რომელი ლითონის სამკაული უნდა ატაროს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა და ვისთვისაა ის სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტი
ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია უარყოფითი ენერგიისგან დამცველი საშუალებების ტარება. თავდაცვის მექანიზმი მაშინაც კი აუცილებელია, როცა თავს ჯანმრთელად, მხნედ, წარმატებულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ.
ამ მხრივ დიდი ძალა აქვს ძვირფას ლითონებს, რადგან ისინი საუკეთესოდ გვიცავს, გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, გვარიდებს უიღბლობას და არეგულირებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობას.
ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამორჩეული სამკურნალო თვისებებით ხასიათდება: არ იჟანგება, არ განიცდის კოროზიას, აქვს ბაქტერიოციდული აქტივობა და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან გვიცავს უარყოფითი ენერგიების საფრთხისგან.
სხვათა შორის, არა მარტო ძვირფას ლითონებს აქვს უარყოფითი ენერგიებისგან დამცველი უნიკალური თვისებები. მაგალითად, რკინა პლანეტა მარსის ენერგიის მატარებელია. მისგან დამზადებული სამკაულები კარგად იცავს ვერძისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. მისი ტარება კი ეკრძალებათ უკონფლიქტო, ზარმაც და რბილი ხასიათის მქონე პირებს, ასევე, გაუბედავ ადამიანებს.
მზის ლითონი და მისი ენერგიების გამტარია ოქრო. ის ჩამოყალიბებულ ადამიანებს მეტ ძალას აძლევს, მაგრამ, ამ ლითონის სამკაულის ტარება არ არის რეკომენდებული გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის. ოქრო ახდენს ენერგიის მაქსიმალურ კონცენტრაციას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს იმუნიტეტს, ასევე, გვეხმარება ცხოვრების რეალურ აღქმაში. დადგენილია, რომ მარჯვენა ხელზე ოქროს სამკაულის ტარება მკვეთრად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, გვაშორებს ავ თვალს, აძლიერებს ჩვენში მზის ენერგეტიკას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეპროდუქტიულ შესაძლებლობებს. ოქროსგან დამზადებული სამკაული აუცილებლად უნდა ატარონ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა; ხოლო თევზების, კირჩხიბის, სასწორის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებმა ოქრო პერიოდულად უნდა ატარონ. უმჯობესია, თუ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი უფრო ხშირად ვერცხლისგან დამზადებულ სამკაულს ატარებს.
სპილენძი ფლობს ერთგვარ მაგიურ თვისებებს. მისგან დამზადებული სამკაულის ტარება ადამიანს ეხმარება, უკეთ გაერკვეს გრძნობებში. ის პლანეტა ვენერას ენერგიის მატარებელია და ამის გამო ხელს უწყობს სიყვარულისა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას. ის უნდა ატარონ კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულებმა.
ვერცხლის სამკაული ხელს გვიწყობს ინფორმაციის ათვისებასა და მის სწორად გაანალიზებაში. ეხმარება უიღბლო ადამიანებს და კურნავს ბევრ დაავადებას. ზოგადად, სწორად შერჩეული ლითონის სამკაული ადამიანებს იცავს ნეგატიური მუხტისგან და მისი ტარება ჩვენთვის ხშირად, აუცილებელიც კი ხდება.