნებით ვიმუშავებდი ჟურნალისტადო. რომელი გაზეთი მიგაჩნია ასეთად და რომელ გამოცემაში იმუშავებდი?
– თავმოყვარე გაზეთები ძალიან ცოტაა. პირველი, რაც მახსენდება, არის Weekend, სხვას ვერც ვიხსენებ. სასურველია, იყოს ბევრი თავმოყვარე გაზეთი და მერე ავარჩევდი რომელიმეს, ან, რომელიც დამიკავშირდებოდა – მარტო ჩემს არჩევანზე ხომ არ არის დამოკიდებული. უცხოური გაზეთებიდან „ეხო მოსკვის“ ვკითხულობ. არ ვიცი, რამდენად „გავქაჩავდი“ უცხოელებისთვის საინტერესოდ დაწერას, მაგრამ, სიამოვნებით ვიმუშავებდი „ვაშინგტონ პოსტში“, „ფიგაროში“ ან „საქართველოს რესპუბლიკაში“.
– რომელი სფეროს ჟურნალისტი იქნებოდი, რაზე დაწერდი?
– ბევრია ისეთი რამ, რასაც ხალხი ყურადღებას არ აქცევს. დავწერდი სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემატიკაზე. როცა პრობლემას ხედავ, იუმორით უნდა მიუდგე, ისე უნდა მიაწოდო ხალხს, თან იხალისოს და თან დაინახოს ამ პრობლემის მიზეზი და მოგვარების საშუალება. ასევე, გავაკრიტიკებდი იმ ცუდ თვისებებს, რაც ქართველ ხალხს აქვს შემორჩენილი, მაგალითად, ლიფტში და ლიფტის წინ ფურთხებას. სადარბაზოებში მოშარდვაზე არაფერს ვამბობ. ქართველები, სახლიდან გამოვდივართ თუ არა, ველურებივით ვიქცევით, ძალიან ბინძურები ვართ. გავაკრიტიკებდი ტაქსის მძღოლებს, მანქანაში რომ ეწევიან, ძუნძგლიანები და სუნიანები რომ არიან. მაწანწალა ძაღლები რომ დარბიან ქუჩებში. რეფორმები, ზოგადად, ცუდი არ არის, მასში ცუდი რაც არის, იმას გავაკრიტიკებდი, მაგრამ, შეცდომა ხომ რეფორმის ნაწილია.
– „კაცების შოუზე“ რას იტყვი კრიტიკულს?
– ჯერ ერთი, გვიან გადის; მეორეც, ხანდახან მოკლეა და ხმა არ ვარგა, ტელევიზორში კარგად არ ისმის. „იმედს“ აქვს ეგ პრობლემა – გადაცემებში ხმა კარგად არ ისმის.
– სკანდალების მაძიებელი ჟურნალისტი თუ იქნებოდი? არის ეს თვისება შენში?
– რა თქმა უნდა, ვიქნებოდი. ჟურნალისტი ისეთ რამეზე უნდა წერდეს, რაც მანამდე არავის დაუწერია, ან იმ კუთხით ის პრობლემა არავის დაუნახავს, მე ასე ვხედავ სკანდალს. სკანდალი არ არის მაინცდამაინც ის, რომ ვიღაცას რაღაც გამოუჩნდა.
– შენთვის უინტერესო საგაზეთო მასალა რომელია, რასაც არასდროს არ კითხულობ?
– მამაკაცური თემებიდან არ მაინტერესებს, მაგალითად, იარაღი, ხელშიც კი არ მჭერია. მაინცდამაინც, არც მანქანებზე ინფორმაციებით ვინტერესდები. ქალური თემებიდან კულინარია არ მაინტერესებს. არ ვკითხულობ ჰოროსკოპს – არ მჯერა. არც კროსვორდებს ვავსებ. ჩემი აზრით, კროსვორდის შევსება უსაქმურობის პირველი ნიშანია. არ მაინტერესებს ჭორები და სხვისი პირადული ინტერვიუები. ამიტომაც არ ვყიდულობ ჟურნალ-გაზეთებს. მაინტერესებს პოლიტიკა, კულტურა, ლიტერატურა, ისტორია და სპორტი.
– ზოგადად რა მდგომარეობაშია დღეს ქართული პრესა და, როგორ ფიქრობ, საჭიროა თუ არა იმ რაოდენობის ჟურნალ-გაზეთები, რაც გამოდის?
– როგორსაც იმსახურებს ქართველი ხალხი, ზუსტად ისეთი ჟურნალ-გაზეთები გვაქვს. ხალხი რასაც იმსახურებს, ისეთია ყველაფერი – ხელისუფლებაც, პრესაც და ტელევიზიაც. რაც შეეხება იმას, საჭიროა თუ არა ამდენი ჟურნალ-გაზეთი, ამას ბაზარი თვითონ დაარეგულირებს – ვინც ამ ბაზრის მოთხოვნებს ვერ გაუძლებს, დაიხურება. მაშინ, როდესაც „ღამის შოუში“ გვქონდა რუბრიკა – „პრესის მიმოხილვა“, ძალაუნებურად ყველა ჟურნალ-გაზეთის წაკითხვა მიწევდა და იმ დროს მივხვდი, რომ არ ღირს ამ ჟურნალ-გაზეთების ყიდვა. რაღაცას რომ კითხულობ, სულიერი საზრდო ხომ უნდა მიიღო, ერთი კალორია მაინც?! ქართული პრესა არ იძლევა ამ საზრდოს. ტროცკი ამბობდა: გაზეთების კითხვა იგივეა, რომ თოფის საწმენდი ჯაგრისი ჩაიტენო პირშიო. მსგავსი შეგრძნება მაქვს ბევრი გაზეთის კითხვის დროს. ტროცკის დროს ტელევიზია არ იყო, თორემ მაგაზეც იტყოდა რამეს. დღეს ტელევიზიაც იგივენაირად სამარცხვინოა, როგორც პრესა.
– გამოდის, რომ შენს ინტერვიუებს არ კითხულობ. არ გაინტერესებს, რას და როგორ წერენ შენზე?
– ვკითხულობ, მაგრამ, ჩემს ინტერვიუებს არ ვაგროვებ – წავიკითხავ ხოლმე და სადღაც მივაგდებ. ძირითადად, იმიტომ ვკითხულობ, რამე ისეთი ხომ არ დამიწერეს, რაც მე არ მითქვამს-მეთქი და, ამ დროს, აღმოვაჩენ, რომ, თურმე, ისეთი მაგარი რაღაც მითქვამს, მერე თვითონვე მიკვირს. რეგულარულად მხოლოდ „ლელოს“ ვკითხულობ და ჩემთან სახლში მხოლოდ ამ გაზეთს თუ იპოვით. ჩემი ბავშვი ყველა გაზეთს „ლელოს“ ეძახის. გაზეთს „გაზეთი“ რომ ჰქვია, არ იცის, თან, „ელოს“ ამბობს.
– რა ყიდის გაზეთს, როგორ უნდა იყოს შეფუთული? სათაურს თუ „გამოუჭერიხარ“ და მაგის გამო თუ წაგიკითხავს სტატია?
– რა თქმა უნდა, აბა, სათაური რატომ არსებობს?! ჩემთვის ავტორიტეტული ავტორის საინტერესო სტატია და სათაური უნდა იყოს გამოტანილი, რომ ყიდვის სურვილი გამიჩნდეს, თორემ, ვიღაცის სურათი არაფერს იძლევა.
– ძალიან თვალშისაცემია ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. რისი ბრალია ეს, შენი აზრით?
– ჟურნალისტების მიმართ აგრესია იმის ბრალია, რომ მათგან იმაზე მეტს მოელიან, ვიდრე ჟურნალისტებს შეუძლიათ.
– სასურველი რესპონდენტი ვინ არის შენთვის, ვისთანაც ჩაწერდი ინტერვიუს?
– მე არ ვარ ჟურნალისტი, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი ბევრ პიროვნებას, მაგალითად, ჩვენს მინისტრებს, სომხეთის, რუსეთის, ყარაბაღის მინისტრებს, სახელმწიფო მოღვაწეებს – იმათ, ვინც ისეთ ინფორმაციებს ფლობს, რაზეც მე ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ, მაინტერესებს.
– რას ჰკითხავდი ჩვენი ეკონომიკის მინისტრს – ვერა ქობალიას?
– თქვენი ჟურნალის მეშვეობით რომ გავუგზავნო შეკითხვა?! კი, ბატონო: რა ხდება პეიპალზე? ანუ, როდის გვექნება საქართველოს პეიპალი?
– ერთი შეკითხვაც საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს გავუგზავნოთ.
– საქართველოს პრეზიდენტს ვკითხავდი, ვის წამოაყენებს ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატად? რადგან ერთი წელიც არ დარჩა საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ძალიან მაინტერესებს, ვინ იქნება ეს პიროვნება.
– გიორგი, გაზეთის ჟურნალისტი რომ იყო, აიღებდი თუ არა ინტერვიუს გიორგი ჯანელიძისგან, თუ დაგაინტერესებდა როგორც რესპონდენტი?
– არ ვიცი. ჩემი თავი ისეთ საინტერესო ადამიანად არ მიმაჩნია, რომ ჩემს თავს მე თვითონ რამე ვკითხო და, არც დამაინტერესებდა, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ყველაზე მეტი თვითონ ვიცი.