სასიმამროს მოსახიბლავად მისული ტორტ-იებ-შამპანურ ჩაბღუჯული სასიძო
გენეალოგიური ექსკურსი და ავტობიოგრაფია
მშობლებმა დათო დამარქვეს, მაგრამ არავინ მაღირსა სახელის დაძახება. ბაღიდან მოყოლებული ხუცო ვიყავი, გვარის – ხურცილავას გავლენით, სტუდენტობის დროს კი, ეს „ნახუცარი“ კაცი გავჯაპანდი: ტიბეტური ვიცეკვე თეატრალურის მისაღებ გამოცდაზე. ამას დაემატა ჩემი ფიზიკური მონაცემების გათვალისწინება და ასე მაქციეს „ჯაპანად“.
სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ მეცამეტე საუკუნეში (მონღოლთა ბატონობის ხანაში) ჩემი დიდი ბებიის დიდი ბებია დაფეხმძიმებულა უცხო ტომის კაცისგან. ოღონდ, ეს არ ვიცი, ბებიამ მიცდუნა პაპა თუ – პირიქით. ასეა თუ ისე, გენეტიკამ თავისი სიტყვა თქვა და დავრწმუნდი, რომ მთლად ლაზური და ცისფერი არ არის ჩემი სისხლი, სხვა სიცისფრისგან ღმერთმა დამიფაროს. ძალიან მიყვარს ზეცაში ყურება, სიმაღლისკენ ვილტვი, მაღლა ვჩხუბობ, მაღლა ვმარიაჟობ, მაღლა შევფოფინებ მომხიბვლელ ქალბატონებს... ამ ყველაფერზე გული არ მწყდება, რადგან, ჩემზე ჯაპანებიც მინახავს. ცოლადაც მაღალი ქალი მოვიყვანე და ვიხსენი ჩემი შვილები მოსალოდნელი „უბედურებისგან“.
გაუთვალისწინებელი არდადეგები
სკოლაში ყოველთვის პირველ მერხზე ვიჯექი. ხმა ისმის, კაცი არა ჩანსო, – დამცინოდნენ თანაკლასელები. მინდოდა, ისეთი გმირული საქმე ჩამედინა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი მქონოდა ძმაკაცებში... მოკლედ, სიმწრით დავაგროვე ფული, შევიძინე ხუთი კილოგრამი საფუარი და ჩავუშვი სკოლის საპირფარეშოში. რაც იქ ამბები დატრიალდა, იმის გადმოცემა არც კალამს შეუძლია და არც მჭევრმეტყველ ორატორს: ორი კვირა შეწყდა სწავლა სასწავლო პროგრამით გაუთვალისწინებელი არდადეგებით. საზიზღარი ხუთოსნების გულიც კი მოვიგე. ბავშვებისთვის კეთილი ბიჭი ვიყავი, მათი მამებისთვის კი, რატომღაც, კეთილმ... ი. დღეს, როცა რამე სურვილი მისრულდება, მგონია, რომ არდადეგების გამო დადევნებული ლოცვები მომეწია. პოემა „კაკო ყაჩაღის“ გმირი ზაქროსავით, „მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი“, მაგრამ, მაინც მოვახერხე, აყლაყუდა ძმაკაცები დამერწმუნებინა ერთი ანდაზის სიბრძნეში: „ოქრო პატარაა, მაგრამ, ძვირად ფასობს“.
სიმამრი
ჩემს მეუღლესთან, უფრო სწორად, მის მშობლებთან, ხელის სათხოვნელად რომ მივედი, ერთ ხელში შამპანური მეჭირა, მეორეში – ტორტი, პირში მქონდა ჩაბღუჯული იის კონები და თავით დავრეკე ზარი. გამოვიდა ჩემი ახოვანი სიმამრი და მკითხა – რა გნებავთ, ვინ ბრძანდებითო. მე ვუთხარი, თქვენი ქალიშვილი და მე შეყვარებულები ვართ და ცოლად უნდა გამატანოთ-მეთქი. დამხედა, თავი სინანულით გადააქნია და მითხრა: ჩემი ნათელა შენხელა წიწაკას იგდებს ლობიოში, სადილი რომ გაიმწაროს, მაგრამ, რა გიყოთ, სიყვარულმა თქვენ კი არა, კინგ-კონგიც კი გადარიაო. დაგვლოცა და მოგვცა დაქორწინების უფლება.
აკრძალული ხილი
ბებიაჩემი ევასავით, მეც დავისაჯე „აკრძალული ხილის“ გასინჯვისთვის: საკურორტო რომანი მქონდა ერთ ქალბატონთან, რომელსაც, არ ვიცოდი, რომ ქმარი ჰყავდა. ერთხელაც, ღამის სამ საათზე ზარია კარზე. არიქა, ჩემი ქმარი მოვიდა, უნდა აივნიდან გადახტე, თორემ, თავს მოვიკლავო, – მითხრა ჩემმა „გულის მურაზმა“. ვუთხარი, მოვიდეს, რა მოხდა, ყველაფერს ავუხსნი და გამიგებს, როგორც კაცი კაცს-მეთქი. ახლაც არ ვიცი, რა უნდა ამეხსნა. სანამ ჩვენ ვთათბირობთ. ზარი იცვლება მუშტების ბრახუნით. მოკლედ, ვისკუპე მესამე სართულიდან – მეორე სართულის აივანზე დავხტი, კიდევ ერთხელ ვისკუპე და – კირით სავსე ავზში აღმოვჩნდი. ისე უხერხულად დავეცი, რომ მკურნალობა დამჭირდა. მივედი სახლში კირით შეთეთრებული და თმაშევერცხლილი. ჩემმა დამ კარი ბოლომდე არ გამიღო, ჯაჭვით ჰქონდა დაკეტილი და ნახევრად ღია კარიდან მიწყობს გამოცდას: თუ შენა ხარ, მითხარი, როდის აქვს დაბადების დღე ბიცოლაჩვენსო. მე ვუთხარი, უფრო ადვილი კითხვები დამისვი-მეთქი. სამი-ოთხი ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ძლივს შევაღწიე სახლში.
ჯაპანას (დათო ხურცილავას) ნაამბობის მიხედვით მოამზადა