კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ დააღებინა პირი ვაჟა მანიას ამერიკაში და რატომ მღეროდა ის ბერკლიში იატაკზე დაწოლილი

ვაჟა მანია ბერკლის სამუსიკო კოლეჯში პირველი სემესტრის წარმატებით დამთავრების შემდეგ არდადეგებზე თბილისში ჩამოვიდა, სექტემბრის ბოლოს კი ისევ ბოსტონში მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად. „როცა რაღაც ძალიან გინდა და უცებ გისრულდება, მერე ამას სხვანაირად უყურებ; როცა დიდი ხნის მერე გისრულდება, უფრო მეტად აფასებ, უფრო მეტად შეიგრძნობ, თუმცა‚ შეიძლება‚ მოეშვა კიდეც, მაგრამ‚ ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა – მაგის საშუალებას არ მაძლევენ და მეც არ შემიძლია”... 

 

ვაჟა მანია: რეზიუმეს ყოველთვის ვაკეთებ. ახლაც, ამერიკაში რომ ჩავედი‚ ვაკვირდებოდი, იქ როგორ იყო, აქ – როგორ. მერე, გაკვეთილზე რომ აღმოვჩნდი და მასწავლებლებს რომ ვუსმენდი, ბედნიერებისგან თვალებზე ცრემლები მადგებოდა: ღმერთო, მადლობა, რა მაგარ ადგილზე ვარ-მეთქი და ზოგჯერ მასწავლებელსაც ვეღარ ვუსმენდი. თავიდან მჭირდა ასეთი რაღაცეები, მერე კი მივეჩვიე. ჩემი საქართველოში ყოფნა და მერე იქ ყოფნა ერთმანეთს რომ დავუკავშირე, აღმოვაჩინე, რომ სულ სხვა განზომილებაში ვიყავი. იქ მივხვდი, რომ როდესაც ცხოვრებაში საქმე ასეთ რაღაცეებს ეხება, ჯობია‚ ორი ნაბიჯი უკან გადადგა და წინ ერთი ნაბიჯით წაიწიო. ნელა, მშვიდად ჯობია ყველაფრის გაკეთება, აჩქარების გარეშე და, მიხვდები, რომ, იმას‚ რაც გააკეთე, აუცილებლად  მოიმკი, შედეგამდე მიხვალ. იქ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ იკარგება ფუჭად, თუნდაც ქუჩაში გასეირნება. დადიხარ და ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავ, გაბადრული სახით დადიხარ, უფრო დიდი „სმაილი“ ხდები, ყოველ ნაბიჯს, მომენტს აქვს მნიშვნელობა. ერთ დღეს‚ მახსოვს‚ ძალიან ბევრი ვიმეცადინე. 8 საათი იყო და ვიფიქრე, წავალ სახლში, დავისვენებ-მეთქი. გამოვედი ოთახიდან, მივდივარ დერეფანში, აქეთ-იქით სულ ოთახებია და ყველა ოთახში სტუდენტები მეცადინეობდნენ, ბოლომდე ვერ გავედი: ყველა მეცადინეობს, წავედი უკან, მეც უნდა ვიმეცადინო, სახლში რა გამაჩერებს-მეთქი, დავბრუნდი, შევედი ოთახში, გავაგრძელე მეცადინეობა. 

– ალბათ, პედაგოგების სტუდენტებისადმი დამოკიდებულება, ურთიერთობაც აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენგან.

– დიახ. თბილისში მოსწავლეები მასწავლებელს რომ ალაპარაკებენ, დავალებას ახსნევინებენ, ზოგ პედაგოგს ნერვები უმტყუნებს ხოლმე. იქ ბევრჯერ შევამჩნიე, რომ მასწავლებელმა სტუდენტს ასჯერ უთხრა: იქ იმღერე, აქ შედიო. სტუდენტმა ასჯერვე ვერ გააკეთა, მაგრამ, მასწავლებელი მაინც მშვიდად განაგრძობდა, სანამ ბოლომდე არ აუხსნა. თან, არ დაგავიწყდეს, რომ, შეგიძლია, ისინი თავად აირჩიო და ამ კუთხით ყველანაირი მოთხოვნილება დაიკმაყოფილო. პირველ სემესტრში არ ირჩევ, მაგრამ, ისეთი მასწავლებლები მყავდა და ისეთი რაღაცეები მითხრეს, პირი დამრჩა ღია. ახლა, მეორე სემესტრისთვის, უკვე არჩეული მყავს – ვიცი, ეს მასწავლებელი რას მასწავლის, თან, „იუთუბიზე“ მოვუსმინე და ბევრში ჩემი რაღაც ვიპოვე – რა თქმა უნდა‚ ვოკალს რაც შეეხება‚ იმაზე ვამბობ. 

– თქვი‚ ისეთი რაღაცეები მითხრეს, პირი დავაღეო. რას გულისხმობდი?

– ეს სპეციალობის გაკვეთილებს ეხებოდა, საინტერესო სავარჯიშოებს მაკეთებინებდა: იატაკზე დამაწვენდა და ისე მამღერებდა, თან მიხსნიდა, რატომაც. იატაკზე დაწოლა ორი თვის მერე მითხრა, ჯერ კი თვითონ დაწვა და გაოცებული ვუყურებდი. მხოლოდ შემდეგ ამიხსნა. ისიც კი ვუთხარი, ზუსტად ამიხსენი, როგორ უნდა, რომ მერე სახლში მეც ვივარჯიშო-მეთქი. პრაქტიკ-რუმებშიც იატაკზე ვიწექი და ისე ვმეცადინეობდი. ვინმეს ზემოდან მინაში რომ ჩამოეხედა, იტყოდა, გაგიჟებულაო. ასეთ დროს ყელის კონტროლი უკეთესად შეგიძლია – კუნთები უფრო მყარია და ხმას აკონტროლებ. დაწოლის მერე, რომ წამოდგები, სულ სხვანაირად მღერი, ყელშიც სხვანაირი ხმა გაქვს. კიდევ, გაკვეთილზე ყოველთვის სარკესთან მაყენებდა და მიმიკებზე მავარჯიშებდა. სიმღერის დროს სახეს ძალიან რომ ვჭმუჭნით, ეს არ არის მიღებული. ყველანაირი ბგერა ისე უნდა გამოუშვა, რომ სახე არ დაჭმუჭნო. რომ დავდექი სარკესთან‚ მაღალ ბგერებს ვიღებდი და თან ვიჭყანებოდი, მითხრა, არ შეიძლებაო. ანუ როცა სწავლის პროცესში ხარ‚ ჩვეულებრივ მდგომარეობაში უნდა აიღო ყველა ბგერა. როდესაც ცნობილი მომღერლები სცენაზე გამოსვლისას რაღაც მიმიკას იღებენ, ეს მათი იმიჯია, თორემ, ამის ხარჯზე კი არ იღებენ ბგერას. 

– არ დაიმსახურე მასწავლებლების დადებითი შეფასებები სემესტრის დამთავრების შემდეგ?

– სპეციალობის მასწავლებელმა ბოლოს მითხრა, რომ ჩემი ბგერა გაუმჯობესებულია, ანუ, შედეგი გამოიღო მეცადინეობამ. ანსამბლის გაკვეთილზე‚ სადაც ბენდთან ერთად ვმღეროდი, მასწავლებელს ჩემი იმპროვიზაცია თავიდანვე მოსწონდა, იცოდა, რომ რაღაც გამომდის. ბავშვებიც ამბობდნენ, ვაჟას უკეთესად გამოსდისო. სპეციალობის გამოცდაზე „A“ კი მივიღე, მაგრამ, დიაგნოზი დამისვეს: ამაზე უნდა განაგრძო მუშაობა, ეს უნდა გამოასწოროო. მაგალითად‚ კისრის მალიდან ყბამდე ბგერა არის შემჭიდროებული და ცოტა გახსენიო. აქამდე ეს შენიშვნა არავის უთქვამს. შეიძლება‚ ეთქვათ, ეს უნდა გამოასწოროო, მაგრამ, დიაგნოზივით, რომ დაესვათ, ისე‚ როგორც ისინი აკეთებენ ექიმებივით, არ ყოფილა. გამოცდებმაც მშვენივრად ჩაიარა – რაშიც მინდოდა, რომ მაღალი ქულა მიმეღო, მივიღე. ანსამბლის გამოცდა, უფრო სწორად‚ კონცერტი, ბერკლის გარეთ გვქონდა, სხვა უნივერსიტეტში. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა სტუდენტებთან ერთად ავტობუსით და საოცრად ბედნიერი ვიყავი. ვიმღერეთ ბავშვებმა – ერთადაც და სოლოებიც და, ისე აღმოჩნდა, რომ ყველაზე ბევრი სოლო მასწავლებელმა მე მამღერა. კონცერტის შემდეგ ყველა მოსალოცად მოვიდა და, ყოველგვარი ყოყოჩობის გარეშე გეუბნები, მასწავლებელს ეუბნებოდნენ, ეს ბიჭი ძალიან მაგარიაო. მეც მილოცავდნენ და მეუბნებოდნენ, კარგი ბიჭი ხარ, გზა გაქვს გახსნილიო. დიდი ხანი იყო კონცერტზე არ მქონდა ნამღერი, სცენას ვიყავი მოწყურებული, ყველაფერი თავისით მოვიდა და მერე გამორჩეულად შემაქეს. მაყურებლები, ძირითადად, სტუდენტები და მასწავლებლები იყვნენ და ამიტომ, ეს შეფასება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო. იქ არასდროს მქონია ისეთი დამოკიდებულება, რომ ვინმესთვის ან საკუთარი თავისთვის რამე დამემტკიცებინა, უბრალოდ, გავედი სცენაზე, რომ სიამოვნება მიმეღო და მათთვისაც მომენიჭებინა სიამოვნება, ეს გამომივიდა და მიხარია. ცოტა კი დავიმორცხვე, ზედმეტი მოუვიდათ: ის ბიჭი, ის ბიჭიო... თან, ანსამბლში ვინც ვმღეროდით‚ მხოლოდ მე ვიყავი ბიჭი, დანარჩენი ოთხი – გოგონა იყო. 

– ბერკლიში ხშირად იმართება მასტერ-კლასები, კონცერტები, რაც სტუდენტებს დიდ გამოცდილებას, ცოდნას აძლევს. შენ, არ ესწრებოდი?

– სულ ვესწრებოდი. სტუდენტები ატარებდნენ ისეთ კონცერტებს, პირს დააღებდი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მზრდიდა, დიდ გამოცდილებას მაძლევდა; ჩათვალე, რომ ამის მოსმენა ათ გაკვეთილს უდრიდა. დრამერია ჯოჯო მაიერი და მის მასტერ-კლასზე ვიყავი. თან‚ იცი‚ როგორ მოვხვდი? რაღაც საბუთების გამო შევედი შენობაში, იქ დარბაზია, სადაც ასეთი რაღაცეები სულ ხდება. ვიფიქრე, სტუდენტები იქნებიან, შევალ-მეთქი და, ჯოჯო მაიერი რომ დავინახე, გაღიმებული სახით დავჯექი. ბობი მაკფერენის მასტერ-კლასს დავესწრებოდი დიდი სიამოვნებით. წინა წელს‚ თურმე‚ ხშირად ჩადიოდა ბერკლიში. 

– როგორ ატარებდი თავისუფალ დროს?

– პარასკევ საღამოს, შაბათს და თუ გადავაბამდი – კვირასაც, ქართველ ბიჭებთან ერთად მივდიოდით გასართობად და, ქართულად, გულიანად ვატარებდით დროს: ბილიარდსაც ვთამაშობდით, ბოულინგსაც. კლუბებში ჯერ არ წავსულვართ, თავი ვერ მოვაბით. ქალაქგარეთ გავდიოდით პიკნიკზე – ლუდი გვიყვარს ყველას. ძალიან კარგი ბიჭები არიან. წამოსვლამდე ნათესავებთან ვიყავი ნიუ-იორკში და ამ ქალაქმა პირი დამაღებინა. ავტობუსში რომ ვიჯექი‚ ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი კოპწია სახლებს. დავინახე თუ არა‚ გული ამიჩქარდა. არტურო სანდოვალის კონცერტზეც ვიყავი, შოკი იყო. ერთ დღეს, მანჰეტენზე გავისეირნე და, პირველი‚ რაც რუკაზე მოვძებნე, „ბლუ ნოუთი“ იყო, ვიფიქრე, წავალ, შევხედავ მაინც-მეთქი. მივედი გაბადრული სახით, შევხედე აფიშას და, თურმე, ისეთი ვარსკვლავები უკრავდნენ, ვის მუსიკაზეც გავიზარდე. დავფიქრდი, რომელი ავირჩიო-მეთქი და ბოლოს არტურო ავირჩიე. საოცარი კონცერტი იყო. თან‚ ძალიან ხუმარა ყოფილა. აქამდე არ მიფიქრია, რომ ჩავიდე და იქ ვიმღერო, მაგრამ, იქ რომ დავჯექი, ჩემს თავს ვუთხარი: „რატომაც არ უნდა ვიმღერო?“ ამერიკაში რომ ჩავედი, დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ისეთი მიუღწეველი არ არის, როგორც ეს საქართველოდან ჩანდა. თუ იშრომებ, გზა ბოლომდე გაქვს გახსნილი და, შეგიძლია, ყველაფერს მიაღწიო, ყველაფერი შენს ხელშია‚ ვერავის დააბრალებ – ეს იმიტომ არ გამოვიდა, რომ ვიღაცამ შემიშალა ხელიო. ამას რომ ხვდები‚ საკუთარ თავზე უფრო მეტს მუშაობ, ბევრს აკეთებ.

 

 

скачать dle 11.3