სად ინახება გალაკტიონ ტაბიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ლენინისა და სტალინის ტვინები და რატომ ვერ ხერხდება მათი დამარხვა
თბილისში, უკვე წლებია, არსებობს პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი, სადაც საჩვენებელი და სასწავლო ექსპონატების გვერდით, ქართველ გენიოსთა – გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ნიკოლაძის, ზაქარია ფალიაშვილის თავის ტვინებიც ინახება. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ბურკაძე ამბობს, მათ რაიმე კვლევა არ ჩატარებიათ, პირვანდელი სახით, სპეციალურ ხსნარშია მოთავსებული და წლებია, სარდაფში, ყველასგან ხელმიუწვდომელ ადგილას ინახება.
– ბატონო გიორგი, თქვენს დეპარტამენტში ინახება ქართველი გენიოსების თავის ტვინები. მართალია, რომ, თითქოს, ამით უნდოდათ მეცნიერების ნაწილს, შეექმნათ ადამიანი გენია?
– სხვათა შორის, არც ერთ ქართველ პათოლოგ-ანატომს, ამ თემაზე საუბარი არ სურს. თუმცა, ფაქტზე საუბარი, უნდა ხდებოდეს და ხომ იცით, რაც დამალულია, ის უფრო საინტერესოა. ჩვენ მხოლოდ ვიტყვით, იმას, რაც რეალობაა: ქართველ გენიოსთა ტვინები, ნამდვილად შენახულია და მოღწეული. თუმცა, სერიოზული საუბარი იმაზე, რომ ამ მასალით შეექმნათ ადამიანის გენია, არ ყოფილა. რას ამბობენ, არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენს დეპარტამენტში შვიდი ცნობილი ქართველი გენიოსი ადამიანის თავის ტვინი ინახება. მათ შორის, გალაკტიონ ტაბიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძისა და კიდევ ორის, რომლებსაც ეტიკეტი უკვე აღარ აქვს და მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობია. საქართველოში პათოლოგიური ანატომია 1922 წლიდან არსებობს და თავის ტვინის პირველი პრეპარატი დათარიღებულია 1929 წლიდან. ასევე, ჩვენთან ინახება ექვსასამდე მაკროპრეპარატი, ანუ ეგრეთ წოდებული სასწავლო პრეპარატი. რაც შეეხება თავის ტვინს, ამ სფეროში ყველაზე მეტად, გერმანელი მეცნიერი აქტიურობდა. მეცნიერებაში ადრე იყო, ეგრეთ წოდებული მატერიალისტური მიმართულება, რომლის მიხედვითაც, ადამიანის გონებრივი აქტივობის საფუძველი მის უჯრედებშია. ეს ის პერიოდია, როცა უჯრედული თეორია შეიქმნა. დიდი მასშტაბის ანატომი, წარმოშობით გერმანელი მეცნიერი, ფოქტი, დაინტერესდა გენიოსი ადამიანების თავის ტვინებით. მან უჯრედებიც კი გამოავლინა თავის ტვინში, რომელსაც ფოქტის უჯრედებს უწოდებენ. მისი აზრით, ეს იყო გენიალობის საფუძველი. შემდეგ, მეცნიერებმა ყველა სამეცნიერო ნაშრომი გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს იყო შენიღბვის ეფექტი.
– შენიღბვის ეფექტი როგორ გავიგოთ?
– ანუ, მან რაღაც გაუგებარი უჯრედები იპოვა თავის ტვინში და მას არაადეკვატურად მიაწერა გენიალურობის მონაცემები. მის გამო, ეს თეორია უარყვეს, თუმცა იდეა შემორჩა. იდეის მიხედვით კი, გენიალურობას უნდა ჰქონდეს რაღაც სტრუქტურული საფუძველი, ანუ რაღაც განსხვავება უნდა იყოს თავის ტვინში. რადგან, ქართველი გენიოსების შემონახული თავის ტვინების შესწავლა არ მომხდარა, ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი სტრუქტურა მათში აღმოჩენილია.
– იქნებ გვითხრათ, რა მიზანს ემსახურებოდა წლების განმავლობაში ქართველი გენიოსების თავის ტვინების შენახვა, რადგან აქ მათი კვლევისთვის საჭირო არც აპარატურა და არც კადრი არსებობდა იმ დროს?
– უბრალოდ, იმ მიზნით შეინახეს ეს ტვინები, რომ ოდესღაც, როცა შეიქმნებოდა ადეკვატური ტექნიკა, ამ საკითხს შეისწავლიდნენ. ისინი საფიქსაციო ხსნარში დევს, დახუფულია, ინახება შესაბამის ტემპერატურაზე და საიმედოდაა დაცული. რაც შეეხება მათ კვლევას, ამას შესაბამისი დაფინანსება, აპარატურა, გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფი და შესაბამისი გადაწყვეტილება სჭირდება. ეს ეროვნული სიმდიდრე და საკუთრებაა. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ისინი კარგადაა შემონახული, ყოველგვარი დეფექტის გარეშე. მათი გამოფენის უფლება არ გვაქვს და შესაბამისად, ისინი არავის უნახავს, არც ოჯახის წევრები მოსულან და დაინტერესებულან მათი ბედით.
– თუ არსებობს რაიმე ოქმი, რომელიც უტყუარი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ტვინები ნამდვილად ქართველ გენიოსებს ეკუთვნით?
– ამ ტვინების ამოღების ოქმები, სამწუხაროდ, არ არსებობს, მხოლოდ გამჭვირვალე ქილაზე მიმაგრებული წარწერებია იმის დამადასტურებელი, რომ იქ გალაკტიონის, ნიკოლაძისა თუ ფალიაშვილის ტვინი დევს. მათი იდენტურობა კიდევ შესაფასებელი და დასადგენია. ანუ, იდენტურია თუ არა ქილაზე მიმაგრებული ფარატინა ქაღალდი და რამდენად სარწმუნოა, რომ მასში არსებული კონკრეტული ადამიანის თავის ტვინი დევს. ასე რომ, არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, გარდა ეტიკეტისა, რომელიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინაა მიმაგრებული მასზე. ახლახან, ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოში აშენდება ამიერკავკასიაში ერთადერთი, დიდი, თანამედროვე, სრულყოფილი პათოლოგიის ფედერალური ცენტრი. ამ ცენტრში ჩატარდება ქართულ-ჰოლანდიური ერთობლივი კვლევები, სადაც ძირითადი შემსრულებლები ქართველი პათოლოგ-ანატომები იქნებიან. არის საუბარი იმაზე, რომ სწორედ ამ ცენტრის გახსნის შემდეგ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმებით, დაიწყოს ქართველ გენიოსთა ტვინების კვლევა, რომლებიც წლების განმავლობაში ინახება აქ. თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ თეორიული მოლაპარაკებების დონეზეა მათი კვლევის საკითხი. ჰოლანდიელებს აქვთ ზოგადი ინფორმაცია, რომ ჩვენს ცენტრში ინახება ქართველ გენიოსთა ტვინები, მაგრამ დეტალები ჯერ განხილული არ ყოფილა.
– თუ საიდუმლო არ არის, ინფორმირებულია ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქო?
– რასაკვირველია, საპატრიარქოში იციან გენიოსთა ტვინების შესახებ და მათი პოზიციაა, ისინი დაიმარხოს. თუმცა, მეორე მოსაზრების თანახმად, ზოგი ამბობს, ეს ეროვნული სიმდიდრე და განძია და ასე უბრალოდ, ჩვეულებრივად, კვლევის გარეშე, მიწას როგორ მივაბაროთო. ამ კვლევის დაწყება კი რთული პროცესია, რადგან მას წინ უნდა უძღოდეს დიდი პერიოდი: ამ კვლევის სწორი დაგეგმვის ანუ ადეკვატური მეთოდის შერჩევის, სარწმუნოების კოეფიციენტის გამოყვანის და ასე შემდეგ. ყველა ნიუანსი და აზრი გასათვალისწინებელია და ამიტომ, ეს რასაკვირველია, რთული პროცესია.
– როგორც ვიცი, რუსეთში აქტიურად ხდებოდა ცნობილი ადამიანების თავის ტვინების კვლევა. რა დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები და თუ არის რაიმე სარწმუნო, ოფიციალური შედეგი დადებული?
– რუსეთში ინახება ლენინის, სტალინის, პავლოვისა და კიდევ რამდენიმე რუსი მეცნიერის თავის ტვინი, თუმცა, ისინი საგულდაგულოდაა შენახული. ამავე დროს ცნობილია, რომ რუსეთში აქტიურად იკვლევდნენ ტვინებს, ოღონდ გასაიდუმლოებულ და დახურულ სისტემაში. ამიტომ, რაიმე ოფიციალური მონაცემები არ არის ცნობილი. ვინც იქ მუშაობდა, ისინიც კი კონტროლზე იყვნენ აყვანილი და ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. თუმცა, ცნობილია, რომ უცხოეთში გამოიკვლიეს აინშტაინის ტვინი. მან სიცოცხლეშივე დატოვა ანდერძი, სადაც წერდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ გაძლევთ უფლებას, გამოიკვლიოთ ჩემი ტვინიო და ასეთი მონაცემი მიიღეს: 15 პროცენტამდე მეტი წონის იყო მარცხენა თხემის სფერო. ამაში განსაკუთრებული არც არაფერია. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ არ არის დადგენილი გენიალობის საფუძვლის რაიმე პარამეტრიც და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადამიანს გონების გარდა, სულიერი საწყისებიც გააჩნია. აინშტაინმა თავისი ანდერძით, მეცნიერებს საშუალება მისცა, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაეწიათ, თუმცა გენიალურობის საფუძვლების კვლევის დროს, მათ განსაკუთრებული ვერაფერი დაადგინეს. ზოგადად, არსებობს მოსაზრება, რომ თავის ტვინის კვლევა გენიალურობის დასადგენად აბსურდია, რადგან გენიალობა ყოველთვის გაიგივებულია მაღალ ინტელექტუალურ აქტივობასთან, რომლის შემეცნება ჩვეულებრივი თავის ტვინის მქონე ადამიანებისთვის, რთული იქნება. ასევე, გეტყვით, რომ თავის ტვინის წონა და ზომა გენიალობის გამომხატველი, ნამდვილად არ არის და არც ხვეულების მიხედვით შეიძლება ამის განსაზღვრა. ვერაფერს გეტყვით მახარაძისა და ორჯონიკიძის ტვინებზე, მაგრამ, ჩემი აზრით, გალაკტიონის, ფალიაშვილისა და ნიკოლაძის თავის ტვინები, ოცდამეერთე საუკუნეშიც შეუფასებელი სიმდიდრეა, რომელსაც ჩვენ საგულდაგულოდ ვინახავთ. ეს ტვინები, ვფიქრობ, ერისა და სახელმწიფოს საკუთრებაა და რა ბედი ეწევა სამომავლოდ, მათი გადასაწყვეტია. მე ეს ისტორიული მემკვიდრეობა მერგო და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მსგავსი ქმედება თავის დროზე არ უნდა ჩადენილიყო.